გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.01.2019
საქმის ნომერი
080310018002587842
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002587842

საქმე №3/518-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

 

მოპასუხე - ა-----–------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ა-----–------–--ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.06.2017 წლის N4743 ბრძანებით ა-----–------–--ე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტარქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში. 19.06.2017 წელს ა-----–------–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N683 ბრძანებით დამტკიცებული N2882/17 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს’’ სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდება 4 წლამდე ვადით.

 

2018 წლის 02 ივლისის ბრძანების თანახმად, ა-----–------–--ე გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) (პირადი პატაკი) იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ვინაიდან, ა-----–------–--ე დათხოვნილ იქნა ვადაზე ადრე შეარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, N2882/17 კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, მის მიმართ წარმოიშვა ფინანსური ვალდებულება, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს ა-----–------–--ეს დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურეება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ა-----–------–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება მის მიერ კონტრაქტით ნაკისრი ან შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი ვალდებულებების სისტემატიური ან ბრალეული დარღვევის ფაქტი.

 

ა-----–------–--ე 2019 წლის 08 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, რომლისთვისაც იგი მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 19 ივნისს, ა-----–------–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N2882/17 კონტრაქტი და იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია „ I კლასის რიგითი“) თანამდებობაზე. სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2017 წლის 19 ივნისის N2882/17 კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

2017 წლის 19 ივნისის N2882/17 კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- NMOD 4 16 00004743 ბრძანება (იხ. ს.ფ. 15).

- 2017 წლის N2882/17 კონტრაქტი (იხ. ს.ფ.16-23).

 

3.2. დადგენილია, რომ ა-----–------–--ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის დაზვერვის ოცეულის დაზვერვის III ათეულის მზვერავად (საშტატო კატეგორია ,,კაპრალი’’, შტატი N8/1185-01) 2017 წლის 25 აგვისტოდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტის (საშტატო კატეგორია ,,I’’ კლასის რიგითი’’, შტატი N22/223-51) თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.08.2017 წლის ბრძანება (იხ. ს.ფ. 25);

 

3.3. დადგენილია, 2018 წლის 12 ივნისს ა-----–------–--ემ პატაკით მიმართა 32-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურს და დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვის შესახებ ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობა ითხოვა.

 

დადგენილია, რომ ა-----–------–--ეს 2018 წლის 12 ივნისს N MOD 2 18 005 77334 შეტყობინებით ეცნობა, რომ პატაკის საფუძველზე, მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე ეცნობა, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - (3000) სამიათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-----–------–--ის პირადი პატაკი (ი.ხ. ს.ფ. 28)

- შეტყობინება (იხ. ს.ფ. 24)

 

3.4. დადგენილია, საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 ივლისის ბრძანების თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით „თ“ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“ შტატი N8/1185-01), I კლასის რიგითი ა---- ე------ის ძე ც------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 ივლისის ბრძანება (ი.ხ. ს.ფ. 27)

 

3.5. 2018 წლის 05 ივლისის N MOD 1 18 00667874, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის N MOD 1 17 00000469 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N5-ის თანახმად, ირკვევა, რომ ა-----–------–--ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის შეწყვეტამდე ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები (1 წელი და 14 დღე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 05 ივლისის N MOD 1 18 00667874 ცნობა დანართი N5 ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ. ს.ფ. 29)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2017 წლის 19 ივნისს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-----–------–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 19 ივნისს გაფორმდა N2882/17 კონტრაქტი, „სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (კონტრაქტის 1.1 პუნქტი). ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

2017 წლის 19 ივნისის N2882/17 კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 ივლისის ბრძანების თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით „თ“ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“ შტატი N8/1185-01), I კლასის რიგითი ა---- ე------ის ძე ც------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

2018 წლის 05 ივლისის N MOD 1 18 00667874, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 ივნისის N MOD 1 17 00000469 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N5-ის თანახმად, ირკვევა, რომ ა-----–------–--ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის შეწყვეტამდე ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები (1 წელი და 14 დღე), შესაბამისად ა-----–------–--ეს 2017 წლის 19 ივნისის N2882/17 კონტრაქტის 7.3 პუნქტის დარღვევის გამო, ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით. შესაბამისად, მოპასუხე ა-----–------–--ეს უნდა დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს, მოსარჩელეს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ა-----–------–--ეს (პ/ნ 3----------), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი