განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-13-19
(№012151218003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:
ბრალდებული გ-----------–------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ს----------–----------–--ე, პირადი №0----------, ს-–----–----------–---თ, ნ----------–--------------ე, დ------------–ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------------;
ადვოკატი: მაკა ბერაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 2------------ე, ქ----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ-----------–------–---–მა თავის არასრულწლოვან 1--–-–-ს შვილს მ---------–------–---–ს მარცხენა ფეხის არეში ესროლა რკინის საფერფლე. აღნიშნული ქმედების გამო მ---------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 1------------ე, ქ----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ-----------–------–---–მა თავის მეუღლეს ლ--–----------–---–ს მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების 1--–-–-ს მ---------–------–---–ის, 1--–-–-ს ლ---------–------–---–ის და 8-–-–-ს მ---------–------–---–ის, თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარცხენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში, ხოლო მუშტი დაარტყა შუბლის არეში. გ-----------–------–---–ის ძალადობრივი ქმედებებით ლ--–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, გ-----------–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ლ--–----------–---–ის, მ---------–------–---–ის, კ---------–--ის და შ--–------------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებას, ლ--–----------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციას და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 31 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გ-----------–------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია, მას ჰყავს სამი შვილი და ერთს აღენიშნება სმენის ფუნქციის დაქვეითება, სწავლობს შესაბამის სკოლაში, დამოკიდებულია მამაზე, რომელსაც დაჰყავს სკოლაში და მასთან ატარებს დიდ დროს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.
ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მხარეს არსებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი მისი საზოგადოებისაგან სრული იზოლაცია და დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად ამ მუხლისათვის დაწესებული სასჯელის მაქსიმალური ვადით. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხეველობაში იღებს, რომ ოჯახის არასრულწოვანი წევრი, რომელსაც აღენიშნება სენსონერვული ხასიათის უმძიმესი მე-4 ხარისხის ორმხრივი სმენაჩლუნგობა და სწავლობს შესაბამის სკოლაში, არსებითად არის დამოკიდებული მშობლებზე, მათ შორის მამაზე, რომელსაც ყოველდღიურად დაყავს სკოლაში და ატარებს მასთან დღის უმეტეს ნაწილს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ბრალდებული უკეთ გააცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და სავალდებულო სწავლების კურსის გავლის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ძალადობრივ ქცევაზე დამოკიდებულება.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
გ-----------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ-----------–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, გ-----------–------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. გ-----------–------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.
3. გ-----------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. გ-----------–------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საფერფლე, რომელიც ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე