გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
010210017002044121
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002044121

საქმე №2-3052/17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----”

წარმომადგენელი - ზ---------------ე

მოპასუხე - ლ------------ე

წარმომადგენელი - თ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ------------ეს დაეკისროს შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ 3749,9 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 20 აპრილს შპს „მ-----ს“ და ლ------------ეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 10000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხად დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 250 ლარი და ჯამში შეადგინა 10250 ლარი.

 

მოპასუხემ აიღო ვალდებულება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაეფარა სრულად როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 6.6. პუხლის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავალიანების დაფარის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ფინანსური ლიზიგის ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირიბები და არ მომხდარა მის მიერ ვალდებულების შესრულება გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც კომპანიამ დავალიანების ამოღების მიზნით შეწყვიტა ხელშეკრულება, რის შემდეგაც გაყიდა ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტომობილის ნასყიდობის ფასმა შეადგინა 10 000 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ფინანსური ლიზიგის ხელშეკრულება.

- შეტყობინება ლიზინგის საგნის რეალიზაციის შესახებ.

- ბუღალტრული განაცხადი. 29.01.2016წ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

3.2.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოპასუხე ლ------------ეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და მოსარჩელე შპს „მ-----მ“ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა 2015 წლის 25 მაისს. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ლ------------ის დავალიანება შეადგენდა 10749,92 ლარს, საიდანაც ძირი დავალიანება იყო 10250 ლარი, დარიცხული პროცენტი 471,46 ლარი, დარიცხული ჯარიმა 28,46 ლარი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა და 2015 წლის მაისიდან ავტომანქანა დაუბრუნდა კომპანიას, ავტომანქანა „audi allroas”, სახელმწიფო ნომრით SG781GS გადაადგილდებოდა და აღნიშნული ავტომანქანის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო მიღებული იქნა ადმინისტრაციული ზომებიც.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხესთან ავტომანქანა ფაქტობრივად იმყოფებოდა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც კომპანიამ 2015 წლის მაისის ბოლოს ჩაიბარა ავტომანქანა და მას შემდეგ ზ/აღნიშნული ავტომანქანა მასთან იმყოფებოდა. ასევე დადგენილად მიიჩევს, რომ ავტომანქანა კომპანიაში 2015 წლის მაისში მიიყვანა ლ------------ის მეგობარმა მ------------ემ და ამ დროსათვის ავტომანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად მუშაობდა ავტომანქანის ძრავიც და მისი გადაადგილება არ განხორციელებულა არც ევაკუატორის მეშვეობით, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.

 

ასევე დადაგენილია, რომ 2015 წლის 22 ივლისს და 2015 წლის 10 ნოემბერს შპს „მ-----მ“ ლ------------ეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლის თანახმადაც აცნობა, რომ თუ ის დამატებით მიცემულ ვადაშიც არ დაფარავდა დავალიანებას, მის მიერ განხორციელდებოდა ავტომანქანის რეალიზაცია.

 

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ავტომანქანა „audi allroas” სახელმწიფო ნომრით SG781GS, რეალიზაცია განხორციელდა 2016 წლის 29 იანვარს და იგი გაიყიდა 10 000 ლარად. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნულ ავტომანქანა იყო დაზიანებული, მას რეალიზაციამდე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, მისი გადაადგილება ხდებოდა ევაკუატორის დახმარებით, სულ ავტომანქანაზე კომპანიის მიერ დამატებით გაწეული იქნა 3000 ლარის ოდენობით ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმის ჩვენება.

- შპს „მ-----ს“ წერილები.

- ცნობა დავალიანების შესახებ. 25.05.2015წ.

- ბუღალტრული განაცხადი. 29.01.2016წ.

- მიღება-ჩაბარევის აქტი. 20.11.2015წ.

- ინვოისები.

- შპს „იბერია სერვისის“ მიღება-ჩაბარების აქტი.

- დავალიანების ცნობა.

- ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი. 31.08.2016წ.

 

3.2.3. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა „audi allroas”, სახელმწიფო ნომრით SG781GS მოპასუხისაგან ჩაიბარა დაზიანებულ მდგომარეობაში და მისი აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მოპასუხე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში თუ შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლისს წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის მაისში და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გადაცემული ავტომანქანა მაშინვე დაუბრუნდა კომპანიას. ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანა კომპანიაში მიყვანილი იქნა გამართულ მდგომარეობაში და აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია. მოსარჩელე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ავტომანქანა ჩაბარდა 2015 წლის მაისში, თუმცა მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რა მდგომარეობაში იყო იმ დროისათვის ავტომანქანა. უფრო მეტიც, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, ზ/აღნიშნული ავტომანქანა 2015 წლის მაისის შემდგომაც იმყოფებოდა სარგებლობაში და მისი მონაწილეობით ავტომანქანის რეალიზაციამდე შედგენილი იყო 12 სამართალდარღვევის ოქმი. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ზ/აღნიშნული ავტომანქანა კომპანიის წარმომადგენელს დაზიანებული სახით ჩააბარა ვინმე ზ----------–--ემ, რომელსაც არანაირი შეხება არ გააჩნია მოპასუხე ლ------------ესთან. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ განახორციელა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება სათანადო წესით. კერძოდ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ის გარემოება, რომ კომპანიამ 3000 ლარის ოდენობით ზიანი, რაც მან გასწია ავტომანქანის შეკეთებაზე და მის გადაადგილებაზე, მიიღო მოპასუხის ბრალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმის ჩვენება.

- შპს „მ-----ს“ წერილები.

- ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი. 31.08.2016წ.

- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს წერილი.

 

3.2.4. დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა 2015 წლის 25 მაისს და ამ დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 10749,92 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა 10 000 ლარად და აღნიშნული თანხა გამოაკლდა მოპასუხის დავალიანებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა დავალიანების შესახებ. 25.05.2015წ.

- ბუღალტრული განაცხადი. 29.01.2016წ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ლ------------ეს დაეკისროს შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ 749,92 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 412-ე, 576-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იქნა ლიზინგის ხელშეკრულება და შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

დადგენილია, რომ მხარეები მათ შორის 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული ლიზინგის ხელშკრულებით შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომლის თანახმად ლიზინგის მიმღები კისრულობდა ვადებულებას საკუთრებაში გადაეცა შპს „მ-----სათვის“ სატრანსპორტო საშუალება, ხოლო შპს „მ-----“ კისრულობდა ვალდებლებას გადაეხადა ლიზინგის მიმღებისათვის ან გამყიდველისათვის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხე იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაეფარა სრულად როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები.

 

ამავე ხელშეკრულების 15.7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა ვადამდე, შპს „მ-----ს“ გააჩნდა სრული უფლება გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპოტრო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარავად და იმ ხარჯების დასაფარავად, რაც დაკავშირებული იყო სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისებთან და/ან დაზიანებასთან და გასხვისებასთან.

 

დადგენილია, რომ ლ------------ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ დაფარა თანხა შეთანხებულ ვადაში, რის გამოც მხარეთა შეთანხმებით 2015 წლის 25 მაისს შეწყდა ფინანსური ლიზნგის ხელშეკრულება და სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდა შპს “მ-----ს“. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 10749,92 ლარს. ასევე დადგენილია, რომ შპს „მ-----ს“ მიერ 2016 წლის 29 იანვარს განხორციელდა ავტომანქანის რეალიზაცია და მანქანა გაიყიდა 10 000 ლარად. ხელშეკრულების 15.7 პუნქტის თანახმად მანქანის ნასყიდობის ფასი გამოაკლდა მოპასუხის დავალიანებას და შესაბამისად მოპასუხე ლ------------ის დავალიანება შპს „მ-----ს“ მიმართ დარჩა 749,92 ლარი. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.3. რაც შეეხება ავტომანქანის ამოღებასა და მისი დაზიანების აღმოფხვრისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულ 3000 ლარის ოდენობით ხარჯს, სასამართლო მიიჩნევს რომ ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა (იხ. ფაქტობრივი გარემოება 3.2.3), რომ კომპანიამ 3000 ლარის ოდენობით ზიანი, რაც მან გასწია ავტომანქანის შეკეთებაზე და მის გადაადგილებაზე, მიიღო მოპასუხის ბრალით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 395-ე მუხლი კი ადგენს, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ შპს „მ-----ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლ------------ეს შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 749,92 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 112,50 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ მოპასუხე ლ------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 22,50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მ-----ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე ლ------------ეს დაეკისროთ შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ 749,50 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ლ------------ეს დაეკისროს შპს ”მ-----ს” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 22,50 ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე