გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.01.2019
საქმის ნომერი
080310018002624256
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002624256

საქმე №3/362-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

 

მოპასუხე - გ--------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ--------------–--ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–--ეს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა კონტრაქტი N4---/16. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 04 წლის ვადით. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის“ ხელფასით უზრუნველყოფა.

 

2018 წლის 10 აგვისტოს N 4745 ბრძანების თანახმად, გ--------------–--ე გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის) გამო და იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 19 ივლისიდან.

 

ვინაიდან, გ--------------–--ე დათხოვნილ იქნა ვადაზე ადრე შეარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, N4---/16 კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, მის მიმართ წარმოიშვა ფინანსური ვალდებულება, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს გ--------------–--ეს დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - გ--------------–--ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, იგი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 19 სექტემბერს, გ--------------–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N4---/16 კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ხელშეკრულების 1.1 მუხლი). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით (ხელშეკრულების 3.2 მუხლი).

 

კონტრაქტის 6.1.4 პუნქტის თანახმად, გაუფრთხილდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას, თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება.

 

მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2016 წლის 19 სექტემბრის N4---/16 კონტრაქტი (იხ.ს.ფ.14-21).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის N MOD 7 16 0000 5876 ბრძანების თანახმად, გ--------------–--ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტად (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი), მიენიჭოს პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“ და ჩაირიცხოს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის N MOD 7 16 0000 5876 ბრძანება (ი.ხ. ს.ფ. 22)

 

3.3. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის N4/982-18 დადგენილებით, გ--------------–--ე (პ/ნ 4----------, დაბ 21.03.1994 წ, მცხოვრები: ტყიბულის რაიონი სოფ. წყნორი), ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის N4/982-18 დადგენილება.

 

3.4. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი თავდაცვის პოლკოვნიკის დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევის, I კლასის რიგითი გ------- გ--–--------ის ძე ო----–--ე „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ს „ე“ (სამხედრო სამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის გამო) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის N54 ბრძანების 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დათხოვნილი იქნა საქართველოს შეარაღებული ძალების რიგებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი თავდაცვის პოლკოვნიკის დასკვნა.

 

3.5. დადგენილია, რომ საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს N MOD 3 18 00004745 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის N MOD 2 18 00004311 ბრძანებით სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებულ იქნა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევე, I კლასის რიგითი გ------- გ--–--------ის ძე ო----–--ე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ( ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) და დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 19 ივლისიდან.

 

აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო (სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის წერილი (N MOD 1 18 00785251, 07.08.2018 წ.) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის დადგენილება N4/982-18 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის პირველი აგვისტოს დასკვნა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 14 ივნისის N MOD 1 17 00000469 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N5 თანახმად და მხარის ახსნა-განმარტების მიხედვით გ--------------–--ის მიერ ასანაზღაურებელი სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს 3 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს N MOD 3 18 00004745 ბრძანება (იხ. ს.ფ 23)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2019 წლის 19 ივნისს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს, გ--------------–--ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N4---/16 კონტრაქტი ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2016 წლის 19 სექტემბრის N4---/16 კონტრაქტის 6.1.2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია: მტკიცედ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის სამხედრო ფიცის, წინამდებარე კონტრაქტისა და საჯარისო წესდების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა. 6.1.4 პუნქტის თანახმად, გაუფრთხილდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას, თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება

 

მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისის N4/982 დადგენილების თანახმად, გ--------------–--ე (პ/ნ 4----------, დაბ 21.03.1994 წ, მცხოვრები: ტყიბულის რაიონი სოფ. წყნორი), ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს N MOD 3 18 00004745 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის N MOD 2 18 00004311 ბრძანებით სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებულ იქნა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევე, I კლასის რიგითი გ------- გ--–--------ის ძე ო----–--ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ( ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) და დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 19 ივლისიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო (სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის წერილი (N MOD 1 18 00785251, 07.08.2018 წ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის დადგენილება N4/982-18 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის პირველი აგვისტოს დასკვნა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით კერძოდ გ--------------–--ის უღირსი საქციელის გამო.

 

საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს N MOD 3 18 00004745 ბრძანების თანახმად, გ--------------–--ემ ჩაიდინა უღირსი საქციელი, კერძოდ 2018 წლის 11 ივლისის N801320 ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებისას გ--------------–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხე გ--------------–--ეს ზიანის სახით უნდა დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გ--------------–--ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, 3 000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ--------------–--ეს (პ/ნ 4----------), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი