გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
080210018002725338
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3725-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - შ----- ზ--------ე;

წარმომადგენელი - დ-----ი ბ------ე;

მოპასუხე - ი--- ც-----–---–ი;

ადვოკატი - რ--------- ხ----–--–--ა;

დავის საგანი - განქორწინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს შ----- ზ--------ეს (პ/ნ 6----------) და ი--- ც-----–---–ს (პ/ნ 6----------) შორის 2012 წლის 21 ივნისს, №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელე შ----- ზ--------ე 2012 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ი--- ც-----–---–თან. მათ სამი წელია შეწყვეტილი აქვთ ცოლქმრული ურთიერთობა და მოპასუხე გაურკვეველი მიზეზებით თავს არიდებს სამოქალაქო რეესტრში გამოცხადებას, რის გამოც ითხოვს ქორწინების შეწყვეტა მოახდინოს სასამართლომ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და ითხოვს შესარიგებელი ვადის მიცემას, რათა შენარჩუნებულ იქნეს ოჯახი, რადგან მათ შორის დაწყებულია უკვე ურთიერთობის აღდგენის პროცესი და შესაძლებელია მათი შერიგება, რის გამოც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე შ----- ზ--------ე და მოპასუხე ი--- ც-----–---–ი 2012 წლის 21 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ი--- ც-----–---–ი არ ეთანხმება ქორწინების შეწყვეტას და მიაჩნია, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია. აღნიშნულის გამო სასამართლომ 2017 წლის 28 ნოემბერს მხარეებს დაუნიშნა 2 თვიანი შესარიგებელი ვადა.

 

სასამართლო მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----- ზ--------ესა და ი--- ც-----–---–ს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლისადმი დამოკიდებულება, მისი მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა წარმოადგენს მხარეთა უთანხმოების საფუძველს. ამასთან, მათ შორის კონფლიქტი და უთანხმოება არ არის ერთჯერადი და დროებითი ხასიათის, მოსარჩელეს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს ოჯახური ურთიერთობა მეუღლესთან. მხარეებს შორის ოჯახის აღდგენის ერთობლივი მცდელობა არ ყოფილა, ოჯახის შენარჩუნება არ სურს მოსარჩელეს. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი.

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია ამ ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება. ამ მუხლის თანახმად, სრულწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.

 

ამდენად, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ქორწინების უფლება, ხოლო ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლენის ნებაყოფლობითობას. ამ ნორმებით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე ოჯახური ცხოვრების და განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N2/2/425 საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესახებ განმარტა შემდეგი: „დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება. ამ საზოგადოებაში კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის უპირველესი ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, მისი თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფალი ინდივიდების საზოგადოება არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხერხემალი, მისი წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობა და გარანტია. საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებაზე, მის თავისუფალ განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად, საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

 

ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ქორწინება და ოჯახი ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში ინდივიდის თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ, პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების გამოხატულება და ნაწილია ქორწინების თავისუფლება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ინსტიტუციური გარანტიისა, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმაცაა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას. პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთ-ერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება“.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქორწინების მსურველთა ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მეუღლეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ ერთობლივი მიზნები და ინტერესები.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას, შესაბამისად ოჯახის არსებობის საფუძველია მხარეთა ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესების და მიზნების განსახორციელებლად ერთობლივი ძალისხმევა. მეუღლეებს შორის ნდობის არარსებობა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი. ოჯახი არის მეუღლეთა ნებაყოფლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აღარ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ გადამწყვეტი არ არის ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება განპირობებულია თუ არა ობიექტური გარემოებებით, დადასტურებული ფაქტებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოსარჩელის დამოკიდებულების გამო მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება შ----- ზ--------ის მიერ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, მისი გადახდა დაეკისრება მოპასუხეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შ----- ზ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს შ----- ზ--------ეს (პ/ნ 6----------) და ი--- ც-----–---–ს (პ/ნ 6----------) შორის 2012 წლის 21 ივნისს, №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

3. მოპასუხე ი--- ც-----–---–ს შ----- ზ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა დიდავა