გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
330210017002178000
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210017002178000

საქმე №2/31919-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე მ-----–-----–-----–--ე

 

მოპასუხეები ზ--------------ე, შპს “E-------------”, შპს „ე----------------–--ს“ (დირექტორი ო-–---------------ი)

წარმომადგენელი თ-------------–---

 

დავის საგანი პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ე----------------–--ს“ 1--1--2--- წლის პარტნიორთა კრების ოქმი ბათილად ცნობა, დირექტორის პოზიციაზე ი----------–-----სა და შპს „ა---------------–-ს“ აღდგენა.

 

1.2. შპს „ე----------------–--ს“ დირექტორისაგან დოკუმენტაციის გამოთხოვა, კერძოდ: ინფორმაცია შპს „ე----------------–--ში“ ფულის გადარიცხვის შესახებ (საბანკო ამონაწერი), ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დოკუმენტები (შემოსავლისა და გასავლის ორდერები), ასევე ხელშეკრულებები კომპანიის პროდუქციისა და უძრავ-მოძრავი ქონებისა და სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მ-----–-----–-----–--ე არის შპს „ე----------------–--ს“ დამფუძნებელი პარტნიორი, კომპანია საქმიანობს ს-------------–------------ წარმოების ბაზარზე, საწარმოში არსებობს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (მანქანა-დანადგარები) და დამზადებული პროდუქციის (ს-------------–-- ზეთები) საკმაოდ დიდი მარაგი. 2--- წლის 14 ნოემბერს კომპანიის პარტნიორებმა - ზ--------------ემ და შპს „ე----------------–--მ“ შეადგინეს კრების ოქმი, რომლის შესაბამისად განთავისუფლდა შპს „ე----------------–--ს“ დირექტორი მოქმედი წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. კერძოდ 2--- წლის 14 ნოემბრის კრების თაობაზე არ ყოფილა ცნობილი პარტნიორთათვის, მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მითითებული კრების თაობაზე ცნობილი გახდა სამეწარმეო რეესტრიდან 2017 წლის აგვისტოს თვეში. მ-----–-----–-----–--ემ მიმართა მოქმედ დირექტორს საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობისა და მიღების მოთხოვნით, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა პარტნიორს ინფორმაცია დღემდე არ მიუღია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ზ--------------ემ, შპს „ე----------------–--მ“ და შ------------------------ წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის და წესდების სრული დაცვით. კერძოდ, კომპანიის წესდების 3.3 პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი, რაც ნიშნავს, რომ გადაწვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დირექტორის ცვლილება განხორციელდა 65% ხმების გადაწყვტილებით. რაც შეეხება, მოსარჩელე მ-----–-----–-----–--ეს, იგი აღნიშნული კომპანიით არასდროს დაინტერესებულა და არანაირი მონაწილეობა მიღებული არ აქვს. რაც შეეხება, შპს „ა---------------–-ს“ დირექტორობას, თავად ამ კომპანიის პარტნიორებს შორის მიმდინარეობს არაერთი დავა და შესაბამისად გაუმართლებელი იყო ამგვარი სუბიექტის დირექტორობა, რის გამოც პირიქით მოსარჩელეც უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ასეთი დირექტორის შეცვლით. მის მიერ დასახელებული მოთხოვნა არის ყოვლად უსაფუძვლო და გაურკვეველი. ასევე, გაურკვეველია რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს. გარდა ამისა სარჩელში მითითებულია, რომ დირექტორის რეგისტრაციის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის აგვისტოში, ხოლო სარჩელი შეტანილია 2017 წლის 13 ნოემბერს, რითაც დარღვეულია გასაჩივრებისათვის დადგენილი 1 თვიანი ვადა. შესაბამისად მოთხოვნაც არის ხანდაზმული.

 

მ-----–-----–-----–--ეს არანაირი მონაწილეობა კომპანიის მართვაში არ მიუღია და არასდროს დაინტერესებულა კომპანიის ბედით, მისთვის არავის უთქვავს უარი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და ასევე კარგად იყო ცნობილი ამ კომპანიაში არსებული მდგომარეობაც, ასევე მოსარჩელის განმარტებით, მ-----–-----–-----–--ეს შეეძლო მისულიყო ადგილზე კომპანიაში და გაცნობოდა მისთვის სასურველ დოკუმენტებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.შპს „ე----------------–--“ (ს/კ 4--------) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 5 აგვისტოს, საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან:

- შპს “E-------------” (ა-----------------------–--------------) – 60%;

- რ------------------ - 5%;

- ზ--------------ე - 5%;

- მ-----–-----–-----–--ე - 5%;

- მ-------------–-- - 5%;

- შპს „ჯ-------------------–--–-----–-----“ – 20%.

 

3.1.2. საწარმოს საქმიანობის ძირითადად საგანს შეადგენს სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი საპოხი მასალების წარმოება, განვითარება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

 

3.1.3. შპს „ე----------------–--ს“ წესდების 3.1.-3.2. პუნქტების თანახმად, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. საწარმოს ყოველ პარტნიორს ან/და დირექტორს, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს.

 

3.1.4. წესდების თანახმად (3.3. პუნქტი), კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები), თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

 

3.1.5. წესდების 3.8.-3.9. პუნქტების მიხედვით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის გადაწყვეტილების ერთხმად მიღება და, თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. პარტნიორთა საერთო კრებაზე პარტნიორებს აქვთ მათი წილის პროპორციული ხმათა რაოდენობა.

 

3.1.6. შპს „ე----------------–--ს“ პარტნიორთა კრების კომპეტენცია განსაზღვრულია წესდებით, რომლის 3.6. პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება სხვა საკითხებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების თაობაზე.

 

3.1.7. საწარმოს წესდების 3.10. პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის ვადაში, ხოლო თუ კრება (სხდომა) მოწვეული იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით, ამ შემთხვევაში გასაჩივრება დასაშვების ერთი წლის ვადაში.

 

3.1.8. გამონაკლისი, რა დროსაც არ არის სავალდებულო პარტნიორთა კრების მოწვევა საწარმოს შიდა გადაწყვეტილების მისაღებად არის შემთხვევა, როდესაც ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

3.1.9. წესდების 4.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს.

 

3.1.10. შპს „ე----------------–--ს“ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება საწარმოს დაფუძნებისას მიენიჭა ი----------–-----ს.

 

3.1.1-- მოგვიანებით, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ე----------------–--ს“ წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის უფლება ი----------–-----სთან ერთად მიენიჭა შპს „ა---------------–-ს“.

 

3.1.12. კომპანიის წესდების 5.1 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორს შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით მიიღოს საზოგადოების წიგნები და ჩანაწერები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 15-17);

- წესდება (ს.ფ. 43-48);

 

3.1.13. შპს „ე----------------–--ს“ დირექტორი შპს „ა---------------–-“ ასევე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის დირექტორიცაა მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ზ--------------ე, ხოლო 50-50% წილის მესაკუთრე პარტნიორებია რ------------------ და ვ----–--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 69-71);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 14 ნოემბერს გაიმართა შპს „ე----------------–--ს“ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა - 60% წილის მფლობელი შპს „E-------------“, წარმოდგენილი მ-----–-------–---ის სახით და 5% წილის მესაკუთრე ზ--------------ე.

 

3.2.2. პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საწარმოს დირექტორობიდან გათავისუფლდნენ ი----------–----- და შპს „ა---------------–-“, რომელთა ნაცვლად ახალ დირექტორად დაინიშნა ო-–---------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 24);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-20);

 

3.2.3. მ-----–-----–-----–--ემ ელ. წერილით მიმართა შპს „ე----------------–--ს“ დირექტორს ო-–---------------ის, ასევე დამფუძნებელ პარტნიორ - შპს „E-------------“ და მოითხოვა წერილობით ეცნობებინათ მისთვის - ა) რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა 2--- წლის 15 ნოემბერს შპს „ე----------------–--ს“ დირექტორის ცვლილება; ბ) ასევე, მოითხოვა დეტალურად ცნობება თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ახალი დირექტორის მიერ თანამდებობის დაკავების მომენტიდან, მათ შორის ფულადი სახსრების გადარიცხვის, ნაღდი ფულის მოძრაობის, კომპანიის ქონებისა და პროდუქციის გაყიდვის, ფასის მითითებისა და სხვა მსგავსი საკითხების თაობაზე არსებული ინფორმაცია და გ) კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ცნობება, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებისა და სრული საბუღალტრო-ფინანსური ანგარიშის მიღება. მოსარჩელემ დირექტორს მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად განუსაზღვრა 7 დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელ. წერილი (ს.ფ. 91);

 

3.2.4. მ-----–-----–-----–--ისათვის შპს „ე----------------–--ს“ დირექტორსა და ერთ-ერთ პარტნიორს შპს „E-------------“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში არ მიუწოდებია, რაც არ შედავებულა მოპასუხის მიერ, ამავდროულად მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ არ გახადა პარტნიორის უფლება მიეღო სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მ-----–-----–-----–--ის, როგორც საწარმოს პარტნიორის კანონისმიერ უფლებას წარმოადგენს კომპანიის დოკუმენტების გაცნობა, აღნიშნული უფლება პარტნიორს მინიჭებული აქვს საზოგადოების წესდებითაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.1. არ არსებობს 2--- წლის 14 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის წინაპირობა.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 14 ნოემბრის პარტნიორთა კრებაზე განხორციელდა საწარმოს დირექტორის ცვლილება და მოქმედი დირექტორების ნაცვლად საწარმოს 65% წილის მესაკუთრე პარტნიორთა გადაწყვეტილებით დაინიშნა ო-–---------------ი. სადავო კრებაზე წარმოდგენილი პარტნიორთა წილობრივი მოცემულობით კრება გადაწყვტილებაუნარიანი იყო და შესაბამისად წესდების 3.8.-3.9. პუნქტების თანახმად, პარტნიორებს ჰქონდათ უფლება მიეღოთ გადაწყვეტილება დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ მ-----–-----–-----–--ე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის კრების ნამდვილობას პროცედურული საკითხების დარღვევის საფუძვლით, კერძოდ მოსარჩელის მტკიცებით, იგი არ ყოფილა მიწვეული კრებაზე წესდებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებებით და მისთვის აღნიშნული კრებისა და განსახილველი დღის წესრიგის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, რაც მოსარჩელის მტკიცებით აღნიშნული კრების ოქმის ბათილობის საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც მოიაზრებს მხარეთა ვალდებულებას მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში მტკიცება იმისა, რომ კრებაზე მოწვეული იყო მ-----–-----–-----–--ე ევალებოდა მოპასუხე მხარეს, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება და ამ მხრივ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზეპირ მითითებას პარტნიორის მოწვევასთან მიმართებით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება მ-----–-----–-----–--ის მოწვევის ფაქტი, კრების ოქმის ბათილობისათვის მოითხოვება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა სადავო კრების ბათილობის მიმართ, რისი დადასტურებაც და მითითებაც თავის მხრივ ევალებოდა მოსარჩელე მ-----–-----–-----–--ეს. არსებულ ვითარებაში არ დგინდება მ-----–-----–-----–--ის ინტერესის არსებობა კრების ოქმის ბათილობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი არის საწარმოს პარტნიორი ვერ გახდება კონკრეტული კრების ოქმის ბათილობის საფუძველი, რამდენადაც მხარეს არ მიუთითებია ის იურიდიული ინტერესი, რაც პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის პირობებში უზრუნველყოფდა მისი მდგომარების გაუმჯობესებას. მითითება გარემოებაზე, რომ მას სურდა მონაწილეობა მიეღო პარტნიორთა კრებაში და დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, იმ პირობებში, როდესაც მ-----–-----–-----–--ე მესაკუთრეა 5% წილისა ვერ შეცვლიდა მოწინააღმდეგე 65% წილის მესაკუთრე პარტნიორების ნებას და იმ ვითარებაშიც თუ ხელახლა გაიმართება კრება, ბუნებრივია წესდებისა და კანონის დანაწესის შესაბამისად, საზოგადოების 65% წილის მესაკუთრე პარტნიორებს გააჩნიათ ბერკეტი მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება, რასაც ვერ დააბრკოლებს 5% წილის მესაკუთრე მ-----–-----–-----–--ე.

 

მოპასუხემ სადავო გახადა ასევე ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.2 მუხლზე, რომლითაც პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრებისათვის განსაზღვრულია 2 თვიანი ვადა, რაც მოპასუხის მითითებით მ-----–-----–-----–--ის მიერ დარღვეულია, რამდენადაც მოსარჩელის განმარტებით, მისთვის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა 2017 წლის აგვისტოში, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ 2017 წლის ნოემბერში, რის გამოც დაუშვებელია სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ მიუთითა მოხმობილი ნორმის მე-2 წინადადებაზე, რომელიც განსაზღვრავს იმ საგამონაკლისო შემთხვევას, რა დროსაც დასაშვებია კანონით განსაზღვრული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ კრების ოქმის ნამდვილობის სადავოდ გახდა, კერძოდ მოსარჩელის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც კრება ჩატარდა პარტნიორთა მოწვევისა და მათი ინფორმირების გარეშე, სახეზეა კანონისა და წესდების ნორმების უხეში დარღვევა, რის გამოც კონკრეტული კრების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 1 წელს, რაც თავის მხრივ მ-----–-----–-----–--ის მიერ დაცულია.

 

სასამართლო კონკრეტულ ნაწილში იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ პარტნიორთა მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობა ექცევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.2 მუხლის იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, რა დროსაც გამოიყენება გასაჩივრების 1 წლიანი ვადა, რამდენადაც მოხმობილი ნორმა პირდაპირ შეიცავს ჩანაწერს - „გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.“ კონკრეტულ შემთხვევაში, კრების ოქმის ნამდვილობა სადავოდ არის გამხდარი სწორედ აღნიშნული საფუძვლით, კერძოდ მ-----–-----–-----–--ე, როგორც საწარმოს პარტნიორი სადავოდ ხდის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული საკითხების დარღვევას, რის გამოც მას, როგორც პარტნიორს წაერთვა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 24);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-20);

- წესდება (ს.ფ. 43-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ-----–-----–-----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 1421-ე მუხლები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51, მე-9-91, მე-15, 44-ე, 47-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მ-----–-----–-----–--ე წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს 2--- წლის 14 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომლითაც შპს „ე----------------–--ს“ დირექტორად დაინიშნა ო-–---------------ი. რამდენადაც სახეზეა აღიარებითი სარჩელი, მოთხოვნის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოს უპირველესად მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთებულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარისათვის სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ-----–-----–-----–--ე ითხოვს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომლითაც შპს „ე----------------–--ს“ დირექტორად დაინიშნა ო-–---------------ი. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში განმარტავს, რომ იგი სადავო კრებაზე მიწვეული არ ყოფილა, რითიც მას შეეზღუდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება, ამასთანავე მოსარჩელე ეჭვს გამოთქვავს, რომ ახალი დირექტორის არსებობის პირობებში ხორციელდება საწარმოს აქტივების გასხვისება, რაც აზიანებს მისი როგორც წილის მესაკუთრის ინტერესებს, რასთან დაკავშირებითაც მიმართულია მე-2 სასარჩელო მოთხოვნა. საგულისხმოა, ასევე ის გარემოება, რომ თავად ყოფილი დირექტორები - შპს „ა---------------–-“ და ი----------–----- სადავოდ არ ხდიან კრების ოქმს და შესაბამისად არ გამოთქვავენ სურვილს განახორციელონ შპს „ე----------------–--ს“ დირექტორობა, რაც ამ მხრივაც უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას, რამეთუ მოთხოვნის სუბიექტად ვერ განიხილება მ-----–-----–-----–--ე, მაშინ როდესაც თავად ის პირები, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ გადაწყვეტილება სადავო არ ხდიან არსებულ შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში, არც დირექტორებსა და არც საწარმოს უმრავლესობა პარტნიორებს აღარ სურდათ ურთიერთობის გაგრძელება და აღნიშნული ვერ შეიცვლება 5% წილის მესაკუთრე პარტნიორის ნების მიუხედავად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეთა მითითებით, მათ მიერ დირექტორის ცვლილება განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ დაძაბული იყო ურთიერთობა შპს „ა---------------–-ს“ პარტნიორებს შორის, რის გამოც ამგვარი სუბიექტის დირექტორობა მიზანშეუწონელი იყო საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე.

 

6.2. სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. უნდა განიმარტოს, რომ გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში.

 

იურიდიული პირის წევრების მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს, რომელზეც გადაწყვეტილების მისაღებად ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, არაა სავალდებულო ამ გარიგების მონაწილე ყველა პირის თანხმობა, არამედ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ უმრავლესობის ნების არსებობის პირობებში, რასაც ადგენს კიდეც შპს „ე----------------–--ს“ წესდებაც.

 

სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი შპს „ე----------------–--ს“ 2--- წლის 14 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ნამდვილობა, მისი კანონითა და წესდებით დადგენილი წესით ჩაუტარებლობის საფუძვლით.

 

6.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). მოხმობილი ნორმის, მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.

 

44.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მე-4 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

 

კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

შპს „ე----------------–--ს“ წესდების 3.1.-3.3. პუნქტების თანახმად, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. საწარმოს ყოველ პარტნიორს ან/და დირექტორს, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). წესდების 3.8.-3.9. პუნქტების მიხედვით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. შპს „ე----------------–--ს“ პარტნიორთა კრების კომპეტენცია განსაზღვრულია წესდებით, რომლის 3.6. პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება სხვა საკითხებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების თაობაზე.

 

სადავო შემთხვევაში, სასამართლო მიუხედავად მოსარჩელის მიერ პროცედურულ დარღვევებზე აპელირებისა მიზანშეუწონლად მიიჩნევს სარჩელის კონკრეტულ ნაწილში დაკმაყოფილებას, რამეთუ 2--- წლის 14 ნოემბრის კრების ოქმის ბათილლობით არ გაუმჯობესდება მ-----–-----–-----–--ის სამართლებრივი მდგომარეობა, ამასთანავე, თუ მოსარჩელეს ეჭვი აქვს, რომ ამჟამინდელი დირექტორი არაკეთილსინდისიერად ასხვისებს საწარმოს აქტივებს მან უპირველესად უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული და ეჭვის გამართლების შემთხვევაში მიმართოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებებს, რაც კონკრეტული კრების ოქმის ბათილობით ვერ მიიღწევა.

 

6.4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

 

შპს „ე----------------–--ს“ წესდების 3.10. პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის ვადაში, ხოლო თუ კრება (სხდომა) მოწვეული იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით, ამ შემთხვევაში გასაჩივრება დასაშვების ერთი წლის ვადაში.

 

სასამართლო არსებულ ვითარებაში, ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან მიმართებით, კერძოდ მოპასუხემ მიუთითა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრებისათვის განსაზღვრულ 2 თვიანი ვადაზე, რაც კრების მოწვევის პროცედურული დარღვევის სადავოობაზე ვერ გავრცელდება, რამეთუ იგი ექცევა საგამონაკლისო შემთხვევაში რა დროსაც ვრცელდება გასაჩივრების 1 წლიანი ვადა, რაც დაცულია მ-----–-----–-----–--ის მიერ და ამ თვალსაზრისით არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება.

 

6.5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგებთან შემხებლობაშია. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს ხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი, ხოლო 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში. კანონის 3.10 და 46.4 მუხლები აწესებენ საწარმოს პარტნიორების კანონისმიერ უფლებასა და დირექტორების კანონისმიერ ვალდებულებას, რომლის შესაბამისადაც „ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე...“ „საწარმოს დირექტორებს ევალებათ პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს“. კანონით განსაზღვრულის ანალოგიურ დათქმას შეიცავს შპს „ე----------------–--ს“ წესდების 5.1 მუხლი, რომლის შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორს შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით მიიღოს საზოგადოების წიგნები და ჩანაწერები. სწორედ ამ კანონისმიერ ვალდებულებას ეფუძნება მ-----–-----–-----–--ის, როგორც შპს „ე----------------–--ს“ 5% წილის მესაკუთრე პარტნიორის მოთხოვნა, კერძოდ მ-----–-----–-----–--ის მოთხოვნა ეფუძნებოდა კანონით პარტნიორისათვის მინიჭებული უფლებების რეალიზებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები პარტნიორს ანიჭებენ, როგორც დოკუმენტების გაცნობის, ასევე შესაბამისი ასლების მიღების უფლებასაც, ანალოგიურად არის განვითარებული სასამართლო პრაქტიკაც, შესაბამისად პარტნიორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, როგორც გაეცნოს, ასევე ასლები გადაიღოს სურვილის შესაბამისად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პარტნიორის უფლების დასაცავად, გარდა ინფორმაციის მიწოდებისა, ითვალისწინებს ისეთ ქმედით მექანიზმებს, როგორიცაა, კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის უფლება - ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება (იხ. სუსგ, საქმე №ას-964-925-2014, 24.07.2015წ.).

 

ამდენად, მ-----–-----–-----–--ის მოთხოვნა შპს „ე----------------–--ს“ დირექტორისაგან დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 200 ლარი (ს.ფ. 49).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ერთი სარჩელის ფარგლებში გაერთიანებულია ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, კერძოდ მოთხოვნა დირექტორისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მოპასუხე შპს „ე----------------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობასთან მიმართებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით არ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----–-----–-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს „ე----------------–--ს“ დირექტორისაგან გამოთხოვილი იქნეს და მოსარჩელე მ-----–-----–-----–--ეს მიეწოდოს დოკუმენტაცია, კერძოდ: ინფორმაცია შპს „ე----------------–--ში“ ფულის გადარიცხვის შესახებ (საბანკო ამონაწერი), ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დოკუმენტები (შემოსავლისა და გასავლის ორდერები), ასევე ხელშეკრულებები კომპანიის პროდუქციისა და უძრავ-მოძრავი ქონებისა და სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

 

3. მ-----–-----–-----–--ის მოთხოვნა შპს „ე----------------–--ს“ 2--- წლის 14 ნოემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს „ე----------------–--ს“ მ-----–-----–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

5. მ-----–-----–-----–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე