გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210017001791082
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე N2/3430-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - მ--- უ----–---–ი

წარმომადგენელი - ლ-–- შ--------

მოპასუხე - მ------ შ-----–---–ი

წარმომადგენელი - რ----- ფ----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ------ შ-----–---–ს მოსარჩელე მ--- უ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 16810 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -13000 აშშ დოლარი, 4 თვის სარგებელი -1560 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი, ზიანი 2250 აშშ დოლარის ოდენობით 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 03 თებერვლამდე პერიოდის განმავლობაში (დაზუსტდა 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს მსოამზადებელ სხდომაზე ს.ფ. 115).

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 20 თებერვალს მ------ შ-----–---–სა და მ--- უ----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 06 (ექვსი) თვის ვადით. მ--- უ----–---–ის მიერ სესხის სახით გაცემული თანხა შეადგენდა 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო ყოველთვიური სარგებელი სესხის 3%. 6 (ექვსი) თვის სარგებელი ჯამში შეადგენდა 2340 აშშ დოლარს, საიდანაც ორი თვის სარგებელი 780 აშშ დოლარის ოდენობით მ------ შ-----–---–ის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------ შ-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, თუმცა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ვერ მოხერხდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არანაირი სარგებელი და ძირითადი თანხა არ გადაუხდია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ (2016 წლის 20 აგვისტოს) მ------ შ-----–---–ის მიერ მ--- უ----–---–ის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს 14560 აშშ დოლარს.

 

ხოლო, მ------ შ-----–---–ის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით 2016 წლის 20 აგვისტოდან სარჩელის შემოტანამდე მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებულ თვეზე 450 აშშ დოლარს, რაც სარჩელის შემოტანის მომენტისათვის ჯამში შეადგენს 2250 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------ შ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები არ არსებობს.

 

მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა მხარეთა შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. თუმცა, უთითებდა, რომ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ხელშეკრულების 3.1 მუხლს, რომლის თანახმად, თუ ,,იპოთეკარის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგნის ღირებულება ტოლია ან აღემატება მოთხოვნის მოცულობას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება სრულად და იპოთეკარს არ ეკისრება იპოთეკის საგნის ღირებულებისა და მოთხოვნის მოცულობას შორის სხვაობის გადახდის ვალდებულება“.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციით, ვინაიდან მოსარჩელე არ დაობს იპოთეკის საგანზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

ამასთან, სესხის თანხა არ გაცემულა, შესაბამისად, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არ წარმოშობილა. ხოლო რაც შეეხება ზიანს, მოსარჩელემ ხელი შეუწყო მის დადგომას, რადგან დროულად არ მიმართა სასამართლოს თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის აგრეთვე პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს მას არაგონივრულად.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2016 წლის 20 თებერვალს მ--- უ----–---–სა და მ------ შ-----–---–ს შორის ნოტარიალურად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მ------ შ-----–---–ს 6 თვის ვადით სესხად გადასცა 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით.

ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარმა წინასწარ მიიღო ორი თვის სარგებელი, დანარჩენ თვეების სარგებელს მიიღებდა 2016 წლის 20 მაისს, 2016 წლის 20 ივნისს, 2016 წლის 20 ივლისსა და 2016 წლის 20 აგვისტოს ძირ თანხასთან ერთად.

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე _ ქ.------–---- თ--------- მ------–ის ქუჩა N32, ს--------–---- ფართი 49.17 კვ.მ (ს/კ 0----------------------).

ამავე ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით ვერ დაკმაყოფილდება იპოთეკარის მოთხოვნა, იპოთეკარი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიმართოს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებებს მოვალის სხვა ქონების მიმართ და ამ ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით დაიკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რომლის სრულად დაკმაყოფილება ვერ მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის ხარჯზე. სხვა ქონებაში იგულისხმება მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება გარდა იპოთეკის საგნისა.

ამავე ხელშეკრულებსი 3.1. პუნქტის მხიედვით კი, თუ იპოთეკარის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგნის ღირებულება ტოლია ან აღემატება მოთხოვნის მოცულობას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება სრულად და იპოთეკარს არ ეკისრება იპოთეკის საგმის ღირებულებისა და მოთხოვნის მოცულობას შორის სხვაობის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);

- 20.02.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 13-15)

 

4.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო აკრძალვა (საფუძველი: განჩინება, N---------, 18.02.2016, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია), რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება N8-------------- (ს.ფ 21)

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 21 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2015 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დარიგისტრირდა იპოთეკარ მ---------–------- იპოთეკა იმ ქონებაზე, რომელიც 2016 წლის 20 თებრვლის ხელშეკრულებით იყო იპოთეკის საგანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 21 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 16-18)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--- უ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მათ მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 20 თებერვალს მ--- უ----–---–სა და მ------ შ-----–---–ს შორის ნოტარიალურად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ-------–--–-- თ--------- მ------–ის ქ--------- ს--------–---- 49.17 კვ.მ ფართი (ს/კ 0----------------------).

 

სასამართლო განმარტავს: ,,სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ ს----------------------------------წ.).

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ განსაზღვრულ იქნა 13000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის გაცემისა და გადახდის პირობები, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ნოტარიალურად დამოწმებულ 2016 წლის 20 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, სადაც ცალსახადაა მითითებული რომ ,,მხარეთა შორის ანგარიშწორება მოხდა ნოტარიუსის თანდასწრებით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, არგუმენტირებულად ვერ ჩაითვლება მოპასუხე მხარის ურთიერთთანმხვედრი პოზიცია და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ სესხის თანხა - 13000 აშშ დოლარი რეალურად არ მიუღია.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით, რომლებიც კონკრეტულ მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ შ-----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ მ------ შ-----–---–ს 6 თვის ვადით სესხად გადასცა 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით.

ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარმა წინასწარ მიიღო ორი თვის სარგებელი, დანარჩენ თვეების სარგებელს მიიღებდა 2016 წლის 20 მაისს, 20 ივნისს, 20 ივლისს და 20 აგვისტოს ძირ თანხასთან ერთად.

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ 2 თვის სარგებელი გადაუხადა, ხოლო დანარჩენი 4 თვის სარგებლის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, ამდენად, აღნიშნული 4 თვის სარგებლის ნაწილში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1560 აშშ დოლარის სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით.

 

ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 20 თებერვალს მ--- უ----–---–სა და მ------ შ-----–---–ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ ქ-------–--–-- თ--------- მ------–ის ქ--------- ს--------–---- 49.17 კვ.მ ფართი (ს/კ 0----------------------). ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო აკრძალვა (საფუძველი: განჩინება, N---------, 18.02.2016, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია), რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის სადავო გარემოება, რომ უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სწორედ მოპასუხის ქმედების შედეგად არ განხორციელდა, ვინაიდან ასეთ საფუძვლად ს.ფ. 21-ზე მითითებულია 2016 წლის 18 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება.

 

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის ის ფაქტი, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო მხოლოდ იპოთეკის საგნით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იპოთეკის რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა. თუმცა მოთხოვნა არ არის დამოკიდებული იპოთეკაზე და იგი შესაძლებელია არსებობდეს მის გარეშეც.

 

ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციაზე, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სასამართლო ასევე განმატავს მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 20 თებერვლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტს, რაც სადავო გახადა მოპასუხე მხარემ. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მითითებული პუნქტი ეხება მხოლოდ იპოთეკარს, რომელიც მითითებული ხელშეკრულების მიხედვით არის მ--- უ----–---–ი ანუ მოსარჩელე. ხელშეკრულებით მხარეთა შორის განისაზღვრა მოთხოვნის დაკმაყოფილების წესი, რის მიხედვითაც, თუკი იპოთეკარის ანუ მოსარჩელის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება იქნებოდა ან უფრო მეტი ღირებულების, ვიდრე მოვალის ანუ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა და მოსარჩელეს ანუ იპოთეკარს ეკისრებოდა საგნის ღირებულებასა და მისი რეალურ ვალს შორის არსებული სხვაობის მოპასუხეზე დაბრუნების ვალდებულება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი იპოთეკის საგანი უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ის ვალი, რაც ექნებოდა მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადასახდელი და უძრავი ქონება, როგორც იპოთეკის საგანი გადავიდოდა მოსარჩელის საკუთრებაში, ამ უკანასკნელს არ წარმოეშვებოდა ვალდებულება, რომ ის ზედმეტობა, რაც იარსებებდა საგნის ღირებულებასა და არსებულ ვალს შორის, დაებრუნებინა მოპასუხისთვის. შესაბამისად, მითითებული ნორმა არ ეხება იმ გარემოებას, რომ მხოლოდ იპოთეკის საგნით იყო შესაძლებელი მოსარჩელეს, როგორც იპოთეკარს დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა მოპასუხესთან ანუ მოვალესათან მიმართებაში. აღნიშნულ ადასტურებს ამავე ხელშეკრულების 3.6. პუქნტში, სადაც ცალსახად დაფიქსირებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით ვერ მოხდება მოსარჩელის დაკმაყოფილება, ამ უკანასკნელს უფლება აქვს აღსრულება მიაქციოს მოპასუხის სხვა ქონებაზე.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მართალია ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--- უ----–---–ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში, მხოლოდ მშრალად არის დეკლარირებული და არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას მოპასუხისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 03 თებერვლამდე თვეში 450 აშშ დოლარის დაკისრებასთან დაკავშირებით, როგორც მიუღებელი შემოსავლისა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1380 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, მოპასუხეს მ--- უ----–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 1196.83 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის მიერ 2017 წლის 03 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1380 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

2017 წლის 25 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მისი ანაზღაურება კი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ამასთან, 2017 წლის 05 ივნისს მოპასუხე მ------ შ-----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილორივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე მ------ შ-----–---–ს პ/ნ N0---------- აეკრძალოს უძრავი ქონების მდებარე ქ. ქ------–----, ქუჩა რ---------–-, N---- ს/კ N2------------------ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--- უ----–---–ის სარჩელი მოპასუხე მ------ შ-----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მ------ შ-----–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე მ--- უ----–---–ის (პ/ნ N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 13000 აშშ დოლარისა და 4 თვის სარგებლის - 1560 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2250 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 03 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1380 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოპასუხე მ------ შ-----–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე მ--- უ----–---–ის (პ/ნ N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 1196.83 ლარის ანაზღაურება.

4. 2017 წლის 25 აპრილს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. მოპასუხე მ------ შ-----–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე მ--- უ----–---–ის (პ/ნ N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

6. 2017 წლის 05 ივნისს მოპასუხე მ------ შ-----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

7. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე მ------ შ-----–---–ს პ/ნ N0---------- აეკრძალოს უძრავი ქონების მდებარე ქ. ქ------–----, ქუჩა რ---------–-, N---- ს/კ. 2------------------ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე