გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
330310117002179137
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7786-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი ვ----------------ე

მოპასუხე სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო

წარმომადგენელი მ---------------–---–ი

მესამე პირი შპს „ა-----ი“

წარმომადგენელი გ------- ს---–-----

მესამე პირი შპს „ლ----“

წარმომადგენელი გ-----------–--ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №0----- ბრძანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს „ა-----ის“ წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

3.2. მესამე პირის - შპს „ლ----ს“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2011 წლის 21 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ა-----ის“ შორის გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) მასზედ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემდგომში გაცემის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 21 ნოემბერს მოწყობილ აუქციონზე შპს „ა-----ის“ მიერ შეთავაზებული ფასის საფუძველზე იგი გამოვლინდა გამარჯვებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) (ტ. I, ს.ფ. 256-261).

 

4.1.2. 2011 წლის 29 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №00----, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „ა-----ი“. №00---- ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №0----- ბრძანებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 21 ნოემბრიდან - 2016 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 29 ნოემბრის №00---- ნებართვა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 253-255);

 

4.1.3. ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა

 

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილება (ტ. I, ს.ფ. 218- 221).

 

4.1.4. 2016 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ა-----ის“ შორის გაფორმებული შეთანხმებით „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „ა-----ის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) შევიდა შემდეგი ცვლილება/დამატება:

 

ა) შპს „ა-----ი“-ზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე გაცემული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გაგრძელდეს 05 (ხუთი) წლით - 2021 წლის 21 ნოემბრამდე (პუნქტი 3 მესამე აბზაცი);

 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის საფასური (ფასი), რომელიც შეადგენს გარე რეკლამის განსათავსებლად საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების ნებისმიერი სახით გამოყენების შედეგად მიღებული საერთო შემოსავლის 18%-ს დ.ღ.გ.-ს გადახდის შემდგომ იხადოს ყოველ სამ თვეში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მესამე თვის პირველი 10 (ათი) დღის ვადაში;

 

გ) შპს „ა-----ი“-მ უზრუნველყოს გარე რეკლამის განსათავსებლად საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება-განახლება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე წერილით განსაზღვრულ ვადაში;

 

დ) შპს „ა-----ი“-ზე წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაიცემა სანებართვო მოწმობა;

 

ე) წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმება „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „ა-----ის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ტ. I, ს.ფ. 262-263).

 

4.1.5. 2016 წლის 04 ნოემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №0-----, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „ა-----ი“. №0----- ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №0----- ბრძანების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) და „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „ა-----ის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 21 ნოემბრიდან - 2021 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 04 ნოემბრის №0----- ნებართვა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების თაობაზე (ტ. 1 ს.ფ. 264-266).

 

4.1.6. 2017 წლის 22 მაისს შპს „ლ----მ“ №0----- საჩივრით მიმართა სსიპ კონკურენციის სააგენტოს და მიუთითა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „ა-----ის“ მიერ დაირღვა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 22 მაისის №0----- საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 175-189).

 

4.1.7. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „ლ----ს“ საჩივარი მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (შემდგომში - „სააგენტო“), წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, დაიწყო მოკვლევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე. დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „ლ----ს“ საჩივარი მოპასუხეებთან - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „ა-----ისთან“ - მიმართებით, ხოლო მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით, დაუშვებლობა დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ნაწილში, თანდართული დასაბუთებული დასკვნის გათვალისწინებით. ამავე ბრძანებით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანება და თანდართული დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 303-320).

 

4.1.8. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ოქტომბრის №0----- ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილება - „ლ----ს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“; დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის კონკურენციის სააგენტოში წარდგენა.

 

„ლ----ს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“ გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ „მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება - 2011 წლის 21 ნოემბერს შპს „ა-----იზე“ გაცემული ნებართვის გაგრძელება წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან №36 დადგენილების მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას და არ ექცევა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. შედეგად სახეზეა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა მოპასუხის მხრიდან.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ოქტომბრის №0----- ბრძანება და თანდართული გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 145-172).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებს).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ამრიგად, საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 2017 წლის 6 ოქტომბრის №0----- ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილება შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი წარმოქმნის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ერთი მხრივ, უზრუნველყოს ისეთი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც გამორიცხავს კონკურენციის შეზღუდვას და შესაბამისად, მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ჩაერიოს ადეკვატური ზომების გამოყენებით იქ, სადაც ადგილი აქვს ასეთი კონკურენციის შეზღუდვას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის შეფასებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს“ გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ გვ.11-13). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არამარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი.

 

საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს. ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება, თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. კონკრეტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი. კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას. როგორც წესი, სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა ავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში სახელმწიფოს ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ. არ შეიძლება, რომ თავისუფალი ნება გახდეს არაექვივალენტური, არათანაზომიერი და უსამართლო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი, რაც გამოიწვევს ბრუნვის ტრადიციებისაგან მისი მონაწილეების გაუცხოებას და იმავდროულად, ამით წინააღმდეგობაში მოვა აღიარებულ ზნეობრივ იმპერატივებთან. მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტისაგან, როცა ჯერ კიდევ მყარად არ არის დამკვიდრებული სავაჭრო ტრადიციები, ადვილი შესაძლებელია, მომეტებულად მომდინარეობდეს ასეთი საშიშროება. მოსალოდნელია, რომ ბაზრის გაბატონებული მონოპოლიური მდგომარეობის სუბიექტმა, მომხმარებელს შესთავაზოს აშკარად უსამართლო სახელშეკრულებო პირობები და არჩევანის უქონლობის გამო, აიძულოს იგი გახდეს მისი პარტნიორი. ამგვარი საფრთხის დროს სახელმწიფო იძენს უფლებას ჩაერიოს მეწარმის შიდა საქმიანობაში და დაუდგინოს ნების გამოვლენის ფარგლები.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ თავისუფალი კონკურენციის, როგორც თავისუფალი მეწარმეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ერთის მხრივ, ევროკავშირსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 203-ე მუხლის მიხედვით, მხარეები აცნობიერებენ თავისუფალი და შეუზღუდავი კონკურენციის მნიშვნელობას თავიანთ სავაჭრო ურთიერთობებში. 204-ე მუხლის თანახმად, მხარეებს მათ შესაბამის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეთ ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონები, რომლებიც ეფექტიანად იქნება მიმართული ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზე, შეთანხმებულ ქმედებებსა და დომინირებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ერთპიროვნულ ანტიკონკურენციულ ქმედებაზე და რომლებიც ითვალისწინებს შერწყმების ეფექტიან კონტროლს, თავისუფალი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით. მხარეებს უნდა გააჩნდეთ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურენციის კანონების ეფექტიან აღსრულებაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო.

 

7.3. საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებასთან ერთად და მათგან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაცვის პრინციპებსა და ნორმებს ეროვნულ დონეზე, განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია. ეს კანონი ვრცელდება ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა, ქვეყნის საზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს.

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა, ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო. იმავე კანონის მე-172 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „ლ----ს“ საჩივარი მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (შემდგომში - „სააგენტო“), წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, დაიწყო მოკვლევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და ამავე ბრძანებით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ოქტომბრის №0----- ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილება - „ლ----ს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“; დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის კონკურენციის სააგენტოში წარდგენა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ა-----თან“ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კანონიერების საკითხს იხილავდა ბათუმის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კონკურენციის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება მერიის მიერ აღნიშნული ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 332-ე მუხლს, რომლის შესაბამისადაც, ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 28-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლო ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ლ----“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 08 სექტემბრის №15 დადგენილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მითითებული დადგენილება ეწინააღმდეგებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ასევე ითხოვდა თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „ა-----ის“ შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობას. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „ლ----მ“ ზემოაღნიშნული სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისს მიმართა, ხოლო კონკურენციის სააგენტოში საჩივარი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე 2017 წლის 22 მაისს წარადგინა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ლ----ს“ 2017 წლის 18 ივლისის სარჩელის საფუძველზე მიმდინარე დავის საგანს წარმოდგენდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 08 სექტემბრის №15 დადგენილების კანონშესაბამისობა და აღნიშნულის შედეგად 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ლ----ს“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილი იყო შპს „ლ----ს“ 2017 წლის 22 მაისის საჩივრის საფუძველზე გამოევლინა და განეხილა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

7.4. მოსარჩელე სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №0----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ანიჭებს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებამოსილებას, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებით (2016 წლის 8 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის თანახმად, ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის (შემდგომში - ქ. ბათუმის) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.

 

რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ა-----ის“ შორის გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) მასზედ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემდგომში გაცემის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 21 ნოემბერს მოწყობილ აუქციონზე შპს „ა-----ის“ მიერ შეთავაზებული ფასის საფუძველზე იგი გამოვლინდა გამარჯვებულად.

 

ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 29 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №00----, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „ა-----ი“. №00---- ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №0----- ბრძანებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 21 ნოემბრიდან - 2016 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი.

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“

 

2016 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ა-----ის“ შორის გაფორმებული შეთანხმებით „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „ა-----ის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) შევიდა შემდეგი ცვლილება/დამატება:

 

ა) შპს „ა-----ი“-ზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე გაცემული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გაგრძელდეს 05 (ხუთი) წლით - 2021 წლის 21 ნოემბრამდე (პუნქტი 3 მესამე აბზაცი).

 

„ლ----ს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №0----- ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“ გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ „მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება - 2011 წლის 21 ნოემბერს შპს „ა-----იზე“ გაცემული ნებართვის გაგრძელება წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან №36 დადგენილების მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას და არ ექცევა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. შედეგად სახეზეა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა მოპასუხის მხრიდან.“

 

სასამართლო მოიხმობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის 24-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში, ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებდა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №ბს-698-691(კ-16) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.“

 

ამდენად, ვინაიდან ნორმატიული აქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფაქტებზე, ურთიერთობებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ აქტის გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებელი ნორმატიულ აქტს ანიჭებს უკუძალას, ხოლო ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებას უკუძალა არ მინიჭებია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმატიული აქტით განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებამოსილება (ნებართვაში ცვლილების შეტანის ფორმით), ვერ გავრცელდება აღნიშნული აქტის ძალაში შესვლამდე, 2011 წლის 29 ნოემბერს გაცემულ ნებართვაზე.

 

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვინაიდან 2011 წლის 29 ნოემბრის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №00---- გაიცა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად, 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა.

 

სასამართლო მოიხმობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის „ე“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით, ხოლო შპს „ა-----იზე“ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა იწურებოდა 2016 წლის 21 ნოემბერს და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს გააჩნდათ ახალი აუქციონის ჩატარების ლეგიტიმური მოლოდინი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ნორმის არასწორი განმარტების შედეგად, 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით შპს „ა-----ს“ შეუქმნა მონოპოლიური მდგომარეობა, რაც წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ პუნქტის დარღვევას.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №0----- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავ: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება (№3/7786-17) გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების ნაწილში, ძალას კარგავს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია