გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი"
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე
მოპასუხე - რ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ხ-------------–--–--ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე რ--------------–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 3920.13 ლარის გადახდა, სარგებელის 2631.52 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს 708 ლარის გადახდა და 150 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 23 მარტს შპს ,,მ---------------------ი"-სა და რ--------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა საკრედიტო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N---–----------ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5,3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 252 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ჰონდა ოდისეი.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი რ--------------–---–ის მიერ სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 20.12.2017წ მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ა. სესხი - 3920.13 ლარი;
ბ. სარგებელი - 2017 წლის 23 ივნისის და ყოველი მომდევნო თვის 23 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5,3%, რაც შეადგენს 207.76 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარმოდგენამდე გასულია სრული 12 თვე (23.06.17წ.-დან 23.05.18წ ჩათვლით) და 20 კალენდარული დღე (2018 წლის 23 მაისიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს 2631.52 ლარს (207.76X12+20 დღის სარგებელი 138.40 ლარი);
გ. პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 23 ივნისიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე გასულია 354 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 708 ლარს (354X2);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე რ--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან დაეთანხმა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიციით, მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 23 მარტს შპს ,,მ---------------------ი"-სა და რ--------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა საკრედიტო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N---–----------ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5,3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 252 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ჰონდა ოდისეი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი რ--------------–---–ის მიერ სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 20.12.2017წ მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხი - 3920.13 ლარი, სარგებელი - 2631.52 ლარი, პირგასამტეხლო - 708 ლარი და გირავნობის მოწმობის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა;
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე რ--------------–---–მა სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 3920.13 ლარისა და პროცენტის 2631.52 ლარის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ შპს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე რ--------------–---–მა სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 3920.13 ლარისა და პროცენტის 2631.52 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
შპს მ---------------------სა და რ--------------–---–ს შორის 2017 წლის 23 მარტს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 708 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ ათმაგად შემცირებული ოდენობით - 70.8 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 222.28 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის, 3920.13 ლარისა და პროცენტის 2631.52 ლარის დაკისრების ნაწილში (მთლიანობაში 6551.65 ლარი), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ამ თანხის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 196.54 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6.62 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის (70.8+150) 220.8 ლარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ. ამასთან სარჩელზე უარის თქმის - 637.2 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 19.11 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რ--------------–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 6622.45 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის თანხაა 3920.13 ლარი, სარგებელი 2631.52 ლარი, პირგასამტეხლო 70.8 ლარი;
3. რ--------------–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;
4. რ--------------–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6.62 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. შპს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 12.06.2018წ. №---------- საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 222.28 ლარიდან (გადამხდელი - შპს ,,მ---------------------ი" (ს/ნ 4--------), გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 196.54 ლარი.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-6 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე