გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
511210018002713773
საქმე №2-251-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
31.12.2018წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი
მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,,ლი------------ი’’;
მოსარჩელის წარმომადგენელი - ლე-–----------–---–ი;
მოპასუხე: კა---–----ე;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს კა---–----ეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2686.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1436.90 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 605.48 ლარი და სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა 643.93 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. კა---–----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 29 ნოემბერს კა---–----ის საკრედიტო განაცხადის საფუძველზე სს ,,ლი------------ის’’ მიერ გაიცა №19253627 სესხი 1500 ლარის ოდენობით (ლიბერთი ექსპრესი) 24 თვის ვადით.
საბანკო კრედიტის ,,ელექტრონული და სხვა არხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების’’ თანახმად, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 68%, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.4 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (იხ. ს/ფ 20-37);
3.2.2. კა---–----ეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა სესხის გრაფიკის შესაბამისად.
2018 წლის 28 თებერვალს კა---–----ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს/ფ 19);
- ამონაწერი სესხის ანვგარიშიდან (იხ. ს/ფ 38-39);
3.1.3. 2018 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით კა---–----ის დავალიანება სს ,,ლი------------ი’’ მიმართა შეადგენს 2686.48 ლარს საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1436.93 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 605.48 ლარი, სესხის ვადაგადაცილების ჯარიმა 643.93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
- სს ,,ლი------------ის“ ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 18);
3.1.4. 2018 წლის 29 მაისს კა---–----ეს წერილობითი ფორმით გაფრთხილებულ იქნა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ლი------------ის“ 2018 წლის 19 მაისის გაფრთხილება (იხ. ს/ფ 40);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 623-ე, 131-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 362-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინოს თუ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (იხ. საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, აუცილებელი დადგინდეს არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულება).
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე დავით სანიკიძეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე კა---–----ეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208.3 მუხლის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხემ დაადასტურა კრედიტის ძირითადი თანხის - 1436.90 ლარის დავალიანების არსებობის ფაქტობრივი გარემოება და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ცნო. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 1436.90 ლარი, პროცენტი - 605.48 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ოდენობაა - 643.93 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 205 ლარის გადახდა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების – 1436.90 ლარის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნის ამ ნაწილის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის – 43.10 ლარის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან, რის გამოც აღნიშნული თანხა (43.10 ლარი) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კა---–----ეს სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6.90 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ლი------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეს - კა---–----ეს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 2247.38 ლარის (ძირითადი თანხა - 1436.90 ლარი, პროცენტი - 605.48 ლარი, ჯარიმა - 205 ლარი) გადახდა;
3. მოპასუხე კა---–----ეს სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 6.90 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე - სს ,,ლი------------ის’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 43.10 ლარი შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 30064315 (გადახდის თარიღი: 01.11.2018 წელი, საგადახდო დავალება №5148966708).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ.№14) მეშვეობით.
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე