გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.12.2018
საქმის ნომერი
330310018002712257
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7008-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - ბე-–------------ი

წარმომადგენელი - ნი----–---------–----ე

 

მოპასუხე - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

წარმომადგენელი - მა---------------ი

 

დავის საგანი - საგანმანათლებო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

აღიარებულ იქნეს ბე-–------------ის მიერ ქ. თბილისის №-- საშუალო სკოლაში (უფლებამონაცვლე - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი) 2000-2001 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. ბე-–------------მა 1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მ---- საშუალო სკოლის არასრული კურსი შემდეგი შეფასებით: მშობლიური ენა (რუსული) - 4, მშობლიური ლიტერატურა (რუსული) - 5, ქართული ენა - 5, ქართული ლიტერატურა - 5, ალგებრა - 4, გეომეტრია - 4, საქართველოს ისტორია - 5, მსოფლიო ისტორია - 5, ფილოსოფიის ისტორია - 5, სახ. სამართ. საფუძვლები - 5, ხაზვა - 5, გეოგრაფია - 5, ბიოლოგია - 5, ფიზიკა - 4, ქიმია - 5, უცხო ენა (ინგლისური) - 5, უცხო ენა (გერმანული) - 5, შრომითი სწავლება - 5, დაწყ. სამხედრო მომზადება - 4, ფიზიკური კულტურა - 5, საქართველოს გეოგრაფია - 5, ეკონომიკური აზროვნების ისტორია - 5, საბაჟო საქმე - 5, საგადასახადო საქმე - 5.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- არასრული საშუალო განათლების მოწმობა A-------- (ს.ფ. 12);

- 1999 წლის საბოლოო შეფასების უწყისი (ს.ფ. 12).

 

3.2. საქმეში წარმოდგენილი საშუალო განათლების ატესტატის მიხედვით, ბე-–------------მა 2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მ---- საშუალო სკოლის სრული კურსი.

 

აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულთა საბოლოო ნიშნების ფურცელში, რომელიც თარიღდება 2001 წლით, ირიცხება ბე-–------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საშუალო განათლების ატესტატი ა--------- (ს.ფ. 11);

- საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა საბოლოო ნიშნების ფურცელი (ს.ფ. 67-68).

 

3.3. სსიპ „ი-–-------------------–-–----- უნივერსიტეტის“ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2007 წლის 31 ივლისის N-- გადაწვეტილებით, ბე-–------------ს (დაბ.: 16.02.1---წ.), რომელმაც დაასრულა 5-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა გეოგრაფიის მასწავლებლის/ტურიზმის მენეჯერის კვალიფიკაცია. აღნიშნული დასტურდება ბეჭდითა და ხელმოწერებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს უმაღლესი განათლების დიპლომი (ს.ფ. 13).

 

3.4. 2018 წლის 20 ივნისს ბე-–------------მა №---------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ბე-–------------ის განცხადებით, მან 2001 წელს დაასრულა ქ. თბილისის №-- საშუალო სკოლის საბაზო საფეხური.

 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 27 ივნისის M---------------- წერილის მიხედვით: რესურსცენტრის 2018 წლის 21 ივნისის №------ კორესპონდენციის თანახმად, ხსენებული სკოლა ლიკვიდირებულია, ხოლო დოკუმენტაცია გადაცემულია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე.

 

არქივის 2018 წლის 26 ივნისის №14/8---- კორესპონდენციიდან (მართვის სისტემაში რეგისტრაციის №------; 2-----2018) ირკვევა, რომ იძებნება მხოლოდ მე-11 კლასის საკლასო ჟურნალი, თბილისის №-- საშუალო სკოლის 2001 წლის ბრძანებაში კი, ინფორმაცია ბე-–------------ის მიერ სკოლის დამთავრების შესახებ არ ამოჩნდა, ხოლო აღნიშნული წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომისა და საშუალო განათლების ატესტატის მისაღები გამოცდების ოქმები არქივში არ არის დაცული.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №---------/გ გადაწყვეტილებით ბე-–------------ს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №---------/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-86).

 

3.5. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №-- საჯარო სკოლა არის ლიკვიდირებული. მისი ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №-- საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის №---/ნ ბრძანება (ს.ფ. 18-20).

 

3.6. 2018 წლის 30 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბე-–------------ის მიერ შეტანილ იქნა №------ განცხადება, ქალაქ თბილისის მ---- საშუალო სკოლაში 1990-2001 წლებში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების მოთხოვნით.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილით ცენტრს ეცნობა, რომ თბილისის №-- საშუალო სკოლის 2001 წლის ბრძანებებში, ბრძანება ბ--–------------------–------------ის მიერ აღნიშნული სკოლის დასრულების შესახებ არ აღმოჩნდა, 1990-2001 წლის მოსწავლეთა მოძრაობის ბრძანებები და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის ჟურნალები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული. იძებნება მხოლოდ ინფორორმაცია, რომ თბილისის №-- საშუალო სკოლის 2000-2001 სასწავლო წლის XI კლასისი მოსწავლეთა ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის ჟურნლში ირიცხება ბე-–------------ი.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწვეტილებით, ბე-–------------ს უარი ეთქვა განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ქ. თბილისის №-- საშუალო სკოლაში ბ--–--------------ის სწავლის ფაქტის დადმდეგი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 ოქტომბრის №------------------ გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 83-84).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის ოქმი; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----ნ ბრძანება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა - მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.

 

აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არარსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის/არარსებობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის არსებობის აღიარება, კერძოდ, აღიარებულ იქნას ბე-–------------ის მიერ ქ. თბილისის №-- საშუალო სკოლაში 2000-2001 სასწავლო წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. კერძოდ, ქ. თბილისის №-- საშუალო სკოლაში ბე-–------------ის სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და მის სახელზე საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ა--------- ატესტატის გაცემის ფაქტი. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის №---/ნ ბრძანების მიხედვით, აღნიშნული სკოლა ლიკვიდირებულ იქნა და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“-ს მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული ზოგადი განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ქალაქ თბილისში მ---- საშუალო სკოლაში ბე-–------------ის სწავლის, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და მის სახელზე საშუალო განათლების დამადასტურებელი ა--------- ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

6.4. ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბე-–------------ის მიერ ქალაქ თბილისის მ---- საშუალო სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი. დადგენილია, ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ბე-–------------ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბე-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნეს ბე-–------------ის მიერ ქ. თბილისის №-- საშუალო სკოლაში 2000-2001 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

3. ბე-–------------ს დაუბრუნდეს ნი----–---------–----ის (პ/ნ 6----------) მიერ 2018 წლის 7 ნოემბრის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი