გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
140210017001999612
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001999612

საქმე №2/991-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ა-–--ო“

წარმომადგენელი - თ----ა ს-------ე

მოპასუხე - ნ-----–--ზ ბ----ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ნ-----–--ზ ბ----ეს 2015 წლის 09 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა 8310 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3405 აშშ დოლარი, პროცენტი-3405 აშშ დოლარი, ჯარიმა-1500 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 09 ნოემბერს შპს „ა-–--ოს“ და მოპასუხე ნ-----–--ზ ბ----ეს, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1---/18088, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 3630 აშშ დოლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ის ოდენობით ყოველთვიურად და ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლის 3% ოდენობით.

 

2015 წლის 09 ნოემბერს საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №1---/18088, რომლითაც სესხი უზრუნველყოფილ იქნა ავტომანქანით „ნისან პიკაპით“. მოპასუხემ ეტაპობრივად შეამცირა სესხის ძირი თანხა და საბოლოოდ გადასახდელი დარჩა 3405 აშშ დოლარი.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხეს სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს ამ ვალდებულებების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ნ-----–--ზ ბ----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 4500 აშშ დოლარის ნაწილში (ძირი -3405 აშშ დოლარი და პროცენტი - 1095 აშშ დოლარის ნაწილში), ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 09 ნოემბერს შპს „ა-–--ოს“ და მოპასუხე ნ-----–--ზ ბ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1---/18088, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 3630 აშშ დოლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი - 5%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლის 3% ოდენობით.

 

3.1.2 2015 წლის 09 ნოემბერს საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №1---/18088, რომლითაც სესხი უზრუნველყოფილი იქნა ავტომანქანით „ნისან პიკაპით“.

 

3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მან ეტაპობრივად გადახდებით შეამცირა სესხის ძირი თანხა და გადასახდელი დარჩა 3405 აშშ დოლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები არ გამოვლენილა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დაარღვია ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 402-ე, 403-ე, 623-ე 625-ე, 867-868-ე 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: 4500 (ოთხიათას ხუთასი) აშშ დოლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოაპსუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი ძირი თანხა - 3405 აშშ დოლარი საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1 ნაწილით მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ მხარეებს დამატებითი შეთანხმება სესხის ძირზე სარგებლის დარიცხვის შესახებ არ მომხდარა და მოპასუხეს ფულადი ვალდებულება სესხზე მეტჯერ აღარ შეუსრულებია, სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ პროცენტის-სარგებლის დარიცხვის გაგრძელება შესაძლებელია თუ მხარეები ამის შესახებ დამატებით შეთანხმდებიან ან აღნიშნული დებულება გათვალისწინებული იქნება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის დარიცხვის შესახებ 3400 აშშ დოლარიდან უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1095 აშშ დოლარით მხარეთა შორის 09.11.2015 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 6.5.2 ამავე ხელშეკრულების 7.5, 3.8 და 9.3 პუნქტების ანალიზის საფუძველზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 1500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1500 აშშ დოლარი, სესხის ძირი თანხისა (3405 აშშ დოლარი) და პროცენტის (1095 აშშ დოლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 აშშ დოლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 4500 აშშ დოლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ჯამში 730.14 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 352 ლარი, დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 40 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ა-–--ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნ-----–--ზ ბ----ეს მოსარჩელე შპს „ა-–--ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

 

4. მოპასუხე ნ-----–--ზ ბ----ეს მოსარჩელე შპს „ა-–--ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 40 (ორმოცი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

 

5. მოსარჩელე შპს „ა-–--ოს“ (ს/ნ 204494341) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 30 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300423150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 515.14 (ხუთას თხუთმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარიდან 352 (სამას ორმოცდათორმეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე