გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
200210118002683803
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/994-18

N200210118002683803

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი''

წარმომადგენელი - ნ-------------ა

მოპასუხე - შ------ გ--------–---–ი

წარმომადგენელი - თ----ა თ---–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 აგვისტოს საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5062,55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3761.85 ლარი, პროცენტი - 549.42 ლარი, ჯარიმა 743.11 ლარი და დაზღვევა - 8.17 ლარი.

1.2. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 28%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 87.77 ლარს.

1.3. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 18.80 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 1253 ლარისა.

1.4. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 359.49 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 60 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 479.33 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,თ----ი ბანკსა“ და შ------ გ--------–---–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი -4900 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-თ, კრედიტის ვადა - 739 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 08 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მოპასუხის მიერ 2018 წლის 13 აპრილს დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და აღარ განხორციელებულა გადახდები. ასევე მოპასუხემ ზედიზედ ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 2068 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1138.15 ლარი, %-757.62 ლარი, ჯარიმა - 44.02 ლარი, დაზღვევა - 20.21 ლარი, საკომისიო - 108 ლარი. 2018 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით შ------ გ--------–---–ს საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5062.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -3761.85 ლარი, პროცენტი - 549.42 ლარი, ჯარიმა - 743.11 ლარი და დაზღვევა - 8.17 ლარი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორ გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულებას ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამარლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა დაზუსტებულ სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება ჯარიმის და სარგებლის დარიცხვის მოთხოვნას არ და განმარტა რომ შუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო და ასევე არ დაეთანხმა სარგებლის მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,თ----ი ბანკსა“ და შ------ გ--------–---–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი -4900 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-თ, კრედიტის ვადა - 739 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 08 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-27);

- საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 30-46);

 

3.2.2. მოპასუხის მიერ 2018 წლის 13 აპრილს დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და აღარ განხორციელებულა გადახდები. ასევე მოპასუხემ ზედიზედ ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 2068 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1138.15 ლარი, %-757.62 ლარი, ჯარიმა - 44.02 ლარი, დაზღვევა - 20.21 ლარი, საკომისიო - 108 ლარი.

2018 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით შ------ გ--------–---–ს საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5062.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -3761.85 ლარი, პროცენტი - 549.42 ლარი, ჯარიმა - 743.11 ლარი და დაზღვევა - 8.17 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 48);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 47)

 

3.2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკის'' სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----ი ბანკსა'' და შ------ გ--------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. შ------ გ--------–---–მა მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 3761,85 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 549,42 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. დადგენილია რომ ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულებას ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

მოპასუხე შ------ გ--------–---–ის ხელშეკრულების დარღვევის გამო სასესხო ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად სს „თ----ი ბანკისთვის“ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 28%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 87.77 ლარს.

 

შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 74.30 ლარის გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც 2018 წლის 17 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 3.76 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 125 ლარისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი მოპასუხე შ------ გ--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 აგვისტოს საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4393.74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3761.85 ლარი, პროცენტი - 549.42 ლარი, შემცირებული ჯარიმა 74.30 ლარი და დაზღვევა - 8.17 ლარი.

1.2. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 28%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 87.77 ლარს.

1.3. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 17 ოქტომბერი) საბანკო კრედიტის #2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3761.85 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 3.76 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 125 ლარისა.

 

2. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის 150.47 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე შ------ გ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 147,71(97,71+50) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

4. მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №10) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 359.50 ლარიდან 129 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22.

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 132,78 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე