გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210018002519882
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/19613-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე შპს „თ---–--------------–---–ი+“

წარმომადგენელი გ------ ნ--–-----ე, გ---–---- ზ-------

 

მოპასუხე ს----------–---------–------ი

წარმომადგენელი ბ------ ჩ------–---ი, დ----- გ-------ი

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ს----------–---------–------ს მოსარჩელის შპს „თ---–--------------–---–ი+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 103197,23 ლარის გადახდა.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2000-2005 წლებში მხარეთა შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულებები, რითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ს----------–---------–------ისათვის მიეწოდებინა ქართული და უცხოური ჟურნალ-გაზეთები. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა ვალდებულებას, თუმცა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულები პირობები და არ გადაუხდია მომსახურების ღირებულება, თუმცა 2005 წლის 20 ივნისის შედარების აქტითა და არაერთი წერილით - 2014 წლის 10 ოქტომბრის, 2015 წლის 13 ოქტომბრის, 2015 წლის 30 ოქტომბრის, 2015 წლის 07 დეკემბრის, 2018 წლის 15 მარტისა და 2018 წლის 04 აპრილის დღემდე აღიარებს, რომ მოსარჩელის წინაშე აქვს დავალიანება 1030197,23 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, მათი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მოპასუხეს 2015-2018 წლებში არაერთი წერილით აქვს ვალდებულება აღიარებული, შესაბამისად, მათ მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა 2000-2004 წლებში ს----------–---------–------ისთვის მიწოდებული ჟურნალ-გაზეთების დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან მხოლოდ ხელშეკრულებით ასეთი გარემოება არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები და სხვ. მხარე დაეთანხმა 2005 წლის 20 ივნისს შედგენილ ურთიერთშედარების აქტის არსებობას, თუმცა აქვე მიუთითა, რომ აღნიშნული აქტი არ იყო ვალის აღიარება, რადგან აღნიშნული უნდა განეხორციელებინათ საამისოდ უფლებამოსილ პირებს. ამასთან, მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომელებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას, რომელიც მხოლოდ ნათლად გამოვლენილი ნება უნდა იყოს. ვალის აღიარებად არ ჩაითვლება მხარეთა მოლაპარაკებები საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, თუ ასეთი მოლაპარაკებების დროს მოვალემ სრულიად ნათლად არ აღიარა ვალის არსებობა. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლები ასევე არ დაეთანხმნენ, რომ ს----------–---------–------ის წერილები უნდა ჩაითვალოს ვალის აღიარებად, ვინაიდან აღნიშნული წერილებით ადრესატი არის ე----- ა---–-----–---–ი, თუმცა ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელი არა ე----- ა---–-----–---–ი, არამედ მ----- ა---–-----–---–ია, რის გამოც ე----- ა---–-----–---–ზე გაცემული ინფორმაცია არ უნდა ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნასთან შემხებლობაში. ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რაც კიდევ ერთი საფუძველი იყო სარჩელის არ დაკმაყოფილებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, თითოეული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არა მხოლოდ გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, არამედ ხანდაზმულობის საერთო ვადაც - 10 წელიც, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ დადგენილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2000 წლის 02 დეკემბერის #--- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის დროულად უნდა მიეწოდებინა დამკვეთის მიერ გამოწერილი ქართული ან უცხოური ჟურნალ-გაზეთები. დამკვეთის მიერ გამოწერილი ჟურნალ-გაზეთების, შემსრულებლისათვის გადასახდელი თანხების ოდენობა და გადახდის წესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით შესაბამისი აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2000 წლის 02 დეკემბერის #--- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21).

 

4.2. 2001 წლის 01 თებერვლის #--- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის დროულად უნდა მიეწოდებინა დამკვეთის მიერ გამოწერილი ქართული ან უცხოური ჟურნალ-გაზეთები.

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა გამოწერილი ჟურნალ-გაზეთების ღირებულება, რომელის საერთო თანხა შეადგენდა 23 000 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ოთხი თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2001 წლის 01 თებერვლის #--- ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23).

 

4.3. 2002 წლის 15 ივლისის #---- ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად „შემსყიდველი“ ანუ ს----------–---------–------ი ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით თავად ნიშნავდა კოორდინატორს, რომელიც ახორციელებდა საქონლის მიწოდების გრაფიკის კონტროლს. საქონლის მიწოდებას ახდენდა „მიმწოდებელი“ ანუ შპს „თ---–--------------–---–ი +“ და მიწოდებულ საქონელს თან უნდა ხლებოდა სასაქონლო ზედნადები. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ხდებოდა მხარეთა შორის სასაქონლო ზედნადების გაფორმებით და ასეთი მიღება-ჩაბარება ხდებოდა უფლებამოსილი პირების ხელმოწერით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველკვარტლურად, კვარტლის ბოლო თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2002 წლის 15 ივლისის #---- ხელშეკრულება და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ს.ფ. 24-27).

 

4.4. 2003 წლის 17 იანვრის #--- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2003 წლის პირველ ნახევარში დროულად უნდა მიეწოდებინა დამკვეთის მიერ გამოწერილი უცხოური ჟურნალ-გაზეთები.

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა გამოწერილი ჟურნალ-გაზეთების ღირებულება, რომელის საერთო თანხა შეადგენდა 25365,85 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2003 წლის 17 იანვრის #--- ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29)

 

4.5. 2003 წლის 15 აპრილის #---- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2003 წლის პირველ ნახევარში დროულად უნდა მიეწოდებინა დამკვეთის მიერ გამოწერილი ქართული ჟურნალ-გაზეთები.

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა გამოწერილი ჟურნალ-გაზეთების ღირებულება, რომელის საერთო თანხა შეადგენდა 45559,10 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2003 წლის 15 აპრილის #---- ხელშეკრულება (ს.ფ. 30)

 

4.6. 2003 წლის 02 ივლისის #---- ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად „შემსყიდველი“ ანუ ს----------–---------–------ი ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით თავად ნიშნავდა კოორდინატორს, რომელიც ახორციელებდა საქონლის მიწოდების გრაფიკის კონტროლს. საქონლის მიწოდებას ახდენდა „მიმწოდებელი ანუ შპს „თ---–--------------–---–ი +“ და მიწოდებულ საქონელს თან უნდა ხლებოდა სასაქონლო ზედნადები. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ხდებოდა მხარეთა შორის სასაქონლო ზედნადების გაფორმებით და ასეთი მიღება-ჩაბარება ხდებოდა უფლებამოსილი პირების ხელმოწერით.

 

ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან მეოთხე თვის პირველ ნახევარში. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2003 წლის 02 ივლისის #---- ხელშეკრულება და სპეციფიკური პირობები (ს.ფ. 31-35).

 

4.7. 2005 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის „დამკვეთი“ ს----------–---------–------ი, „შემსრულებელი - შპს „პ------------ი“, დაიდო #----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „პ------------ი“ იღებდა ვალდებულებას დროულად მიეწოდებინა 2005 წლის მარტსა და აპრილში გამოწერილი ჟურნალ-გაზეთები დამკვეთისთვის. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 6 785,86 ლარი. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი საგადასახდო ანგარიშფაქტურების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 26 აპრილის #----- ხელშეკრულება (ს.ფ. 36-37).

 

4.8. მოსარჩელის 2005 წლის 24 თებერვლის წერილის თანახმად, შპს ,,თ---–--------------–---–ი +“-მა მიმართა ს----------–---------–------ს არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, სადაც მიუთითა, რომ 2004 წლის 01 ივლისს შედგენილი ურთიერთშედარების აქტის თანახმად, ს----------–---------–------ის დავალიანება 2001 წლიდან მიწოდებული ჟურნალ-გაზეთებისთვის მის მიმართ შეადგენს 103592,88 ლარს და იმედს გამოთქვამდა, რომ უმოკლეს დროში მოხდებოდა ვალდებულების შესრულება.

 

აღნიშნული წერილის პასუხად 2005 წლის 02 მარტის წერილით დასტურდება, რომ ს----------–---------–------ის აპარატის უფროსის მიერ მოსარჩელეს ეცნობა, რომ ს----------–---------–------ი მიმდინარე წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ მოეხდინა ძველი დავალიანების დაფარვა. ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში კი მოთხოვნები იქნებოდა გათვალისწინებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 24 თებერვლის N----- წერილი (ს.ფ. 38)

- 2005 წლის 02 მარტის წერილი (ს.ფ. 39)

 

4.9. 2005 წლის 20 ივნისის ურთიერთშედარების აქტის მიხედვით, ს----------–---------–------ის მთავარმა ბუღალტერმა და შპს „თ---–--------------–---–ი +“-ის მთავარმა ბუღალტერმა მოახდინეს ანგარიშების ურთიერთშედარება და დააფიქსირეს, რომ ს----------–---------–------ის აპარატის დავალიანება მითითებული დროისთვის შეადგენდა 103197,23 ლარს, კერძოდ, 2000 წლის დავალიანება იყო 501,14 ლარი, 2001 წლის - 18251,79 ლარი, 2002 წლის - 22381,44 ლარს, 2003 წლის - 103592,88 ლარსა და 2004 წელს - 103197,23 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 20 ივნისის ურთიერთშედარების აქტი (ს.ფ. 40)

 

4.10. 2014 წლის 10 ოქტომბრის ს----------–---------–------ის აპარატის უფროსის წერილის თანხმად დგინდება, რომ შპს „თ---–--------------–---–ი +“-ის დირექტორს ეცნობა, რომ 2000-2004 წლებში წარმოშობილმა ს----------–---------–------ის კრედიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 103197,23 ლარი.

 

2015 წლის 13 ოქტომბრის წერილის თანახმად, მოსარჩელეს კვლავ ეცნობა, რომ მის მიმართ არსებულ დავალიანებას 103197,23 ლარს მოპასუხე ვერ დაფარავდა პარლამენტის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნიების არ არსებობის გამო.

 

2015 წლის 30 ოქტომბრის წერილის მიხედვით, ს----------–---------–------ს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დასაფარად საჭირო თანხები გათვალისწინებული არ იყო.

 

2015 წლის 07 დეკემბრის წერილის თანახმად, ს----------–---------–------ის დავალინება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 103197,23 ლარს და მისი დაფარვისათვის საჭირო თანხები პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო.

 

2018 წლის 15 მარტის წერილის მიხედვით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2000-2004 წლებში წარმოშობილმა ს----------–---------–------ის კრედიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 103197,23 ლარი და ს----------–---------–------ის 2018 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის თანხებს.

 

2018 წლის 05 აპრილის წერილით კი მოსარჩელე დამატებით ეცნობა, რომ არა მხოლოდ 2018 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა წინა წლების დავალიანების დაფარვის თანხებს, არამედ შემდგომი სამი საბიუჯეტო წლის საპროგნოზო პარამეტრები ასევე არ ითვალისწინებდა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის თანხებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 10 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 41);

- 2015 წლის 13 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 42);

- 2015 წლის 30 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 43)

- 2015 წლის 07 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 44);

- 2018 წლის 15 მარტის წერილი (ს.ფ.45);

- 2018 წლის 05 აპრილის წერილი (ს.ფ. 46).

 

4.11. 2014 წლის 30 ოქტომბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „თ---–--------------–---–ი +“-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მ----- ა---–-----–---–ი, რომელიც ასევე არის 100%-იანი წილის მესაკუთრე, ხოლო შპს „თ---–--------------–---–ის“ დირექტორი და 100 წლიანი მესაკუთრე კი - ე----- ა---–-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 30 ოქტომბრისა და 2014 წლის 07 ნოემბრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 62-65).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 1031197.23 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, 2000-2005 წლებში მხარეთა შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულებები, რითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ს----------–---------–------ისათვის მიეწოდებინა ქართული და უცხოური ჟურნალ-გაზეთები. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა ვალდებულებას, თუმცა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულები პირობები და არ გადაუხდია მომსახურების ღირებულება, თუმცა 2005 წლის 20 ივნისის შედარების აქტითა და არაერთი წერილით აღიარა მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2005 წლის 20 ივნისის ურთიერთანგარიშების აქტით არ დასტურდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ს----------–---------–------ის ვალდებულების არსებობა.

 

სასამართლო მიუთითებს 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nას-839-890-2011, 08/11/2011წ.; Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ№ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ) და განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ.

 

ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე“ (იხ. სუს 2013 წლის 11 ნოემბრის #ას-1485-1401-2012 განჩინება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მითითება საქმეში არსებულ ურთიერთანგარიშების შედარების აქტზე, რომლითაც მისი აზრით, დასტურდება კრედიტორის მიმართ ვალის აღიარება, ვერ შეფასდება არგუმენტირებულად, ვინაიდან მასში ასახული ჩანაწერი არ შეიცავს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ზემოაღნიშნულ კომპონენტებს, ისევე როგორც სასამართლო ვერ ჩათვლის მხარეთა შორის არსებულ მიმოწერას ვალის აღიარებად, ვინაიდან მასში არ იკვეთება მხარეთა შორის არსებით პირობებზე შეთანხმება.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამართლებრივი ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდანაა ნაწარმოები, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ხანდაზმულობის ვადაში მოთხოვნის წარდგენას უკავშირებს საქმეში წარმოდგენილ ურთიერთანგარიშების შედარების აქტს და მოპასუხის წერილებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. დასახელებული ნორმით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებია: ავანსის ან პროცენტის გადახდა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარად აღიარება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის წინაშე. ამასთან, ნორმაში მითითებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გულისხმობს ვალდებული პირის მიერ მოქმედების განხორციელებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ აღიარებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და იგი ვერ შეწყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას.

 

რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ _ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

 

საქართველოს სასამართლო პრაქტიკიდან ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში მოვალის ნების შინაარსი არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, მოვალის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარების კვალიფიკაციისას უპირველეს გზად 341-ე მუხლის რეგულაცია რჩება, რომელიც სპეციალურ მოწესრიგებას შეიცავს ვალის არსებობის აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღნიშნული სასამართლო პრაქტიკა და შეფასება არ უნდა იქცეს განსახილველი საკითხის მოწესრიგების ერთადერთ გზად და ყოველი კონკრეტული გარემოებების არსებობისას ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მოვალის ნების შინაარსი, მაშინ, როდესაც გარეგნული მახასიათებლებით მოვალის მიერ გახორციელებული გარიგების მსგავსი ქმედება აშკარად უფლებამოსილი პირის მიმართ გაკეთებული მოთხოვნის არსებობის აღიარებითი ქმედებად შეფასებადია.

 

განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ს----------–---------–------ის მიერ 2005 წლის ურთიერთანგარიშების შედარების აქტი, 2014 წლის 10 ოქტომბრის, 2015 წლის 13 ოქტომბრის, 2015 წლის 30 ოქტომბრის, 2015 წლის 07 დეკემბრის, 2018 წლის 15 მარტის და 2018 წლის 05 თებერვლის წერილები არ წარმოშობს აღიარებისათვის თანაარსს არც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) და არც დასახელებული კოდექსის 341-ე მუხლით (ვალის კონსტიტუციური აღიარება) დადგენილ სამართლებრივ შედეგს, რის გამოც, 103197.23 ლარის ნაწილში შპს ,,თ---–--------------–---–ი+“-ს მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საქონლის მიწოდებას ახორციელებდა პერიოდულად, ყოველი გადასახადის გადაუხდელობა ცალ-ცალკე აღებული დამოუკიდებლად წარმოშობს მოსარჩელისათვის, როგორც მოთხოვნის, ისე გადაუხდელობის გამო, გარკვეული სახის სანქციის განხორციელების უფლებას.

 

ვინაიდან, უდავოა რომ კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლის 29 ივნისამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), შესაბამისად ს----------–---------–------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ - 103197.23 ლარის ნაწილში ხანდაზმულია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელსი მიერ 2018 წის 29 ივნისს გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 3095,92 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,თ---–--------------–---–ი+“-ს (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე ს----------–---------–------ის მიმართ თანხის 103197.23 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე შპს ,,თ---–--------------–---–ი+“-ს მიერ (გადამხდელი გ---–---- ზ-------) 2018 წლის 29 ივნისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3095.92 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე