გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117001905506
საქმე №2-1440/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე – დ--------------ე
წარმომადგენელი - რ-----–----ე
მოპასუხე -- მ-----------ა
წარმომადგენელი - ი-----------–--ე
მოპასუხე - ლ------------ე
მესამე პირი- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - მ-------------ე
დავის საგანი -- ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ყადაღისაგან განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ 2017 წლის 16 მარტს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) 2 ცალი შავი ფერის ტელევიზორი ,,SAMSUNG''(პლაზმური); 2) 1 ცალი შავი ფერის ტელევიზორი ,,SAMSUNG'' (პლაზმური, დიდი ზომის); 3) 1 ცალი შავი ფერის მაცივარი ,,HITACHI"; 4) 1 ცალი შავი ფერის გაზქურა ,,goranje"; 5) 1 ცალი თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,BOSCH"; 6.) ტყავის სამეული (ყავისფერი, ერთი დივანი ორი სავარძლით); 7) მისაღები ოთახის მაგიდა (მართკუთხა, ხის 6 ცალი სკამით), 8) სამზარეულოს გარნიტური (თეთრი ფერის, მარმარილოს ზედაპირით, მრავალგანყოფილებიანი).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სარჩელს არ ცნობს მოპასუხე მ-----------ა და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე ლ------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ------------ეს მოსარჩელე მ-----------ას სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, რაზედაც 2016 წლის 24 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი №2-1949-2015 .
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლმა ლ-–---------------ემ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2017 წლის 16 მარტს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალე ლ------------ის საცხოვრებელ მისამართზე მისვლით, მდებარე ქ. ბათუმი, გ-------–--ის ქ. N114, ბინა N183-ში, შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც მოახდინა იქ არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების დაყადაღება: 1. 2 ცალი შავი ფერის ტელევიზორის ,,SAMSUNG ''(პლაზმური); 2. 1 ცალი შავი ფერის ტელევიზორის ,, SAMSUNG ''(პლაზმური, დიდი ზომის); 3.1 ცალი შავი ფერის მაცივარი ,,HITACHI"; 4. 1 ცალი შავი ფერის გაზქურა ,,goranje"; 5. 1 ცალი თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,BOSCH"; 6. ტყავის სამეულის (ყავისფერი, ერთი დივანი ორი სავარძლით); მისაღები ოთახის მაგიდის( მართკუთხა, ხის 6 ცალი სკამით), 8. სამზარეულოს გარნიტური (თეთრი ფერის, მარმარილოს ზედაპირით, მრავალგანყოფილებიანი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (16.03.2017)
- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (23.05.2016)
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებლებების, მათ შორის დ--------------ესა და ლ------------ეს შორის 2016 წლის 01 ივლისს გაფორმებული მორიგების აქტის, 2016 წლის 10 აგვისტოს ფულადი ვალის სანაცვლოდ მოძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმასრულების მიერ დაყადაღებული სადაო მოძრავი ნივთები ფულადი ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო მოსარჩელე დ--------------ემ და იგი 2016 წლის აგვისტოდან წარმოადგენს მის საკუთრებას, თუმცა სადაო მოძრავი ნივთები დღემდე განთავსებულია ქ. ბათუმი, გ-------–--ის ქ. N114, ბინა N183-ში მდებარე უძრავ ქონებაში, რომელიც 2016 წლის 21 აპრილიდან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს თ---------------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ხელშეკრულება ფულადი ვალის სანაცვლოდ მოძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
- განცხადება და თანდართული მორიგების აქტი.
- საბანკო გადარიცხვები.
- შ-----------------------–-----------------------–---------ის განცხადებები.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.
3.2.3. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით: როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვალე ლ------------ემ აღნიშნული ნივთები ფულადი ვალის სანაცვლოდ გადასცა მის კრედიტორს დ--------------ეს და ამჟამად წარმოადგენს დ--------------ის საკუთრებას.
აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღდა სადაო მოძრავი ქონება, არ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას. მოსარჩელემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ სადაო მოძრავი ნივთები სხვა ნივთებთან ერთად შეძენილი იქნა მის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას, და არა მოვალე ლ------------ის საკუთრებას. ამიტომ კომპლექსურად უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 16 მარტის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სხდომის ოქმი).
- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (16.03.2017)
- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (23.05.2016)
- ხელშეკრულება ფულადი ვალის სანაცვლოდ მოძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
- განცხადება და თანდართული მორიგების აქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ მოსარჩელე დ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ყადაღისაგან უნდა განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ 2017 წლის 16 მარტს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) 2 ცალი შავი ფერის ტელევიზორი ,,SAMSUNG''(პლაზმური); 2) 1 ცალი შავი ფერის ტელევიზორი ,,SAMSUNG'' (პლაზმური, დიდი ზომის); 3) 1 ცალი შავი ფერის მაცივარი ,,HITACHI"; 4) 1 ცალი შავი ფერის გაზქურა ,,goranje"; 5) 1 ცალი თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,BOSCH"; 6.) ტყავის სამეული (ყავისფერი, ერთი დივანი ორი სავარძლით); 7) მისაღები ოთახის მაგიდა (მართკუთხა, ხის 6 ცალი სკამით), 8) სამზარეულოს გარნიტური (თეთრი ფერის, მარმარილოს ზედაპირით, მრავალგანყოფილებიანი).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, სადაო ნივთები მოსარჩელის მიერ იქნა შეძენილი და მოვალე ლ------------ეს არანაირი შეხება არ გააჩნია მათთან. ამდენად მოსარჩელე წარმოადგენს სადაო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამდენად სხვა პირის უკანონო მოქმედებისაგან საკუთრების დაცვა, მესაკუთრის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი თანხების გადახდა დაეკისრა მოვალე ლ------------ეს და მისი აღსრულებაც უნდა განხორციელდეს მისგან ან აღსრულება მიქცეული იქნას მისი ქონების მიმართ და არა მესამე პირის ქონების მიმართ.
6.3. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
მოცემულ შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორს წარმოადგენენ ლ------------ე და მ-----------ა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ სარჩელი სწორად არის დაყენებული.
6.4. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება რომ ნივთები რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.
ამ ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაშვებია აღიწეროს და დაყადაღდეს მოვალის ქონება და არა სხვა მესამე პირის ქონება. ამ შემთხვევაში კი დაყადაღებულია მოსარჩელე დ--------------ის საკუთრებაში არსებული ნივთები. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადაო მოძრავი ნივთები უნდა განთავისუფლდეს ყადაღისაგან.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრიციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტლებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
გარდა აღნიშნულისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო სწორედ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში მოიპოვება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც მოსარჩელე დ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს სადაო მოძრავი ნივთები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 429 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს მ-----------ას და ლ------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე დ--------------ის სასარგებლოდ 429 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახემლწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისთვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-მე-8, მე-10, 52-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე დ--------------ის სასარჩელო განცხადება:
1.1 ყადაღისაგან განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ 2017 წლის 16 მარტს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) 2 ცალი შავი ფერის ტელევიზორი ,,SAMSUNG''(პლაზმური); 2) 1 ცალი შავი ფერის ტელევიზორი ,,SAMSUNG'' (პლაზმური, დიდი ზომის); 3) 1 ცალი შავი ფერის მაცივარი ,,HITACHI"; 4) 1 ცალი შავი ფერის გაზქურა ,,goranje"; 5) 1 ცალი თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,BOSCH"; 6.) ტყავის სამეული (ყავისფერი, ერთი დივანი ორი სავარძლით); 7) მისაღები ოთახის მაგიდა (მართკუთხა, ხის 6 ცალი სკამით), 8) სამზარეულოს გარნიტური (თეთრი ფერის, მარმარილოს ზედაპირით, მრავალგანყოფილებიანი).
2 მოპასუხეებს მ-----------ას და ლ------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე დ--------------ის სასარგებლოდ 429 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახემლწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მათვე დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე