გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210018002384286
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

მოსარჩელე -შპს „აქ----------------------------------------------ია“

წარმომადგენელი- ლი----------–---–ი

მოპასუხე -ინ-------ია

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ინ-------იას, შპს „აქ----------------------------------------------იას“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 103 397.80 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის მიხედვით, მოპასუხე ინ-------ია 2006 წლიდან მუშაობდა შპს „ავ---------–ი“ ბუღალტერის პოზიციაზე, რომლის მოვალეობებშიც შედიოდა შემოსავლების და ხარჯების ფინანსური აღრიცხვა, საწარმოს ბალანსის შედგენა და აღნიშნულ პოციზიასთან დაკავშირებული მოვალეობების განხორციელება.

 

2016 წლის 23 ივნისს განხორციელდა შპს „ავ--------ას“ შერწყმა (მიერთება) შპს „აქ----------------------------------------------იასთან“. საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმებისას და შემდგომში აუდიტორული კვლევის შედეგად გამოიკვეთა დიდი ოდენობით თანხის დანაკლისი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 2-----------ის განაჩენით დადგენილია, რომ ინ-------იამ უკანონოდ მიითვისა შპს „ავ--------ას“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 125957.80 ლარის ოდენობით.

მოპასუხე საქმის არსებითი განხილვის გარეშე სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

 

განაჩენში აღნიშნულია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ათავისუფლებს მოპასუხეს სამოქალაქო ან სხვა პასუხისმგებლობისგან. ის ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მისი დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა საწარმოს. მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 103397.8 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ინ-------ია ეთანხმება სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ზიანის ოდენობას, თუმცა აღნიშნავს, რომ მას მთლიანი თანხის ერთჯერადად გადახდა არ შეუძლია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ინ-------ია 2006 წლიდან ბრძანების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „ავ---------–ი“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, რომლის უფლება მოვალეობებშიც შედიოდა შემოსავლების და ხარჯების ფინანსური აღრიცხვა, საწარმოს ბალანსის შედგენა და აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებული მოვალეობების განხორციელება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- განაჩენი (ს.ფ 14-17)

 

3.1.2. 2016 წლის 23 ივნისს შპს „ავ--------ა“ შეერწყა შპს „აქ----------------------------------------------იას“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 18-20)

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 2-----------ის განაჩენით პროკურორ ინ--------ას და ბრალდებულ ინ-------იას შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ინ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

 

განაჩენის თანახმად, დადგენილად იქნა მიჩნეული ინ-------იას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ინ-------იამ 2014 წლის 1--------დან 2016 წლის 2-----–--ამდე პერიოდში უკანონოდ მიითვისა შპს „ავ--------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები, რომელის ოდენობამაც შეადგინა 125 957.80 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- განაჩენი (ს.ფ 14-17)

 

3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა ჯამში შეადგენს - 22560 ლარს, ხოლო გადასახდელად დარჩენილი თანხა - 103397.80 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სს თიბისი ბანკის ცნობა (ს.ფ 22)

- ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ ამონაწერი (ს.ფ 23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „აქ----------------------------------------------იას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 30917, 408-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სამოქალაქო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში და მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. განაჩენის არსებობა იმთავითვე გულისხმობს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მასში იმთავითვე გათვალისწინებულია დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ხასიათი და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2-----------ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ინ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

 

განაჩენის თანახმად, დადგენილად იქნა მიჩნეული ინ-------იას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, მითვისება, ე.ი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. მან 2014 წლის 1--------დან 2016 წლის 2-----–--ამდე პერიოდში უკანონოდ მიითვისა შპს „ავ--------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები, რომლის ოდენობამაც შეადგინა 125 957.80 ლარი.

 

ამდენად უდავოა, რომ ინ-------ია წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მე-2 ნაწილის რეგულირების სფეროს წარმოადგენს სასამართლო განაჩენის დანიშნულება ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დანაშაულის კატეგორიებს, სადაც მის მაკვალიფიცირებელ წინაპირობას ზიანის ოდენობა წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო განაჩენით პირის ქმედების კვალიფიკაციისას გათვალიწინებული იქნა ზიანის ოდენობა, მაშინ სამოქალაქო სამართალწარმოებისას განაჩენი წარმოადგენს ზიანის ოდენობის დამადასტურებელ საკმარის წინაპირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი განაჩენი შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, რის გამოც მოსარჩელეს აღარ აკისრია დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება და განაჩენში მითითებული ოდენობა დადასტურებულად ითვლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოპასუხე სრულად ეთანხმება განაჩენში განსაზღვრულ ზიანის ოდენობას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა ჯამში შეადგენს - 22560 ლარს, ხოლო გადასახდელად დარჩენილი თანხა - 103397.80 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლოს სავსებით მიზანშეწონილად მიაჩნია მოცემული დავის გადაწყვეტა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებით, რამეთუ ფაქტი ზიანის მიყენების შესახებ დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ხოლო მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს ეკისრება 103397.80 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოპასუხეს წარმოდგენილ შესაგებელში და და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ შორის მიყენებული ზიანის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3101.94 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,აქ----------------------------------------------იას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ინ-------იას შპს ,,აქ----------------------------------------------იას“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის 103 397 ლარის და 80 თეთრის ანაზღაურება;

 

3. შპს ,,აქ----------------------------------------------იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 02.04.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 101,94 ლარი, საგადასახადო დავალება 1---------;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი