გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001948911
№2-1915/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „ბ---------–---–ი“
წარმომადგენელი - შ--–--------–-----------------------ა
მოპასუხე - შპს ”I-------”
წარმომადგენელი - გ-------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს ”I-------”-ზე მოსარჩელე შპს „ბ---------–---–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 5310 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ბ---------–---–მა“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი და მის საფუძველზე გააფორმა 2017 წლის 04 აპრილს N52 ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, მოპასუხე შპს ”I-------“-სთან. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა თანახმად ტექნიკური დავალებისა (CPV კოდი -72200000 - პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურება).
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 53100 ლარს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მომსახურების მიწოდების ადგილს წარმოადგენდა ქ. ბათუმი, თ------–---–ის ქN19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული ტენდერის გამოცხადეის ფორმა.
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №52 დანართითურთ.
3.2.2. ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლბის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №52 დანართითურთ.
3.2.3. 2017 წლის 13 აპრილს და 2017 წლის 21 აპრილს შპს „ბ---------–---–ის“ მიერ მოპასუხე კოპანიას გაეგზავნა წერილები ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა. მოსარჩელე შპს „ბ---------–---–მა“ 2017 წლის 01 მაისის N943 შეტყობინებით გააფრთხილა მიმწოდებელი კომპანია, რომ თუ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არ განხორციელდებოდა ვალდებულების შესრულება, კომპანია იძულებული იქნებოდა დაეწყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა. ასევე მოპასუხეს 2017 წლის 02 მაისის წერილით მიეცა დამატებითი ვადა ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ”I-------“-ს მხრიდან არ იქნა შესრულებული ტენდერით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც შპს „ბ---------–---–ის“ მიერ 2017 წლის 10 მაისის ბრძანების საფუძველზე შეწყვეტილი იქნა დროზე ადრე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N52 ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს „ბ---------–---–ის“ 2017 წლის 13 აპრილის N859 წერილი.
- შპს „ბ---------–---–ის“ 2017 წლის 21 აპრილის N894 წერილი.
- შპს „ბ---------–---–ის“ 2017 წლის 01 მაისის N943 წერილი.
- შპს „ბ---------–---–ის“ 2017 წლის 02 მაისის N948 წერილი.
- შპს ”I-------“-ს 2017 წლის 28 აპრილის წერილი.
- შპს „ბ---------–---–ის“ 2017 წლის 10 მაისის ბრძანება.
- შპს „ბ---------–---–ის“ 2017 წლის 10 მაისის წერილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ---------–---–ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ”I-------“-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 531 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 04 აპრილს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №52 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ”I-------“-მ აიღო ვალდებულება უზრუნველყო პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება, თანახმად ტექნიკური დავალებისა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 53100 ლარს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მომსახურების მიწოდების ადგილს წარმოადგენდა ქ. ბათუმი, თ------–---–ის ქN19. ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლბის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ”I-------“-ს მხრიდან არ იქნა შესრულებული ტენდერით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც შპს „ბ---------–---–ის“ მიერ 2017 წლის 10 მაისის ბრძანების საფუძველზე შეწყვეტილი იქნა დროზე ადრე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N52 ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელის მიერ მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 5310 ლარის ოდენობით.
6.2. სწორედ, ზ/აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოპასუხეს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების 9.3 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლბის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ ხელშეკრულება მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ვადაზე ადრე, რაც მოსარჩელეს ანიჭებს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება.
ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლბის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, შესაბამისად არსებობს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი სუბიექტის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 %-ს, ანუ 5310 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 1 %-მდე, რაც იქნება 531 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემული შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 159,30 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხე შპს ”I-------“-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 15,93 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ბ---------–---–ის“ სარჩელი შპს ”I-------“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
1.1. შპს ”I-------“-ს შპს „ბ---------–---–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 531 ლარის ოდენობით.
2. შპს ”I-------“-ს დაეკისროს მოსარჩელე შპს „ბ---------–---–ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 15,93
ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე