გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2203-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა გერმანიშვილი, ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - თ-------–------ია
მოპასუხე - სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტი“
წარმომადგენლები - ამ--------–---–-–---–ი, თ------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მისი შეწყვეტა და შედეგების აღმოფხვრა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტს“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც საპრეტეზიო კომისია (იგივე გასაჩივრების კომისია) განიხილავს მოსარჩელის მიერ სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ დასკვნით შეფასებას;
1.2. დაევალოს სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტს“ ქმედების განხორციელება - მოსარჩელის დაშვება სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ განმეორებით გამოცდაზე;
1.3. სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტის“ მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ქმედების შეწყვეტა და მისი შედეგების აღმოფხვრა;
1.4. სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტს“ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 3 333 (სამი ათას სამასოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტის“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ-------–------ია (პ/ნ 19--------1) 2017 წელს ჩაირიცხა ი-–---------–-–------------------ეტში სწავლების სამაგისტრო საფეხურზე (ჩარიცხვის ბრძანება N27----- 02.10.2017) და ამჟამად არის სამართლის სკოლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. პროგრამა - საჯარო სამართალი და პოლიტიკა.
2017 წლის 18 სექტემბერს ი-–---------–-–------------------ეტსა და თ-------–------იას შორის გაფორმდა ხელშეკრულება NM--------. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში მიღებული შუალედური ან/და დასკვნითი შეფასებები უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, სტუდენტთა ეთიკის კოდექსი, შინაგანაწესი და უნივერსიტეტში დადგენილი რეგულაციები. სტუდენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის რეპუტაციას და პრესტიჟს, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სტუდენტები სასწავლო პროცესის დაწყებამდე და მის განმავლობაში სასწავლო კურსებზე რეგისტრირდებიან დამოუკიდებლად, უნივერსიტეტის ჩარევის გარეშე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ საშუალებით (). სტუდენტი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს ,,არგუსის“ ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მოხმარების წესს და თანმიმდევრულად აირჩიოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსები პროგრამა ,,არგუსის“ გააქტიურების პერიოდში.
მითითებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტისთვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება პლაგიატი (სრულად ან ნაწილობრივ სხვისი ნამუშევრის გადაწერა ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე ან საბაკალავრო/სადისერტაციო/სამაგისტრო თეზისის ყიდვა).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ ი-–--------–-–-------------------ტის სამართლის სკოლის დეკანის მიერ 22.03.2018 წელს გაცემული N09----- ცნობა;
-18.09.2017 წლის ხელშეკრულება NM-------- (ს.ფ. 206-211);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. 2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრში თ-------–------ია სხვა საგნებთან ერთად გადიოდა სალექციო კურსს საგანში - ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“.
აღნიშნული საგნის სილაბუსის მიხედვით, ლექტორებს წარმოადგენენ: ვ----–----------–--- და გი--------------ე, ხოლო შეფასების წესი შემდეგია: შეფასება 100 ქულიანი სისტემით მიმდინარეობს. ქულები გადანაწილდება და ისაზღვრება ამგვარად: (A) 91-100 ფრიადი, (B) 81-90 ძალიან კარგი, (C) 71-80 კარგი, (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი, (E) 51-60 საკმარისი, (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება, (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი. მონაწილეობა - 15%, ჯგუფური პრეზენტაცია - 25%, შუალედური გამოცდა - 30%, საბოლოო გამოცდა - 30%. საბოლოო გამოცდა - სტუდენტი რამდენიმე დღის ვადაში, ინდივიდუალურად, წერილობით მოამზადებს პოლიტიკურ ბარათს (Policy Brief) უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ საკითხზე (არაუმეტეს 1200 სიტყვისა).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის სამართლის სკოლის მიერ 04.04.2018 წელს გაცემული სტუდენტის სასწავლო ბარათი N1------ (ს.ფ. 21-22);
-სილაბუსი საგანში ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ (ს.ფ. 55-63);
3.3. 2018 წლის 02 თებერვალს სასწავლო კურსის - ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ ლექტორმა დ---------------–---მ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ საშუალებით მიწერა თ-------–------იას და აცნობა, რომ ფინალური გამოცდის დავალებაა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე პოზიციის ანუ იგივე პოლიტიკური ბარათის (policy brief) დაწერა. მისი დაწერის და ლექტორების იმეილებზე (dsikharulidze@gmail.com , giorgimuchaidze@gmail.com ) გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 თებერვალი. პოლიტიკური ბარათის თემაა - ,,საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობა დეოკუპაციისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“. ამასთან, ლექტორმა მიუთითა, რომ ვინც არ იყო ბოლო ლექციაზე, პოლიტიკური ბარათის დაწერის ფორმატისა და შინაარსის სახელმძღვანელო ინსტრუქციები შეეძლოთ წაეკითხათ სასწავლო მასალებში ატვირთულ ფაილში სახელწოდებით - Policy Brief – Guidelines.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსიდან“ (ს.ფ. 24);
3.4. უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე პოზიციის (Policy Brief) მოსამზადებლად სახელმძღვანელო სტრუქტურა და პრინციპები სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსზე“ ატვირთულია 2017 წლის 2 თებერვალს.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე პოზიციის (Policy Brief) სტრუქტურა მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1. თემის სათაური; 2. მოკლე შეჯამება: დოკუმენტში აღწერილი პრობლემის და რეკომენდირებული პოლიტიკის მოკლე შეჯამება (არაუმეტეს 150 სიტყვისა); 3. საკითხი: საკითხის აღწერა; საკითხის მნიშვნელობა; არსებული ვითარების მიმოხილვა; ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის მიმოხილვა; 4. მისაღწევი მიზანი/მიზნები; 5. შესაძლო ალტერნატიული პოლიტიკური მიდგომები; 6. თითოეული მიდგომის ნაკლი და უპირატესობა; 7. რეკომენდირებული პოლიტიკა და მისი მხარდამჭერი არგუმენტაცია; 8. ინფორმაციის წყაროები.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე პოზიციის (Policy Brief) მოსამზადებლად სახელმძღვანელო სტრუქტურა და პრინციპები (ს.ფ. 96);
-ინფორმაცია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე პოზიციის (Policy Brief) მოსამზადებლად სახელმძღვანელო სტრუქტურისა და პრინციპების შესახებ დოკუმენტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსზე“ ატვირთვის თაობაზე (ს.ფ. 97);
3.5. 2018 წლის 16 თებერვალს თ-------–------იამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწერა დ---------------–---ს და გადაუგზავნა მის მიერ შესრულებული პოლიტიკური ბრიფი თემაზე - ,,საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობა დეოკუპაციისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“.
ლექტორმა თ-------–------იას მიერ შესრულებული ნაშრომი შეაფასა 1 ქულით.
2018 წლის 19 თებერვალს თ-------–------იამ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ მეშვეობით მიწერა დ---------------–---ს. წერილში მიუთითა, რომ მისთვის გაუგებარი იყო ფინალურ გამოცდაზე მიღებული შეფასება - 1 ქულა და მიაჩნდა, რომ აღნიშნული შეფასება იყო არაადეკვატური.
აღნიშნული წერილის პასუხად დ---------------–---მ ,,არგუსის“ მეშვეობით მიწერა თ-------–------იას და მიუთითა, რომ ნაშრომის ტექსტის 1/3 პლაგიატია ინტერნეტიდან. შეფასებაც შესაბამისია.
იმავე დღეს თ-------–------იამ წერილით მიმართ დ---------------–---ს, სადაც აღნიშნავდა, რომ არ ეთახმებოდა ლექტორის პოზიციას მისი ნაშრომის პლაგიატად შეფასებასთან დაკავშირებით.
2018 წლის 20 თებერვალს თ-------–------იამ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ მეშვეობით კვლავ მიწერა დ---------------–---ს. წერილში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თუ რა არის ბრიფი და როგორ უნდა დაეწერათ სტუდენტებს გი--------------ე 15 წუთის მანძილზე უხსნიდა, ახსნისას არ უპასუხა მოსარჩელის მიერ სამჯერ დასმულ ერთსადაიმავე კითხვას და არც სხვა კითხვის დასმის საშუალება მისცა, პლაგიატთან დაკავშირებით კი სტუდენტებს განუმარტა, რომ პლაგიატს წარმოადგენდა სხვის მიერ შესრულებული ბრიფის წარმოჩენა საკუთარ ნამუშევრად, შესაბამისად, პროფესიონალის მიერ დაწერილი ბრიფი არ უნდა მიეტანათ და არ უნდა გამოეყენებინათ. ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენებაში კი არ ყოფილან შეზღუდულნი. ამდენად, თ-------–------იამ მოითხოვა მის მიერ შესრულებულ ბრიფს არ ეწოდოს და არ შეფასდეს, როგორც პლაგიატი, არამედ შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ბრიფი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ამონაწერი თ-------–------იას ელექტრონული ფოსტიდან (ს.ფ. 44);
-თ-------–------იას მიერ შესრულებული პოლიტიკური ბრიფი თემაზე - ,,საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობა დეოკუპაციისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ (ს.ფ. 45-50);
-ამონაწერები სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსიდან“ (ს.ფ. 24-29);
3.6. 2018 წლის 22 თებერვალს თ-------–------იამ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ მეშვეობით განცხადებით მიმართა სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის სამართლის სკოლის დეკანს. განცხადებაში მიუთითა, რომ სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკის“ ფინალურ შეფასებად 30 ქულიდან მიიღო 1 ქულა, რაც მიაჩნდა არაადეკვატურ შეფასებად და მოითხოვა სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკის“ ფინალური გამოცდის ფარგლებში მის მიერ შესრულებულ ბრიფს არ ეწოდოს და არ შეფასდეს, როგორც პლაგიატი, არამედ შეფასდეს, როგორც თ-------–------იას მიერ დაწერილ პოლიტიკურ ბრიფად და მოხდეს შესაბამისი შეფასება.
ანალოგიური შინაარსის განცხადებით თ-------–------იამ 2018 წლის 27 თებერვალს მიმართა სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
დადგენილია, რომ უნივერსიტეტს თ-------–------იას განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და არ მიუღია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა დაიწყო მოკვლევა ნამდვილად იყო თუ არა თ-------–------იას და კიდევ ხუთი სტუდენტის მიერ შესრულებულ პოლიტიკურ ბრიფებში პლაგიატის ნიშნები. ამას ადასტურებს ის გარემოებები, რომ გი--------------ემ ექვსივე სტუდენტის ნაშრომები 2018 წლის 23 თებერვალს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაუგზავნა ი-–---------–-–------------------ეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს კო---------------------იას, რომელმაც აღნიშნული ნაშრომები შესასწავლად გადაუგზავნა ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური წერის ცენტრს.
2018 წლის 05 მარტს აკადემიური წერის ცენტრმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილით მიმართა კო---------------------იას. წერილში მიუთითა, რომ ცენტრში გადაგზავნილი ნაშრომები არამხოლოდ პლაგიატის სხვადასხვა მოცულობისა და ხარისხის შემცველია, არამედ არ აკმაყოფილებს აკადემიური წერის/ნაშრომის რიგ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რაც სტუდენტებს უნდა შეესწავლათ რომელიმე საფეხურზე. ასევე გადაუგზავნა აკადემიური ცენტრის დასკვნა ექვსი სტუდენტის, მათ შორის თ-------–------იას ნაშრომთან დაკავშირებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თ-------–------იას 2018 წლის 22 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 30-35);
-თ-------–------იას 2018 წლის 27 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 37-41);
-ამონაწერები ელექტრონული ფოსტიდან (ს.ფ. 118-119, 203-205);
-სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური წერის ცენტრის დასკვნა (ს.ფ. 120-160);
3.7. სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის თანაშემწის, მოწვეული მასწავლებლის - ნი-------–------ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, თ-------–------იას მიერ შესრულებულ ნაშრომზე მიეთითა შემდეგი შენიშვნები: 1) აკადემიური მუშაობის ტექნიკების კურსი გავლილი აქვს სტუდენტს? 2) დაფორმატებაში ბევრი ხარვეზია, მოსაწესრიგებელია ნაშრომის სტრუქტურა; 3) ბიბლიოგრაფია გაუმართავია, რიგით მეხუთე წყაროში მხოლოდ ელექტრონული მისამართის (URL) მითითება არასაკმარისია; 4) სათაური ზოგადია, ამ შემთხვევაში მეტი კონკრეტიკისთვის, სათაური, სულ მცირე, უნდა პასუხობდეს კითხვას - როდის? საკვლევი სივრცეც არ არის კარგად გამოკვეთილი: ის მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს საკვლევი პრობლემისგან; 5) როცა სტუდენტი მსჯელობისას იყენებს სხვა ავტორების მიერ გამოქვეყნებულ წყაროებს, ტექსტში აუცილებელია მინიშნება, რომ ესა თუ ის ,,პასაჟი'' პარაფრაზირებულია ან/და ციტირებულია კონკრეტული ლიტერატურიდან, შემდგომ კი, აუცილებელია ამ წყაროების დამოწმება ტექსტში ან ტექსტს გარეთ (სქოლიოს სახით), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სტუდენტი სხვა წყაროებიდან აღებულ ინფორმაციას თავისად აცხადებს, რაც პლაგიატია; მნიშვნელოვანია, მკვეთრად იყო გამიჯნული ტექსტში უშუალოდ სტუდენტის აზრი სხვა (ნაშრომისთვის გამოყენებული ტექსტების) ავტორების მოსაზრებებისგან; 6) ბიბლიოგრაფიაში მითითებული წყაროების სანდოობა ეჭვს იწვევს, მაგალითად, ლინქი, რომელსაც გადავყავართ გუგლის ძიების გვერდზე და იქ არ იძებნება კონკრეტული სტატია ან სხვა ტიპის მასალა, რომელიც სტუდენტს გამოყენებული აქვს ნაშრომისთვის, ეს სერიოზული ხარვეზია; 7) ასევე, აუციელებელია, ბიბლიოგრაფიაში მითითებული ყველა წყარო უკლებლივ ჩანდეს უშუალოდ ნაშრომში და - პირიქით, თუმცა, ამის განსაზღვრაც რთული ხდება, როცა წყაროების დამოწმების პრობლემაა; 8) მსჯელობის ნაწილი ძალიან ზოგადია, სტუდენტი არ/ვერ ასაბუთებს გამოთქმულ ვარაუდებს; ამ შემთხვევაშიც, წყაროების სანდოობის და წყაროების დამოწმების პრობლემაა; 9) ნაშრომი ძირითადად აღწერითია და შეუძლებელია იმის გამორკვევა, სად ემიჯნება ერთმანეთს გამოყენებული ლიტერატურა და უშუალოდ, სტუდენტის მსჯელობა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორის თანაშემწის, მოწვეული მასწავლებლის - ნი-------–------ის მიერ მომზადებული დასკვნა (ს.ფ. 120-125);
3.8. დადგენილია, რომ თ-------–------იამ ი-–---------–-–------------------ეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გაიარა სასწავლო კურსი - ,,აკადემიური წერა“, რომელშიც მოიპოვა 6 კრედიტი (83 ქულა).
სასწავლო კურსის - ,,აკადემიური წერის“ სილაბუსის მიხედვით, კურსის ერთერთ ძირითად თემას წარმოადგენს წყაროების დამოწმება და პლაგიატისგან დაცვა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის სამართლის სკოლის 2018 წლის 02 მაისის N1------ წერილი (ს.ფ. 161);
-სასწავლო კურსის - ,,აკადემიური წერის“ სილაბუსი (ს.ფ. 164-170).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------–------იას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში პირველი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს დაევალოს სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტს“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც საპრეტეზიო კომისია (იგივე გასაჩივრების კომისია) განიხილავს მოსარჩელის მიერ სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ დასკვნით შეფასებას.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თ-------–------იამ მის მიერ შესრულებულ პოლიტიკურ ბრიფში მიღებული შეფასების შესახებ შეიტყო 2018 წლის 19 თებერვალს. მან იმავე დღეს მიწერა ლექტორს - დ---------------–---ს, რომ არ ეთანხმებოდა მიღებულ შეფასებას, თუმცა სსიპ ი-–---------–-–------------------ეტის სამართლის სკოლის დეკანს მან მხოლოდ 2018 წლის 22 თებერვალს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკის“ ფინალური გამოცდის ფარგლებში მის მიერ შესრულებულ ბრიფს არ ეწოდოს და არ შეფასდეს, როგორც პლაგიატი, არამედ შეფასდეს, როგორც თ-------–------იას მიერ დაწერილ პოლიტიკურ ბრიფად და მოხდეს შესაბამისი შეფასება.
სასამართლო მიუთითებს ,,ი-–---------–-–------------------ეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა შეფასების, კრედიტების მინიჭების, რეიტინგისა და დამატებით/განმეორებით კურსებზე/კომპონენტებზე თანხის გადახდის განსაზღვრის წესზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს ,,ი-–---------–-–------------------ეტში“ აკადემიური/პროფესიული პროგრამების კურსების/კომპონენტების ფარგლებში სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების დატვირთვის, შეფასების, კრედიტების დაგროვების, კრედიტების მინიჭების, კურსის/კომპონენტის განმეორებით, დამატებით გავლის და სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების აკადემიური რეიტინგის განსაზღვრის პროცედურებს. მითითებული წესის მე-93 მუხლის მიხედვით, სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში მიღებული შუალედური ან/და დასკვნითი შეფასებები შედეგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რასაც დეკანის ბრძანების საფუძველზე განიხილავს დარგის სპეციალისტი ან საპრეტენზიო კომისია. ამდენად, ცალსახაა, რომ სტუდენტმა მის მიერ მიღებული შუალედური ან/და დასკვნითი შეფასება უნდა გაასაჩივროს შედეგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში დეკანთან და არა ლექტორთან. დეკანი თავის მხრივ გამოცემს ბრძანებას, რის საფუძველზეც საჩივარს განიხილავს დარგის სპეციალისტი ან საპრეტენზიო კომისია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტს მიღებული ქულის გასაჩივრების უფლება აქვს ლექტორთან, რამეთუ ზემოაღნიშნული წესის მე-93 მუხლი მიუთითებს დეკანთან გასაჩივრების უფლების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის თებერვალ-მარტში სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსზე“ ატვირთული იყო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა სტუდენტის მიერ ქულის გასაჩივრებას ლექტორთან, ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნით მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ამონაწერში 2018 წლის თებერვალ-მარტში ,,არგუსზე“ ატვირთული დოკუმენტების შესახებ, მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტი არ ფიქსირდება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მხარის პოზიციაზე, რომლის თანახმად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თ-------–------იას გაშვებული ჰქონდა მის მიერ მიღებული შეფასების გასაჩივრების ვადა, უნივერსიტეტმა მაინც დაიწყო მოკვლევა, იყო თუ არა მოსარჩელის მიერ შესრულებული ბრიფი პლაგიატი და აღნიშნული ნაშრომი შესასწავლად გადაუგზავნა აკადემიური წერის ცენტრს. მოპასუხე მხარის განმარტებით, უნივერსიტეტი მოქმედებდა სტუდენტის ინტერესებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევისა, თუკი დადასტურდებოდა, რომ თ-------–------იას ნაშრომი არ იყო პლაგიატი, ლექტორს მიეცემოდა შესაბამისი მითითება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი-–---------–-–------------------ეტი მოქმედებდა სწორედ სტუდენტის - თ-------–------იას ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს შეეძლო მხოლოდ გასაჩივრების ვადის დარღვევის საფუძვლით უარი ეთქვა თ-------–------იას საჩივრის განხილვაზე, მან დაიწყო საკითხის არსებითად შესწავლა, რაც რასაკვირველია უპირველესად სტუდენტის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. მოპასუხის პოზიციით, თუკი სტუდენტის საჩივარი საფუძვლიანი აღმოჩნდებოდა, ვადის გასვლის მიუხედავად უნივერსიტეტი საჩივარს დააკმაყოფილებდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თ-------–------იას საჩივარი უსაფუძვლო აღმოჩნდა, რამდენადაც აკადემიური წერის ცენტრმა მის მიერ შესრულებულ ნაშრომზე პლაგიატი დაადგინა. ამდენად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ თ-------–------იას გაშვებული ჰქონდა საჩივრის წარდგენის ვადა და არც საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არსებობდა (აკადემიური წერის ცენტრმა პლაგიატი დაადგინა), უნივერსიტეტს უფლება ჰქონდა არ მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით კი მოსარჩელისათვის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული მოქმედებებისა და მიღებული დასკვნის შესახებ ცნობილი იყო.
რაც შეეხება, მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ერთერთ საგანში მას ლექტორთან გასაჩივრების შედეგად ხუთი ქულა მოემატა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი აპრიორი არ ადასტურებს იმას, რომ სტუდენტს ქულის გასაჩივრების უფლება აქვს ლექტორთან. პირიქით, აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კონკრეტულმა ლექტორმა მიუხედავად სტუდენტის მიერ გასაჩივრების წესის დარღვევისა, იმოქმედა სტუდენტის ინტერესების გათვალისწინებით, გადახედა მის მიერ გაკეთებულ შეფასებას და მიიღო გადაწყვეტილება სტუდენტისთვის ხუთი ქულის მომატების თაობაზე.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი ქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს დაევალოს სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტს“ ქმედების განხორციელება - მოსარჩელის დაშვება სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ განმეორებით გამოცდაზე.
სასამართლო მიუთითებს ,,ი-–---------–-–------------------ეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა შეფასების, კრედიტების მინიჭების, რეიტინგისა და დამატებით/განმეორებით კურსებზე/კომპონენტებზე თანხის გადახდის განსაზღვრის წესზე, რომლის მე-16 მუხლის თანახმად, პლაგიატი შეიძლება გახდეს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ კურსის/კომპონენტის ფარგლებში დაგროვებული ქულებისა და კრედიტების გაუქმების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში თ-------–------იას სალექციო კურსში ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ დაგროვებული ქულები და კრედიტები გაუუქმდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შესრულებულ პოლიტიკურ ბრიფზე დადგინდა პლაგიატი, შესაბამისად, ქულებისა და კრედიტების გაუქმების პირობებში, მოსარჩელე არ იქნა დაშვებული განმეორებით გამოცდაზე. მართალია, ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლი იმპერატიულად არ ადგენს, არამედ უშვებს შესაძლებლობას პლაგიატის შემთხვევაში სტუდენტის მიერ დაგროვებული ქულებისა და კრედიტების გაუქმების თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პლატიაგის საფუძვლით თ-------–------იას მიერ დაგროვებული ქულებისა და კრედიტების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლექტორმა მიიღო, რაც მის სრულ აკადემიურ თავისუფლებას წარმოადგენდა. ამდენად, მოპასუხისათვის თ-------–------იას განმეორებით გამოცდაზე დაშვების შესახებ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს იყო თუ არა თ-------–------იას მიერ შესრულებული პოლიტიკური ბრიფი პლაგიატი.
სასამართლო მიუთითებს ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 2-----------ის N58 სხდომის ოქმით დამტკიცებულ სახელმძღვანელოზე ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური სტილის შესახებ. მითითებული სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილის (წყაროები და მათი დამოწმება) თანახმად, პლაგიატად ითვლება წყაროს გამოყენება მისი მითითების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პოლიტიკური ბრიფი არის არააკადემიური სტილის ნაშრომი, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური სტილის შესახებ სახელმძღვანელოში მითითებული დებულებები. ამასთან, მიუთითებს, რომ ბრიფი მისი არააკადემიური სტილიდან გამომდინარე არ მოითხოვს მასში გამოყენებული წყაროების მითითების ვალდებულებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული პირის - ი-–--------–-–-------------------ტის აკადემიური წერის ცენტრის წარმომადგენლის, ფილოლოგ ნი-------–------ის განმარტებაზე, სადაც სპეციალისტმა მიუთითა, რომ ნაშრომის შეფასებისას ხდება მისი შესწავლა შინაარსობრივი და ტექნიკური კუთხით. მოცემულ შემთხვევაში სპეციალისტმა ნაშრომის შეფასება განახორციელა მხოლოდდამხოლოდ ტექნიკური კუთხით, ვინაიდან იგი არ არის პოლიტიკის სპეციალისტი და ნაშრომს შინაარსობრივად ვერ შეაფასებდა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მართალია პოლიტიკური ბრიფი არააკადემიური სტილის ნაშრომია, თუმცა პლაგიატს სტილთან კავშირი არ აქვს. ნი-------–------ის განმარტებით იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორი პოლიტიკური ბრიფის წერისას იყენებს სხვა ავტორის წყაროდან კონკრეტულ მონაკვეთს, ვალდებულია გამოიყენოს ის წესები, რაც აკადემიური წერის დროს. კერძოდ, მოახდინოს მისი ციტირება ან პარაფრაზირება, შესაბამისი წყაროს მითითებით. სპეციალისტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში თ-------–------იას პოლიტიკურ ბრიფში ისე იყო გადატანილი კონკრეტული ,,პასაჟები'' სხვადასხვა ავტორების ნაშრომებიდან, თითქოს ისინი მოსარჩელის მიერ იყო დაწერილი. ბრიფში არ იყო აღნიშნული სხვა წყაროებიდან ციტირებული თუ პარაფრაზირებული მონაკვეთები შესაბამისი წესით, არ იყო ისინი ჩასმული ბრჭყალებში, ასევე ინფორმაციის მოპოვების წყაროები არ იყო მითითებული და სათანადო წესით (ტექსტსშიდა ან ტექსტის გარეთ, სქოლიოს მითითებით) დამოწმებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ბრიფი არააკადემიური სტილის ნაშრომია და მასზე აკადემიური სტილის წესები არ ვრცელდება, ვერ გააქარწყლებს სასამართლო სხდომაზე მოწვეული კონკრეტული დარგის სპეციალისტის, ფილოლოგის განმარტებებს არააკადემიური სტილის ნაშრომის წერისას აკადემიური ტექნიკების გამოყენების შემთხვევაში, აკადემიური წერის წესების დაცვის თაობაზე. აღნიშნული წესები კი თ-------–------იას შესწავლილი აქვს ბაკალავრიატის ეტაპზე სალექციო კურს ,,აკადემიური წერის“ ფარგლებში.
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებებზე, რომ ლექტორმა მას არასათანადოდ, მოკლე დროში აუხსნა ბრიფის წერის ტექნიკა, სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 02 თებერვალს სასწავლო კურსის - ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ ლექტორის დ---------------–---ს მიერ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსის“ საშუალებით სტუდენტების, მათ შორის თ-------–------იასათვის, მიწერილ წერილზე, სადაც ლექტორმა მიუთითა, რომ ვინც არ იყო ბოლო ლექციაზე, პოლიტიკური ბარათის დაწერის ფორმატისა და შინაარსის სახელმძღვანელო ინსტრუქციები შეეძლოთ წაეკითხათ სასწავლო მასალებში ატვირთულ ფაილში სახელწოდებით - Policy Brief – Guidelines. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ინსტრუქციები ,,არგუსზე“ ატვირთული იქნა 2017 წლის 2 თებერვალს. მითითებული ინსტრუქციების თანახმად, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხზე პოზიციის (Policy Brief) სტრუქტურა მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1. თემის სათაური; 2. მოკლე შეჯამება: დოკუმენტში აღწერილი პრობლემის და რეკომენდირებული პოლიტიკის მოკლე შეჯამება (არაუმეტეს 150 სიტყვისა); 3. საკითხი: საკითხის აღწერა; საკითხის მნიშვნელობა; არსებული ვითარების მიმოხილვა; ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის მიმოხილვა; 4. მისაღწევი მიზანი/მიზნები; 5. შესაძლო ალტერნატიული პოლიტიკური მიდგომები; 6. თითოეული მიდგომის ნაკლი და უპირატესობა; 7. რეკომენდირებული პოლიტიკა და მისი მხარდამჭერი არგუმენტაცია; 8. ინფორმაციის წყაროები. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის განმარტებით, ლექტორმა გი--------------ემ არასათანადოდ, არასრულად ახსნა ბრიფის წერის ტექნიკა, თ-------–------იას შეეძლო პოლიტიკური ბრიფის წერის ინსტრუქციას გაცნობოდა ,,არგუსზე“ ატვირთულ დოკუმენტში, რის შესახებაც მას 2018 წლის 2 თებერვალს მიუთითა მეორე ლექტორმა დ---------------–---მ და სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ პოლიტიკური ბრიფის სტრუქტურა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ინფორმაციის წყაროებსაც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის განმარტების მიუხედავად, რომ მას წყაროების მითითება არ ევალებოდა, თ-------–------იას ბრიფის ბოლოს მაინც აქვს მითითებული რამდენიმე წყარო, თუმცა მის მიერ გამოყენებული ლიტერატურის მითითება არასრულად განხორციელდა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პოლიტიკურ ბრიფში გამოყენებული წყაროების მითითების არასავალდებულოობის დასადასტურებლად მოსარჩელე ასევე მიუთითებს მის მიერ სხვა საგანში შესრულებულ ბრიფზე, სადაც მისივე განმარტებით საერთოდ არ ჰქონდა მითითებული გამოყენებული ლიტერატურის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ლექტორის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ფაქტი ცალსახად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრიფში გამოყენებული წყაროების მითითება სავალდებულო არ არის. ის გარემოება, რომ სხვა ლექტორმა წყაროების მითითების გარეშე შესრულებული ბრიფი მაღალი ქულით შეაფასა არ ნიშნავს იმას, რომ გამოყენებული წყაროების მითითების ვალდებულება სტუდენტს არ გააჩნია. ლექტორის მხრიდან გაკეთებულ ასეთ შეფასებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს (გამორჩა ფაქტი გამოყენებული წყაროების მიუთითებლობის შესახებ, გამოიჩინა კეთილი ნება და სტუდენტს არ გაუუქმა ქულა და ა.შ.), რაც ლექტორის აკადემიური თავისუფლების ფარგლებიდან გამომდინარეობს.
რაც შეეხება, მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სალექციო კურსის ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ სილაბუსის მიხედვით მას ჰქონდა განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სილაბუსის თანახმად, თუ სტუდენტი აღებს 41-50 ქულას, ითვლება, რომ მან საგანი ვერ ჩააბარა (FX) და სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------–------იას ფინალურ გამოცდამდე დაგროვებული ჰქონდა 53 ქულა, მან საგანი ვერ ჩააბარა არა ფინალურ გამოცდაზე მიღებული დაბალი ქულის გამო, რის გამოც დაგროვებულ ქულათა ჯამი ვერ გაცდა 50-ს, არამედ იმის გამო, რომ თ-------–------იას ფინალურ ნაშრომზე დადგინდა პლაგიატი და შეფასდა 1 ქულით, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა ,,ი-–---------–-–------------------ეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა შეფასების, კრედიტების მინიჭების, რეიტინგისა და დამატებით/განმეორებით კურსებზე/კომპონენტებზე თანხის გადახდის განსაზღვრის წესის მე-16 მუხლით დადგენილი სპეციალური ნორმა, რომლის თანახმად, პლაგიატი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიერ კურსის/კომპონენტის ფარგლებში დაგროვებული ქულებისა და კრედიტების გაუქმების საფუძველია.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მესამე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს სსიპ ,,ი-–---------–-–------------------ეტის“ მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, ქმედების შეწყვეტას და მისი შედეგების აღმოფხვრას.
სასამართლო მიუთითებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი ადგენს საქართველოში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას და განსაზღვრას დისკრიმინაციის ორ სახეს: პირდაპირ და ირიბ დისკრიმინაციას. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ი-–---------–-–------------------ეტის მხრიდან მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, უნივერსიტეტი მას დევნის და ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტმა ის არათანაბარ პოზიციაში ჩააყენა მის სხვა თანაჯგუფელებთან და ასევე იმ სტუდენტებთან შედარებით, რომლებმაც დააგროვეს 41 ქულაზე მეტი და უფლება აქვთ განმეორებით გავიდნენ ფინალურ გამოცდაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ თ-------–------იას ბრიფის გარდა პლაგიატი მისი ხუთი თანაჯგუფელის ნაშრომზეც იქნა დადგენილი და მათაც გაუუქმდათ კრედიტები, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის ერთადერთი სტუდენტი, ვის ნაშრომზეც ი-–---------–-–------------------ეტმა პლაგიატი დაადგინა, რაც გამორიცხავს უნივერსიტეტის მხრიდან თ-------–------იას ამ კუთხით დისკრიმინაციის ფაქტს. რაც შეეხება, იმ სტუდენტებს, რომლებმაც საგანში ჯამში 41 ქულაზე მეტი დააგროვეს და აქვთ უფლება განმეორებით გავიდნენ ფინალურ გამოცდაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ეს წესი ვრცელდება სტუდენტებზე, რომლებმაც ფინალურ გამოცდაზე გასვლის მიუხედავად ვერ გადალახეს საგნის ჩასაბარებლად დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 51 ქულა და აქვთ მინიმუმ 41 ქულა. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი აძლევს საშუალებას სტუდენტს გავიდეს განმეორებით გამოცდაზე. თ-------–------ია კი, რომლის ნაშრომზეც დადგენილი იქნა პლაგიატი, ამ სტუდენტებთან შედარებით განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება, შესაბამისად, მასზე გავრცელდა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი განსხვავებული წესი, გაუუქმდა დაგროვებული ქულები და კრედიტები და არ იქნა დაშვებული განმეორებით გამოცდაზე. ამდენად, უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი არ აქვს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, სახეზეა სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი პირების - სტუდენტების მიმართ განსხვავებული მოპყრობა, რაც არ წარმოადგენს დისკრიმინაციას.
მოსარჩელის ერთერთ არგუმენტს წარმოადგენს ასევე ის გარემოება, რომ მას 2018 წლის 30 მაისს კონფლიქტი მოუვიდა უნივერსიტეტის ერთერთ ბიბლიოთეკართან, გატანილი წიგნის დაბრუნების დროსთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ უნივერსიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ბიბლიოთეკარის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიება - გაფრთხილება, რაც წერილობითი ფორმით ჩაბარდა თ-------–------იას და ასევე აისახა ბიბლიოთეკარის პირად საქმეში. ამდენად, გაუგებარია რაში გამოიხატება უნივერსიტეტის მხრიდან თ-------–------იას დისკრიმინაცია, მაშინ როცა ი-–---------–-–------------------ეტმა მოსარჩელესთან კონფლიქტის გამო აწარმოა ადმინისტრაციული წარმოება და ბიბლიოთეკარის მიმართ გამოიყენა დისციპლინური ღონისძიება.
რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ერთერთმა ლექტორმა - ვახუშტი მენაბდემ მას ელექტრონულ სისტემაში დაუწერა დაბალი ქულა, ხოლო შემდგომ გაასწორა, რითაც უნივერსიტეტის მხრიდან მოსარჩელეზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა; ასევე ის გარემოება, რომ თ-------–------იას მის მიერ წარდგენილი საჩივრის გამო, დასვენების პერიოდში მოუწია უნივერსიტეტში სიარული და სემესტრებს შორის არ დაუსვენია; ასევე ის, რომ თ-------–------იამ კრიტიკულად შეავსო კითხვარი სასწავლო კურსის - ,,ს-------–------------------------ა: თეორია და პრაქტიკა“ შესახებ, მას და ლექტორ გი--------------ეს პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რის გამოც იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მოსარჩელის მიმართ და კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდა, სასამართლოს არადამაჯერებელ არგუმენტაციად მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მიუთითებს უნივერსიტეტის მხრიდან თ-------–------იას დევნასა და დისკრიმინაციაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე ბაკალავრიატის ეტაპზე, 4 წლის მანძილზე სწავლობდა ი-–---------–-–------------------ეტში და ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ მაგისტრატურის ეტაპზე კვლავ ი-–---------–-–------------------ეტში განაგრძო სწავლა. მეტიც, თ-------–------იამ თავად მიუთითა, რომ ი-–---------–-–------------------ეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული, მათთან პრობლემა არასოდეს ჰქონია და თუ რაიმე ცოდნა მიუღია, სწორედ მათგან აქვს მიღებული. ასევე, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–---------–-–------------------ეტის მხრიდან თ-------–------იას მიმართ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს. მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები ურთიერთსაწინააღმდეგოა და რიგ შემთხვევებში ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ვარაუდებს, დოკუმენტალური დადასტურების გარეშე.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ი-–---------–-–------------------ეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სტუდენტის ეთიკის კოდექსზე, რომლის 7.1. მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტისთვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება პლაგიატი (სრულად ან ნაწილობრივ სხვისი ნამუშევრის გადაწერა ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე ან საბაკალავრო /სადისერტაციო/სამაგისტრო თეზისის ყიდვა). ამავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია იღებს ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც აკადემიური შეფასების განსაზღვრისათვის უგზავნის ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------–------იას პოლიტიკურ ბრიფზე პლაგიატის დადგენის გამო, არ მომხდარა ამ საქმის დისციპლინური კომისიისთვის გადაცემა და ლექტორი მხოლოდ კრედიტების გაუქმებით შემოიფარგლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი-–---------–-–------------------ეტი მოქმედებდა მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით და მიზნად არ ისახავდა თ-------–------იას დისკრიმინაციას.
6.4. რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
განსახილველ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას მოსარჩელე არსებითად უკავშირებს მის მიერ შესრულებულ პოლიტიკურ ბრიფზე პლაგიატის დადგენის გამო მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო დამდგარ მორალურ ზიანს, ასევე უნივერსიტეტის მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის შედეგად დამდგარ მორალურ ზიანს.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოცემული დავის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ი-–---------–-–------------------ეტის მხრიდან მოსარჩელის დისკრიმინაციის ფაქტი, ასევე სასამართლომ თ-------–------იას მიერ შესრულებული პოლიტიკური ბრიფის პლაგიატად მიჩნევა მართებულად მიიჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ-------–------იას სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 23-ე, 24-ე, 33-ე, 331 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი