გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
330210018002603252
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით) - შპს ,,ს------ი"

წარმომადგენელი - მ--------------–ი

მოპასუხე (ძირითადი სარჩელით) - შპს ,,ე-------------------–--------------–--"

წარმომადგენელი - გ--------------–---–ი

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - თანხის დაკისრება

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,ე-------------------–--------------–--"

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,ს------ი"

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--ს“ მოსარჩელე შპს „ს------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 231271,50 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--ს“ მოსარჩელე შპს „ს------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების 35696,84 ლარისა და 26987,29 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს შორის 2017 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შპს „ე-------------------–--------------–--“-მა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სასაწყობო ფართის მშენებლობა მოსარჩელისათვის. შპს „ე-------------------–--------------–--ი“ ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოები დაეწყო სამშენებლო მოედნის გადაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში და დაესრულებინა 180 კალენდარული დღის ვადაში. სამშენებლო მოედანი მოპასუხეს 2017 წლის 25 აგვისტოს გადაეცა, შესაბამისად, სამუშაოები არაუგვიანეს 2017 წლის 26 თებერვლისა უნდა დაესრულებინა. მხარეებმა 2017 წლის 22 სექტემბერს გააფორმებს სამუშაოთა წარმოების გრაფიკი, რომლის თანახმად, პროექტი უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 აგვისტოს და დასრულებულიყო 2018 წლის 28 თებერვალს.

 

მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამუშაოების დროული შესრულება, შენობის ნაწილი დასრულდა 2018 წლის 23 აპრილს, ხოლო მთლიანი ფართით სარგებლობა შპს „ს------მა“ მხოლოდ 2018 წლის 19 ივნისს შეძლო. ვადის გადაცილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის გადახდა, რაც შეადგენს 231271,50 ლარს.

 

ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო სასაწყობე ფართით დროული სარგებლობა, მოპასუხეს ზიანის სახით უნდა დაეკისროს იმ თანხის გადახდა, რასაც ვადაგადაცილების პერიოდში შპს „ს------ი“ იხდიდა ქირის სახით სხვა მესამე პირების სასარგებლოდ. კერძოდ: დაქირავებული საწყობიდან მოსარჩელემ პირველი შიდა გადაზიდვა კუთვნილ მშენებარე საწყობში განახორციელა 2018 წლის 23 აპრილს. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 53 დღეს ქირის სახით გადახდილია 35696,84 ლარი. ხოლო მეორე დაქირავებული საწყობიდან ახალაშენებულ საწყობში პროდუქციის შეტანა მოსარჩელემ შეძლო 2018 წლის 19 ივნისს, 110 დღის დაგვიანებით და ამ პერიოდზე მესამე პირის სასარგებლოდ ქირის სახით გადახდილია 26987,29 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხების გადახდა შპს „ე-------------------–--------------–--ს“ უნდა დაეკისროს ზიანის სახით.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

2.1. მოპასუხე შპს „ს------ს“ მოსარჩელე შპს „ე-------------------–--------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 57793,22 ლარის გადახდა;

2.2. მოპასუხე შპს „ს------ს“ მოსარჩელე შპს „ე-------------------–--------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 18263,22 ლარის გადახდა;

2.3. მოპასუხე შპს „ს------ს“ მოსარჩელე შპს „ე-------------------–--------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 115,59 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებით გაიწერა ხელშეკრულების პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობანი, სამუშაოთა მიღება-ჩაბარებისა და ანაზღაურების, ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მხარეთა პასუხისმგებლობის წესები და სხვა.

 

2017 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტებით შპს „ს------ს“ ჩააბარა საერთო თანხით 4 618 223,22 ლარის სამუშაოები. ამასთან, შესრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელდა, შპს „ს------ს“ შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. აღნიშნული თანხიდან მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს 4 560 430,01 ლარი, ხოლო დავალიანება შეადგენს 57793,24 ლარს, რაც შპს „ს------ს“ უნდა დაეკისროს.

 

ბოლო ანგარიშსწორება შპს „ს------მა“ 2018 წლის 21 ივნისს განახორციელა, რა დროიდანაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - გადასახდელი თანხის 0,2%-ის გადახდა, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 115,59 ლარს.

 

3. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)

 

3.1. მოპასუხემ ძირითადი სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულების შესრულების ვადის 2018 წლის 30 აპრილამდე გაგრძელებისა. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 1 ოქტომბრისა და 2018 წლის 10 აპრილის შეთანხმებებით მოხდა სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა, რაც ძირითადი ხელშეკრულებით არ იყო გაწერილი. ამავდროულად, მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ ვადის გაგრძელებაზე. დამატებითი შეთანხმების ხელმოწერისას მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა სამუშაოების დასრულების თარიღი. ვადის გაგრძელებაზე ის გარემოებაც მიუთითებდა, რომ მხარეებმა 2018 წლის 27 აპრილს ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას თანხის ურთიერთჩათვლის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები არ განახორციელებდნენ სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერას. სამუშაოები მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა, 2018 წლის 30 აპრილს, ხოლო შპს „ს------მა“ ელექტრონულად დაადასტურა მოპასუხის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურები.

 

ზიანის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას მოსარჩელის მხრიდან მის საკუთრებაში არსებული ნაშთების გაზრდა-შემცირება-გადაზიდვის დაგეგმარებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულებით მას არ ეკისრებოდა. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ვადაში, 2018 წლის 30 აპრილამდე. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ სასაწყობე ფართის ნაწილი აითვისა 2018 წლის 4 აპრილს, ხოლო სრული შენობის მშენებლობა დასრულდა 2018 წლის 30 აპრილს. გარდა ამისა, მესამე პირებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები დადებულია 2017 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებამდე, ხოლო ერთ-ერთი მათგანი გაფორმებულია 3 წლის ვადით, რაც მიუთითებს, რომ მოსარჩელე ამჟამადაც სარგებლობს საიჯარო ფართებით. ამდენად, ბუნდოვანია საიჯარო ხელშეკრულებების კავშირი სამშენებლო ხელშეკრულებასა და სამუშაოთა წარმოებასთან.

 

4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)

 

4.1. შპს „ს------მა“ დაადასტურა დავალიანების 57793,33 ლარის არსებობა. ამასთან, განმარტა, რომ შეეძლო ხსენებული დავალიანება გაექვითა საკუთარ მოთხოვნასთან, რის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა 2018 წლის 19 ივლისის წერილით.

 

ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებით არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელში მოყვანილ ფაქტებს და მიუთითა, რომ 2018 წლის 28 თებერვლის ნაცვლად კომპანიამ შპს „ს------ს“ საწყობი სრულყოფილად მზა მდგომარეობაში გადასცა 2018 წლის 19 ივნისს. ამასთან, შპს „ს------ს“ პრეტენზიები აქვს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. შპს „კომპანია ს------სა“ (დამკვეთს) და შპს „ე-------------------–--------------–--ს“ (კონტრაქტორი) შორის 2017 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კონტრაქტორმა აიღო ვალდებულება შეასრულოს საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისი სამუშაო (შენობის აშენება) (მუხლი 1).

 

შესასრულებელ სამუშაოებს წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე თბილისში, ზ--------------------------------------) სასაწყობე შენობის მშენებლობა (მუხლი 2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.08.2017 წლის ხელშეკრულება.

 

5.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებსითვის მყარად შეთახმებული სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 4 010 850,27 ლარით დღგ-ს ჩათვლით შენობისთვის და 418 339,28 ლარით დღგ-ს ჩათვლით შენობის გარშეო და მისასვლელი გზის მოწყობისთვის. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოს მიღების მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (მუხლი 13).

 

მხარეებს შორის 2017 წლის 1 ოქტომბრის დამატებითი შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელშეკრულებო ღირებულების ნაწილში და დაემატა 179 912,30 ლარი დღგ-ს ჩათვლით ბეტონის საწარმოო იატაკის მოწყობისთვის, ხოლო 2018 წლის 10 აპრილის დამატებითი შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულებას დაემატა 16 328,16 ლარი დღგ-ს ჩათვლით დამატებით 42 გრძივი მეტრი საინაღვრე არხისა და ბიოტალის მოწყობისთვის.

 

მთლიანობაში ხელშეკრულების საერთო ღირებელებამ შეადგინა 4 625 430,01 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.08.2017 წლის ხელშეკრულება;

- 01.10.2017 წლის დამატებითი შეთანხმება N-;

- 10.04.2018 წლის დამატებითი შეთანხმება N-.

 

5.1.3. ხელშეკრულებით კონტრაქტორმა იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყება ხელშეკრულებით სამშენებლო მოედნის გადაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში და დაასრულოს სრული სამუშაოების წარმოება 180 კალენდარული დღის ვადაში (მუხლი 10).

 

სამშენებლო მოედნის გადაცემა კონტრაქტორზე უნდა დადასტურდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით. აქტზე ხელისმოწერით კონტრაქტორი ადასტურებს, რომ მან უკვე დაათვალიერა და შეამოწმა სამშენებლო მოედანი, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია და სამშენებლო მოედანზე დასაშვებია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება (მუხლი 4).

 

ასევე სამშენებლო მოედნის დაბრუნება დამკვეთზე უნდა დადასტურდეს მხარეებს შორის გაფორმებული სამშენებლო მოედნის დაბრუნების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტით, კონტრაქტორის სამშენებლო მოედნიდან გასვლიდან არაუგვიანეს 2 კალენდარულ დღეში (პუნქტი 4.7).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.08.2017 წლის ხელშეკრულება;

 

5.1.5. მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტორი აგვიანებს სამუშაოების შესრულებას, დამკვეთი უფლებამოსილია მისცეს კონტრაქტორს წერილობითი შეტყობინება, მიუთითოს დარღვევის შესახებ და დააკისროს კონტრაქტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის ოდენობა შეადგენს სახელშეკრულებო ღირებულების 0,2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევით დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს სახელშეკრულებო თანხის 5%-ს (მუხლი 16).

 

იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი არ აუნაზღაურებს კონტრაქტორს თანხებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, კონტრაქტორი უფლებამოსილია დააკისროს დამკვეთს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლოს მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს სახელშეკრულებო თანხის 5%-ს (მუხლი 16).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.08.2017 წლის ხელშეკრულება;

 

5.1.6. სამშენებლო მოედნის გადაცემა განხორციელდა 2017 წლის 25 აგვისტოს, რაზეც შედგა გადაცემის აქტი. ხოლო 2017 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომლის თანახმად სამუშაოები 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებული 180 დღის ვადა 2018 წლის 28 თებერვალს იწურებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, დანართი #2;

- 25.08.2017 წლის სამშენებლო მოედნის გადაცემის აქტი.

 

5.1.7. შპს „ს------სა“ და სს „ლ--–--ს“ შორის 2014 წლის 1 ივნისიდან არსებობდა იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმად შპს „ს------ს“ იჯარით გადაეცა თბილისში, ქ------------–- მდებარე სასაწყობე ფართები, სადაც 2018 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 23 აპრილამდე შპს „ს------ის“ მიერ გადახდილი ყოველთვიური საიჯარო ქირა დღგ-ს გარეშე შეადგენს 20205,76 ლარს, რაც 53 დღეზე შეადგენს 35696.84 ლარს.

 

ასევე შპს „ს------სა“ და ს-------–-----–-------–----------–-“-ს შორის 2016 წლის 26 დეკემბრიდან არსებობდა იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის თანახმად შპს „ს------ის“ მიერ 2018 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 19 ივნისამდე საიჯარო ქირის სახით გადახდილია ყოველთვიურად 7360,17 აშშ დოლარი, რაც 110 დღეზე შეადგენს 26987.29 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იჯარის ხელშეკრულებები;

- იჯარის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებები;

 

5.1.8. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ე-------------------–--------------–--მა“ შპს „ს------ის“ სასარგებლოდ ჯამში 4 618 223,22 ლარის სამუშაოები შეასრულა, საიდანაც შპს „ს------ს“ ანაზღაურებული აქვს 4 560 430,01 ლარი და დავალიანება შეადგენს 57793,24 ლარს. შპს „ს------ი“ არ უარყოფს დავალიანების 57793,24 ლარის არსებობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მიღება-ჩაბარების ფორმები N-;

- მიღება-ჩაბარების აქტები.

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ სამუშაოები შპს „ე-------------------–--------------–--მა“ ვადაში შეასრულა. ძირითადი სარჩელის მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილისა.

 

ხელშეკრულებით მხარეებმა კონკრეტულად განსაზღვრეს შესრულების ვადები, რაც უკავშირდება სამშენებლო მოედნის გადაცემას და შეადგენს 180 დღეს. სადავო არაა, რომ ვადა მოპასუხეს 2018 წლის 28 თებერვალს ეწურებოდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ 2018 წლის 10 აპრილის შეთანხმება, რომლითაც გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, გულისხმობდა შესრულების ვადების გაზრდასაც. აღნიშნული არ გამომდინარეობს დამატებითი შეთანხმებიდან. შპს „ს------მა“ არ დაადასტურა შესრულების ვადებთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმების არსებობა, კონკრეტული წერილობითი ცვლილება კი ხელშეკრულებაში მხარეებს არ განუხორციელებიათ.

 

რაც შეეხება შპს „ს------ის“ მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერასა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებას, აღნიშნული ადასტურებს ამ დოკუმენტებში ასახული სამუშაოების დასახელებულ ვადებში შესრულებას და დამკვეთის მხრიდან მის მიღებას და არ ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული სამუშაო ვადაში შესრულდა. სამუშაო ვადაში შესრულდა თუ არა ეს უკვე საქმეში არსებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოს შეფასების საგანია, რომლის მტკიცების ტვირთი შემსრულებელს აკისრია. შპს „ე-------------------–--------------–--მა“ ვერ დაადასტურა, რომ შესრულების ვადა შეიცვალა და შესაბამისად, სამუშაოები მის მიერ ვადაში შესრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა, ხოლო მოპასუხემ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვალდებულების ვადაში შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 10.04.2018 წლის დამატებითი შეთანხმება #2.

- მიღება-ჩაბარების აქტები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

5.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასაწყობე ფართის ნაწილი (პირველი სართული) შპს „ს------ს“ სარგებლობაში გადაეცა 2018 წლის 23 აპრილს, ხოლო მთლიანი ფართით სრულუფლებიანად სარგებლობა 2018 წლის 19 ივნისს შეძლო. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა სს „ლ--–--სთან“ და ს-------–-----–-------–----------–-“-სთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები, ასევე სასაქონლო ზედნადებები. სადავო არაა, რომ შპს „ე-------------------–--------------–--ის“ მიერ ასაშენებელი შენობა წარმოადგენდა სასაწყობე ფართს და შპს „ს------ის“ მიზანს სწორედ ფართით დროულად სარგებლობა წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საიჯარო ხელშეკრულებები;

- 23.04.2018 წლის და 19.06.2018 წლის სასაქონლო ზედნადებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე სრულად უნდა დაეკმაყოფილდეს შპს „ე-------------------–--------------–--ის“ შეგებებული სარჩელი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. შპს „ს------ის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 231271,50 ლარის დაკისრების შესახებ.

 

7.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

2017 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებით შპს „ე-------------------–--------------–--მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ს------ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე სასაწყობე შენობის მშენებლობა საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად. კონტრაქტორმა ვერ დაადასტურა სამუშაოების შესრულების ვადაზე დამატებით შეთანხების არსებობა, ხოლო ხელშეკრულებისა და სამშენებლო მოედნის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამუშაოები 2018 წლის 28 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების შესრულება მოპასუხემ ვადაში ვერ უზრუნველყო. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება არ იყო გამოწვეული შპს „ს------ის“ ბრალით.

 

7.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სარჩელის თანახმად მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ვალდებულებას ჯეროვნად და ვადაში შესრულებულად მიიჩნევდა, ხოლო მის ოდენობაზე შედავება არ განახორციელა.

 

ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორის მხრიდან სამუშაოების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრების პირობაზე, რაც შეადგენს სახელშეკრულებო ღირებულების 0,2%. ამავდროულად პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს სახელშეკრულებო თანხის 5%-ს. ხელშეკრულებასა და სახელშეკრულებო ფასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 4 625 430,01 ლარით. ვინაიდან ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით ყოველდღიური პირგასამტეხლო აჭარბებს 5%-ს, შპს „ე-------------------–--------------–--ს“ შპს „ს------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელშეკრულებო თანხის 5%-ის გადახდა, რაც შეადგენს 231 271,50 ლარს.

 

7.2. შპს „ს------ის“ მოთხოვნა ზიანის სანაცვლოდ 35696,84 ლარის და 26987,29 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

 

7.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების ვალადებულებელი გარემოება.

 

კონტრაქტორმა მხარემ ვერ დაადასტურა ვალდებულების ვადაში შესრულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ვადაგადაცილებულ პერიოდზე შპს „ს------ის“ (მოიჯარის) მხრიდან მეიჯარეების სასარგებლოდ იჯარის სახით 35696,84 ლარისა და 26987,29 აშშ დოლარის გადახდა. იჯარის ოდენობებთან დაკავშირებით შპს „ე-------------------–--------------–--ს“ შედავება არ განუხორციელებია. ამდენად, სასაწყობე ფართის მშენებლობის მიმართ შპს „ს------ის“ მიზნების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადაგადაცილებულ პერიოდზე მეიჯარეების ფართების გამოყენებით და მათთვის იჯარის თანხის გადახდით შპს „ს------მა“ განიცადა ზიანი, რასაც ადგილი არ ექნებოდა კონტრაქტორის მხრიდან სამშენებლო სამუშაოები ჯეროვნად, დათქმულ ვადაში რომ შესრულებულიყო.

 

7.3. შპს „ე-------------------–--------------–--ის“ მოთხოვნა დავალიანების 57793,22 ლარის და პირგასამტეხლოს 18263,22 ლარის, ხოლო 2018 წლის 26 ნოემბრიდან ყოველდღიურად 115,59 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

7.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შპს „ს------მა“ დაადასტურა შესრულებული სამუშაოების დარჩენილი დავალიანების 57793,22 ლარის გადაუხდელობა. აღნიშნული საკმარისი საფუძველია შეგებებული სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებისთვის.

 

7.3.2. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა კონტრაქტორის უფლებამოსილება მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, თუკი დამკვეთი არ აანაზღაურებს თანხებს, რაც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0,2%-ს. პირგასამტეხლოს ოდენობა შპს „ე-------------------–--------------–--ს“ დაანგარიშებული აქვს შეგებებული სარჩელის აღძვრამდე პერიოდამდე და შეადგენს 18263,22 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 115,59 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და შპს „ს------ს“ სრულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს ძირითად სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის თანხა 5000 ლარი. ამავე ოდენობით არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეგებებულ სარჩელზე. ვინაიდან ძირითადი სარჩელიც და შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა სრულად, მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

გარდა ამისა, შპს „ს------ს“ იურიდიული მომსახურების მიზნით გადახდილი აქვს 5203,4 ლარი, რომლის ანაზღაურება ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მის სასარგებლოდ.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ს------ი"- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ს შპს ,,ს------ი"- ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 231 271.50 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ს შპს ,,ს------ი"- ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურების გადახდა 35 696.84 ლარისა და 26 987.29 აშშ დოლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ს შპს ,,ს------ი"- ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5000 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ და 5203.4 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

5. შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ს------ი"-ს შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ძირითადი ვალის გადახდა 57 793.22 ლარის ოდენობით;

 

7. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ს------ი"-ს შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა (2018 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდზე) 18 263.22 ლარის ოდენობით;

 

8. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ს------ი"-ს შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 115.59 ლარის გადახდა - 2018 წლის 26 ნოემბრიდან სარჩელის წარმოდგენის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

9. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ს------ი"-ს შპს ,,ე-------------------–--------------–--"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5000 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე