გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110210018002642094
№2/844-2018წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე
ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: გ-------------------;
წარმომადგენელი: კ---------------;
მოპასუხე: ა-–--------------------;
წარმომადგენელი: ლ---------------
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ცილისმწამებლურად იქნას ცნობილი მოპასუხე ა-–--------------------- მიერ გ-------------------- მიმართ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, გ-------------------- მიერ საკუთარი ბიძის დაყაჩაღებისა და ამის გამო მისი ნასამართლობის შესახებ და მასვე დაევალოს, საჯაროდ უარყოს აღნიშნული განცხადებები.
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის ზაფხულში, ქ.ზესტაფონში, ა------------ ქუჩაზე მიმდინარეობდა აქცია, რომელზეც უნდობლობას უცხადებდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვდნენ მისი თანამდებობიდან გადაყენებას. აქციის მონაწილე და ორგანიზატორი იყო გ-------------------. აქციის მსვლელობისას მონაწილეებთან და პირადად მასთან დასაპირისპირებლად მივიდა ა-–-------------------- და დაუწყო აგრესიული ტონით საუბარი. მოსარჩელე ამ დაპირისპირებას იღებდა მობილური ტელეფონით და ა-–--------------------საც აცნობა, რომ ახდენდა დაპირისპირების ვიდეო ჩაწერას და მას გამოყენებდა თავისი უფლებების დასაცავად. კამათისას ალეასანდრე მახათაძემ განაცხადა, რომ ,,გ-------------------მ დააყაჩაღა საკუთარი ბიძა და იგი ნასამართლევია ამ ჩადენილი დანაშაულისათვის.’’ აღნიშნული ცილისმწამებლური ცნობები ლახავს მოსარჩელის რეპუტაციას, ოჯახის ღირსებას და შეურაცხმყოფელია მისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. განმარტა, რომ მართალია სიტყვიერი კამათი ჰქონდა გ-------------------სთან, თუმცა მას აღნიშნული შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის ივლისის თვეში ქ.ზესტაფონში, ა------------ ქუჩაზე, გ-------------------- ხელმძღვანელობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით გაიმართა აქცია.
სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, შესაგებელს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.2. აქციის მსვლელობისას მონაწილეებთან მივიდა ა-–-------------------- და გ-------------------სა და ა-–--------------------ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, შესაგებელს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.3. მოსარჩელე გ-------------------მ ვერ დაადასტურა, რომ ა-–--------------------მ მის მიმართ საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო ცილისმწამებლური განცხადება- გ-------------------- მიერ ბიძის დაყაჩაღებისა და ამის გამო ნასამართლობის შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, საქმის მასალებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი''; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე,105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა'' და ,,ე'' პუნქტების თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ე) ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის პატივისა და ღირსების დაცვა, უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: 1. პირის პატივისა და ღირსების შელახვა; 2. პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელება. 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა. ამ უფლებათა შელახვის ქვეშ იგულისხმება პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მის მიერ კანონის ან მორალი ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ; დასახელებულ უფლებათა შემლახავი ცნობების გამოქვეყნებას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, სიტყვიერად თუ წერილობით მათ მიწოდებას დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ერთი ან რამდენიმე პირისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, გაავრცელა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება და შეელახა თუ არა მოსარჩელეს სადავო გამონათქვამით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
მოცემული ნორმების შინაარდიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს რომ მოპასუხემ საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო მის მიმართ ის განცხადება, რაც მისი აზრით ცილისმწამებლურია.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
კონკრეტულად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ საქმეში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებული, სპეციალური წესი.
,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” საქართველოს კანონმა მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა, მოსარჩელე გ-------------------, როგორც კერძო პირი ვალდებულია დაამტკიცოს მხოლოდ ორი გარემოება: ა) მოპასუხის მიერ მის შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელება და შემდგომ ბ) აღნიშნული განცხადებით, მისი პატივისა და ღირსებისათვის ზიანის მიყენება.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, მოსარჩელეს - სწორედ მტკიცების ტვირთის სპეციფიკური განაწილების საფუძველზე, უნდა წარმოედგინა დასაშვები მტკიცებულებები, რომლებითაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ მის მიმართ უდაოდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო ის განცხადება, რაც მისთვის ცილისმწამებლურია, რომლებიც მან ვერ წარმოადგინა, და შესაბამისად ვერც დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები.
სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცებისათვის საქმეში არსებობს მხოლოდდამხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებებად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4-მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ დაძლევს იმ ტვირთს, რაც მტკიცებას უკავშირდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდამ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხემ საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო მის მიმართ განცხადება, რაც მისი აზრით ცილისმწამებლურია, გ-------------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, მოცემულ ვითარებაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუ მოსარჩელის ინტერესია, რომ მოპასუხე თავისი განცხადებით არ ამტკიცებდეს და ავრცელებდეს გ-------------------- მიერ ყაჩაღობის ჩადენისა და ნასამართლობის ფაქტს, რაც მოსარჩელისათვის ცილისმწამებლური ფაქტია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმისწარმოებისას მოპასუხე განმარტავდა, რომ ასეთი შინაარსის განცხადება მას არ გაუკეთებია და არ გამოუთქვამს მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური ფრაზა ყაჩაღობის ჩადენის თაობაზე, ფაქტობრივად ასეთი განცხადება არც არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
,,ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარჩელე გ------------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო, ვინაიდან, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი არ დაეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე გ-------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე