განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
330100118002640331
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბ--- ხ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---- ი----------ი, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად თბილისი, ფ-------–--------------------------------ში მცხოვრები.

 

ადვოკატები - ი----- ბ----–ია, გ------ მ-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

ა---- ი----------ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით ა---- ი----------ი ცნობილ იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნულის შემდეგ ა---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, საერთო წონოთ 0,6932 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ა---- ი----------მა თბილისში, ფ-------–ის დასახლებაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაწილ-ნაწილ გაასაღა, კერძოდ: 2018 წლის 27 ივნისს 2 ცალ პოლიეთილენის პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინი, წონით 0,0912 გრამი 140 ლარად გაასაღა მოქალაქე გ------- ლ------ეზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 14 ცალ პოლიეთილენის პაკეტად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,602 გრამი, კვლავ გ------- ლ------ეზე გაასაღა 2018 წლის 29 ივნისს 500 ლარად.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ლ------ემ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად დაახლოებით 6 თვის წინ მივიდა ფ-------–აში და გაიცნო ბრალდებული ა---- ი----------ი, სახელით - ა-–---, მისი რეალური სახელი და გვარი მოგვიანებით გაიგო. ა---- ი----------მა შესთავაზა 50 ლარად ნარკოტიკული საშუალების - 1 ცალი ,,სირეცის“, იგივე ჰეროინი შეძენა. აღნიშნულის შემდეგ ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურად ყიდულობდა დაახლოებით 400-500 ლარის ნარკოტიკულ საშუალებას, დაფასოებულს 10 პაკეტად. შეხვედრაზე მობილური ტელეფონის საშუალებით თანხმდებოდნენ და ყოველთვის ერთსადაიმავე ადგილას ერთ-ერთ ქუჩის ჩიხში ხვდებოდნენ, სადაც მათ გარდა არავინ იმყოფებოდა და ვერავინ ხედავდა, ამასთან ბრალდებული ხან ნიღბით ხან ნიღბის გარეშე მიდიოდა. 2018 წლის 27 ივნისს ნაცნობ ზ----- ც-----ას თხოვა ფ-------–აში წაყვანა, დანიშნულების ადგილას მისვლისას გადავიდა ავტომანქანიდან და 1000 ლარად 15 ცალად დაფასოებული ,,სირეცი“ შეიძინა ბრალდებულისაგან, ისე, რომ შეძენის ფაქტი ზ-----ს არ დაუნახავს. ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ დაბრუნდა ავტომანქანაში. თბილისის სამართალდამცავმა ორგანოს თანამშრომლებმა გადაუკეტეს გზა და ჩატარდა სპეცოპერაცია. გ------- ლ------ემ სცადა მტკიცებულების გადაყლაპვა, კერძოდ 15 პაკეტიდან 13 გადაყლაპა, 1 ცალი ავტომანქანაში დაუვარდა და შესაბამისად ავტომანქანიდან იქნა ამოღებული, ხოლო დარჩენილი 1 ცალი ამოუღეს პირის ღრუდან, რადგან ვერ მოასწრო გადაყლაპვა, შესაბამისად დაადასტურა, რომ ამოღებული 2 ცალი პაკეტი იყო მისი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა მისი თვალწინ და ლუქს მოაწერა ხელი. 2018 წლის 29 ივნისს ბრალდებულისგან კვლავ იყიდა 14 ცალი ნარკოტიკი, თუმცა ამ დროისათვის აღჭურვილი იყო ვიდეო ჩამწერი აპარატურით, შეხვედრისას ა---- ი----------ს უთხრა, რომ იმავე დღეს შესაძლებელი იყო ხელმეორედ მისულიყო ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. აღნიშნულ დღეს შეძენილი 14 ცალი პაკეტი, გადასცა გამომძიებელს, რომელიც ელოდებოდა იქვე ფ-------–ის გზაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულთან კომუნიკაციისას სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით 5-----------. ჯამში ა---- ი----------ისგან დაახლოებით 30 000 ლარის ნარკოტიკული საშუალება აქვს შეძენილი. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტულ ჩიხში ხვდებოდნენ იმიტომ, რომ იქ ვერავინ დაინახავდა მათ, ამასთან კონკრეტულ შეხვედრის ადგილზე მისვლისას ბრალდებული დაახლოებით 10-15 მეტრში ხედავდა მას, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ის მარტო არ მივიდოდა და ბრალდებული დაინახავდა სხვა პირთან ერთად - არ შეხვდებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- ც-----ამ განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივნისს დაუკავშირდა გ------- ლ------ე, რომელსაც დაახლოებით 4-5 წელია იცნობს და მეგობრობს და თხოვა ფ-------–აში წაყვანა, რათა შეეძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მივიდნენ ფ-------–აში, ცენტრალური გზიდან გ-----------იას ან ც----------–ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჩიხში, გ------- ლ------ე დაახლოებით 7-8 წუთით გადავიდა ავტომანქანიდან, თავად ავტომანქანაში ელოდებოდა, რადგან პიროვნება, რომელიც გ------- ლ------ეს ხვდებოდა თავს არიდებდა უცხოებთან ურთიერთობას. თბილისში დაბრუნებისას კ-------ას ქუჩაზე, საცობში დგომისას, ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადავიდნენ პოლიციელები და ჩაამსხვრიეს მისი ავტომანქანის შუშა, სავარაუდოდ იფიქრეს, რომ არ დაემორჩილებოდნენ და მითითების შეთხვევაში არ ჩაუწევდნენ შუშას. პოლიციელების დანახვისას გ------- ლ------ეს ხელში ეჭირა ნარკოტიკული საშუალება, ხელი წაიღო პირისკენ და მიაყოლა წყალი. ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, მარცხენა სავარძელზე, რომელზეც გ------- ლ------ე იჯდა ნაპოვნი იქნა 1 ცალი პატარა ნივთიერება, რომელიც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. ამოღებული ნივთიერება დაილუქა მისი თანდასწრებით და მოაწერა ხელი. მოწმემ განმარტა, რომ ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ამჟამად არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას და მკურნალობს მეტადონის პროგრამით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ არის------------–----–--------–---------–-–-------------------ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2018 წლის 25 ივნისს მიიღო ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი გ------- ლ------ეს შესაძლოა პირადად ან/და საცხოვრებელ სახლში ქონოდა ნარკოტიკული საშუალება. 2018 წლის 27 ივნისს კი მიიღო ინფორმაცია, რომ გ------- ლ------ემ თბილისში, სოფელ ფ-------–აში მოქალაქე ა---- ი----------ისგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება და გადაადგილდებოდა თბილისის მიმართულებით ,,ნ----ის“ ფირმის ავტომობილით მეგობარი ზ----- ც-----ასთან ერთად. მიღებული ინფორმაცია ასახა პატაკში და დაიწყო გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ტ-------ემ განმარტა, რომ არის შ--------–---------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება 2018 წლის 25 ივნისს ი-----–- გ--–-–---–ის პატაკის საფუძველზე. გ------- ლ------ის პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა თბილისში, კ-------ას ქუჩაზე, რა დროსაც ავტომანქანას, რომელშიც იჯდა ეს უკანასკნელი ჩაამტვრიეს გვერდითი მინა, რადგან გ------- ლ------ე ანადგურებდა მტკიცებებს. ჩხრეკისას ამოღებული პაკეტები დაილუქა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. გ------- ლ------ის გამოკითხვის შემდეგ დაიწყო ფარული საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გ------- ლ------ემ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც დაუყოვნებლივ დაილუქა და შემდეგომ გადაიგზავნა შესაბამის საექსპერტო კვლევისათვის. ბრალდებული დააკავეს მეზობლის ეზოში, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დანახვისას მან სცადა გაიქცა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- კო-----–---–მა განმარტა, რომ არის------------–----–--------–---------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე. მოცემულ საქმესთან დაკავშირები მონაწილება მიიღო პირად ჩხრეკასა და ავტომობილის ჩხრეკაში. ავტომანქანის ჩხრეკისას სავარძლიდან ამოიღეს პატარა ზომის შეკვრა, რაც დაილუქა ადგილზევე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----–--–---–---–მა განმარტა, რომ არის------------–----–--------–---------–-–-------------------ის დეტექტიური სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. ა---- ი----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მან როგორც ჯგუფის წევრმა გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ს-----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს------------–----–--------–---------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს მ--------------–--ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მოცემული საქმის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ა---- ი----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რასაც ესწრებოდა ა---- ი----------ის ძმა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რამდენიმე მობილური ტელეფონი, გარკვეული ფულადი თანხა და იმდროისათვის უცნობი - მუქი ფერის ნივთიერება, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზევე და გაკეთდა სათანადო ხელმოწერები, როგორ თარჯიმნის, ისე ბრალდებულის ძმის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ შ----–---–მა განმარტა, რომ არის თ---–--------–-–--------------------------------------------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დაკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე შ------- კ--–-----ემ განმარტა, რომ ის არის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნები.

2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N--------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „გ------- ლ------ისგან ამოღებული 14 ცალი ე.წ. ჩეკი...“ მოთავსებულ შენაფუთებზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის მამრობით სქესის პირს, განსხვავდება გ------- ლ------ის (ექსპერტის N--------- დასკვა) გენეტიკური პროფილისგან.

2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული N--------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ექსპერტის დასკვნაში N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ობ.N1-ის გენეტიკური პროფილი და ა---- ი----------ის (პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებულ ა---- ი----------ი პირის ღრუდან“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

მოწმემ განმარტა, რომ ორივე შემთხვევაში ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ამასთან, გენეტიკურ ექსპერტიზაში ცდომილება არ არსებობს, ან ეკუთვნის გენეტიკური პროფილი პირს ან არა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---- ი----------მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მას კავშირი არ აქვს მოცემულ დანაშაულთან, არ იცნობს გ------- ლ------ეს, კადრებში თავად არ არის გამოსახული და არც გ-----------იას ქუჩაზე არ არის გადაღებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაფიქსირებული კადრები, კადრში ჩანს ც----------–ის ქუჩა, რომელიც არ არის მის სახლთან ახლოს, დაახლოებით 100 მეტრშია. ხმის ნიმუშის მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან არ ენდობა გამოძიებას. მისთვის უცნობია ვინ არის გამოსახული ვიდეოჩანაწერში. არ იცის ვის ეკუთვნის მობილური ოპერატორის ნომერი 5----------- და მისთვის უცნობია, როგორ იქნა ამოღებული მისი სახლიდან. ასევე უცნობია, როგორ აღმოჩნდა მისი ბიოლოგიური მასალა - გენეტიკური პროფილი გ------- ლ------ისაგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე. ნარკოლოგიური შემოწმებისთვის სისხლი აუღეს და არ შეუთავაზებიათ შარდის აღება. პოლიციის მისვლისას გაიქცა იმიტომ, რომ წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე ფიქრობდა, რომ ჩაუდებდნენ ნარკოტიკული საშუალება, რადგან მსგავსი ინფორმაციას ფლობდა სხვა პირების მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 25 ივნისს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 25 ივნისის------------–----–--------–---------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს უფროსს ი----- ს----ას პატაკის თანახმად გ------- ლ------ე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და როგორც პირადად, ისე საცხოვრებელ სახლში ინახავს ნარკოტიკულ საშუალებებს.

 

2018 წლის 27 ივნისის------------–----–--------–---------–-–-------------------ის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე გ------- გ--------ის პატაკის თანახმად გ------- ლ------ემ თბილისში ფ-------–ის დასახლებაში ა---- ი----------ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება და ზ----- ც-----ასთან ერთად გადაადგილდება, ამ უკანასკნელის ,,ნ----ის“ ფირმის ,,მ----ის“ მოდელის ავტომანქანით (სახ. ნომრით F--------) ვაკე-საბურთალოს რაიონის მიმართულებით და სავარაუდოდ გაივლიან კ-------ას ქუჩას.

 

2018 წლის 27 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ამოღებული იქნა გ------- ლ------ის ასფალტზე დაწვენისას პირიდან გადმოვარდნილი პოლიეთილენის პაკეტი, ე.ი. ჩეკი. ოქმის შინაარსი ხელმოწერით არის დადასტურებული ბრალდებული მიერ.

 

2018 წლის 27 ივნისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისში, კ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ფერის ,,ნ----ის“ ფირმის ,,მ----ის“ მოდელის (მარჯვენა საჭიანი) ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით F--------), წინა მარცხენა - მგზავრის სავარძლიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

 

2018 წლის 29 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად გ------- ლ------ისაგან ამოღებული იქნა 14 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

 

2018 წლის 2 აგვისტოს დაკავების ოქმის თანახმად დაკავებისას ა---- ი----------მა სცადა გაქცევა და ბეტონის გამყოფ კედელზე გადახტა, რა დროსაც მიიღო მარჯვენა ფეხის ტრამვა, დაკავებული იქნა მეზობლის - ე-–---- ი----------ის ეზოში.

 

2018 წლის 2 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ა---- ი----------ის

საცხოვრებელი სახლის - მდებარე თბილისში სოფელი ფ-------–აში, გ----------------------ში ამოღებული იქნა 4 ცალი მობილური ტელეფონი, ორი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში შეხვეული მუქი ფერის ნივთიერება და ფულადი თანხა, საერთო ჯამში 5028 აშშ დოლარი და 1710 ლარი.

 

2017 წლის 7 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად ა---- ი----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2007 წლის 17 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, 2013 წლის 29 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე) და 2017 წლის 2 მაისის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ა---- ი----------ს სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერი და ნარკოტიკული საშუალება.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ ა---- ი----------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ლ------ემ დაადასტურა, რომ ის ხშირად ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს ბრალდებულ ა---- ი----------ისგან, მათ შორის 2018 წლის 27 და 29 ივნისს. მათი შეხვედრის ადგილი მდებარეობდა ფ-------–აში, ერთ-ერთ ქუჩის ჩიხში, სადაც ვერავინ ხედავდა. 2018 წლის 27 ივნისს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად წაიყვანა მეგობარმა ზ----- ც-----ამ, თბილისში დაბრუნებისას სამართალდამცავმა ორგანოს თანამშრომლებმა გააჩერეს, რის გამოც სცადა ნარკოტიკის გადაყლაპვა, კერძოდ 15 პაკეტიდან 13 გადაყლაპა, 2 პაკეტი კი ამოიღეს, კერძოდ 1 ცალი ავტომანქანიდან, 1 ცალი კი მისი პირის ღრუდან.

 

2018 წლის 27 ივნისს ფ-------–აში, ერთ-ერთ ჩიხში ნარკოტიკის შესაძენად გ------- ლ------ის მიყვანის ფაქტი დაადასტურა ასევე ზ----- ც-----ამ და განმარტა, რომ მივიდნენ ფ-------–აში, ცენტრალური გზიდან გ-----------იას ან ც----------–ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჩიხში, მანვე დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ თბილისში მათი შეჩერების და 2 პაკეტი ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი.

 

2018 წლის 27 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ამოღებული იქნა გ------- ლ------ის ასფალტზე დაწვენისას პირიდან გადმოვარდნილი პოლიეთილენის პაკეტი, ე.წ. ჩეკი, ასევე 2018 წლის 27 ივნისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისში, კ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ფერის ,,ნ----ის“ ფირმის ,,მ----ის“ მოდელის (მარჯვენა საჭიანი) ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით F--------), წინა მარცხენა - მგზავრის სავარძლიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

 

უდავოდ ცნობილი 2018 წლის 28 ივნისის საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ------- ლ------ის პირადი ჩხრეკისას მისი პირის ღრუდან ამოღებული მოყვითალო პოლიეთილებნის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით 0,0829 გრამი (ობ. N2) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,0510 გრამს.

ზ----- ც-----ას მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანიდან ამოღებული მომწვანო პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წონით 0,0668 გრამი (ობ. N1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 0,0402 გრამს.

 

გ------- ლ------ემ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 ივნისს ბრალდებულ ა---- ი----------თან შესახვედრად წავიდა ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი და შეიძინა 14 ცალი პაკეტი ნარკოტიკული საშუალება.

 

ექსპერტიზის 2018 წლის 20 აგვისტოს N--------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ გ------- ლ------ისგან ამოღებული 14 ცალი პაკეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის მამრობით სქესის პირს, განსხვავდება გ------- ლ------ის გენეტიკური პროფილისგან, თუმცა 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული N--------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ექსპერტის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ობ.N1-ის ანუ გ------- ლ------ისაგან ამოღებულ 14 ცალ პაკეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი და ა---- ი----------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია, რაც ცხადაია ადასტურებს ა---- ი----------ის შემხებლობას აღნიშნულ პაკეტებთან.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის დასკვნის თანახმად კი პოლიეთილენის ნაჭერში 14 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით ნოტიო მდგომარეობაში - 1,32 გრამი, წარმოადგენს ერთნაირ ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლის მქონე კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, საერთო წონით გამოშრობის შემდეგ 1,11 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა - 0,602 გრამი.

 

სასამართლო ვერ გაზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ლ------ისაგან ამოღებულ 14 პაკეტზე გამომძიებლებმა წაუსვეს ა---- ი----------ის ბიოლოგიური მასალა, ვინაიდან აღნიშნულის დასამტკიცებლად დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, ამასთან ბრალდებულმა თავის მხრივ ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლებს მის წინააღმდეგ, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც ამ პირების საქმის შედეგით დაინტერესებაზე მიანიშნებდა.

 

შეჯიბრებითობის პირობებში ცხადია სასამართლო მხარის რაიმე ვერსიას პირდაპირ- სათანადო მტკიცებულებების გარეშე, უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს, მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულს მხარე აცხადებს.

მტკიცებულების გარეშე დაცვის მხარის განმარტება დნმ-ის დალუქულ პაკეტებზე დატოვების შესახებ არის არასერიოზული და მიმართულია სასამართლოს შეცდომაში შეყვანისა და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ.

 

ასევე ძალიან არარეალისტურია ადვოკატის დაშვება, რომ შესაძლებელია ნარკოტიკულ საშუალებას ასაღებდა არა ა---- ი----------ი არამედ მასთან ერთად მცხოვრები რომელიმე ნათესავი, თანაცხოვრების პირობებში კი შესაძლებელია რეალურმა გამსაღებელმა გამოიყენა ა---- ი----------ის მიერ ხელშეხებული პოლიეთილენის პაკეტი ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა პაკეტებზე ბრალდებულის გენეტიკური მასალა. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია მოწმე გ------- ლ------ის ინტერესი ა---- ი----------ს დააბრალოს არ ჩადენილი ქმედება და ეს იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის განმარტებით მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია გ------- ლ------ესთან და პირველად ნახა მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ გამომძიებელმა კლინიკაში მოთავსებული ბრალდებულისაგან მოიპოვა ბიოლოგიური მასალა და გამოიყენა მტკიცებულების ფაბრიკაციისათვის.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მთელ რიგ ეჭვებს ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალების ლუქებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ დაადასტურა, რომ ლუქისა და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ იყო, ხოლო უდავოდ ცნობილი ექსპერტების მიერ გაცემულ დასკვნაში ლუქთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის შესახებ მითითებული არ არის, ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი დაცვის მხარეს ქონდა შესაძლებლობა დაეკითხა და დაესვა შესაბამისი კითხვები შესაბამისი ექსპერტებისათვის, რაც ცხადია მის ეჭვებს ამ კუთხით დაადასტურებდა ან გააბათილებდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად დგინდება, რომ ა---- ი----------ის მიერ შეძენილი, შენახული და გ------- ლ------ეზე გასაღებული - 0,6932 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

გარდა ამისა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი - ფარული ვიდეოჩანაწერისა და სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული კრებსითი მასალა ადასტურებს ბრალდებულის მეირ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და სრულ შესაბამისობაშია მოწმე გ------- ლ------ის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

2007 წლის 17 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა---- ი----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელია მისი ნასამართლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, ა---- ი----------ს სასჯელის ზომად განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---- ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა---- ი----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

2. ა---- ი----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ა---- ი----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 აგვისტოდან;

4. ა---- ი----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. გ------- ლ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,0510 გრამი და 0,602 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ასევე ,,ნ----ის“ მარკის ,,მ----ის“ მოდელის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0,0402 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც ინახება ქ-------–---------–-–--------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს;

საქმეზე წარმოდგენილი სხვა ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი