გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2019
საქმის ნომერი
330210018002407075
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/11705-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.01.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე იმა „მ------------“ დამფუძნებელი წევრები:

ქი-----------–-–---–-, თა----------–---–-,თე--------------–---–-, გ----------–--------–---–-,თეი---------–--–------

წარმომადგენელი გი-----------–---–-

მოპასუხე ს-------–---“

წარმომადგენელი ზა-----------

დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ს-------–---სათვის“ მოსარჩელე ი.ბ.ა. „მ------------“ სასარგებლოდ 96 139.96 ლარის გადახდის დაკისრება.

 

ინდივიდუალურმა ბინათმშენებლობამ ამხანაგობა „მ------------“ 2003 წელს ააშენა და ექსპლუატაციაში გადასცა ქ. თბილისში,მ----–-----------------ში ექვსი საცხოვრებელი კორპუსი (450 ოჯახი), ამავე დროს ამხანაგობამ საკუთარი ხარჯებით მოაწყო 450 ოჯახის ელექტრო მომარაგებისათვის საჭირო გამანაწილებელი ქსელი, რაც მოიცავს: მაღალი ძაბვის ხაზებს; 2 მეგავატი სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგურს; დაბალი ძაბვის ელექტროქსელებს; სააღრიცხვო კვანძებს. ამავე დროს ი.მ.ა. „მ------------“ საკუთარი ხარჯებით მოახდინა ყველა მობინადრის გამრიცხველიანება და 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით თავადვე აწარმოებდა მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორებას ს-------–------“.

 

ი.ბ.ა. „მ------------“ არაერთი მოთხოვნისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალების შემდეგ, 2013 წლის დეკემბრიდან ს------------- უზრუნველყო ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირება და შესაბამისად 2013 წლის დეკემბრიდან მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას ახდენს ს-------–---“.

 

ამხანაგობამ 2013 წლის 10 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს და იმის გამო, რომ ს-------–---“ 1 კვტ.სთ ენერგიაში ი.ბ.ა. ამხანაგობას უკანონოდ ახდევინებდა 12,618 თეთრს (დღგ-ს გარეშე) მოითხოვა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების გატარება.

 

ს-------–---“ 2006 წლის ივლისიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით უკანონოდ ახდევინებდა 1კვტ. სთ ენერგიაში - 12,618 თეთრს (დღგ-ს გარეშე), მაშინ როცა ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 33 დადგენილების თანახმად, ი.ბ.ა. „მ------------“ ს-------–---სათვის“ 2006 წლის ივლისიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გადაეხადა 11,424 თეთრი, 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით 8,424 თეთრი, 2013 წლის 01 აპრილიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით - 8,034 თეთრი. ს-------–---“ ი.ბ.ა. „მ------------------“ 2006 წლის ივლისიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული აქვს 3708765 კვტ.სთ ელექტრონერგია, 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით - 387634კვტ.სთ ელექტროენერგია, 2013 წლის 01 აპრილიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით - 776602 კვტ.სთ ელექტრონერგია. შესაბამისად, ს-------–---“ უსაფუძვლოდ გამდიდრდა 96 139.96 ლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიანტისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს და მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიანტის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ამ შემთხვევაში, აბონენტის მფლობელობაშია ტრანსფორმატორები, არის 6-10 კვ მაღალი ძაბვის მომხმარებელი, მრიცხველები დამონტაჟებულია მაღალი ძაბვის მხარეს და სემეკის 15.05.2006 წლის N18 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე სემეკის 04.12.2008 წლის N33 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც მაღალი ძაბვის მომხმარებელს ერიცხება ტარიფი - 12,618 თეთრი, რომელსაც ემატება დღგ- 18% და საბოლოოდ ერიცხება 0,148892 თეთრი.

 

სემეკს არ გამოუცია აქტი ამ ტარიფით დარიცხვის უკანონობის თაობაზე. 2.2. საცხოვრებელი ბინების გარდა, საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულია კომერციული ფართებიც, ამასთან მშენებლობა არ დასრულებულა, ეს გარემოებებიც ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ აბონენტს ვერ დაერიცხებოდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის დადგენილი პირველი საფეხურის ტარიფი. 2.3. აბონენტს 2006 წლის 01 ივნისიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით ერიცხება დავალიანება 48 375.74 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს, რომ მითითებულ პერიოდში აბონენტს არა აქვს გადახდილი დარიცხული დავალიანება. 2.4. მოპასუხე აპელირებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2002 წლის 13 ივნისს ამხანაგობა „მ------------“ განცხადებით მიმართა სს „ე-----------–-სს“ და მოითხოვა ქსელზე მიერთების მიზნით ტექნიკური პირობის მომზადება. სს „ე-----------–-სის“ მიერ 2002 წლის 14 ივნისს გაიცა ტექნიკური პირობა ტექ -302, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლების ელ. მომარაგების განხორციელების მიზნით ობიექტის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო და დამონტაჟებულიყო სატრანსფორმატორო ქვესადგური 6 კვ-იანი გამანაწილებელი მოწყობილობით 10 უჯრედზე თანდართული პროექტის მიხედვით დამკვეთის სახსრებით, ლიცენზირებული კონტრაქტორის მიერ და ს-------–---ს“ მეთვალყურეობის ქვეშ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოპასუხის ახსნა-განმარტება.

ინვოისი.

ტექ-პირობა.

 

3.1.2.2003 წლის 20 თებერვლის ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ტექნიკური პირობის შესაბამისად შესრულდა სამუშაოები, სატრანსფორმატორო ქვესადგური და მკვებავი კაბელები გაშვებულ იქნა ექსპლუატაციაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის 2003 წლის 16 მაისის აქტის თაანხმად, ობიექტის ელ. ენერგიის ხარჯის აღრიცხვის მიზნით მრიცხველები დაყენებულია მაღალი ძაბვის მხარეს და ობიექტის ელ. მეურნეობის ტექ. მდგომარეობა მაღალი ძაბვის მხარეს დამაკმაყოფილებელია. ელ. მონტაჟი შესრულებულია ელ. დანადგართა მოწყობის წესების დაცვით და ენერგოზედამხედველობა დაეთანხმა აღნიშნული კაბელებისა და ტრანსფორმატორების ქსელზე მიერთებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2003 წლის 16 მაისის აქტი.

 

3.1.4. სს „ე-----------–-სმა“ ამხანაგობა „მ------------“ ობიექტი მიაერთა ქსელზე, აიყვანა აბონენტად და მიანიჭა სააბონენტო ნომერი N4------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2003 წლის 16 მაისის აქტი 1000 ვოლტზე მაღალი

ძაბვის ახალი და რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების

ექსპლუატაციაში მიღებისა და ქსელში მიერთების შესახებ.

 

3.1.5. 2012 წლის 27 დეკემბერს ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა "მ------------" თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა ს-------–---" და აცნობა, რომ 2002 წლის 14 ივნისს სს "ე-----------–-სის" მიერ გაცემული ტექნიკური პირობის N302-ის თანახმად, შესრულდა ყველა პირობა. აშენებულია 6 საცხოვრებელი კორპუსი ბინის საერთო რაოდენობით 360 და 22 საოფისე ფართი. ყველა საცხოვრებელი კორპუსი მიღებულია ექსპლუატაციაში, დღემდე ელექტრონერგიის აღრიცხვა წარმოებს ელექტრო ქვესადგურში დაყენებული ორი მრიცხველით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წერილის ავტორმა, თხოვნით მიმართა ს-------–---" უზრუნველეყო ინდივიდუალური გამრიცხველიანება ყველა მობინადრესთან.

 

2013 წლის 20 მაისს ამხანაგობა "მ------------" თავმჯდომარემ იმავე თხოვნით მიმართა ს-------–---".

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2012 წლის 27 დეკემბრის წერილი.

2013 წლის 20 მაისის წერილი.

 

3.1.6. 2013 წლის 10 ივნისს ინდ. მენაშენეების ამხანაგობა „მ------------“ თავმჯდომარემ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელშიც მიუთითა, რომ ს-------–---“ უკანონოდ ახდევინებს 1კვტ. სთ ელექტრონერგიაში დღგ-ს გარეშე 12,618 თეთრს და ითხოვა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2013 წლის 10 ივნისის წერილი.

3.1.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის წერილის თანახმად, კომიასიამ რეკომენდაცია მისცა ს-------–---“ დაიწყოს ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველების შემოწმება, ბინების მესაკუთრეთა აბონენტებად რეგისტრაცია და მრიცხველების კარადების მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში - მრიცხველების შეცვლა), საკუთარი ხარჯით, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულ წერილში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აპარატის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში ბინების მესაკუთრეების მიერ მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურის საერთო მრიცხველის მიხედვით დარიცხვის ნორმატიულ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამჟამად ირღვევა მომხმარებლის უფლება - გადაიხადოს მოხმარებული ელექტრონერგიის საფასური მოხმარების შესაბამისი ტარიფებით (საფეხურებრივი ტარიფით).

 

წერილის მიხედვით, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობის წერილობით მოთხოვნებზე (2012 წლის დეკემბერი და 2013 წლის მაისი), ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირების თაობაზე, კომპანიას რეაგირება არ მოუხდენია. აღნიშნულის გამო, ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირებამდე საერთო მრიცხველით აღირცხული, მათ მიერ მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დადგენილი პირველი საფეხურის ტარიფით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოპასუხის ახსნა-განმარტება.

2013 წლის 17 ივლისის წერილი.

 

3.1.8. ს-------–----" აბონენტს იმა "მ------------" მიწოდებული ელექტრონერგიის საფასური, სადავო პერიოდში (2006 წლის ივლისიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით), დაარიცხა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ელექტრონერგიის მიწოდების დროს სემეკის მიერ მაღალი ძაბვის (6-10კილოვოლტი) მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა ის გარემოება, 2006 წლის ივლისიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ს-------–---ს" აბონენტს ამხანაგობა "მ------------" მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური უნდა დარიცხვოდა მაღალი ძაბვის მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფით, თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული პირველი საფეხურის (101 კვტსთ ჩათვლით) ტარიფით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილებით დამტკიცებული, "ელექტრონერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებელს ამხანაგობა "მ------------" ელექტროენერგია მიეწოდება მის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ის არის მაღალი 6-10 კვტ ძაბვის მომხმარებელი.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის N18 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 6-10 კილოვოლტი ძაბვის მომხმარებლისათვის განსაზღვრული ტარიფია: 12.618 თეთრი. სემეკის 2008 წლის 04 დეკემბრის N33 დადგენილების მე-10 მუხლის ს-------–---ს" მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ფიქსირებული ტარიფი 6-10 კილოვოლტის შემთხვევაში შეადგენს 12.618 თეთრს.

 

სემეკის N18 დადგენილების მე-12 მუხლის მიხედვით, საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე აბონენტები (მოსახლეობა) ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურს იხდიან პირველი საფეხურის (100 კვტსთ-მდე) ტარიფით. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ს-------–---ს" აბონენტებს 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტრონერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტრონერგიის შესასყიდი ტარიფი განესაზღვრათ 100კვტ.სთ-ის ჩათვლით - 11.424 თეთრი. სემეკის 2008 წლის 04 დეკემბრის N33 დადგენილების მე-13 მუხლის მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, საერთო მოხმარების მრიცხველებით დარიცხვისას, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები (მოსახლეობა) ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში, მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურს იხდიან პირველი საფეხურის (101 კვტსთ ჩათვლით) ტარიფით. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ს-------–---ს" აბონენტებს 220/380ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტრონერგიის შესასყიდი ფიქსირებული ტარიფი 110 კვტსთ-ის ჩათვლით განესაზღვრათ - 11.424 თეთრი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სემეკის N18 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი ნაწილით ელექტროენერგიის ტარიფები მაღალი ძაბვის მომხმარებლისათვის განსაზღვრულია ძაბვის მიხედვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 220/380ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტრონერგიის რაოდენობის მიხედვით. ანალოგიურად სემეკის N33 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ფიქსირებულ ტარიფებს ძაბვების მიხედვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ფიქსირებულ ტარიფებს-220/380ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტრონერგიის რაოდენობის მიხედვით. ამასთან, სემეკის ორივე დადგენილების ზემოთმითითებული მუხლები ადგენს საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების (მოსახლეობის) მიერ ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფს პირველი საფეხურის მიხედვით.

 

სემეკის N20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ელექტრონერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი-საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს-------–---ს" აბონენტად დარეგისტრირდა ამხანაგობა "მ-----------". საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენილე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების მიზნებისათვის, ამხანაგობა არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომლისთვისაც სემეკის N18 და N33 დადგენილებების მე-12 და მე-13 მუხლები ადგენს პირველი საფეხურის ტარიფს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აბონენტს ამხანაგობა "მ------------" სადავო პერიოდში მიწოდებული ელექტრონერგიის ტარიფი სწორად განესაზღვრა მაღალი ძაბვის მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად და არ არსებობდა მოხმარებული ელექტრონერგიის რაოდენობის მიხედვით - 101 კვტსთ-ის ჩათვლით ტარიფის დარიცხვის საფუძველი. აღნიშნულის დასადასტურებლად საყურადღებოა სემეკის 2013 წლის 17 ივლისის რეკომენდაცია, რომლითაც ს-------–---" დაევალა ინდივიდუალური მრიცხველების შემოწმება, ბინების მესაკუთრეთა აბონენტებად რეგისტრაცია და მრიცხველების კარადების მოწესრიგება. სემეკის წერილის მიხედვით, იმ პირობებში, როდესაც ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსში, ამხანაგობის წერილობითი მოთხოვნა ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირების თაობაზე რეაგირების გარეშეა დატოვებული, ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირებამდე, მათი უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, საერთო მრიცხველით აღრიცხული, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის დადგენილი პირველი საფეხურის ტარიფით.

 

ამდენად, სემეკის წერილის შინაარსი ადასტურებს, რომ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებობდა საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელექტრონერგიის საფასურის პირველი საფეხურის ტარიფით დარიცხვის საფუძველი. ამ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებელში იგულისხმება დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში განთავსებული ბინის მესაკუთრეები და არა ამხანაგობა, რომელიც არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებელს და ცალკე აბონენტად არის რეგისტრირებული ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტამდე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელემ სადავო თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა, ამასთან, სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 316-ე, 128-131-ე, 138-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ამხანაგობა "მ-----------" ს-------–---ს” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს ს-------–---ა” და ამხანაგობა "მ------------" შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის ამხანაგობა "მ------------" ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობა "მ------------ა" და ს-------–---" შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2016 წლის ივლისიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მიწოდებული ელექტრონერგიის საფასურის სახით ტარიფი განსაზღვრა 0.148892 თეთრის ოდენობით, სემეკის 2006 წლის 15 მაისის N18 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და სემეკის 2008 წლის 04 დეკემბრის N33 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, 6-10 კილოვოლტი ძაბვის მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფის შესაბამისად.

 

ამდენად, მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის სახით 0.148892 თეთრის დარიცხვა, მოხდა ხელშეკრულების პირობების, კერძოდ, ელექტრონერგიის მიწოდების დროს მოქმედი სემეკის დადგენილებებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სადავო თანხა ამხანაგობის მიერ გადახდილია ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია უფლების განხორციელება - სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი).საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღსასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

საქმეზე ცალსახად დადგენილია, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რაც ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 3 წლიანი ხანდაზმულობის ათვლის საფუძველია. მოსარჩელის განმარტებით, ს-------–----" ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ, სემეკის დადგენილების დარღვევით დაარიცხა მიწოდებული ელექტრონერგიის საფასურის სახით სხვა მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სადავო პერიოდის ბოლოს მიწოდებული ელექტრონერგიის მოხმარებიდან - 2013 წლის ნოემბრიდან წარმოეშვა, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 20 აპრილს ანუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2884.20 ლარის ოდენობით, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. იმა "მ------------" დამფუძნებელი წევრების ქი-----------–-–---–-ს, თ------------–---–ის, თე--------------–---–-ს, გ----------–--------–---–-სა და თეი---------–--–------ს სარჩელი ს-------–---ს" მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია