გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/19434-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ც---–---------–-–---–ი
წარმომადგენელი -ს--–----------------
მოპასუხე - ლ--–---------ი
წარმომადგენელი - ა-–--------------------ა
დავის საგანი - იპოთეკის და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ც---–---------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ა---––--------–- საკადასტრო კოდი #6--1-.5-.0-- ლ--–---------ის იპოთეკის უფლება.
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2018 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომრით #1--------.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 31 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ--–---------მა ც---–---------–-–---–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, სესხზე სარგებლის სახით უნდა გადახდილიყო ძირი თანხის 2 პროცენტი.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც---–---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა---––--------–- საკადასტრო კოდი #6--1-.5-.0--.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილია 3700 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხის დედის მზ-----------ს სასარგებლოდ სრულადაა გადახდილი 1600 აშშ დოლარი, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის. აღნიშნულის გამო მოსარჩელის მინდობილი პირი მ-------------–-–---–ი იძულებული გახდა ც---–---------–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, 1600 აშშ დოლარი 2018 წლის 1- ივნისს განეთავსებინა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, საიდანაც 1300 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, ხოლო 300 აშშ დოლარი სარგებელი. შესაბამისად, 2016 წლის 31 მარტს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სრულადაა შესრულებული 2018 წლის 1- ივნისს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ლ--–---------მა დაადასტურა 3700 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. მიუთითა,რომ მოსარჩელეს არც ნაღდი და არც უნაღდო ანგარიშსწორებით 1600 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია. მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, იპოთეკის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 31 მარტს, მხარეთა შორის, გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ--–---------მა ც---–---------–-–---–ს სესხად გადასცა 5000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 2% სარგებლის დარიცხვით.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც---–---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა---––--------–- საკადასტრო კოდი #6--1-.5-.0--.
იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხი და მასზე დარიცხული პროცენტები, აგრეთვე შესაძლო ზიანი.
იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23);
3.1.2. ხელშეკრულების 13-ე მუხლით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22);
3.1.3. ც---–---------–-–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილია 3700 აშშ დოლარი. 1600 აშშ დოლარი განთავსებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;
- გადახდის ქვითრები (26-29)
- სანოტარო აქტი (ს.ფ. 31-32);
3.1.4. 2018 წლის 18 ივლისს, ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ლ--–---------ი, ხოლო მოვალე - ც---–---------–-–---–ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 3200 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 0,12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 30 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 56-58)
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 60-64)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ც---–---------–-–---–მა დაარღვია 2016 წლის 31 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სესხი და მასზე გადასახდელი სარგებელი არ გადაიხადა შეთანხმებულ 3 თვის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;
- გადახდის ქვითრები (26-29)
- სანოტარო აქტი (ს.ფ. 31-32);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ც---–---------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადგენილი ვერ იქნა მის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317ე, 327-ე, 361-ე, 429-ე, 623-ე, 625-ე, 302-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 31 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარები შეიძლება შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ც---–---------–-–---–ს, ლ--–---------ის მიმართ, შესრულებული აქვს სესხის დაბრუნების ვალდებულება, რაც იპოთეკის და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია, მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, იგი უფლებამოსილია კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მსგავსად წესრიგდება ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტის სავალო საბუთის კრედიტორისაგან გამოთხოვის საკითხიც. ვალდებულება შესრულებულად და შესაბამისად შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სავალო საბუთი მოვალის მფლობელობაშია.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, ყოველი მხარე, ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც გარკვეული მოქმედების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
განსახილველ სარჩელთან მიმართებით, სადავო საკითხია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, არის თუ არა შესრულებული მხარეთა შორის 2016 წლის 31 გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ--–---------მა ც---–---------–-–---–ს სესხად გადასცა 5000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 2% სარგებლის დარიცხვით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოპასუხის დედის მზ-----------სათვის 1600 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.
დადგენილია, რომ ც---–---------–-–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილია 3700 აშშ დოლარი, ხოლო 1600 აშშ დოლარი განთავსებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. შესაბამისად, მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს 5300 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის და სარგებლის ოდენობაში.
თვით მოსარჩელის განმარტება და მტკიცებულებები, რომ გადახდები განხორციელდა 2017 წელს, ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 10 ნოემბერს, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირება განხორციელდა 2018 წლის 1- ივნისს, ადასტურებს, რომ მოსარჩელემ დაარღვია სესხის დაბრუნების ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 13-ე მუხლით, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დამრღვევი მხარე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.12 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
როგორც დადგენილი იქნა ც---–---------–-–---–ს შესრულებული აქვს 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულებით სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, თუმცა მან დაარღვია სესხის გადახდის ვადა, რის გამოც ეკისრება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
მოცემული ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სესხის გადახდის ვადის დარღვევის გამო, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია: სესხის ძირითადი თანხა - 3200 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 0,12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 30 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან იპოთეკა უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას, ხოლო ც---–---------–-–---–ს სრულად არა აქვს ლ--–---------თან 2016 წლის 31 მარტს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში, იპოთეკის უფლების და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, მოსარჩელე ც---–---------–-–---–ს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების, გზავნილების და სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 287.7 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაც თავის მხრივ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც---–---------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2018 წლის 18 ივლისს N1-------- რეგისტრაციის ნომრით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. ც---–---------–-–---–ს, ლ--–---------ის სასარგებლოდ, დაეკისროს საპროცესო ხარჯების 289.7 ლარის ანაზღაურება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით;
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ცისანა სირბილაძე