გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/40-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ფ----–-ს ტ--------- ნ------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თ----- გ--------–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №01--------- გადაწყვეტილება (ფ----–-ს ტ--------- ნ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე);
1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ----–-ს ტ--------- ნ------სთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გონივრული ვადით გადავადების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №01--------- გადაწყვეტილება (ფ----–-ს ტ--------- ნ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სააგენტოს მიერ ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 26 სექტემბერს, ფ----–-ს ტ--------- ნ------მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში ყოფნის ვადის გადავადების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 22);
3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N10------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 26 სექტემბრის N100------- განცხადება ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქის ფ----–-ს ტ--------- ნ------ს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2018 წლის 19 ოქტომბრიდან - 2018 წლის 27 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N10------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27);
3.1.3. 2018 წლის 10 ოქტომბერს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჩივრით მიმართა მოსარჩელე ფ----–-ს ტ--------- ნ------მ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება გონივრული ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- საჩივარი (ს.ფ. 51-52);
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის N01------- გადაწყვეტილებით ფ----–-ს ტ--------- ნ------ს სააგენტომ განუმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- საჩივრით ითხოვს აქტის ბათილად ცნობას, მოთხოვნიდან არ ირკვევა, რა მიზნით და რა ვადით სურდა განმცხადბელს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 181-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 185-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დასაზუსტებლად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა, წერილის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კანცელარიის გაცემის ბარათით დგინდება, რომ საჩივრის ავტორს სსიპ სახლემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის N01------- წერილი ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა პირადად 2018 წლის 21 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის N01------- გადაწყვეტილება (ს.ფ.56-57);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კანცელარიის გაცემის ბარათი (ს.ფ. 60);
3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N01--------- გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული ფ----–-ს ტ--------- ნ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N01--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-32);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია,5.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,5.3. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი,5.4. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი,5.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N01--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც - განუხილველად იქნა დატოვებული ფ----–-ს ტ--------- ნ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- ადმინისტრაციული საჩივარი. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
ამავე კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრულია საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება: ა) თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები; გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად; დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება: დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება; ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ სააგენტოში წარდგენილ იქნა ფ----–-ს ტ--------- ნ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- ადმინისტრაციული საჩივარი, რომელშიც საჩივრის ავტორის აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის N10------- განცხადებით მოითხოვა გასვლის ვალდებულების გადავადება "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, პირს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანხმლები პირები. აღნიშნული განცხადების განხილვისას გამოვლინდა, რომ იგი აკმაყოფილებდა ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს პირს, თუ საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. შემდეგ კი ითხოვდა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის N10------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება ბინადრობის ნებართვის განხილვის საფუძვლით, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი ბინადრობის ნებართვის მისაღებად და სურდა გონივრული ვადით გადავადება.
სასამართლო განუმარტავს მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ი" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთ მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს მოთხოვნა, ხოლო 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებისა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის N01------- წერილით ფ----–-ს ტ--------- ნ------ს სააგენტომ განუმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- საჩივრით ითხოვდა აქტის ბათილად ცნობას, მოთხოვნიდან არ ირკვეოდა რა მიზნით და რა ვადით სურდა განმცხადბელს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. შესაბამისად მოპასუხემ განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 181-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 185-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დასაზუსტებლად განმცხადებელს განუსაზღვრა ვადა, წერილის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადით.
დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს სსიპ სახლემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის N01------- წერილი ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა პირადად 2018 წლის 21 ნოემბერს. დადგენილია, რომ აღნიშნული თარიღიდან სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს სააგენტოსთვის არ მიუმართავს ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადის განსაზღვრის მოთხოვნით.
ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გადაწყვეტილება ფ----–-ს ტ--------- ნ------ს საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო აქტი გამოცემულია განსაზღვრული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერად არის მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის №01--------- გადაწყვეტილება (ფ----–-ს ტ--------- ნ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის N21---- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე), არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის ფ----–-ს ტ--------- ნ------სთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გონივრული ვადით გადავადების შესახებ დავალდებულების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე,23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფ----–-ს ტ--------- ნ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე