გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
020210018002632275
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210018002632275 (2/1802 -18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.12.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე მი------------ა

წარმომადგენელი ხვ---------------ი

მოპასუხე მა----------–-–---–ი

წარმომადგენელი კახ---------------ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 920 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში, როცა მისივე მტკიცებით დაზიანდა საცხოვრებელი ბინა მოპასუხე არ წარმოადგენდა მოსარჩელის მეზობელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მი------------ა ცხოვრობს ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ.23–ში სამსართულიანი სახლის მე–3 სართულზე მდებარე # 39–ე ბინაში - ს/კ 43.31.55.711.01.0--. უფლების რეგისტრაციის თარიღია 20.08.2008 წ, უფლების რეგისტრაციის საფუძველია 13.03.1997 წ ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–ექსპერტიზის აქტი

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 43.31.55.711.01.0--/ მომზადების თარიღი 06/08/2018 წ

 

3.2. მა----------–-–---–ი მოსარჩელის მეზობლად ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 92–ში მდებარე 114,18 მ2 ფართის მქონე საცხოვრებელი ბინის (ს/კ 43.31.55.457.01.---) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრეა 05.06.2017 წ–დან. ბინის შეძენა განხორციელდა 30.05.2017 წ.

 

კორპუსი მშენებარეა, მასზე რეკონსტრუქციის შედეგად დაშენებულია მე–4 სართული. დაშენება გადახურულია მოთუთიებული თუნუქის პროფილირებული ფურცლებით, თუმცა, სახურავის მოწყობის სამუშაოები არ არის დასრულებული. კერძოდ, სახურავს არ აქვს წყალშემკრები ღარები და წყალსაწრეტი მილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 43.31.55.457.01.---/ მომზადების თარიღი 03/08/2018 წ

– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 43.31.55.457.01.---/ მომზადების თარიღი 05/06/2017 წ

–შესაგებელი

–ექსპერტიზის აქტი

 

3.3. აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეები მეზობლები არიან. შენობებს შორის მანძილი 1,1–0,9 მ–ია. მი------------ას ბინის ერთი კედელი წარმოადგენს შენობის მარცხენა გარეთა კედელს. აღნიშნული კედლის შიდა მოპირკეთება, რომელიც მოწყობილია შპალერით, ქვიშა–ცემენტის ხსნარის ბათქაშზე, ატმოსფერული ნალექებისა და ჭარბი სინოტივის ზემოქმედებით მთლიანად დაზიანებულია, ნაწილობრივ ჩამოცვენილია როგორც შპალერის, ასევე ქვიშა–ცემენტის ხსნარის მოპირკეთბა.

 

აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია გვერდით მდგომი შენობის სახურავიდან ჩამოდენილი ნაწვიმარი წყლების ზემოქმედებით. კერძოდ, შენობებს შორის ახლო მანძილმა და მშენებარე შენობის სახურავიდან წყალჩამომშვები სისტემის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია გვერდით მდგომი საცხოვრებელი სახლის კედლის დასველება, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული კედლის შიდა მოპირკეთება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

–შესაგებელი

–ექსპერტიზის აქტი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.4. მი------------ას ბინის დაზიანების აღმოფხვრის სამუშაოს საბაზრო ღირებულება შეადგენს 920 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ექსპერტიზის აქტი

–შპს აუდიტორული ფირმა ლაზიკა აუდიტის აუდიტორული (საექსპერტო–საშემფასებლო) დასკვნა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 413–ე, 992–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე და 103–ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე-409-ე მუხლების საფუძველზე იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე–103–ე მუხლით დადგენილი სტანდარტით მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება თანაბრად. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.

 

საქმის მასალებით მა----------–-–---–ს მოსარჩელის მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 05.06.2017 წ-დან 30.05.2017 წ დადებული ნასყოდობის ხელსეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ სათანადოდ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს – მან ვერ დაამტკიცა, რომ ზიანი დამდგარია ამ თარიღების შემდეგ და ზიანის მიმყენებელია მა----------–-–---–ი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის აქტში, რომელიც ბინის დაზიანებებს და მის მიზეზებს აღწერს, მითითებული თარიღები წინააღმდეგობრივია. აქტი მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დაწყების თარიღია 27.03.2017 წ, დასრულების თარიღი 31.05.2017 წ, აქტი რეგისტრირებულია 31.05.2017 წ, ხოლო შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის ჩატარების საფუძველია მი------------ას პირადი განცხადება თარიღით 27.07.2017 წ. თვითონ ეს განცხადება საქმეში არ არის. მოსარჩელე სადაოდ არ ხდის, რომ ექსპერტიზის დასრულების თარიღია 31.05.2017 წ. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ რომ აქტში არასწორად არის მითითებული მი------------ას მიერ ექსპერისთვის განცხადებით მიმართვის თარიღი 27.07.2017 წ და სინამდვილეში მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა 27.03.2017 წ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია როდის მოხდა დაზიანება და შეეძლო თუ არა ამ დაზიანების მიყენება მა----------–-–---–ს ამ თარიღში. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზა დაიწყო 27.03.2017 წ, ბუნებრივია ამ დროს დაზიანება უკვე არსებობდა, თუმცა ამ მომენტისთვის მარინა ობლიშვილი საფრთხის წყაროს (ბინის) პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, მესაკუთრე არ ყოფილა. შესაბამისად, იგი არ შეიძლება იყოს მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი პირი, ვისაც ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413–ე მუხლის 1–ლი ნაწილით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 200 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის დანაწესებით უნდა დარჩეს სახ.ფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა