გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
010210018002622621
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002622621

№2-3727/2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე მარიკა მახარაძე

წარმომადგენელი რუსუდან ბასკურიძე, თეონა ჭუმბურიძე

მოპასუხე მამუკა მანჯგალაძე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე მამუკა მანჯგალაძეს, არასრულწლოვანი შვილების - ელენე მანჯგალაძისა და ლუკა მანჯგალაძის რჩენისათვის, სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე, თითოეულ ბავშვზე დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400-400 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

 

- 2008 წლის 21 ოქტომბრიდან, მხარეები - მარიკა მახარაძე და მამუკა მანჯგალაძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქორწინების პერიოდში, 2009 წლის 28 აპრილს შეეძინათ ორი შვილი - ელენე მანჯგალაძე და ლუკა მანჯგალაძე. მხარეებს შორის არსებობდა უთანხმოება, რის გამოც მხარეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფაქტობრივად შეეწყვიტათ ქორწინება. მოსარჩელე მარიკა მახარაძე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას 350 ლარს, ხოლო მამუკა მანჯგალაძე არ ეხმარება შვილების აღზრდაში, არავითარ ყურადღებას არ იჩენს ბავშვების მიმართ და ბავშვების ნახვის სურვილიც კი არ აქვს.

- ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის მოსარჩელეს ყოველთვიურად ესაჭიროება 1500 ლარი, ხოლო ბავშვების მამას - მამუკა მანჯგალაძეს არ უჭირს, რომ შვილები მატერიალურად უზრუნველყოს, ვინაიდან იგი მუშაობს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1500 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მოსარჩელეს არ ეხმარება შვილის რჩენაში. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს შვილების რჩენას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის ეკონომიური შესაძლებლობები საკმარისია იმისათვის, რომ შვილებს ალიმენტის სახით გადაუხადოს თვეში 800 ლარი.

(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. კერძოდ:

- იგი თანახმაა ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტი მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით, მეტის გადახდას ვერ შეძლებს.

- მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად ხელზე აძლევდა დაქირავებული ბინის ქირას და ბავშვების სკოლის გადასახადს, ბოლო მსგავსი გადახდა მოახდინა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს.

- მოსარჩელე ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ნამდვილად არის დასაქმებული ბათუმის დრამატულ თეატრში, თუმცა ხელფასის რაოდენობა შეადგენს 1006 ლარს ხელზე და არა 1500 ლარს, საიდანაც 145 ლარი ავტომატურად ირიცხება სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ში საოჯახო პაკეტზე, რომლითაც დაზღვეული არიან თავად მოსარჩელე - მარიკა მახარაძე და ორივე შვილი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ჰყავს დედა, რომელიც დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, დამოკიდებულია ინსულინზე და ასევე დაავადებულია ფარისებრი ჯირკვლით. მოსარჩელეს გააჩნია სასესხო ვალდებულება სს ,,საქართველოს ბანკთან“, სადაც ყოველთვიურად იხდის თანხას. ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოს მამას არ სურს შვილების ნახვა, არ ეთანხმება მოპასუხე, კერძოდ ბავშვებს სისტემატურად აკითხავდა სკოლაში, გამოჰყავდა სკოლიდან, დაჰყავდა ცეკვაზე და ა.შ. საზაფხულო არდადეგების დროს კი მეუღლეს ბავშვები წაყვანილი ყავდა თავის სოფელში, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს ნორმალური ურთიერთობა არ აქვს ყოფილი მეუღლის ოჯახთან, ლოგიკურია ბავშვების ნახვის შესაძლებლობაც არ ყოფილა.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2008 წლის 21 ოქტომბრიდან მარიკა მახარაძე და მამუკა მანჯგალაძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2009 წლის 28 აპრილს შეეძინათ ორი საერთო შვილი (ტყუპები) - ელენე მანჯგალაძე და ლუკა მანჯგალაძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ქორწინების მოწმობა; ბავშვების დაბადების მოწმობები;

3.1.2. მარიკა მახარაძესა და მამუკა მანჯგალაძეს შორის დაიძაბა ურთიერთობები და უთანხმოების გამო ფაქტობრივად გაშორდნენ ერთმანეთს, ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).

3.1.3. მოსარჩელე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას 350 ლარის ოდენობით. მხარეთა არასრულწლოვანი შვილები - ელენე მანჯგალაძე და ლუკა მანჯგალაძე ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან - მარიკა მახარაძესთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).

3.1.4. მოპასუხე მამუკა მანჯგალაძე ნამდვილად მუშაობს სსიპ - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

3.1.5. მოსარჩელე მუშაობს ფარდების სალონში მკერავად. მისი ხელფასი შეადგენს 400 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

3.1.6. მხარეთა შვილები - ელენე მანჯგალაძე და ლუკა მანჯგალაძე სწავლობენ შპს ,,ბემბილენდი 1“-ში, სადაც მათი თვიური გადასახადი შეადგენს 270 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ბემბილენდი 1“-ის მიერ გაცემული ცნობა;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

- რამდენი აქვს ხელფასი მოპასუხეს როგორც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობის პოზიციაზე და ასევე შპს ,,ლლლ"-ში;

- აქვს თუ არა მოპასუხეს სასეხო ვალდებულებები;

- გარდა ფიქსირებული დასაქმებისა, აქვთ თუ არა მხარეებს კერძო შეკვეთები და რა შემოსავალს ღებულობენ წლიურად ამ შეკვეთებიდან;

- აქვს თუ არა ხარჯები მოპასუხეს ავადმყოფი დედის გამო;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს - ზეპირი განმარტებები წარმოადგენს თუ არა დასაქმებისა და შემოსავლის მტკიცებულებას.

 

3.2.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მუშაობს სსიპ - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და აქვს ხელფასი 1500 ლარის ოდენობით. მაგრამ მოპასუხე ამტკიცებს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1326 ლარს შეადგენს, ხელზე ღებულობს 1006 ლარს, საიდანაც 145 ლარს იხდის სადაზღვევო კომპანია ,,არდში“.

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მოპასუხეს აქვს ხელფასი 1500 ლარის ოდენობით. ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე მამუკა მანჯგალაძემ კი წარმოადგინა ცნობები, რომლის თანახმადაც მას ერიცხება თვიურად 1326 ლარი, საიდანაც 145 ლარი ირიცხება სადაზღვეო კომპანია ,,არდში“, ხოლო შპს ,,ლლლ"-ში მისი ყოველთვიური ხელფასია 150 ლარი.

ამდენად დგინდება, რომ მოპასუხის ყოველთვიური საერთო შემოსავალი ხელზე გასაცემი თანხით შეადგენს დაახლოებით 1065 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები ხელფასის შესახებ;

- სადაზღვევო მოწმობები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის დედა ცისანა მანჯგალაძე დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და ფარისებრი ჯირკვლით. გარდა დედისა, მოპასუხეს ჰყავს 2 სრულწლოვანი ძმა და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა- განმარტება;

- სამედიცინო ცნობები;

 

3.2.4. მოპასუხეს სასეხო ვალდებულებების შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

3.2.5. დადგენილია და არც მხარეები უარყოფენ, რომ მათ გარდა ფიქსირებული შემოსავლებისა, ზოგჯერ აქვთ კერძო შეკვეთებიც და გარკვეულ შემოსავალსაც ღებულობენ აქედან (მოსარჩელე მკერავია და აქვს კერძო შეკვეთებიც, მოსარჩელე კი ამზადებს სარეკლამო რგოლებს), თუმცა ეს შემოსავლები არასტაბილურია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ 2009 წლის 28 აპრილს დაბადებული ორი საერთო შვილი (ტყუპები) - ელენე მანჯგალაძე და ლუკა მანჯგალაძე.

ისინი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მამუკა მანჯგალაძე არ ცხოვრობს მარიკა მახარაძესთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას - მარიკა მახარაძეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვების აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 800 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით თითოეული შვილისათვის 400 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილების აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს თითოეულისთვის მაქსიმუმ 150-150 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი შემოსავალი არაა საკმარისი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შემოსავალი თვეში 1065 ლარს, ხოლო მოსარჩელის - 400 ლარს, ალიმენტის სახით 800 ლარის დაკისრება არ არის გონივრული.

 

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს 800 ლარის ალიმენტის სახით გადახდას. თუ შვილის მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილის რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის ალიმენტის სახით უნდა დაეკისროთ თვეში 200-200 ლარის გადახდა თითოეულისთვის, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 400 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილების რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. ბავშვები დადიან შემეცნებით სტუდიაში, სადაც გადასახადი თვიურად 270 ლარია), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 400 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილების რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილების რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 200 -200 ლარის გადახდა თითოეულისთვის, ჯამში 400 ლარის გადახდა.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სარჩელი აღძრულია 2018 წლის 07 სექტემბერს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 07 სექტემბრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 400 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 86 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მარიკა მახარაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე მამუკა მანჯგალაძეს მოსარჩელის მარიკა მახარაძის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - ელენე მანჯგალაძის (დაბ. 2009 წლის 28 აპრილი, პ/ნ 61650002471) და ლუკა მანჯგალაძის (დაბ. 2009 წლის 28 აპრილი, პ/ნ 61350002472) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, ელენე მანჯგალაძის რჩენისათვის 200 ლარის, ლუკა მანჯგალაძის რჩენისათვის 200 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე. ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 07 სექტემბრიდან.

3. მარიკა მახარაძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე მამუკა მანჯგალაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 86 ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე