გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
120210018002581394
კატეგორია
დავის ტიპი
სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2581394-2/643-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ს-------------------------------ი’’

წარმომადგენელი - გ------- გ-–---

მოპასუხე - შპს ,,ა-–-----ი’’

წარმომადგენელი - გ-- ფ---–----–---–ი, დ----- მ-------–---–ი

დავის საგანი - იდენტური სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შპს ,,ა-–-----ს’’ აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში რძესა და რძის პროდუქციის ეტიკეტებზე სიტყვიერი გამოსახულება ,,ა-–-----ის’’ გამოყენება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ,,ს-------------------------------ი’’ 2014 წლიდან ,,ს------ს’’ ბრენდის ქვეშ აწარმეობს ყველს სიტყვიერი აღნიშვნით ,,ა-–-----ი’’.

 

კომპანია დღევანდელი მდგომარეობით არის შესაბამისი სასაქონლო ნიშნის მფლობელი და აღნიშნული უფლება ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების საერთაშორისო ვენის კლასიფიკაციის 29-ე პოზიციაზე (რძე და რძის პროდუქტები) რეგისტრირებული აქვს საქართველოს ი-----–--------–------------------ს ცენტრში „ს----------ი’’.

 

შპს ,,ს-------------------------------ი’’ არის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი სუბიექტი.

 

2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ა-–-----ი’’ აწარმოებს და ეწევა ბაზარზე იდენტური სიტყვიერი აღნიშვნის მქონე ყველის რეალიზაციას. აღნიშნული ფაქტი შეტყობისთანავე შპს ,,ს-------------------------------მა’’ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა სიტყვიერი აღნიშვნა „ა-–-----ის’’ განთავსების აღკვეთა ყველის და ასევე ნებისმიერი ისეთი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც განეკუთვნება რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო კლასს.

 

2017 წლის 15 სექტემბერს მოპასუხის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოპასუხე კომპანია არ აპირებს მოთხოვნის შესრულებას, რადგან კომპანია დაარსდა 2015 წელს შპს ,,ა-–-----ის’’ სახელწოდებით და აწარმოებს რამდენიმე სახეობის ყველს, რომელთა რეალიზაცია სავაჭრო ქსელში ხორციელდება აღნიშვნით ,,ა-–-----ი ყველი’’, საწარმოს სახელწოდებიდან გამომდინარე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, შპს ,,ს-------------------------------ის’’ მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ ნაწარმოებ საქონელზე სიტყვა ,,ა-–-----ის’’ გამოყენება ხდება პროდუქტის ნამდვილი გეოგრაფიული წარმოშობის, მისი ადგილწარმოშობის აღსანიშნავად. ამასთან, საწარმო მდებარეობს ბ---------ის რაიონში, ეკოლოგიურად ა-–----- ზონაში - სოფელ ჭ--------–-ში, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და მესაქონლეობის ტრადიციით. სიტყვა ,,ა-–-----ი’’ საყოველთაოდ გამოიყენება, როგროც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება და წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის დაუცველ ნაწილს, რომელზეც ,,სასაქონლო ნიშნების’’ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ს-------------------------------ი „ს------“-ს ბრენდის ქვეშ აწარმოებს ყველს სიტყვიერი აღნიშვნით „ა-–-----ი“."

 

3.1.2. შპს ,,ს-------------------------------მა" 2017 წლის 8 აგვისტოს დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი 29-ე კლასში შემავალი შემდეგი საქონლისათვის - რძე და რძის პროდუქტები.

 

3.1.3. შპს ,,ს-----------------------------ის" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერია - M-----. სასაქონლო ნიშანის წინა მხარე ნახევარი მოთეთრო, ნახევარი კი მოწითალო ფერისაა, ცენტრში მოთავსებულია წითელი ფერის კვადრატი, მასში კი თეთრი ფერის ქართული ასოებით სიტყვიერი აღნიშვნა - „ს------“. წარწერის თავზე დატანილია თეთრ ფერში წითელი კონტურებით ხელებგაშლილი მამაკაცის გამოსახულება. წარწერა „ს------ს“ ქვემოთ, წითელ ფონზე, თეთრ ფერით ქართული ასოებით წარწერაა - „ა-–-----ი“. ა-–-----ის წარწერის მარჯვნივ მოთეთრო ფერის ყავილის გირგვინია გამოსახული, ხოლო მარცხენა მხარეს - ხარისხის გარანტის ნიშანი, მრგვალი მოთეთრო ფერის. ა-–-----ის წარწერის ქვემოთ, დატანილია გამოსახულება - თეთრი ოვალი, რომელიც გარშემოტყმულია ნახევარი წითელი და ნახევარი ლურჯი ხაზებით (კონტურით) , მასში წარწერით - „ს-----“.

 

სასაქონლო ნიშნის უკანა მხარეს წვრილი ქართული შრიფტით შესრულებულია წარწერები, ასევე დატანილია: წითელი კვადრატი, მასში წარწერით - „ს------“ და თეთრი ოვალი, რომელიც გარშემოტყმულია ნახევარი წითელი და ნახევარი ლურჯი ხაზებით (კონტურით), მასში წარწერით - „ს-----“.

 

3.1.4. შპს ,,ა-–-----ი’’ აწარმოებს ყველს დასახელებით ,,ა-–-----ი ყველი“ და ეწევა ბაზარზე მის რეალიზაციას.

 

3.1.5. შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ წარმოებული ყველის ეტიკეტი წარმოდგენს წრეს, რომელიც არის მწვანე და თეთრ ფერების კომბინაციის. წრის კოტურზე ქართული ასოებით დატანილია წარწერაა - „საქართველოს ა-–-----ი ზ--------“, ასევე ლათინური ასოებით „G---------------------“. ეტიკეტის თეთრ ფონზე, ცენტრში წითელ ფერში ქართული ასოებით შესრულებულია სიტყვა - „ა-–-----ი“, მის ზემოთ დატანილია მწვანე ფერის მთების გამოსახულება, ხოლო „ა-–-----ი“-ს წარწერის ქვემოთ, ღია მწვანე ფონზე შედარებით მუქი მწვანე ფერში შესრულებული სიტყვა - „ყველი სულგუნი“, ასევე ლათინური ასოებით - „SULGUNI“.

 

3.1.6. 2017 წლის 1 აგვისტოს შპს ,,ს-------------------------------ის’’ დირექტორმა მიმართა შპს ,,ა-–-----ს’’ და აცნობა, რომ შპს ,,ს-------------------------------ი’’ 2014 წლიდან აწარმოებს ყველს სიტყვიერი აღნიშვნით ,,ა-–-----ი’’. კომპანია არის აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მფლობელი და შესაბამისი უფლება რეგისტრირებული აქვს საქართველოს ი-----–--------–------------------ს ეროვნულ ცენტრში ს----------ში. შპს ,,ა-–-----ი აწარმოებს და ეწევა ბაზარზე ყველის რეალიზაციას იდენტური სიტყვიერი აღნიშვნით. ითხოვა შპს ,,ა-–-----მა’’ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშვნა ა-–-----ის განთავსების აღკვეთა ყველის და ასევე ნებისმიერი ისეთი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც განეკუთნება რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო კლასს.

 

3.1.7. შპს ,,ა-–-----მა’’ საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ მისი ქმედებით არ არის დარღვეული კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

3.1.8. 2017 წლის 23 აგვისტოს შპს „ა-–-----მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საუთრების ეროვნულ ცენტრს ს----------ს, დანართის სახით წარუდგინა შპს „ა-–-----ის“ მიერ გამოყენებული ეტიკეტი, რაზეც ს----------მა 2017 წლის 7 სექტემბერს №369/03 წერილით აცნობა, რომ დანართის სახით წადგენილი გამოსახულებითი სიმბოლოების იდენტური სასაქონლო ნიშნები ს----------ში არ არის რეგისტრირებული და არც სარეგისტრციოდ შეტანილი. ხოლო მითითებული აღნიშვნის „ა-–-----ი“ შემცველი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ს----------ში სასაქონლო ნიშნების რეესტრში და მისი მონაცემებია: A----------, მფლობელი შპს „ა-–-----ი ყველის პროდუქცია“, კლასი - 29 - .... რძე და რძის ნაწარმი.... ყველი.... კლასი - 31, კლასი - 36, კლასი - 37.

 

ამავე წერილით მიუთითა, რომ „ქართული ყველი“, „იმერული ყველი“ და „სულგუნი“ წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ი-----–--------–------------------ს ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული M----- მოწმობა.

- შპს ,,ს-------------------------------ის’’ 17.08.2017წ. მიმართვა;

- შპს ,,ა-–-----ის’’ 15.09.2017წ. მიმართვა;

- შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ წარმოებული ,,ა-–-----ი ყველის’’ ეტიკეტი;

- შპს ,,ს-------------------------------ის’’მიერ ,,ს------ს’’ ბრენდის ქვეშ წარმოებული ყველი ა-–-----ის სასაქონლო ნიშანი;

- საქართველოს ინტელექტუალური საუთრების ეროვნულ ცენტრს ს----------ის 07.09.2017 წ. №369/03 წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ს-------------------------------ის’’ სასაქონლო ნიშანი ”ს------ ა-–-----ი” და შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ წარმოებული პროდუქციის ეტიკეტი ”ა-–-----ი ყველი” არ არის იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ შესაძლოა მოხდეს მათი აღრევა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანია შპს ,,ს-------------------------------ი” და შპს ”ა-–-----ი” აწარმოებენ ერთი სახის რძის ნაწარმს. მოსარჩელე კომპანია აღნიშნავს, რომ ორივე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ეტიკეტზე არსებობს წარწერა ,,ა-–-----ი’’, რომელთა სიტყვიერი მნიშვნელობა იდენტურია. შესაბამისად მომხმარებელს მათ შეძენისას აუცილებლად გაუჩნდება ასოციაცია, რომ ერთი და იმავე პროდუქციას ყიდულობს და შესაძლოა მოპასუხის მიერ წარმებული პროდუქცია, აერიოს მოსარჩელის მიერ წარმებულ პროდუქციაში. მოპასუხის მტკიცებით შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ ნაწარმოების საქონელზე სიტყვა ,,ა-–-----ი’’ გამოიყენება პროდუქტის ნამდვილი გეოგრაფიული წარმოშობის, მისი ადგილწარმოშობის აღსანიშნავად, საწარმო მდებარეობს ბ---------ის რაიონში, ეკოლოგიურად ა-–----- ზონაში, სოფელ ჭ--------–-ში. ამასთან აღნიშნავს, რომ სიტყვა ,,ა-–-----ი’’ საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება და წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის დაუცველ ნაწილს.

 

სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას სასაქონლო ნიშნებს შორის არსებულ განმასხვავებელ ფაქტორებზე. კერძოდ, შპს ,,ს-------------------------------ის” სასაქონლო ნიშანი არის მომრგვალებული კუთხეების მქონე მართკუთხედი, სასაქონლო ნიშანის წინა მხარე ნახევარი მოთეთრო, ნახევარი კი მოწითალო ფერისაა, ცენტრში მოთავსებულია წითელი ფერის კვადრატი, მასში კი თეთრი ფერის ქართული ასოებით სიტყვიერი აღნიშვნა - „ს------“. წარწერის თავზე დატანილია თეთრ ფერში წითელი კონტურებით ხელებგაშლილი მამაკაცის გამოსახულება. წარწერა „ს------ს“ ქვემოთ, წითელ ფონზე, თეთრ ფერით ქართული ასოებით წარწერაა - „ა-–-----ი“. ა-–-----ის წარწერის მარჯვნივ მოთეთრო ფერის ყავილის გირგვინია გამოსახული, ხოლო მარცხენა მხარეს - ხარისხის გარანტის ნიშანი, მრგვალი მოთეთრო ფერის. ა-–-----ის წარწერის ქვემოთ, დატანილია გამოსახულება - თეთრი ოვალი, რომელიც გარშემოტყმულია ნახევარი წითელი და ნახევარი ლურჯი ხაზებით (კონტურით) , მასში წარწერით - „ს-----“. სასაქონლო ნიშნის უკანა მხარეს წვრილი ქართული შრიფტით შესრულებულია წარწერები, ასევე დატანილია: წითელი კვადრატი, მასში წარწერით - „ს------“ და თეთრი ოვალი, რომელიც გარშემოტყმულია ნახევარი წითელი და ნახევარი ლურჯი ხაზებით (კონტურით), მასში წარწერით - „ს-----“.

 

ხოლო შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ წარმოებული ყველის ეტიკეტი წარმოდგენს წრეს, წრის კოტურზე ქართული ასოებით დატანილია წარწერაა - „საქართველოს ა-–-----ი ზ--------“, ასევე ლათინური ასოებით „G---------------------“. ეტიკეტის თეთრ ფონზე, ცენტრში წითელ ფერში ქართული ასოებით შესრულებულია სიტყვა - „ა-–-----ი“, მის ზემოთ დატანილია მწვანე ფერის მთების გამოსახულება, ხოლო „ა-–-----ი“-ს წარწერის ქვემოთ, ღია მწვანე ფონზე შედარებით მუქი მწვანე ფერში შესრულებული სიტყვა - „ყველი სულგუნი“, ასევე ლათინური ასოებით - „SULGUNI.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებული პროდუქციის შეფუთვაზე სასაქონლო ნიშანი იმდაგვარადაა გამოყენებული, რომ წამყვანი როლი ენიჭება სიტყვას ,,ს------’’, რომელიც მოთავსებულია შუაში წითელი ფერის კვადრატის გამოსახულებაში, ნიშანზე ასევე დატანილია სიტყვა „ს-----“ და ერთობლიობაში ეს სიტყვები მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მთავარი როლი ენიჭება სწორედ აღნიშნულ სიტყვას და მის გონებაში უნდა დარჩეს, როგორც პროდუქტთან დაკავშირებული საქონლის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განმასხვავებელი ნიშნები იმდენად თავლშისაცემია, რომ მომხმარებელი შეძლებს მათზე დაკვირვებით გამიჯნოს ორი განსხვავებული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი და შესაბამისად არ არსებობს ასოციაციური აღრევის შესაძლებლობა.

 

ამასთან, სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას. მარტოოდენ იმის განმარტება, რომ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი და მოპასუხის მიერ წარმოებულ პროდუქციის ეტიკეტზე არსებული წარწერა ,,ა-–-----ი’’ აღრევამდე მსგავსია, არ არის საკმარისი მტკიცებულება. აღნიშნული ფაქტის დადასტურება შესაძლებელია სოციოლოგიური გამოკვლევებით, მომხმარებელთა ბაზრის შესწავლით და ესთეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. მტკიცების ტვირთის ფარგლებში თითოეულ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მითითება, რომელზეც ამყარებს იგი საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს.

 

ამდენად, სასამართლოს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია, ვინაიდან მას მოთხოვნის დასასაბუთებლად არ წარუდგენია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მისი მოსაზრებების მართებულობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს-------------------------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.

 

,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.

 

„ი-----–--------–------------------ს უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).

 

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის თანხმად, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას ს----------ში მათ რეგისტრაციას უკავშირებს.

 

საქართველოს კანონის ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორეს საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებელებმა შეინარჩუნონ თავიანთი იდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად სასაქონლო 1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიამ, როგორც სასაქონლო ნიშნის მფლობელმა მომართა სასამართლოს მისი განსაკუთრებული უფლებების დაცვა-აღდგენის მიზნით, მაგრამ მან ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე კომპანიების მხრიდან დაირღვა მისი უფლებები. მოსარჩელე ,,სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას.

 

უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,ს-------------------------------ი“ წარმოადგენს სასაქონლო ნიშანზე - ,,ს------ ა-–-----ი“ განსაკუთრებული უფლების მფლობელს. აღნიშნული ნიშანი მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს რძესა და რძის ნაწარმზე.

 

შპს ,,ა-–-----ი“ აწარმოებს ყველს დასახელებით - ,,ა-–-----ი ყველი“ და ეწევა ბაზარზე მის რეალიზაციას.

 

განსახილველ საქმეში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას შპს ,,ს-------------------------------ის“ მიერ წარმოებული პროდუქტი სასაქონლო ნიშნით ”ს------ ა-–-----ი” და შპს ,,ა-–-----ის’’ მიერ წარმოებული იგივე საქონელი სასაქონლო ნიშნით ”ა-–-----ი ყველი” არის თუ არა იმდენად მსგავსი, რომ მოხდება ამ ორი კომპანიის მიერ წარმოებული საქონლის აღრევა.

 

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისთვის უნდა გაირკვეს მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტი რამდენად არის მიმსგავსებული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, ამასთან, აქვს თუ არა მოპასუხეს წარმოებული პროდუქციის მახასიათებლად სიტყვა ,,ა-–-----ის“ გამოყენების მართლზომიერი უფლება და ამგვარი გამოყენება ხომ არ ლახავს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტის მსგავსება საკუთარ სასაქონლო ნიშანთან (მაგალითად, ეტიკეტზე არსებული წარწერის ან გამოყენებულ ფერთა მსგავსება). მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს მხოლოდ სიტყვა ,,ა-–-----ის“ გამოყენების ფაქტზე. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტი არ არის მოსარჩელის ეტიკეტის იდენტური ან მასთან მიმსგავსებული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი აღრევა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცულ ნაწილს. მოპასუხე უთითებს, რომ მის მიერ ნაწარმოებ საქონელზე სიტყვა ,,ა-–-----ის’’ გამოყენება ხდება პროდუქტის ნამდვილი გეოგრაფიული წარმოშობის, მისი ადგილწარმოშობის აღსანიშნავად. საწარმო მდებარეობს ეკოლოგიურად ა-–----- ზონაში, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და მესაქონლეობის ტრადიციით. სიტყვა ,,ა-–-----ი’’ საყოველთაოდ გამოიყენება, როგროც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება და წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის დაუცველ ნაწილს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი მიმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულება უშუალოდ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს. გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებს ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს, ამიტომ გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ ,,ს------ ა-–-----ი“ მთლიანად უნდა ჩაითვალოს პროდუქციის დასახელებად. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნიდან და გამოყენებული ეტიკეტიდან ნათლად იკვეთება, რომ პროდუქციის დასახელებაა ,,ს------“, ხოლო ,,ა-–-----ი“ წარმოებული პროდუქციის მახასიათებელია და მიუთითებს იმ გარემო პირობებზე, რაც აღნიშნული პროდუქციის თვისებებს შეიძლება განაპირობებდეს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის ეტიკეტზე სიტყვა ,,ა-–-----ის“ გამოყენება მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან გაიგივებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მომხმარებლისთვის პროდუქციის თვისებებზე ინფორმაციის მიწოდებას, რაც ბუნებრივია მისი პოპულარიზაციის მიზნით ხდება, მაგრამ აღნიშნული თავისთავად, არაკეთილსინდისიერ კონკურენციის გაწევად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მოსარჩელეს არ აქვს უფლება აუკრძალოს მოპასუხეს პროდუქციის მახასიათებლად სიტყვა ,,ა-–-----ის" გამოყენება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,ს-------------------------------ის" სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 100 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ....... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგარმ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო კოდექსის 47-ემუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ‘‘...ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას ... დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.’’

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,ს-------------------------------ს’’ მოპასუხე შპს ,,ა-–-----ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით - 800 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ს-------------------------------ის’’ სარჩელი შპს ,,ა-–-----ის’’ მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე შპს ს-------------------------------ს მოპასუხე შპს ა-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 800 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი