გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23851-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „მ---------------------ი“
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე
მოპასუხეები - ნ-----------–-–---–ი, ქ----------------–---–ი
წარმომადგენელი - ვ----–-------–-–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-----------–-–---–სა და ქ----------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 11 498,10 ლარისა და სარგებლის - 2 203,17 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 26 აპრილს ნ-----------–-–---–სა და შპს „მ---------------------ს“ (მოსარჩელე, კრედიტორი) გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება Nდლე1-------, რომლის საფუძველზე კრედიტორმა ნ-----------–-–---–ს გადასცა სესხი 11 996 ლარი თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა „აუდი ა4.“ სესხი ასევე უზრუნველყოფილი იყო ქ----------------–---–ის სოლიდარული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 37 500 ლარით. 2018 წლის 16 აპრილს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 7 435 ლარად, რომლითაც დაიფარა სახელშეკრულებო ვალდებულებები შემდეგი თანმიმდევრობით: 150 ლარით დაიფარა ავტომობილის ძებნა-დაკავების ხარჯი, 1632 ლარით სრულად დაიფარა პირგასამტეხლო, 5 424,39 ლარით - დარიცხული სარგებელი, 228,61 ლარით შემცირდა ძირითადი თანხა. ამჟამად მოპასუხეებს კვლავ ერიცხებათ დავალიანება 11 498,10 ლარი სესხის ძირითადი თანხა და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან სარჩელის შემოტანამდე დარიცხული სარგებელი 2203,70 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეების განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ნ-----------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა გაიყიდა 7435 ლარად, უფრო მეტიც, გაუგებარია, ტექნიკურად როგორც განხორციელდა ავტომანქანის რეალიზაცია, ვინაიდან მოძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ნ-----------–-–---–ის სახელზე. უცნობია, ვინ შეიძინა ქონება, ქონების გასხვისებას წინ უსწრებდა მისი კრედიტორის სახელზე აღრიცხვა თუ არა. გაუგებარია, ცალმხრივად შეწყდა თუ არა ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, რის საფუძველზე იქნა მოთხოვნილი ვალდებულების სრულად შესრულება, ხოლო თუ შეწყდა, რის საფუძველზე ერიცხება კვლავ სარგებელი.
მოპასუხეების აზრით, პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, ასევე საპროცენტო განაკვეთიც შეუსაბამოდ მაღალი და ამორალურია. არასწორია ვალდებულების დაფარვის რიგითობა.
მოპასუხეები მიუთითებენ, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0,01%-მდე და განისაზღვროს ჯამში 270 ლარით, ასევე საპროცენტო განაკვეთი (წლიური 60%) უნდა შემცირდეს 14,5%-მდე. დარჩენილი სხვაობა უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 26 აპრილს ნ-----------–-–---–სა (მსესხებელი, პირველი მოპასუხე) და შპს „მ---------------------ს“ (მოსარჩელე, კრედიტორი) გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება Nდლე1-------. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე კრედიტორმა ნ-----------–-–---–ს გადასცა სესხი 11 996 ლარი თვეში 5% სარგებლის დარიცხვით 24 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა „აუდი ა4“ (გირავნობის საგანი). სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.5 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 3.4 მუხლი ითვალისწინებს შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ: გადახდის ვადის 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარს, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- Nდლე1-------, ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 22).
3.1.2 სესხი უზრუნველყოფილი იყო ქ----------------–---–ის (თავდები, მეორე მოპასუხე) სოლიდარული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 37 500 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26).
3.1.3. სესხის ხელშეკრულების 8.8 მუხლის თანახმად კრედიტორის მოთხოვნა იფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში იფარება საკომისიო (არსებობის შემთხვევაში), გამსესხებლის იურიდიული მომსახურების, სანოტარო და სასამართლო ხარჯები (არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა, პირგასამტეხლო, დარიცხული სარგებელი, შემდეგ სესხი და სხვა გადასახდელები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- Nდლე1-------, ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21).
3.1.3 მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 14 დღეზე მეტი ვადით გადააცილა გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდის ვადას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და 2018 წლის 16 აპრილს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 7 435 ლარად, რომლითაც დაიფარა სახელშეკრულებო ვალდებულებები შემდეგი თანმიმდევრობით: 150 ლარით დაიფარა ავტომობილის ძებნა-დაკავების ხარჯი, 1632 ლარით სრულად დაიფარა პირგასამტეხლო, 5 424,39 ლარით - დარიცხული სარგებელი, 228,61 ლარით შემცირდა ძირითადი თანხა.
მოპასუხემ სადავოდ გახადა გირავნობის საგნის რეალიზაციის ფაქტი. მოსარჩელემ წარმოადგინა 26.03.2018 წლის წერილი, რომლითაც გამსესხებელი პირველ მოპასუხეს სთხოვს გირავნობის საგნის მფლობელობაში დაუყოვნებლივ გადაცემას (ს.ფ. 27). საქმეში ასევე წარმოდგენილია ავტომანქანის შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება შეფასდა 9000 ლარად, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 7000 ლარად. მოსარჩელემ წარმოადგინა ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერების აქტი, სადაც ასახულია, რა დაზიანებები აღენიშნებოდა გირავნობის საგანს 2018 წლის 20 მარტის მდგომარეობით (ს.ფ. 37) და ბოლოს, მოსარჩელემ წარმოადგინა 2018 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გირავნობის საგანი შეიძინა ლ----------------–---–მა 7435 ლარად (ს.ფ. 38).
ყველა ზემომითითებული მტკიცებულების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალსახად დასტურდება გირავნობის საგნის რეალიზაცია, უფრო მეტიც, საერთოდ გაუგებარია, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ცდილობს მხარე, როდესაც სადავოდ ხდის იმ ფაქტს, გაიყიდა თუ არა გირავნობის საგანი, ან როგორ გაიყიდა, ვინაიდან თავად მოპასუხეების წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ ისინი არ ხდიან სადავოდ ავტომანქანის ფასს (არ მიუთითებენ, რომ გირავნობის საგანი უფრო ძვირად უნდა გაყიდულიყო).
2018 წლის 23 ივლისის წერილით (ს.ფ. 39-40) გამსესხებელმა პირველ და მეორე მოპასუხეს აცნობა ავტომანქანის რეალიზაციის შესახებ და რომ მიღებული თანხის დაიფარა დავალიანება შემდეგი თანმიმდევრობით: 150 ლარით დაიფარა ავტომობილის ძებნა-დაკავების ხარჯი, 1632 ლარით სრულად დაიფარა პირგასამტეხლო, 5 424,39 ლარით - დარიცხული სარგებელი, 228,61 ლარით შემცირდა ძირითადი თანხა. მსესხებელმა აცნობა მოპასუხეებს, რომ გადასახდელი დარჩა 11 498,10 ლარი და განუსაზღვრა ვადა 2018 წლის 30 ივლისამდე. წერილი მეორე მოპასუხეს 2018 წლის 26 ივლისს ჩაბარდა (იხ. უკუგზავნილი, ს.ფ. 43).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10, მე-8, 54-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 319-ე, 325-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეზე გასცა კრედიტი 24 თვის ვადით წლიური 60% (თვეში 5%) სარგებლის დარიცხვის პირობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო ქ----------------–---–ის თავდებობით, რომელმაც სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ კრედიტი ასევე უზრუნველყოფილი იყო გირავნობით, კერძოდ, დაიტვირთა პირველი მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით.
მოპასუხის მტკიცებით ხელშეკრულების ეს პირობა ამორალურია. მისი აზრით, სარგებელი უნდა შემცირდეს 14,5%-მდე და სხვაობა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, სახელშეკრულებო თავისუფლება, რომელიც, გულისხმობს არა მხოლოდ ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, არამედ შესაძლებლობას, რომ მხარეებმა თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული (იხ. სუსგ ას-663-629-2015).
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი გამსესხებელს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის მართლზომიერება.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მსესხებელი დაეთანხმა ხელშეკრულების ხელმოწერისა და სესხის თანხის მიღებით. მართალია, საპროცენტო სარგებელს განსაზღვრავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც, მსესხებელთან შედარებით, ძლიერი მხარეა, მაგრამ ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის უკანონობას.
მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი რედაქციით) მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია (იხ. სუსგ ას-501-475-2015).
დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, იმისთვის, რომ გარიგება ამორალურად (არაკეთილსინდისიერად) იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორი პირობა: პირველი - ერთი მხარე უნდა იყენებდეს მეორე მხარის უმწეო მდგომარეობაში ყოფნას, გამოუცდელობას, გონივრული განსჯის უუნარობას ან უყურადღებობას (ანუ სარგებლის მიმღები უნდა მოქმედებდეს გასაკიცხი მოტივაციით) და მეორე - სახეზე უნდა იყო აშკარა შეუსაბამობა შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის (იხ. სუსგ ას-1224-1149-2015).
მოცემულ შემთხვევაში, პროცენტის მაქსიმალური ოდენობა დადგენილი იყო კანონით, თავად კანონმა დაუშვა წლიური 100%-ის ფარგლებში სარგებლის გათვალისწინების შესაძლებლობა, ამდენად, საკრედიტო დაწესებულებამ ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობა კი არ გამოიყენა, არამედ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ წლიური 60% სარგებელი ზოგადად მაღალია, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, სასამართლოს არ აქვს უფლება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი. ხელშეკრულების სადავო პირობა არის არა მხოლოდ ფორმალურად კანონიერი, არამედ იმ დროისათვის დასაშვებ ქცევის წესთან სრულ შესაბამისობაში მყოფი და ამორალურად ვერ შეფასდება.
6.3. დადგენილია, რომ კრედიტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და 2018 წლის 16 აპრილს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 7 435 ლარად, რომლითაც დაიფარა სახელშეკრულებო ვალდებულებები შემდეგი თანმიმდევრობით: 150 ლარით დაიფარა ავტომობილის ძებნა-დაკავების ხარჯი, 1632 ლარით სრულად დაიფარა პირგასამტეხლო, 5 424,39 ლარით - დარიცხული სარგებელი, 228,61 ლარით შემცირდა ძირითადი თანხა.
მოპასუხე სადავოდ ხდის მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობას.
სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ვალდებულების დაფარვის განსხვავებული თანმიმდევრობა (იხ. 3.1.3 პუნქტი). სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლი არ არის იმპერატიული ნორმა და კერძო ავტონომიის ფარგლებში მხარეთა მიერ შეთანხმებულ ხელშეკრულების პირობას უპირატესობა ენიჭება. კრედიტორმა ვალდებულებები გაქვითა სწორედ ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, ამდენად, მისი მოქმედება მართლზომიერია.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ (ვრცლად იხ. 3.1.1 პუნქტი). დადგენილია ასევე, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან 1632 ლარით სრულად დაიფარა პირგასამტეხლო.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,01%-მდე, ხოლო სხვაობა გამოაკლდეს ძირითად თანხას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ ას-491-471-2016).
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
სასამართლო აქვე ხაზს უსვამს, რომ კანონის შესაბამისად მცირდება არა მაღალი, არამედ მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის გადასახდელი იყო სესხის ძირითადი თანხა 11 726 ლარი. შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო - 1632 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ვერ შემცირდება.
6.5 დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ მოვალეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 11498,10 ლარი.
ვინაიდან მოპასუხის მტკიცება პროცენტის ამორალურობისა და პირგასამტეხლოს შემცირებისა და ძირითად თანხაში ჩათვლის თაობაზე უსაფუძვლოა, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს სარგებლის გადახდა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე.
სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შემადგენლობის შემოწმების მიზნით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.
რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა და გირავნობის საგნის რეალიზაციისას დაიფარა 16.04.2018 წლის მდგომარეობით დარიცხული პროცენტი, შესაბამისად, კრედიტორს ამ ვადის შემდგომ აღარ გააჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მოთხოვნის უფლება.
სარჩელში საერთოდ არ არის მითითებული, რა საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე სარგებლის გადახდას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდისათვის. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პროცენტის გადახდის თაობაზე და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებზე. მას არც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6 მოსარჩელე ითხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოპასუხეების წარმომადგენელი მოთხოვნას არ ეთანხმება.
ხელშეკრულების 8.15 მუხლით (ს.ფ. 21) მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი არ არის დამოკიდებული სასამართლოს შეფასებაზე, არამედ, თუ ხელშეკრულება ასეთ პირობას ითვალისწინებს, გადაწყვეტილება იმპერატიულად უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ამდენად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 344,94 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 270-ე, 414-416 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ნ-----------–-–---–ის და ქ----------------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნ-----------–-–---–ს და ქ----------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 11 498,10 ლარის გადახდა;
3. დანარჩენ ნაწილში შპს „მ---------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ნ-----------–-–---–ს და ქ----------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 344,94 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია