გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35287-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
23 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - გ--------------ე
მოპასუხე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - გ------------------ი
დავის საგანი - დავალიანების ხანდაზმულად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცნობილ იქნეს გ--------------ეს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის 2011 წლის 02 აგვისტოს დადებული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 წარმოშობილი გ--------------ის დავალიანების ძირი თანხა - 3 137.66 ლარი ხანდაზმულად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
გ--------------ეს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის 2011 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება №1291503. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის დავალიანება განისაზღვრა 4 273 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ დაფარულია 1 135 ლარი, შესაბამისად, მისი დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენს 3 137.66 ლარს.
გ--------------ის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდები ხორციელდებოდა 2011 წლის 04 აგვისტოდან 2015 წლის 27 თებერვლამდე. გადახდების ისტორიის თანახმად, მოსარჩელის მიერ ბოლო გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებულია 2015 წელს. შესაბამისად, 2011 წლის 01 აგვისტოს საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 გამომდინარე მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.
მოპასუხის მიერ დავალიანების თაობაზე ინფორმაცია გადაეცა სს ,,კრედიტ ინფო საქართველო’’-ს, რომლის მიმდინარე მონაცემებითაც გ--------------ე ირიცხება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას აიღოს სესხი პირადი საჭიროებიდან გამომდინარე. მოპასუხე არ ახდენს ნებაყოფლობით დავალიანების ჩამოწერას მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ბოლო გადახდიდან გასულია ხანდაზმულობისათვის დადგენილ სამ წელზე დრო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულების არსებობის და მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე და ცნო წარმოდგენილი სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 02 აგვისტოს გ--------------ეს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №1291503, რომლის თანახმადაც მოსარჩელეზე გაიცა კრედიტი - 4 273 ლარის ოდენობით, 2014 წლის 04 აგვისტომდე. ხელშეკრულების თანახმად კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 25.3%-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.16);
- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ.17-18);
- ხელშეკრულება (ს.ფ.19-30);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2011 წლის 02 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გ--------------ე პერიოდულად ახორციელებდა გადახდებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვები (ს.ფ.32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2011 წლის 02 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 გამომდინარე გ--------------ეს სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა - 3 137.66 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2011 წლის 02 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გ--------------ის მიერ ბოლო გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებულია 2015 წლის 27 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვები (ს.ფ.32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა 2011 წლის 02 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 გამომდინარე დავალიანების ხანდაზმულად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი (ს.ფ.34), მოპასუხე კი უნდა გათავისუფლდეს მის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------------ის სარჩელი სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. ცნობილ იქნეს გ--------------ეს და სს ,,ს----------–--------ი’’-ს შორის 2011 წლის 02 აგვისტოს დადებული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან №1291503 წარმოშობილი გ--------------ის დავალიანების ძირი თანხა - 3 137.66 ლარი ხანდაზმულად;
2. მოსარჩელე გ--------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თიბისი ბანკი’’-ში 06.12.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი: 300773150);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია