გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002695395
საქმე №2/1018-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე: ქ-------------–---–ი
წარმომადგენელი: ი-–-----------–---–ი
მოპასუხე: გ--------–-----–-ძე
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ-------------–---–სა (პ/ნ 2----------, დაბადებული 15.07.1--- წელს) და გ--------–-----–-ძეს (პ/ნ 2----------, დაბადებული 26.02.1--- წელს) შორის, 2010 წლის 15 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა №2----------, სააქტო ჩანაწერი №2----------) შეწყვეტა;
1.2. მოპასუხე გ--------–-----–-ძისათვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილების, მ-------–-----–--ის (დაბადებული 2----–-–------------------------------) და თ------–-----–--ის (დაბადებული 2----–-–----------------–------------------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 100-100 (ას-ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 26 ოქტომბრიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
ქ-------------–---–ი და გ--------–-----–-ძე 2008 წლის 16 სექტემბერს დაქორწინდნენ. 2010 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში გ--------–-----–-ძესთან. მუღლეთა შორის არსებული სისტემატიური უთანხმოების გამო 2018 წლის ივნისის დასაწყისში დაცილდნენ ერთმანეთს. მათ შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და მისი აღდგენა შეუძლებელია. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ-------–-----–--ე (დაბადებული 2----–-–-------------) და თ------–-----–--ე (დაბადებული 2----–-–----------------–-). არასრულწლოვანი შვილები იზრდებიან მასთან, ხოლო მოპასუხე გ--------–-----–-ძე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ, არ ზრუნავს ბავშვებზე, არ ეხმარება მატერიალურად. თვითონ არის უმუშევარი, რის გამოც უჭირს შვილების რჩენა და ფინანსური უზრუნველყოფა. მისი შვილების რჩენა უწევთ მის მშობლებს. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში. მოპასუხე გ--------–-----–-ძე მუშაობს შპს ,,რ---–-’’ და გააჩნია საკუთარი თბილისი-თელავის სამარშუტო ხაზი და თავისი საკუთარი მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით 4--- რომელიც მის მიერ ბანკში აღებული სესხის გამო რეგისტრირებული აქვს გ---------–---–ის საკუთრებაში. მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 (ათას) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გ--------–-----–-ძეს გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი, რომლითაც შეუძლია უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი (იხილეთ ს. ფ. 2-15),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ--------–-----–-ძემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, განმარტა, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ყოვეთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა, მისი არსებული მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს აქვს საკმარისი შემოსავალი და იგი თავს არიდებს შვილებზე ზრუნვას, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მისი ყოველთვიური ხარჯები აღემატება მის შემოსავალს, მითუმეტეს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი ნამდვილად არ წარმოადგენს 1000 ლარს და თუნდაც ამ ოდენობის შემოსავლის არსებობის პირობებშიც კი მისი სასესხო ვალდებულებები აღემატება ამ შემოსავალს და რეალურად მას საარსებო მინიმუმიც არ რჩება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 34-44),მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ-------------–---–ი და გ--------–-----–-ძე 2008 წლის 16 სექტემბერს დაქორწინდნენ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ 2----–-–------------- დაბადებული მ-------–-----–--ე და 2----–-–----------------–- დაბადებული თ------–-----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა №2---------- (ს.ფ.16);
- მ-------–-----–--ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.17);
- თ------–-----–--ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მუღლეთა შორის არსებული სისტემატიური უთანხმოების გამო 2018 წლის ივნისის დასაწყისში დაცილდნენ ერთმანეთს. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე ქ-------------–---–სა და მოპასუხე გ--------–-----–-ძეს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. ინდ/მეწარმე გ--------–-----–-ძე (პ/ნ 2----------) მუშაობს შპს ,,რ-----’’ ავტოსადგურში ხელშეკრულების საფუძველზე მარშუტზე თელავი-თბილისი-თელავი მიკროავტობუსით, რომლის სახელმწიფო ნომერია Y------. თვეში მისი სამუშაო შეადგენს 15 დღეს, ანუ ახორციელებს 15 რეისს.
მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით 4--- რეგისტრირებულია გ---------–---–ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,რ-----’’ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 21);
- ხელშეკრულება (ს.ფ. 22);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 23-24);
- რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 25);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში, არ ეხმარება ფინანსურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. გ--------–-----–-ძის გააჩნია საკუთარი მიკროავტობუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.70);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 (ათას) ლარს.
საქმის მასალებით არ დასტურდება გ--------–-----–-ძის ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი. შემოსავლების სამსახურიდან 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებული წერილის №21-11/15091 მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, 12/12/2018 წლის მდგომარეობით ქ-------------–---–სა და გ--------–-----–-ძეს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდებათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
-შემოსავლების სამსახურიდან 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებული წერილი №21-11/15091 (ს.ფ. 58)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის 100-100 (ას-ასი) ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1106-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ქ-------------–---–ი და მოპასუხე გ--------–-----–-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 15 ივლისიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ქ-------------–---–სა და მოპასუხე გ--------–-----–-ძეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გ--------–-----–-ძემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ქ-------------–---–სა და მოპასუხე გ--------–-----–-ძეს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–------------- დაბადებული მ-------–-----–--ე და 2----–-–----------------–- დაბადებული თ------–-----–--ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვეილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მ-------–-----–--ე და თ------–-----–--ე ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ქ-------------–---–თან ერთად. მოსარჩელე არის უმუშევარი, მოპასუხე გ--------–-----–-ძის დასაქმების ფაქტი საქმის მასალებით დგინდება, ასევე უდავოა მისი შრომისუნარიანობა, ფიზიკური უნარები, შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
საქმეში არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მოპასუხე გ--------–-----–-ძე დასაქმებულია. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით კი გ--------–-----–-ძეს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი. მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია ტერიტორიულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და იგი შრომისუნარიანია.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100-100 (ას-ასი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 26 ოქტომბრიდან მ-------–-----–--ისა და თ------–-----–--ის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქ-------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ქ-------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი.
მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ქ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ქ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად არსებობს მოპასუხე გ--------–-----–-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ქ-------------–---–სა (პ/ნ 2----------, დაბადებული 15.07.1--- წელს) და გ--------–-----–-ძეს (პ/ნ 2----------, დაბადებული 26.02.1--- წელს) შორის, 2010 წლის 15 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №2----------, სააქტო ჩანაწერი №2----------).
3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო ატების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
5. დაეკისროს მოპასუხე გ--------–-----–-ძეს (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------- დაბადებული მ-------–-----–--ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
6. დაეკისროს მოპასუხე გ--------–-----–-ძეს (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–----------------–- დაბადებული თ------–-----–--ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
7. ქ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს ი-–-----------–---–ის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს სს ,,საქართველოს ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, მიმღების ანგარიში: 300863150.
8. დაეკისროს გ--------–-----–-ძეს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი