გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210018002448672
საქმე #2/379-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.01.2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ვა-–--------–-–---–---–ი
წარმომადგენელი - ლო-–--------–---–ი
მოპასუხე - მე-----------–--ე
წარმომადგენელი - ალ-------------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ვა-–--------–-–---–---–ს შეუმცირდეს შვილის მა------–-–---–---–ის რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტი 300 ლარის ოდენობა 200 ლარით და გადასახდელად დაეკისროს 100 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვა-–--------–-–---–---–ს არასრულწლოვანი მა------–-–---–---–ის რჩენისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2017 წლის ოქტომბრის თვიდან გაუარესდა, არის უმუშევარი და ფულის შოვნას ვერ ახერხებს. მოსარჩელე დედის პენსიაზე დამოკიდებული. მოსარჩელის დედას შაქრიანი დიაბეტი აქვს. მორჩელეს ქრონიკული ეგზემა დაუდგინდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მას სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს შეხება ჰქონდა გაჯთან და ცემენტთან. დაავადება ქრონიკულია ჯანმრთელობა ისეა გაუარესებული, რომ სარემონტო სამუშაოებს ვეღარ ასრულებს. დაავადება ხელს უშლის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მე-----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. მოსარჩელე დღემდე მუშაობს, ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, თავისუფალ დროს კი ავტომანქანით გადაჰყავს მგზავრები. ალიმენტის დაკისრების შემდგომ მოსარჩელეს მხოლოდ 633 ლარი აქვს გადახდილი. საალიმენტო დავალიანებამ 6600 ლარი შეადგინა. მოსარჩელე თავის არასრულწლოვან შვილს იშვიათად ნახულობს, არსად მიჰყავს. მოპასუხე სოციალურად დაუცველია და ამ ხნის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს კანის დავადება ერთად ცხოვრების პერიოდშიც ჰქონდა მაგრამ ამას მუშაობაში მისთვის ხელი არასდროს შეუშლია. ამიტომ, არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველი და მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვა-–--------–-–---–---–ს და მე-----------–--ეს ჰყავთ ერთი შვილი, 2012 წლის 11 ოქტომბერს დაბადებული მა------–-–---–---–ი.
3.1.2. მე-----------–--ე არასრულწლოვან შვილთან - მა------–-–---–---–თან ერთად ცხოვრობს ქალაქ გურჯაანში, ნაქირავებ ბინაში. ქირის ოდენობა თვეში 150 ლარს შეადგენს.
3.1.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.08.2017 წლის გადაწყვეტილებით ვა-–--------–-–---–---–ს დაეკისრა არასრუწლოვანი მა------–-–---–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, 2016 წლის 31 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან ვითარების შეცვლამდე.
3.1.4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.08.2017 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვა-–--------–-–---–---–მა და გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის შემცირება და 100 ლარით განსაზღვრა მოითხოვა. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2017 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამრთლოს განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
3.1.5. შპს ,,კა-----------------–--------------ის“ მიერ 05.05.2018 წელს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ვა-–--------–-–---–---–ს აქვს ქრონიკული ეგზემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.08.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 20);
- სააპელაციო სასამართლოს 31.10.2017 წლის განჩინება (საქმე #2ბ/5481-17 ს.ფ. 36-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 16.01.2017 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი არ არის ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.08.2017 წლის გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების შემდგომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სარჩელზე თანდართულია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვით მოსარჩელეს 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება. აგრეთვე წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომლის თანახმად, ვალერიან შიშნიაშვილს აქვს ქრონიკული ეგზემა. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, იგი ვერ მუშაობს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მე-----------–--ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოებულ სამოქალაქო საქმეში (საქმე #2/86-17) არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ვა-–--------–-–---–---–ი ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით დავის განხილვის ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და უმუშევრობაზე მუთითებდა. სასამართლოს 04.08.2017 წლის სხდომის ოქმის მიხედვით მხარემ განაცხადა, რომ აქვს კანის დაავადება ე.წ. ეგზემა, რის გამოც მას მუშაობა არ შეუძლია. საქმის მასალებში აგრეთვე წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვით ვალერიან შიშნიაშვილს 01.01.2016 წლიდან 31.03.2017 წლამდე დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება. ამდენად, როგორც წინა დავის შემთხვევაში ამ სარჩელის ფარგლებშიც მოსარჩელე იმავე გარემოებებზე უთითებს. უფრო მეტიც, წინა საქმის განხილვისას მხარე დამატებით საბანკო ვალდებულებების არსებობაზეც მიუთითებდა. შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელში აღნიშნული გარემოებები (ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და უმუშევრობა) თავის დროზე იქნა შესწავლილი სასამართლოების მიერ და ამიტომ, იგივე გარემოებები არ შეიძლება განხილული იქნეს ისეთ გარემოებად, რაც მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი და დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველი გახდებოდა. სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტს დაადასტურებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 07.08.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19);
- სააპელაციო სასამართლოს 31.10.2017 წლის განჩინება (საქმე #2ბ/5481-17 ს.ფ. 36-49);
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (საქმე 2/86-17, ს.ფ. 158-160)
- მხარის განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი საქმეზე #2/86-17, 04.08.2017 წელი 14:18:48-14:21:10 სთ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება, რაც შეიძლება უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი გამხდარიყო და ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” ევროპული კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც არის უმუშევარი და შესაბამისად მისი მატერიალური მდგომარეობაც საუარესოდ შეიცვალა და ვერ ახერხებს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–--------–-–---–---–ს და მე-----------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2012 წლის 11 ოქტომბერს დაბადებული მა------–-–---–---–ი. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე მე-----------–--ე ცხოვრობს მცირეწლოვან მა------–-–---–---–თან ერთად ქირით ქალაქ გურჯაანში. ქირის თანხა კი 150 ლარს შეადგენს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 აგვისტოს #2/86-17 გადაწყვეტილებით, ვა-–--------–-–---–---–ს დაეკისრა არასრულწლოვნი შვილის მა------–-–---–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით 2016 წლის 31 ოქტომბრიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
განსახილველ შემთხვევაში მცირეწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მა------–-–---–---–ი წარმოადგენს არასრულწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. იგი ცხოვრობს დედასთან, მე-----------–--ესთან ერთად ქირით. მოპასუხე მე-----------–--ე დაკავებულია არასრულწლოვანი შვილის აღზრდით და არ არის დასაქმებული.
მოსარჩელე ვა-–--------–-–---–---–ის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მუშაობდა, ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი, ერთადერთი შემოსავლის წყარო არის დედის პენსია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წელს განხილულ სამოქალაქო საქმეზე (#2/86-17), ვა-–--------–-–---–---–მა, 04.08.2017 წლის სასამართლო სხდომაზე, განმარტა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობდა, თუმცა მის მიერ არ მომხდარა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენა. ვალერიანე შიშნიშვილის მიერ მოხდა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება. აგრეთვე, სააპელაციო საჩივარშიც ვა-–--------–-–---–---–ი უთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და იგი ვერ მუშაობდა. 2017 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ განჩინებაში მითითებულია, რომ [...] მოპასუხე ვალერიან შიშნიაშვილი სადავოს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობას - 300 ლარს და ითხოვს მის შემცირებას. მისი განმარტებით, ის უმუშევარია, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას აქვს სასესხო ვალდებულებები, რისი დაფარვაც მისთვის შეუძლებელი გახდა უმუშევრობიდან გამომდინარე. მისი განცხადებით, იგი შეძლებს მხოლოდ 100 ლარის გადახდას. ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ [...] არასრულწლოვანის საწინააღმდეგოდ არ შეიძლება გაზიარებული იქნეს აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მას გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც იგი ვერ ახერხებს მუშაობას. ადამიანის ნებისმიერი ავადმყოფობა არ მეტყველებს მის შრომისუუნარობაზე. ის გარემოება, რომ იგი შრომისუუნაროა საქმის მასალებით დადგენილი არ არის... (იხ. სააპელაციო სასამართლოს 31.10.2017 წლის განჩინება საქმეზე #2ბ/5481-17. გვ. 11 ბოლო აბზაცი. გვ. 12 მე-4 აბზაცი)
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებები მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე 2017 წელს აღძრულ სამოქალაქო საქმეზეც სწორედ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უთითებდა და განმარტავდა, რომ უმუშევრობის და არსებული სასესხო ვალდებულებების გამო ვერ შეძლებდა 300 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდას. განსახილველი სარჩელითაც მოსარჩელეს იგივე საფუძვლები გააჩნია. სარჩელზე თანდართულია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, ვა-–--------–-–---–---–ს დადგენილი აქვს ქრონიკული ეგზემა, ცნობაში მითიტებულია, რომ სასურველია მკურნალობის პერიოდში არ ჰქონდეს შეხება იმ მასალებთან, რაც იწვევს გაღიზიანებას და ზოგადად არ ჰქონდეს შეხება ამ მასალებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეგზემა არ წარმოადგენს ისეთ დაავადებას, რომლის გამოც ადამიანი საბოლოოდ შრომისუუნარო ხდება. სასამართლოს აზრით, სწორი მკურნალობის, ჰიგიენის პირობების დაცვის და შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში მოსარჩელე პროფესიით მუშაობას შეძლებს. ამავდროულად, ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მე-----------–--ის მატერიალური მდგოამრეობის გაუმჯობესება დადასტურდებოდა. მხარეთა განმარტებით მოპასუხე მე-----------–--ე არასრულწლოვან შვილთან ერთად კვლავ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და გადასახდელი ქირის ოდენობა კვლავ 150 ლარს შეადგენს. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეს ალიმენტის სახით მხოლოდ 633 ლარი აქვს გადახდილი და თავის არასრულწლოვანი შვილის მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენს. ამავდროულად, წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე სოციალურად დაუცველია და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 23010. ეს გარემოებები ერთის მხრივ მეტყველებს მათ მძიმე სოციალურ პირობებზე და აგრეთვე იმაზე, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხის და მასთან მცხოვრები შვილის სოციალური პირობები არ გაუმჯობესებულა. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით ალიმენტის 300 ლარით განსაზღვრა. იგი გამომდინარეობს მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის მინიმალური საჭიროებებიდან და ამდენად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირება, იმ ფონზე, როდესაც შეცვლილი არ არის ვა-–--------–-–---–---–ის მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის შემცირებისათვის სახეზე უნდა იყოს სერიოზული საფუძველი ალიმენტის გადამხდელი მშობლის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების სახით. ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს მხარის მიერ მითიტებული გარემოებების სტაბილურობის ხასიათით. ამასთან, აღნიშნული უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ახალ გარემოებათა წარმოშობას, რამაც ცვლილება უნდა შეიტანოს ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობაში. ალიმენტის შემცირების მოთხოვნით სარჩელში მითითებული უნდა იყოს ის გარემოება, რაც საფუძვვლად უნდა დაედოს ალიმენტის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში მე-----------–--ის მიერ აღძრულ თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით ვა-–--------–-–---–---–ის მხრიდან წარდგენილი შესაგებელი (გარემოებები) და წინამდებარე სარჩელში მითითებული გარემოებები ფაქტობრივად იდენტურია. ვა-–--------–-–---–---–მა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. სწორედ ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე ვა-–--------–-–---–---–ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 72 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ვა-–--------–-–---–---–ის სარჩელი მოპასუხე მე-----------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე