გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №2/24267-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ა-–----“
წარმომადგენელი - თ----- ს-------ე
მოპასუხეები - შ--------- ბ----–---–ი, რ----- ჯ---–------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შ--------- ბ----–---–სა და რ----- ჯ---–------ს, მოსარჩელე შპს ,,ა-–----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 18508 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 14000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1400 ლარი, ჯარიმა - 3108 ლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 21 მაისს შ--------- ბ----–---–სა და შპს „ა-–----“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N----------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 13400 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის სარგებელი 5%-ის ოდენობით ყოველთვიურად, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლის 3%-ის ოდენობით.
2018 წლის 27 მაისს შ--------- ბ----–---–მა სესხის ძირი თანხა გაზარდა 600 ლარით, რომლის შემდეგაც გაცემული ძირი თანხა შეადგენს - 14 000 ლარს.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მხარებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N----------, რომლითაც სესხი უზრუნველყოფილ იქნა შ--------- ბ----–---–ის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნით „ს---------------“-ით.
საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებებთან ერთად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N----------, რომლითაც მოპასუხე რ----- ჯ---–------მ იკისრა პასუხისმგებლობა კრედიტორსა და მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს შორის დადებული საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.
2015 წლის 09 აგვისტოს მდგომარეობით შ--------- ბ----–---–ს ერიცხება დავალიანება სესხის ძირი - 14 000 ლარი, სარგებელი/პროცენტი - 1400 ლარი და საურავი - 3108 ლარი. დავალიანება ჯამში შეადგენს - 18 508 ლარს. იძულებითმა ხარჯმა კი, რომელიც გამოწვეულია მხარის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით შეადგინა 252 ლარი (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს შ--------- ბ----–---–სა და რ----- ჯ---–------ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან. შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მათი პოზიცია შპს ,,ა-–----“-ს სარჩელთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 მაისს ერთის მხრივ მსესხებელ შ--------- ბ----–---–სა და მეორეს მხრივ გამსესხებელ შპს „ა-–----“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა განისაზღვრა 13400 ლარით. სარგებელი - ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ყოველთვიურად - 5%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლის 3%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.05.2018 წლის N---------- საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 16-19).
3.1.2. 2018 წლის 27 მაისს შ--------- ბ----–---–მა სესხის ძირი თანხა გაზარდა 600 ლარით, რომლის შემდეგაც მოპასუხის სახელზე გაცემული სესხის ძირი თანხა შეადგენს -14 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ 20).
3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად 2018 წლის 21 მაისს შ--------- ბ----–---–ს და შპს ,,ა-–----“-ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N----------, რომლის თანახმადაც სესხი უზრუნველყოფილ იქნა ავტომანქანით „ს---------------“-ით.
გირავნობის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის სრულ ოდენობას, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ ამონაგები თანხის ან გირავნობის საგნის ღირებულების ტოლი ოდენობით.
აღნიშნული გირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.05.2018 წლის N---------- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 21-24);
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ 32);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა N--------- (ს.ფ 26).
3.1.4. 2018 წლის 21 მაისს, შპს ,,ა-–----“-ს და რ----- ჯ---–------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე რ----- ჯ---–------მ იკისრა პასუხისმგებლობა კრედიტორსა და მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს შორის დადებული საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით თავდების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ოდენობა განისაზღვრება ძირითად მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ოდენობის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N---------- (ს.ფ 27-29).
3.1.5 საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მოპასუხე შ--------- ბ----–---–ის მიერ დარღვეული იქნა და 2018 წლის 21 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-გნამრატება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6 მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს შპს ,,ა-–----“-ს მიმართ 2018 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 18508 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 14000 ლარი, პროცენტი - 1400 ლარი, ჯარიმა - 3108 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 9.08.18წ შპს ,,ა-–----“-ს ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 30).
3.1.7 შპს ,,ე----------------ი“-ს დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების (S--------------) საბაზრო ღირებულება 2018 წლის 05 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ე----------------ი“-ს დასკვნა (ს.ფ. 34).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ა-–----“-ს და მოპასუხეებს შორის საკრედიტო მომსახურების, გირავნობის შესახებ ხელშეკრულების და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და განხორციელდა მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2018 წლის 21 მაისს, შპს ,,ა-–----სა“ და შ--------- ბ----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება N----------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 14000 ლარი. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო სარგებლის 3%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მოპასუხე შ--------- ბ----–---–ის მიერ დარღვეული იქნა და 2018 წლის 21 ივნისიდან.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის მიერ დაირღვა 2018 წლის 21 ივნისიდან. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ საკრედიტო მომსახურების და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 21 მაისს მოსარჩელესა და რ----- ჯ---–------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება შ--------- ბ----–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, რაც გამოიხატება კრედიტორისათვის ფულადი თანხის გადახდაში.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასესხო ურთიერთობის ფარგლებში არ არის დაცული, თავდებობისთვის კანონით დადგენილი ფორმა. კერძოდ, თავდებობის ხელშეკრულებებში ზოგადად ხდება მითითება იმის თაობაზე რომ თავდების მიერ ნაკისრი ვალდებულების ოდენობა განისაზღვრება ძირითად მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ოდენობის შესაბამისად, ხოლო კონკრეტულად არ არის მითითებული თავდები პირების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც კანონის იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი კი ქმნის მოპასუხე რ----- ჯ---–------ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
7.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების 10.4 პუნქტით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–----“-ს მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 3108 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 100 ლარამდე, რაც სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია წარმოდგენილი საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების ძირი თანხისა და სარგებლის ოდენობის გათვალისწინებით.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, შპს „ა-–----ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 465 ლარის ოდენობით, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (7.76 ლარი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
გარდა ამისა, შ--------- ბ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გირავნობის მოწმობის აღების ხარჯის - 50 ლარის, ავტომანქანის შეფასებისთვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ა-–----ს“ (ს/კ N2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს (პ/ნ N5----------) მოსარჩელე შპს ,,ა-–----ს“ (ს/ნ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, 2018 წლის 21 მაისის საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15500 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 14000 ლარი, საპროცენტო სარგებელი (2018 წლის 21 ივნისიდან 09 აგვისტომდე პერიოდი) - 1400 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით.
2. შპს ,,ა-–----ს“ სარჩელი მოპასუხე რ----- ჯ---–------ს (პ/ნ N5----------) მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს (პ/ნ 5----------) მოსარჩელე შპს ,,ა-–----ს“ (ს/ნ N2--------) სასარგებლოდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 465 ლარის ოდენობით.
4. შპს „ა-–----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 7.76 ლარი, რაც სს „ტერაბანკის“ 14/08/2018 წლის N- საგადახდო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე 300773150;
5. მოპასუხე შ--------- ბ----–---–ს შპს „ა-–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის ხარჯის - 50 ლარის, ავტომანქანის შეფასებისთვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე