გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002583299
N2/948-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს ,,ფ---------------------“
წარმომადგენელი ვ--–----------------რაძე
მოპასუხე ბ----–-------------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ბ----–-------------ეს დაეკისროს შპს „ფ---------------------ს“ სასარგებლოდ 2006 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 800 ლარი, სარგებელი - 152 ლარი და პირგასამტეხლო -1054 ლარი.
1.2.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2016 წლის 23 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება ძველ კრედიტორ - შპს "ს-----–-------- და მოპასუხე ბ----–-------------ეს შორის, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა თანხა 800 ლარი სესხის სახით. მსესხებლის მიერ 2017 წლის 21 იანვარს უნდა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მსესხებელს უნდა დაებრუნებინა გამსესხებლისათვის თანხა 952 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, ხოლო 152 ლარი - საკომისიო. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დღმდე არ შესრულებულა, რის საფუძველზეც მსესხებელს გააჩნია დავალიანება 2006 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -800 ლარი, საკომისიო - 152 ლარი და პირგასამტელო -1054 ლარი.
შპს "მ-----------------------------–-----------------–------------------" (შემდგომში- ძველი კრედიტორი) და შპს "ფ--------------------" (შემდგომში - ახალი კრედიტორი) შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა ბ----–-------------ის მიმართ, კერძოდ, დათმობილი მოთხოვნის სრული ოდენობაა - 2006 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 800 ლარი, საკომისიო - 152 ლარი და პირგასამტელო - 1054 ლარი (კრედიტის ნომერი 739693).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირის 800 ლარის და სარგებლის 152 ლარის ნაწილში, ხოლო ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 800 ლარის ოდენობით, 0,63 %-ის სარგებლის, რაც შეადგენს 152 ლარს, დარიცხვით, 29 დღის ვადით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: სესხის ძირი -800 ლარი, სარგებელი - 152 ლარი და პირგასამტეხლო 1054 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2016 წლის 23 დეკემბრის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 1054 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
ხელშეკრულების დარღვევის დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დენა, რის გამოც, სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის პირგასამტეხლო, ხელოვნურად გაიზარდა 1054 ლარამდე, რაც აღემატება როგორც ძირითად თანხას, ასევე სარგებელს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს ,,ფ---------------------ს“ სარჩელი ბ----–-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ბ----–-------------ეს შპს ,,ფ---------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1002 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 152 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და, ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 800 ლარისა და სარგებლის 152 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ფ---------------------“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 1054 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.
მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო 1054 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწყვევს არა მოსარჩელის უფლებების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო -1054 ლარი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე1" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ამავე კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
დაუყოვნებლივ აღსრულება იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილება მოქმედებას იწყებს დაუყოვნებლივ, მისი გამოტანის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი გამოტანის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიცემა.
საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.
დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.
ამ საკითხის თაობაზე მიღებულ განჩინებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.
სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
შპს ,,ფ--------------------“ უნდა დაუბრუნდეს ლ-–---------–-ას მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 01.082018 წ. საგადასახადო დავალება N1) 23,73 ლარი.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1,25 ლარის გადახდა, ხოლო 26,27 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ფ---------------------ს“ სარჩელი ბ----–-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ბ----–-------------ეს შპს ,,ფ---------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1002 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 152 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა.
3.მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.
5. შპს ,,ფ--------------------“ დაუბრუნდეს ლ-–---------–-ას მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 01.082018 წ. საგადასახადო დავალება N1) 23,73 ლარი.
6.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1,25 ლარის გადახდა, ხოლო 26,27 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე