გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210018002348399
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7476 -18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - მ-----------------ნი

წარმომადგენელი - მ--------------ძე

მოპასუხე - ტ------–------–-–---–ი, დ-------------ძე

წარმომადგენელი - ქ-----------------ი, ლ--------–-ძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. გამოთხოვილი იქნას დ-------------ძის უკანონო მფლობელობიდან მ-----------------ნის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ 0---------------) პირველი სართულის 35,91 კვ.მ ფართი და ქონება მ-----------------ნს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

 

1.2. გამოთხოვილი იქნას ტ------–------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან მ-----------------ნის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ 0---------------) ნახევარსარდაფის 11.00 კვ.მ ფართი და ქონება მ-----------------ნს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 10:51:07).

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2009 წლიდან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----------------ნის კერძო საკუთრებაშია ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი და 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 და №8 შენობა-ნაგებობები. შემდგომში, მესაკუთრის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოხდა მიწის ნაკვეთების გამიჯვნა და არსებული ნაკვეთი დაიყო ორ დამოუკიდებელ ნაწილად, კერძოდ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ფართობი დაიყო შემდეგი თანმიმდევრობით: ბოლო მეორე სართული დარჩა ერთიან ფართად და შეადგენს 126,57 კვ.მ, რაც აღრიცხულია მესაკუთრე მ-----------------ნის სახელზე. შუა, ანუ პირველი სართული დაიყო ორ ნაწილად: 54.24 კვ.მ და 53.31 კვ.მ, ნახევარსარდაფიც დაიყო ორ ნაწილად: 41.87 კვ.მ და 52.21 კვ.მ, საიდანაც შემდეგ 2010-2014 წლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე დ-------------ძეს გადაეცა და მის საკუთრებაში აღირიცხა ერთიანობაში 54.84 კვ.მ და 53.31 კვ.მ ანუ ჯამში 108.15 კვ.მ, ხოლო ტ------–------–-–---–ს გადაეცა და მის საკუთრებაში აღირიცხა 41.87 კვ. მ ფართი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებმა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, მათ საკუთრებაში აღრიცხული ფართების გარდა მესაკუთრესთან შეუთანხმებლად დაიკავეს გაცილებით მეტი ფართობი, ვიდრე ყიდვა-გაყიდვის გარიგებით მათ ეკუთვნოდათ და უნებართვოდ ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ ფართს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 35.91 კვ.მ-ს უკანონოდ ფლობს დ-------------ძე, ხოლო ამავე შენობის ნახევარსარდაფის 11 კვ.მ ფართს უკანონოდ ფლობს ტ------–------–-–---–ი.

 

2017 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელემ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა №6-ზე, რის შედეგადაც მის სახელზე აღირიცხა პირველი სართულის 35.91 კვ.მ და ამავე შენობის ნახევარსარდაფის 11 კვ.მ, რასაც მოპასუხეები წლებია უკანონოდ ფლობენ. უფრო მეტიც, მათ მ-----------------ნის ნებართვის გარეშე მოახდინეს შენობის მთლიანი იერსახის შეცვლა, კერძოდ, ნახევარსარდაფის კიბის უჯრედში - 11 კვ.მ-ში ტ------–------–-–---–მა მოაწყო სველი წერტილი და სამზარეულო, ხოლო ამ ფართში არსებული კიბის კონსტრუქცია გაიტანა გარეთ, რითაც სარგებლობს დ-------------ძე.

 

არაერთი თხოვნის მიუხედავად მოპასუხეები არ ათავისუფლებენ უკანონოდ დაკავებულ ფართებს, რის გამოც მოსარჩელეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.1. მოპასუხე ტ------–------–-–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მ-----------------ნმა დედის ნ-----–------------ნის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში მიიღო შენობა-ნაგებობები, სახლი სამსართულიანია, მიწის ნაკვეთით, რომელიც დატვირთული ჰქონდა იპოთეკით. გასხვისების მიზნით მან სახლი დაჰყო სამ ნაწილად: ნახევარსარდაფი, ე.წ. პირველი სართული, მეორე სართული და მესამე სართული. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ნახევარსარდაფის ე.წ. პირველი სართულის 41.87 კვ.მ-ის მესაკუთრე გახლავთ ტ------–------–-–---–ი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.1.2. მოპასუხე დ-------------ძე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მეორე სართულის 54.84 კვ.მ და 53.31 კვ.მ-ის მესაკუთრე გახდა დ-------------ძე. სულ მის საკუთრებაში ირიცხება საცხოვრებელი ფართი 108.15 კვ.მ. მ-----------------ნმა აზომვითი ნახაზის გაყალბების გზით მოახდინა დ-------------ძის საცხოვრებელი ფართის მითვისება, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებმა 2018 წლის 01 ნოემბერს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით დამატებით განმარტეს, რომ მ-----------------ნს მთლიანი შენობა დატვირთული ჰქონდა იპოთეკით და შპს ,,მ---------------ო ო---------–ია ი--------------------ია’’ ართმევდა სახლს დავალიანების გამო. საჭირო გახდა სახლის ნახაზების მომზადება და შემდგომ გამიჯვნა სხვადასხვა ფართებად, რათა მომხდარიყო ფართების გაყიდვა, რომ დაეფარათ იპოთეკარის ვადაგადაცილებული ვალი, რაზედაც მიიღეს იპოთეკარის თანხმობაც. ნახაზები მოამზადა არქიტექტურულ-საპროექტო ო---------–ია შპს ,,არ-------სმა’’, რომელმაც მოამზადა-მოახდინა შიდა აზომვითი ნახაზები რეესტრში წარსადგენად. ჯერ საცხოვრებელი ფართის დასარეგისტრირებლად და შემდგომ გასამიჯნად. ამ დრომდე აღნიშნულ სახლზე აზომვითი ნახაზები არ არსებობდა. ამ პერიოდშივე მოხდა საკადასტრო აზომვები და მიწის ნაკვეთების გამიჯვნა. ეს სამუშაოები სხვა ფი---ის მიერ იქნა შესრულებული.

 

მ-----------------ნის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი დაიყო ორ ნაწილად. მ-----------------ნის მოთხოვნით შპს ,,არ-------სმა’’ ფართობი დაყო შემდეგი თანმიმდევრობით: ბოლო სართული ერთიან ფართად დარჩა, რომ დარჩენოდა მესაკუთრეს, რაც შეადგენდა 126,57 კვ.მ-ს. შუა პირველი სართული დაიყო ორ ნაწილად: 54.84 კვ.მ და 53.31 კვ.მ; ხოლო ნახევარსარდაფიც დაიყო ორ ნაწილად: 41,87 კვ.მ და 52,21 კვ.მ. გამიჯნული ფართები მომზადდა, მაგრამ კლიენტებმა უარი განაცხადეს შესყიდვაზე იპოთეკით დატვირთულობის გამო. დ-------------ძემ შეისყიდა ორი ფართი: ნახევარსადაფი 41,87 კვ.მ და შუა, ანუ მეორე სართული - 54,84 კვ.მ, ხოლო მა--------------იანს საკუთრებაში დარჩა ნახევარსარდაფის 52,21 კვ.მ, შუა ანუ მეორე სართულის 53,31 კვ.მ და ბოლო სართულის 126,57 კვ.მ. დ-------------ძის მიერ შესყიდულ ნახევარსარდაფში მოგირავნე ცხოვრობდა 50 წელზე მეტი დროის განმაცვლობაში. დ-------------ძესა და მა--------------იანთან ურთიერთშეთანხმებით გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ 41.87 კვ.მ. ფართი ტარ--ლ და--–-–---–-ა საკუთრებაში გადაიფორმა, ხოლო სანაცვლოდ მეორე სართულზე არსებული მეორე ბინა საკუთრებაში მიიღო დ-------------ძემ. გარიგებების შემდეგ ფართები გადანაწილდა შემდეგნაირად: მ-----------------ნი-ბოლო სართულზე მთლიანი ფართის მესაკუთრედ 126,57 კვ.მ; დ-------------ძე შუა სართული (მეორე სართული) – 54,84 კვ.მ და 53.31 კვ.მ. მთლიანი სართულის მესაკუთრედ, ხოლო ტ------–------–-–---–ი-41,87 კვ.მ ნახევარსარდაფის იგივე პირველი სართულის მესაკუთრეა. ნახევარსარდაფში ტ------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებული 41,87 კვ.მ ფართის მომიჯნავე ფართის 52,21 კვ.მ-ის მესაკუთრე იყო ჯერ რა-----ე, შემდგომ ზ-----------–ი.

 

2017 წლის 18 დეკემბერს მ-----------------ნმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და რეესტრმა დაარეგისტრირა საკადასტრო კოდით 0--------------- არ არსებული ფართობი 60.27 კვ.მ-ის ოდენობით (მათ შორის ნახევარსადაფი იგივე პირველი სართული 24,36 კვ.მ და მეორე სართული 35.91 კვ.მ). პირველადი საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის საფუძველიც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და შიდა აზომვითი ნახაზია, ეს ფართი ეკუთვნის დ-------------ძეს, ს/კ 0----------------------, სხვა ფართი ამ სართულზე ფიზიკურადაც არ არსებობს.

 

2017 წლის 20 დეკემბრის განცხადებით მ-----------------ნმა ს/კოდით 0--------------- ნახევარსარდაფის იგივე პირველი სართულის ფართი გამიჯნა და გადაუფორმა ზ-----------–ს 13.59 კვ.მ, რეალურად მოხდა ფართების გადაფარვა. პირველადი საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის საფუძველია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და შიდა აზომვითი ნახაზი, ეს ფართი ეკუთვნის ტ------–------–-–---–ს ს/კოდით 0-------------------.

 

2018 წლის 4 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ამონაწერის უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 07/06/2010 წელი. აღნიშნული ხელშეკრულებით ს---–------------–--ლმა მ-----------------ნს მიჰყიდა ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 და №2, რაშიც გადაიხადა 5000 აშშ დოლარი. ს---–------------–--ლი მართალია ცხოვრობს წ------ს ქუჩა №---ში, მაგრამ ამ მისამართზე მდებარეობს სამი სახლი: ერთი სახლი არის სამსართულიანი, რომლის მესაკუთრეც იყო მ-----------------ნი და ამჟამად მისი მესაკუთრეები არიან მესამე სართულის მ-----------------ნი, მეორე სართულის დ-------------ძე, ხოლო ნახევარსარდაფის იგივე პირველი სართულის ერთი ნახევრის - ტ------–------–-–---–ი, მეორე ნახევრის - ზ-----------–ი. მეორე არის ერთსართულიანი სახლი, ამ ორ სახლს ერთმანეთისგან ჰყოფს ეზო, მისი მესაკუთე იყო მ-----------------ნი, მაგრამ ამჟამინდელი მესაკუთრე არის ზ-----------–ის მეუღლე ი---ა ჩე--ა; ხოლო მესამე სახლი არის ი---ა ჩე--ას საკუთრებაში არსებული სახლის გვერდით, რომელსაც არაფერი აკავშირებს დ-------------ძის და ტ------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართთან და ეკუთვნის ს---–------------–--ლს, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მ-----------------ნის საკუთრებაში. საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ცხოვრობენ მოპასუხეები დ-------------ძე და ტ------–------–-–---–ი ოჯახებით, არავითარი საერთო არ აქვთ ს---–------------–--ლის საკუთრებაში არსებულ სახლთან, რადგან ამ ორ სახლს შორის მდებარეობს ი---ა ჩე--ას საცხოვრებელი სახლი და ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით მ-----------------ნს არ აქვს უფლება პრეტენზია ჰქონდეს დ-------------ძის და ტ------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართთან.

 

შესაბამისად, რადგან ფართი 2010 წლის 7 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ-----------------ნმა შეიძინა ს---–------------–--ლისგან, და თუ არ იძებნება ის ფართი, რომელიც ს---–------------–--ლისგან შეიძინა მ-----------------ნმა, მაშინ მას პრეტენზია უნდა ჰქონდეს კაკრიაშვილთან და არა მოპასუხეებთან. წარმოდენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად არათუ ზედმეტ ფართს ფლობენ მოპასუხეები, არამედ იმ ფართზე ნაკლებ ფართს არიან დაუფლებული, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შეიძინეს.

 

(იხ. შესაგებლები, ს.ფ. 42-49, 54-61, დაზუსტებული მოსაზრებები ს.ფ. 152-16; მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი 12:17:41).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის 2009 წლის 11 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, წ------ს ქუჩა №---ში (ს/კ 0---------------) ირიცხებოდა ნ-----–------------ნის საკუთრებად. ნაკვეთის ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 506 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადებული 2009 წლის 11 აგვისტოს (ს.ფ. 176).

 

3.1.2. 2009 წლის 13 ნოემბერს, ნ-----–------------ნმა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----------------ნს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, წ------ს ქუჩა №---ში (ს/კ 0---------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 173-175).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის 2010 წლის 27 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, წ------ს ქუჩა №-- (ს/კ 0----------------------) აღრიცხულია დ-------------ძის საკუთრებად, 2010 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკუთრების მახასიათებლებია: ფართი 54.84 კვ.მ. 41.87 კვ.მ. საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 115 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; შენობა-ნაგებობები №1.

 

2010 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა მ-----------------ნმა გაყიდა და მყიდველმა, დ-------------ძემ 13000 აშშ დოლარად იყიდა ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სამსართულიანი სახლში ფართი №2, ნახევარსარდაფი 41,87 კვ.მ და პირველი სართულის ნაწილი 54,84 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2010 წლის 20 ივლისის ამონაწერი (99-100);

- 2010 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 109).

 

3.2.2. საჯარო რეესტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, წ------ს ქუჩა №-- (ს/კ 0----------------------) აღრიცხულია დ-------------ძის საკუთრებად, 2010 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკუთრების მახასიათებლებია: ფართი 54.84 კვ.მ. საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 115 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; შენობა-ნაგებობები №1.

 

2010 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა მ-----------------ნმა გაყიდა და მყიდველმა, დ-------------ძემ 13000 აშშ დოლარად იყიდა ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სამსართულიანი სახლში ფართი №2, ნახევარსარდაფი 41,87 კვ.მ და პირველი სართულის ნაწილი 54,84 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერი (ს.ფ. 101-102);

- 2010 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 109).

 

3.2.3. საჯარო რეესტრის 2010 წლის 01 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, წ------ს ქუჩა №-- (ს/კ 0----------------------) აღრიცხულია დ-------------ძის საკუთრებად, 2010 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკუთრების მახასიათებლებია: ფართი, სართული I, 53.31 კვ.მ. საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 115 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; შენობა-ნაგებობები №1.

 

2010 წლის 21 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა მ-----------------ნმა გაყიდა და მყიდველმა, დ-------------ძემ 11000 აშშ დოლარად იყიდა ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სამსართულიანი სახლში მის საკუთრებაში არსებული ფართიდან, რომლის საერთო ფართია 179,88 კვ.მ და ნახევარსარდაფი 52,21 კვ.მ, პირველი სართულის ფართი 53,31 კვ.მ, ფართი №2, შპს ,,არტ ფეისის’’ მიერ აზომვითი ნახაზის მიხედვით ფართი, რომელთაც კავშირი აქვთ როგორც შიდა კიბით, ასევე ინდივიდუალური, ხოლო გამყიდველის მა--------------იანის საკუთრებაში რჩება ფართი №1, მეორე სართულზე 126,57 კვ.მ და ნახევარსარდაფი 52,21 კვ.მ, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური შესასვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერი (ს.ფ. 103-104);

- 2010 წლის 21 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 111).

 

3.2.4. საჯარო რეესტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, წ------ს ქუჩა №-- (ს/კ 0----------------------) აღრიცხულია დ-------------ძის საკუთრებად, საკუთრების მახასიათებლებია: ფართი, სართული I, 108.15 კვ.მ. საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 115 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; შენობა-ნაგებობები №1.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 23/08/2010 წელი. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 21/10/2010 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერი (ს.ფ. 105-106);

-- 2010 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 109);

- 2010 წლის 21 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 111);

- შპს ,,არქიდეას’’ მიერ შესრულებული ნახაზი (ს.ფ. 194-195).

 

3.2.5. 2010 წლის 08 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0----------------------) ნახევარსარდაფი ფართით 41.87, რეგისტრირებულია ტ------–------–-–---–ის საკუთრებაში. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 115 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; შენობა-ნაგებობები №1.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 04/10/2010 წელი.

 

2010 წლის 04 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა დ-------------ძემ გაყიდა და მყიდველმა ტ------–------–-–---–მა 5000 აშშ დოლარად იყიდა თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში, არსებულ სამ სართულიან სახლში, ნახევარ სარდაფი 41,87 კვ.მ-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 107-108).

- 2010 წლის 04 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 110).

3.2.6. საჯარო რეესტრის 2018 წლის წლის 11 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია მ-----------------ნის და ზ-----------–ის თანასაკუთრებად. შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №4, №5, №6 საერთო ფართობი 46.68 (მათ შორის ნახევარსარდაფი 11 კვ.მ და I სართული 35.91 კვ.მ) რეგისტრირებულია მ-----------------ნის საკუთრებად, ხოლო ზ-----------–ის საკუთრებაში აღრიცხულია №6 საერთო ფართობიდან ნახევარსარდაფი 13.59 კვ.მ.

 

ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 247 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; 0---------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6; საერთო ფართობი 60,27 (მათ შორის ნახევარსარდაფი 24.36 და 1 სართული 35.91 კვ.მ).

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 13/11/2009 წელი; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 07/06/2010 წელი; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 10/10/2017 წელი; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 27/12/2017 წელი.

 

2017 წლის 20 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მ-----------------ნმა საკადასტრო კოდით 0--------------- შენობა №6-ის 60.27 კვ.მ-დან 13.59 კვ.მ. მის წინ არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად 2000 ლარად მიჰყიდა ზ-----------–ს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვის, ი/მ თამაზ ტალახაძის მიერ შესრულებული ნახაზი, რომლის თანახმადაც მ-----------------ნის საკუთრებაა შენობა N6/2 ნახევარსარდაფი და შენობა N6/2 I სართული, ფართებით 46.68 კვ.მ და 13.59 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27, 208-209);

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 173-175);

- აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 28, 134);

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 183-184);

- ი/მ ,,თამაზ ტალახაძის’’ მიერ შესრულებული ნახაზი (ს.ფ. 185);

- ორთოფოტო (210-211).

 

3.2.7 შპს ,,არ-------სის’’ მიერ შესრულებული ნახაზის მიხედვით ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე I სართულის ფართი №1-ის საერთო ფართია 54.84 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 40.02 კვ.მ, ხოლო აივანი 14.82 კვ.მ; სართული I, ფართი №2-ის საერთო ფართია 53.31 კვ.მ. იმავე ნახაზის მიხედვით ნახევარსარდაფის სართულის გეგმით ფართი №2-ის საერთო ფართია 41.87 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 27.82 კვ.მ, აივანი 14.05 კვ.მ. მეორე სართულის გეგმით ფართი №1-ის საერთო ფართია 126.57 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი 87.46 კვ.მ, აივანი და ტერასა 39.11 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გეგმა ნახაზი (ს.ფ. 190-193).

 

3.2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ოქტომბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სახლის 1 სართულის (ს/კ 0----------------------) საერთო ფართი შეადგენს 106.74 კვ.მ-ს, აღნიშნული ფართობი წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად დ-------------ძის საკუთრებაშია, პირველ სართულზე სხვა ფართი არ არის.

 

ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სახლის (ს/კ 0----------------------) ნახევარ სარდაფის 41.87 კვ.მ-ს წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ფლობს ტ------–------–-–---–ი, აღნიშნულ მისამართზე ტ------–------–-–---–ი წარმომადგენლის მიერ მითითებული დვალიშვილის საკუთრებაში არსებული ფართობი შეადგენს 41.87 კვ.მ-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 162-172).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი - 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სამსართულიან სახლს, რომელშიც ფართებს საკუთრების უფლებით ფლობენ როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხეები, რის დასტურადაც წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებები. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,არ-------სის’’ მიერ შესრულებული ნახაზი დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, წ------ს ქუჩა №---ში მდებარე სახლის I სართულის საერთო ფართი შეადგენს 106,74 კვ.მ-ს რომელიც დ-------------ძის საკუთრებაშია და აღნიშნულ სართულზე სხვა ფართი არ არის, ასევე ტ------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ფართი შეადგენს 41, 87 კვ.მ-ს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დ-------------ძე და ტ------–------–-–---–ი არამართლზომიერად ფლობენ და სარგებლობენ სწორედ მ-----------------ნის საკუთრებაში არსებული ფართით.

 

ამდენად, სახეზე არ არის სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა - მოპასუხეების მიერ ნივთის ფლობა, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ორი უძრავი ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი თითოეული მოთხოვნის განისაზღრება - 4000 ლარით, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60+60 ლარს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინებით მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს - 120 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, მე-40, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------------ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მ-----------------ნს დაეკისროს - 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე