გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
030210118002306793
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210118002306793

N2/153-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევან ქირია

მოსარჩელე შპს ,,ე-–-----------’’

წარმომადგენლები ნ-----------–-ძე, ვ-----–-----–--–ი

მოპასუხეები გ---------------ა

წარმომადგენელი ზ-----------------ა

ზ-------------ე

წარმომადგენელი ლ-----------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 მოპასუხეებს დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 6 თვის საიჯარო ქირის - 8 250 ლარის ოდენობით.

1.2 გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.3.მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი და იურიდიული მომსახურების ხარჯები.

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

2017 წლის 11 ივლისს შპს ,,ე-–-----------სა’’ და ზ-------------ეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ქ. ფოთში, ფ----------------------ში მდებარე N1 შენობის პირველი სართულის ნაწილი 350 კვ. მ. - დან 42 კვ. მ. ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე (ს/კ 0--0-.0-.0--). 2017 წლის 12 ივლისს გ---------------ამ გასცა თანხმობის წერილი იჯარის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იჯარის ხელშეკრულება დარეგისტრირდა 2017 წლის 12 ივლისს, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882017619664. 2017 წლის 06 დეკემბერს და 2018 წლის 16 იანვარს მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი მიმართვები საიჯარო ფართის გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა მათი მხრიდან დარღვეულ იქნა იჯარის ხელშეკრულების 5.1.1. პუნქტით გათვალისწინებული იჯარის საგნის მოიჯარისათვის გადაცემის ვალდებულება. მეიჯარემ მოახდინა იჯარის ფართის სხვა პირისათვის, კერძოდ, სს ,,ს----------–----------------’’ გადაცემა იჯარით, რაც ასევე აკრძალული ქონდა ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულით უხეშად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რითაც მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური ზიანი მიაყენა მოიჯარეს, რამეთუ 7 თვის განმავლობაში უწევს ახალი ფართის მოძიება, თანაც უშედეგოდ. აღნიშნულ მისამართზე სერვისცენტრის გასახსნელად გაიხარჯა, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული რესურსი. 7 თვის მუშაობის განმავლობაში სერვისცენტრი მიიღებდა გარკვეულ ფინანსურ მოგებას.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მართალია, მოსარჩელემ წერილები გამოაგზავნა 2017 წლის 06 დეკემბერს და 2018 წლის 16 იანვარს, მაგრამ ეს მიზნად ისახავდა სარჩელის წარდგენას სასამართლოში, პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ და არა რეალურად ფართის გადაცემის მოთხოვნას, რამდენადაც 2017 წლის 12 ივლისს მას შემდეგ, რაც იჯარის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მივიდნენ სადავო ფართში, რათა მოეხდინათ იჯარის საგნის მოიჯარისათვის გადაცემა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, მოსარჩელემ განაცხადა, რომ იჯარის ფართში უნდა მოეწყო დამატებითი სველი წერტილი (საპირფარეშო), რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული არ იყო, რაზეც ზ-------------ემ უარი განუცხადა. მოსარჩელემ განაცხადა, რომ თუ არ მიეცემოდა სველი წერტილის მოწყობის საშუალება, მის გარეშე არ სურდა ფართის აღება, მან უარი განაცხადა ფართის მიღებაზე, რის გამოც არ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და რეალურად იჯარის მოქმედება არ დაწყებულა. მოსარჩელე ამის შემდეგ ეძებდა სხვა ფართს იჯარის ასაღებად, ანუ თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე და გაუგებარია რის საფუძველზე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

3.2.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.3. იჯარის 11.07.2017 წლის ხელშეკრულების საგანში მითითებულია, რომ მეიჯარე იღებს ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს ქ. ფოთი, ფ-----------------------ში მდებარე N1 შენობის პირველი სართულის ნაწილი 350 კვ.მ.-დან - 42 კვ.მ. -ის მქონე ფართი. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 753 კვ.მ. შენობა-ნაგებობა: N1, საერთო ფართი 1157,20 კვ.მ. (ს/კ 0--0-.0-.0--), ხოლო მოიჯარე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მეიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით. მეიჯარემ საიჯარო ფართი უნდა გადასცეს მოიჯარეს ხელშეკრულების დადების დღეს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საიჯარო ქირა შეადგენს 1375 ლარს თვეში, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საშემოსავლო გადასახადს იხდის მეიჯარე. საშეღავათო პერიოდი არის 20 დღე. საიჯარო ქირის გადახდის ვადა აითვლება 2017 წლის 01 აგვისტოდან, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრისთვის გადასახდელი საიჯარო ქირა, მეიჯარისთვის გადახდილი იქნება 2017 წლის აგვისტოს თვეში საიჯარო ნივთის მოიჯარისთვის გადაცემის მომენტისა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ ხელშეკრულებაზე არის მხოლოდ შპს ,,ე-–-----------ს’’ (ს/კ 2--------- დირექტორის ე-–-----------------ძის ხელის მოწერა, მეიჯარის ზ-------------ის ხელმოწერა არ არის.

 

3.2.4. საქმეში განთავსებულია 2017 წლის 12 ივლისის იჯარის ხელშეკრულება იმავე მონაცემებით, როგორც 11.07.2017 წლის იჯარის ხელშეკრულებაში, ოღონდ ამ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მეიჯარე ზ-------------ე და მითითებულია ანგარიშის ნომერი სს "თ----------–-".

 

ორივე ერთშინაარსიან იჯარის ხელშეკრულებაზე, ადევს ოთხკუთხედი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შტამპი.

 

3.2.5. 2017 წლის 12 ივლისს გ---------------ამ თანხმობის წერილი გაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც აღნიშნულია, რომ ის თანხმობას აცხადებს მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მისამართი: ქ. ფოთი, ფ--------------------- (ს/კ 0--0-.0-.0--), იჯარის ხელშეკრულების უფლებით გადაეცეს შპს ,,ე-–-----------სა’’ და ზ-------------ეს შორის გაფორმებული იჯარით სარგებლობის უფლება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

3.2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 26.09.2017 11:15:08, ქ. ფოთში, ფ----------------------ში (ს/კ 0--0-.0-.0--), თანასაკუთრება, არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 753 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 1157.20 კვ.მ. მესაკუთრეები არიან გ---------------ა, ზ-------------ე.

 

3.2.7. წერილობითი მიმართვები ზ-------------ეს შპს ,,ე-–-----------ს’’ დირექტორისაგან 06.12.2017 წ. და 16.01.2018 წ, ხოლო გ---------------ასათვის - 06.12.2017წ და 16.01.2018 წ, რომელშიც მოთხოვნილია დაუყოვნებლივ გადაეცათ საიჯარო ფართი, რათა შეძლონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვენ ხელშეკრულების 7.6 პუნქტით გათვალისწინებულ ფინანსურ სანქციებს. აღნიშნული წერილები ჩაბარდათ ადრესატებს.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს „ე-–-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გ---------------ასა და ზ-------------ისათვის 6 თვის საიჯარო ქირის - 8250 ლარის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის (წინარეფაქტია თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

2017 წლის 11, 12 ივლისის იჯარის ხელშეკრულებების (შინაარსობრივათ ერთიდაიგივეა) 1.2. პუნქტის მიხედვით, მეიჯარემ საიჯარო ფართი უნდა გადასცეს მოიჯარეს ხელშეკრულების დადების დღეს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რადგანაც მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდა, მეიჯარემ საიჯარო ფართი არ გადასცა მოიჯარეს.

 

მოსარჩელე თავის მხრივ ვერ ასაბუთებს მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობის მიზეზებს.

 

ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირა შეადგენს 1 375 ლარს თვეში, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საშემოსავლო გადასახადს იხდის მეიჯარე.

 

ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული 2017 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვის გადასახდელი საიჯარო ქირა გადახდილი არ არის.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა სველი წერტილები, რაზეც მეიჯარე არ დაეთანხმა. ამას ადასტურებს გარდა მეიჯარეებისა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმეები: ნ--–-----------ია და ნ--------–---ია.

 

მოწმე ნ--–-----------იამ განმარტა, რომ უნივერმაღში მუშაობდა დამლაგებლად. ფართის დამქირავებელი იყო მოსული ბათუმიდან ზ------ კ------ესთან. გაიგონა ბათუმიდან ჩამოსული პიროვნება, რომ ითხოვდა ზ------ კ------ესგან სველი წერტილის გაკეთაბას, რაზეც ზ. კ------ემ უთხრა უარი. საბოლოოდ რა შეთანხმებას მიაღწიეს მისთვის უცნობია.

 

მოწმე ნ--------–---იამ განმარტა, რომ უნივერმაღში ქონდა პატარა მაღაზია. უნივერმაღი იყო რამოდენიმე პატარა სექციებად დაყოფილი. მან ივლისის ბოლოსთვის დაცალა აღნიშნული ფართი. იცის, რომ უნივერმაღის დაქირავება უნდოდათ, იყო დავა დამქირავებელსა და ზ------ კ------ეს შორის სველი წერტილის გაკეთებაზე, რაზეც უარს აცხადებდა ზ------ კ------ე. დამქირავებლების ვინაობა მისთვის უცნობია.

 

ასეთ ვითარებაში შეუძლებელია საუბარი მოპასუხეთა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს "ე-–-----------ს" სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე1" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

 

თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.

 

შპს „ე-–-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გ---------------ასა და ზ-------------ისათვის 6 თვის საიჯარო ქირის - 8250 ლარის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ე-–-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გ---------------ასა და ზ-------------ისათვის 6 თვის საიჯარო ქირის - 8250 ლარის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე