გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2019
საქმის ნომერი
180210018002617311
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/716-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 იანვარი, 2019 წელი ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"

წარმომადგენელი - მ---- მა----------–-–---–-

მოპასუხე - ბი---- ბე--------

დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ბი---- ბე--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება ავტომანქანის გაყვანის დღისთვის დარიცხული თანხის ოდენობით; 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული საფასური შეადგენს - 4497 ლარს.

1.2. სსიპ „112“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაეკისროს სსიპ „112“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან ავტომანქანის - VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------) საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ 2014 წლის მაისის თვიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.

 

2015 წლის 02 იანვარს მოპასუხე ბი---- ბე--------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------), რომელიც სსიპ „112“-ის მიერ გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში, დიღომში მდებარე სსიპ „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, სსიპ „112-ის“ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის (შენახვის) გამო, ერიცხება სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასური - 4497 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად. მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა სსიპ „112“-ის მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა. სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამოც, არ არსებობს სპეციალურ დაცულ სადგომზე მისი დატოვების საჭიროება, თუმცა მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ სცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; ბი---- ბე-------- სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 02 იანვარს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად მართლაც დაჯარიმდა 1000 ლარით და მისი კუთვნილი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუმცა დღემდე მისი იქ არსებობა არ იყო მისთვის ცნობილი, ვინაიდან მოსარჩელე მხარე აქამდე არ შეხმიანებია. დროული გაფრთხილების შემთხვევაში, აღნიშნული თანხის ოდენობა არ იქნებოდა ამდენი და არც შეფერხდებოდა სპეციალური დაცული სადგომის გამართული ფუნქციონირება. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან აღნიშნული ხდებოდა მიზანმიმართულად, რადგან საფასურის დარიცხვა ხდება ყოველდღიურად. მოპასუხის განმარტებით აღნიშნული ავტომანქანა მან შეი---- შემთხვევით გზაზე და მას ავტომობილის შესაძენად ხელშეკრულება არ გაუფორმებია და არც დაურეგისტრირებია კანონის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ არის მესაკუთრე და არც მართლზომიერი მფლობელი. მოსარჩელე მხარეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მოეძებნა მანქანის მესაკუთრე და ხელშეშლის ნაწილში წარედგინა მის მიმართ მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 02 იანვარს ბი---- ბე-------- (პ/ნ 31---------) დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი N ევ8-----) შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2015 წლის 02 იანვარს მოპასუხე - ბი---- ბე--------ს (პ/ნ 31---------) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი N ევ8-----) შესაბამისად ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------) და გადაყვანილი იქნა სსიპ „112-ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლი (ს.ფ. 32);

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ 1-18);

- შესაგებელი (ს.ფ. 55-64)

 

3.1.3 ტერიტორია, რომელზეც მოწყობილია სსიპ ,,112’’-ის სპეციალური დაცული სადგომი (თბილისი, დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა), იმყოფება მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სატრანსპორტო საშუალებას - VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------) სსიპ „112-ის“ ევაკუატორით ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასური - 4497 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 31.08.2018 წლის ცნობა დარიცხული საფასურის შესახებ (ს.ფ 32);

- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 489 დადგენილება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულო პირის ,,112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ (ს.ფ 33-36);

 

3.2.2 მოპასუხე ბი---- ბე--------ს ავტომანქანის შესაძენად არ გაუფორმებია ხელშეკრულება და არც დაურეგისტრირებია ავტომანქანა თავის სახელზე, გამომდინარე აქედან იგი არ წარმოადგენს მესაკუთრეს და არც მართლზომიერ მფლობელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესაგებელი

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად ბი---- ბე-------- დაჯარიმდა 1000 ლარით, რომლის მართვის ქვეშ იმყოფებოდა მოცემული მომენტისთვის ავტომანქანა VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------) და სწორედ ამ უკანასკნელის ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ავტოსადგომზე; ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება ხდება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,112’’-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.

 

რაც შეეხება უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს კეთილსინდისიერი მფლობელის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლების შესაძლებლობას და ადგენს შემდეგ წინაპირობებს: სახეზე უნდა იყოს მფლობელობის ხელშეშლა, ხელშეშლა უნდა იყოს უკანონო, მფლობელობა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და მოთხოვნის უფლების მოვალე უკანონოდ უნდა ახორციელებდეს ხელშეშლას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა, ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების, ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა უკანონო ხელშეშლა, ვინაიდან მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე დატოვებით, მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით, ანუ ადგილი აქვს სპეციალური დაცული სადგომის ფუნქციონირების ხელის შეშლას, რაც გამოიხატება გამოსაყენებელი პარკირების სივრცის შემცირებასა და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაში.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს ავტომანქანის მესაკუთრეს და არც მართლზომიერ მფლობელს, ვინაიდან მას ავტომანქანის შესაძენად არ გაუფორმებია ხელშეკრულება და არც დაურეგისტრირებია ავტომანქანა თავის სახელზე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 27 ოქტომბრის Nას-914-954-2011 განჩინებით განმარტა შემდეგი: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების თანახმად ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე ვრცელდება ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. მოპასუხე შესაგებელში და ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ მან ავტომანქანა VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------) ,,შემთხვევით შეი---- გზაზე’’, თუმცა არ გაუფორმებია ხელშეკრულება და არც თავის სახელზე დაურეგისტრირებია იგი. ეს გარემოება მოწმობს, რომ მხარეთა შორის მოძრავი ნივთის (ავტომანქანის) ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ, მყიდველს ბი---- ბე--------ს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა და დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა.

 

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბი---- ბე-------- წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხეს და მოსარჩელის მოთხოვნები მისთვის მომსახურების საფასურის დაკისრებისა და ხელშეშლის აღკვთის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 254,91 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბი---- ბე--------ს (პ/ნ 31---------) დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112’’-ის (ს/ნ 43-------) სასარგებლოდ 4497 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე ბი---- ბე--------ს (პ/ნ 31---------) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ის სპეციალური დაცული (საჯარიმო) ავტოსადგომიდან (დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) ავტომანქანის - VOLKSWAGEN JETTA (სახ. ნომრით A------) საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანა;

 

4. ბი---- ბე--------ს (პ/ნ 31---------) დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ის (ს/ნ 43-------) სასარგებლოდ 254,91 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია