გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/66-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------“
წარმომადგენლები - ნ--- წ---–--ე, გ------- გ--–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------- ა---–--–ი
მესამე პირი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ანა კ------ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის _ 928 587 (ცხრაასოცდარვაათას ხუთას ოთხმოცდაშვიდი) ლარის დაბრუნება. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება ს.ფ. 61-74).
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მესამე პირი - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.3. მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის #0-------- საქმესთან დაკავშირებით, შპს „ს------------- კ-------- ა------------ის მიერ დაგვიანებით გაცემულ სადაზღვევო პოლისებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ოდენობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული რევიზიის შედეგად შედგა 2011 წლის 9 თებერვლის აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „ს------------- კ-------- ა------------ი“ რეგისტრირებულია 2005 წლის 10 ნოემბერს თბილისის რეგიონალური ცენტრის ვაკე-საბურთალოს განყოფილების მიერ და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი _ 2--------. შპს „ს------------- კ-------- ა------------ი“, სხვადასხვა სახის სადაზღვევო საქმიანობასთან ერთად ახორციელებდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების დაზღვევას. შპს „ს------------- კ-------- ა------------მა“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ 2010 წლის აპრილის თვეში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსის შედეგად ს------------- კ--------ს დაევალა რამდენიმე რეგიონის მაცხოვრებელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ს------------- კ-------- ვალდებული იყო, უზრუნველეყო თითოეულ მოქალაქეზე ს------------- პოლისის თავის დროზე ჩაბარება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
აქტის თანახმად, შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მხრიდან ირღვეოდა პირობები. შედეგად, „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ს------------- კ-------- ა------------ში“ 2010 წლის მაისიდან, რაიონებისა და თვეების მიხედვით ბენეფიციართათვის დაგვიანებით ჩაბარებულ პოლისებზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ შეადგინა 928 587 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2011 წლის 9 თებერვლის აქტი (ს.ფ.18-21).
3.2. შპს „ს------------- კ-------- ა------------მა“ (ს/ნ 2--------) სს „პ-----------ის“ 2011 წლის 17 თებერვლის №431 საგადახდო დავალებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიში/სახაზინო კოდი 302003282) არასაგადასახადო შემოსულობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობების ანგარიშზე გადარიცხა 928 587 (ცხრასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარი, გადახდის დანიშნულებად მიეთითა - „ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „პ-----------ის“ 2011 წლის 17 თებერვალს №431 საგადახდო დავალება (ს.ფ.22).
3.3. შპს „ს------------- კ-------- ა------------მა“ (ს/ნ2--------) სს „პ-----------ის“ 2011 წლის 17 თებერვლის №432 საგადახდო დავალებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე (ანგარიშის/სახაზინო კოდი GE76LB0121117322757013, ბანკის კოდი LBRTGE22, მიმღები ბანკი სს „ლიბერთი ბანკი) გადარიცხა 928 587 (ცხრასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარი, გადახდის დანიშნულებად მიეთითა - სისხლის სამართლის საქმე №0-------- შპს „ს------------- კ-------- ა------------ი“)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „პ-----------ის“ 2011 წლის 17 თებერვალს №432 საგადახდო დავალება (ს.ფ.23).
3.4. „სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“ 2011 წლის 30 მარტის დადგენილების თანახმად, 2011 წლის 19 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დადგენილებაში ჩამოთვლილია ასევე სისხლის სამართლის სხვა საქმეებიც სხვადასხვა ნომრებით. ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის №0-------- საქმე და კიდევ რამდენიმე საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №0--------. საქმე
დადგენილების თანახმად, შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელმა, რომელიც ორგანიზებას უწევდა და ხელმძღვანელობდა პროგრამის მიმდინარეობას, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მისათვისებლად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა იგნორირებით, ბენეფიციართა ნაწილზე არ მოახდინა სადაზღვევო პოლისის გაცემა, რის გამო მათ არ მიეცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვევით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობის შესაძლებლობა, ხსენებული ხერხით მან ერთობლიობაში საზოგადოების სასარგებლოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, 2010 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დასაზღვევ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 928 587 ლარი. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის 2011 წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელსაც 2011 წლის 17 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით.
დადგენილების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა თავი მთლიანად სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ქმედითად მოინანიეს დანაშაულის ჩადენა და ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ს------------- კ-------ების მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანი, სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, ს------------- კ-------ების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისა და ზემოაღნიშნული პირებისათვის ნასამართლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ს------------- სფეროს განვითარებას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, ვითარების შეცვლის გამო, შეწყდეს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“ 2011 წლის 30 მარტის დადგენილება (ს.ფ. 24-32).
3.5. შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 12 მარტს №0-------- წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა 2017 წლის 17 თებერვალს კომპანიის მიერ გადარიცხული 928 587 (ცხრასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარის დაბრუნება, რადგან აღნიშნული გადარიცხვის სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 აპრილის №2---- წერილის თანახმად, შპს „ს------------- კ-------- ა------------ს“ ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 14 მარტს მიმართვა გაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, კერძოდ, ექვემდებარებოდა თუ არა თბილისის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა 928 587 ლარი შპს „ს------------- კ-------- ა------------ისათვის“ უკან დაბრუნებას, ან/და წინააღმდეგ შემთხვევაში რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 მარტის წერილით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ 928 587 ლარი, რომელიც ჩარიცხული იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, წარმოადგენდა ს------------- კ-------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურების თანხას, ხოლო რაც შეეხება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, იგი განპირობებული იყო ვითარების შეცვლის გამო და არა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული შედეგის არარსებობის გამო. რაზედაც, ერთ-ერთ მთავარ გარემოებად უთითებს, რომ ს------------- კ-------ების მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანი. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხა 928 587 ლარი არ ექვემდებარებოდა შპს „ა------------ისათვის“ უკან დაბრუნებას.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 აპრილის №2---- წერილით განმცხადებელს დამატებით განემარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მის სადეპოზიტო ანგარიშზე (უზრუნველყოფის ანგარიშზე) გადახდილი თანხების შესაბამისი დანიშნულებით წარმართვას ახორციელებს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიმართვის საფუძველზე. ვინაიდან, საქართველოს მთავარი პროკურატურა მის მიერ გამოგზავნილ მიმართვაში უთითებს, რომ შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გადახდილი 928 587 ლარი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას, შესაბამისად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველჰყოს აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 12 მარტის №0-------- წერილი (ს.ფ.33-34);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 აპრილის №2---- წერილი (ს.ფ.35);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის №1------- წერილი (ს.ფ.36).
3.6. შპს „სადაზღვეო კ-------- ა------------ის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 15 აპრილის წერილით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განუმარტა, რომ 2011 წლის 30 მარტის დადგენილების „სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2013 წლის 9 თებერვლის ოქმის შესაბამისად, შპს „სადაზღვეო კ-------- ა------------ის“ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანი (შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ შემთხვევაში თანხა შეადგენდა 928 587 ლარს). თანხის ანაზღაურება განხორციელდა დაფინანსების წყაროს, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, რაც დასტურდება 2011 წლის 17 თებერვლის საგადასახადო დავალებით №431. რაც შეეხება, 2011 წლის 17 თებერვალს, კომპანიის მიერ განხორციელებული 928 587 ლარის ოდენობის გადარიცხვას ბიუროს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში (საგადასახადო დავალება №432). რეალურად საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზიანი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპანიის მიერ ანაზღაურდა, სახელმწიფო ხაზინაში თანხის დაბრუნების გზით, შესაბამისად, ითხოვა აღნიშნული თანხის კანონმდებლობით დადგენილი წესით შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ დაბრუნება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 4 ივლისის №5---- წერილით შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განმეორებით გაიგზავნა მიმართვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რათა მომხდარიყო შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ 2011 წლის 17 თებერვალს სისხლის სამართლის ერთსა და იმავე საქმეზე ორი იდენტური გადარიცხვის (თანხით - 928 587 ლარი) საფუძვლების დაზუსტება და იდენტიფიცირება, რომელიც ერთი მხრივ ჩაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე. ამ ინფორმაციის დაზუსტება აუცილებელი გახდა იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ამ გზით იქნებოდა შესაძლებელი დადგენილიყო, თუ რამდენად შესაძლებელია, მიჩნეულიყო აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ თანხის გადმორიცხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებულად.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის №1------- წერილით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ 2011 წლის 17 თებერვალს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა - 928 517 ლარი წარმოადგენს 2011 წლის 30 მარტის სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში აღნიშნული სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის თანხას, რომელიც მიყენებულ იქნა შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ და, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას ზიანის ანაზღაურების სახით.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 4 ივლისის №5---- წერილის მიხედვით, 928 587 ლარი, რომელიც გადახდილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ითვლება დადგენილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებად და იგი არ ექვემდებარება შპს „ს------------- კ-------- ა------------ისათვის“ უკან დაბრუნებას, რამდენადაც აღნიშნულ გადახდას გააჩნდა სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, როგორც ეს ირკვევა ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე. ამრიგად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიუთითა, რომ აღნიშნულ თანხას ვერ განიხილავს, როგორც უსაფუძვლოდ განხორციელებულს, ვინაიდან ამისათვის არ არსებობს საკმარისი საფუძველი. წერილში განიმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიურო თანხების დანიშნულებით წარმართვას ახორციელებს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიმართვის საფუძველზე და პასუხისმგებელია მხოლოდ მის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესაბამისი დანიშნულებით განკარგვის უზრუნველყოფაზე და ვინაიდან, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის №1------- მომართვის საფუძველზე დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა - 928 587 ლარი წარმოადგენს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის თანხას, შესაბამისად სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველჰყოს ზემოაღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.
წერილით ასევე განემარტა შპს „ს------------- კ-------- ა------------ს“, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა შეეხება მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განხორციელებულ გადახდას და მის სტატუსს. ხოლო, რაც შეეხება შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე გადარიცხული თანხის მიზნობრიობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, შპს „ს------------- კ-------- ა------------ს“ განემარტა, რომ შეუძლია მიმართოს შესაბამის სამსახურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 15 აპრილის წერილი (ს.ფ. 37);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 4 ივლისის №5---- წერილი (ს.ფ. 38-39);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 29 მარტის №1------- წერილი (ს.ფ. 40).
3.7. შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 26 ივლისს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა, შესწავლილ იქნეს შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე გადარიცხული თანხის მიზნობრიობა, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რათა განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი თანხის კომპანიისათვის დაბრუნება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 3 სექტემბრის №1------- წერილით შპს „სადაზღვეო კ-------- ა------------ს“ განემარტა, რომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სხვა შემოსულობების დაბრუნება რეგულირდება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციის მე-15 მუხლით. ამასთან, ს------------- კ--------ს ეცნობა, რომ ხაზინის ერთიან ანგარიშზე შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 928 587 ლარი, ჩარიცხულია მხოლოდ ერთხელ - 2011 წლის 17 თებერვალს. როგორც წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა 2011 წლის 17 თებერვალს შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ თანხა 928 587 ლარის ოდენობით, ასევე ჩარიცხულია სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ ანგარიშზე, რომლის ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმორიცხვა არ ფიქსირდება.
შესაბამისად, სახაზინო სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, თანხის დაბრუნების მოთხოვნით კომპანიამ მიმართოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ 2013 წლის 26 ივლისის №0--------- წერილი (ს.ფ. 41-43);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 3 სექტემბრის №1------- წერილი (ს.ფ.44).
3.8. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 ივლისის №5---- წერილში განმარტებულია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული თანხების სამართლებრივი განკარგვა ხორციელდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქმისმწარმოებელი ორგანოს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 ივლისის №5---- წერილი (ს.ფ.46-47).
3.9. შპს „ს------------- კ-------- ა------------ი“ (ს/ნ2--------) 2015 წლის 23 დეკემბერს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ხოლო 2018 წლის 30 დეკემბერს სს „ს------------- კ-------- ა------------ი“ (ს/ნ2--------) სახელწოდება შეიცვალა და დარეგისტრირდა, როგორც სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------“ (ს/ნ2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 21 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პრების რეესტრიდან (ს.ფ.48-49);
- 2018 წლის 22 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პრების რეესტრიდან (ს.ფ.163-165).
3.10. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 იანვრის №3--- წერილის თანახმად, 2011 წლის 17 თებერვალს შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ სახელით გადახდილი თანხა 928 587 (ცხრაოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით განთავსებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 იანვრის №3--- წერილი (ს.ფ.168).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება _ სადეპოზიტო ანგარიშიდან მისთვის თანხის დაბრუნება, რომელიც გადახდილი აქვს მოსარჩელეს და რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძველიც ამჟამად აღარ არსებობს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო წინამდებარე სარჩელს განიხილავს მოქმედების განხორციელების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის ფარგლებში. ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელის ფორმით შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ზომების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია რეალაქტის განხორციელებისაკენ, რომელიც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------ს“ სასარგებლოდ სადეპოზიტო ანგარიშიდან 928 587 (ცხრაასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარის დაბრუნების დავალება.
მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით საგამოძიებო სამსახურის დავალების საფუძველზე, კომპანიის მიერ 2011 წლის 17 თებერვალს სს „პ-----------ის მეშვეობით თანხა 928 597 ლარი გადაირიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში. იმავე დღეს, შეცდომით, იგივე რაოდენობის თანხა, ასევე, გადაირიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროში. შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გადარიცხულ თანხას არ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 19 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 928 587 ლარის კომპანიის სასარგებლოდ მითვისების ფაქტზე.
დადგენილია ასევე, რომ სს „პ-----------ის“ 2011 წლის 17 თებერვალს №431 საგადახდო დავალებით შპს „ს------------- კ-------- ა------------მა“ (ს/ნ2--------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე გადარიცხა 928 587 (ცხრასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარი, გადახდის დანიშნულებად მიეთითა - „ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წერილით დასტურდება, რომ ხაზინის ერთიან ანგარიშზე შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ ჩარიცხული თანხის _ 928 587 ლარის მიზნობრიობა იყო სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ამგვარად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ნებაყოფლობით აუნაზღაურა დაზარალებულს _ სახელმწიფოს მისთვის მიყენებული ზიანი, უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ნებაყოფლობით ჩარიცხვის გზით. სახელმწიფოს წინაშე რაიმე სხვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ კონკრეტულ პერიოდში მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ და კომპანიას მხოლოდ ერთხელ წარმოეშვა სახელმწიფოს, როგორც დაზარალებულის წინაშე ზიანის - 928 587 ლარის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
დადგენილია, რომ 2011 წლის 17 თებერვალს №432 საგადახდო დავალებით შპს „ს------------- კ-------- ა------------მა“ მეორედაც გადარიცხა 928 587 (ცხრასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარი, ამჯერად უკვე თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. გადახდის დანიშნულებად მიეთითა - სისხლის სამართლის საქმე №0-------- შპს „ს------------- კ-------- ა------------ი“).
ცალსახაა, რომ ამ ტრანზაქციის მიზანს წარმოადგენდა იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 ივნისის №1------- წერილიც, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უტყუარად დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხა 8 წლის შემდეგაც კვლავ დეპოზიტზეა განთავსებული, საქმის მწარმოებელ ორგანოს არ მიუცია მითითება სააღსრულებო ბიუროსთვის სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებით. წინამდებარე საქმის განხილვისას საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დეპოზიტზე განთავსებული თანხის დანიშნულება ზემოთ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებაა, თუმცა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რატომ არ ხორციელდება თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ამ დროის განმავლობაში ან იგეგმება თუ არა ასეთი მითითების მიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა ჯერ კიდევ 2011 წელს.
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელეს ნებაყოფლობით აქვს ანაზღაურებული ზიანი უშუალოდ დაზარალებულისთვის, რასაც ადასტურებს თავად დაზარალებულის _ სახელმწიფოს უფლებამოსილი უწყების, სახაზინო სამსახურის წერილი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისთვის ხელმეორედ ზიანის ანაზღაურების მიზნით დეპოზიტიდან თანხის გადარიცხვის წინაპირობა აღარ არსებობს.
სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტზე თანხის ჩარიცხვის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო დეპოზიტიდან თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა უნდა განხორციელებულიყო სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მითითების საფუძველზე. დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების იძულებითი აღსრულების სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს ამჟამად და არც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა (გარდა ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ზიანის ანაზღაურების დანიშნულებით მიმართვისა). გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, თანხის გადახდევინების აღსრულება სისხლის სამართალწარმოების პრაქტიკაში ხორციელდება გირაოს და ჯარიმის თანხის გადახევინების წესის ანალოგიით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლი ითვალისწინებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით ფულადი თანხის შეტანის ვალდებულებას. ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281-ე და 282-ე მუხლები ადგენს სადეპოზიტო ანგარიშიდან აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესს და სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით შეტანილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევისას სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის ვალდებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ გირაოს შემთხვევაში თანხის შეტანა სადეპოზიტო ანგარიშზე ხდება სავალდებულო აღსრულებას დაქვემდებარებული აქტის _ სასამართლო განჩინების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ყოფილა განსაზღვრული სავალდებულოდ შესასრულებელი, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით. თანხის ჩარიცხვა კომპანიამ განახორციელა ნებაყოფლობით, და არა _ გამოძიების მწარმოებელი ორგანოს სამართლებრივი ძალის მქონე, სავალდებულოდ შესასრულებელი აქტის საფუძველზე. ამდენად, თანხის დაბრუნებისთვის სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ რაიმე სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად 2011 წლის 30 მარტის დადგენილებაში მითითებულია ის გარემოება, რომ: „ს------------- კ-------ების მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანი“. სასამართლო ვერ დაეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის შეწყვეტას საფუძვლად დაედო სწორედ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და არა _ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვა. დადგენილებაში ამის თაობაზე კონკრეტული მითითება არ ფიქსირდება. მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით კი, კომპანიამ დადგენილების გამოტანამდე პროცესის მწარმოებელ ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული ორივე გადახდის თაობაზე. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, კანონი არ იცნობს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების სპეციალურ წესს, შესაბამისად, ეს გარემოება უნდა დადგინდეს ფაქტობრივი მოცემულობის მიხედვით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდა ზიანი, თუმცა, რა პროცედურის დაცვით აუნაზღაურდა _ დადგენილებიდან არ ჩანს. დადგენილების შინაარსიდან არ იკვეთება, რომ ზიანის ანაზღაურების პროცედურა იყო რელევანტური საქმის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის და თანხა უპირობოდ ჩარიცხული უნდა ყოფილიყო სადეპოზიტო ანგარიშზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 3 სექტემბრის №1------- წერილის თანახმად, ხაზინის ერთიან ანგარიშზე შპს „ს------------- კ-------- ა------------ის“ მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 928 587 ლარი, ჩარიცხულია მხოლოდ ერთხელ - 2011 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, ამავე დღეს №432 საგადახდო დავალებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული იგივე ოდენობის თანხის მიზნობრიობა ვერ დგინდება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, უშუალოდ დაზარალებულისთვის თანხის ჩარიცხვის და მისი მხრიდან მიღების მომენტიდან ზიანი უკვე ანაზღაურებულად ითვლება, ვინაიდან ამით აღდგენილად უნდა ჩაითვალოს ის ვითარება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების სავარაუდო მითვისებამდე არსებობდა (რასთან დაკავშირებითაც იყო დაწყებული გამოძიება). თანხის ოდენობა ზუსტად შეესაბამება გამოძიებით დადგენილ ოდენობას. დაზარალებულის უფლებამოსილი უწყების (სახაზინო სამსახურის) წერილით დასტურდება, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ოდენობით ზიანი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება უკვე განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის მომენტიდან და მას შემდეგ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეწყვეტილია, კერძოდ _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება შეწყდა კრედიტორის სასარგებლოდ მისი შესრულებით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 391 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თავის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესაძლოა, განთავსებული იყოს თანხა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა როდესაც პირის მიერ შეცდომით ან ზედმეტად ხდება თანხის განთავსება სადეპოზიტო ანგარიშზე, კანონი მას ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან იმ თანხების დაბრუნება, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
ამდენად, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას არ გააჩნია რაიმე მიზნობრიობა, გამოძიებით დადგენილი ზიანის ანაზღაურების დანიშნულება აღარ არსებობს, რადგან ზიანის ანაზღაურება უშუალოდ დაზარალებულის წინაშე განხორციელებულია ნებაყოფლობით, სწორედ იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი, იმავე ოდენობის ზიანის ანაზღაურების მიზნით, შესრულების მიღება დადასტურებული აქვს თავად დაზარალებულს, შესაბამისად, დეპოზიტიდან დაზარალებულისთვის თანხის გადარიცხვის დანიშნულება აღარ არსებობს და თანხის ხელმეორედ გადარიცხვა გამოიწვევს დაზარალებულის უსაფუძვლოდ გამდიდრებას _ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისი ქონების გაზრდას მოსარჩელის ხარჯზე. ასეთი მოქმედება ამ დრომდე არ განხორციელებულა და თუკი განხორციელდება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მითითების საფუძველზე, შემდგომ უკვე სახელმწიფო ხაზინას წარმოეშობა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება. ყველა შემთხვევაში, მოსარჩელეს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა დააბრკოლონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ფორმალურ საფუძველზე მითითებით, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტში გადამხდელმა მიუთითა ქმედითი სამართლებრივი საფუძველი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ანგარიშიდან პირველად თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, 2011 წლის 17 თებერვალს, 14:27:00 სთ-ზე (საგადახდო დავალება #431), ხოლო შემდეგ, იმავე დღეს, ორი წუთის ინტერვალით, 14:29:00 სთ-ზე (საგადახდო დავალება #432) _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. ამგვარად, ფორმალურადაც, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება წინ უსწრებს დაზარალებულისთვის იმავე ზიანის ანაზღაურების მიზნით სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანას, რაც იმთავითვე უკარგავს შინაარსობრივ დანიშნულებას დეპოზიტზე თანხის განთავსებას და მისი ერთადერთი დანიშნულება შეიძლებოდა, ყოფილიყო ერთგვარი ფორმალური გარანტიის შექმნა იმ შემთხვევისთვის, თუკი კრედიტორი არ ჩათვლიდა დადასტურებულად მისთვის ზიანის ანაზღაურებას. ამჟამინდელი მდგომარეობით კი ეს საჭიროებაც აღარ არსებობს, რადგან კრედიტორი (დაზარალებული) ადასტურებს მისთვის ზიანის ანაზღაურების ფაქტს და არც ოდენობას ხდის სადავოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო ინტერესებს. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო ინტერესს, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმის განმარტება უნდა მოხდეს კონსტიტუციური მართლწესრიგით განმტკიცებული ღირებულებების ფარგლებში. კანონის შინაარსი უნდა განიმარტოს კონსტიტუციის ,,შუქქვეშ“, ძირითადი კონსტიტუციური დანაწესების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი სამართლებრივი საფუძველი და საქმეში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ვერ იქნება მიმართული დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის, რადგან ზიანი უკვე ანაზღაურებულია და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება _ შეწყვეტილი. ამასთან, სადავო თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე არ ყოფილა გადარიცხული არც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ან განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით და არც სხვა, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტის აღსრულების მიზნით, არამედ _ მისი ჩარიცხვა მოხდა ნებაყოფლობით. შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეულია ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) ტერიტორიულ ორგანოში – სააღსრულებო ბიუროში (შემდგომში – ბიურო) საქმისწარმოების ორგანიზაციის სისტემას, ადგენს სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა-რეგისტრაციის, აღსრულების პროცესში მონაწილე მხარეების განცხადებებისა და საჩივრების მიღების და განხილვის, სააღსრულებო ფურცლების აღმასრულებლებზე განაწილების, აგრეთვე სტატისტიკური ფორმების წარმოების პერიოდულობასა და საარქივო მასალების ჩაბარების წესს. ბრძანების მე-13 მუხლი აწესრიგებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული თანხების აღრიცხვა-ანგარიშს, განკარგვასა და კონტროლის საკითხებს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია თითოეულ საქმესთან დაკავშირებით აწარმოოს როგორც ამოღებული, ასევე ამოსაღები თანხების აღრიცხვა-ანგარიში, ხოლო ბიუროს უფროსი ვალდებულია, ზედამხედველობა გაუწიოს და აკონტროლოს აღნიშნული საქმიანობა. მე-2 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელი თანხის შემოსვლის/ამოღების შემდეგ ამზადებს და ხელს აწერს მიმართვის ფორმას თანხების განკარგვის შესახებ, რომელსაც ამოწმებს ბიუროს უფროსი და თავის თანხმობას ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით, რის შემდეგაც მიმართვა წარედგინება ბუღალტერს შესასრულებლად. მიმართვის ფორმას თან უნდა ერთვოდეს სააღსრულებო ფურცლის, აღსასრულებელ მოთხოვნაზე განაცხადის, თანხის მიღების უფლების დამადასტურებელი, გადახდის დამადასტურებელი და საბანკო რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბუღალტერი ამოწმებს წარდგენილი მიმართვის ფორმის სისწორეს და შესაბამისობას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან, რის შემდეგაც ამზადებს შესაბამის თანხებს გადასარიცხად ან უკან უბრუნებს აღმასრულებელს ხარვეზის გამოსასწორებლად. მე-3 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული ნებისმიერი თანხის განკარგვას ახორციელებენ ბიუროს უფროსი (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია ბიუროს უფროსის (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირის) და ბუღალტრის ერთობლივი თანხმობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განთავსებული თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება. შესაბამისად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა დაეკისროს სადეპოზიტო ანგარიშიდან მოსარჩელისათვის 928 587 ლარის უკან დაბრუნება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს წარმოეშვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, ეს მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელებაზე უარის უკანონობაზე და შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის ხელყოფაზე. ამდენად, სარჩელი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------ს“ სასარგებლოდ დავალოს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის _ 928 587 (ცხრაასოცდარვაათას ხუთასოთხმოცდაშვიდი) ლარის დაბრუნება.
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაეკისროს სს „ს------------- კ-------- ე-------- ჯ--------ს“ სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ხაჟომია