განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/36-18
(გამოძიების #0-----------)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ივ--------------------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–----------ს, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, უმუშევარი, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დი-----------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 126-ე მუხლის 12 ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ადვოკატი - ირ--------–-–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების ფორმულირება:
1.1. 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დი-----------ში მდებარე ივ------------–---–ისა და ან----------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლის შენიშვნის გამო განაწყენებულმა ივ------------–---–მა ყელის არეში ხელის მოჭერის და ხელის მხრისა და თავის არეში დარტყმების გზით იძალადა თავისი ცოლის - ან----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 11 აგვისტოს, საღამოს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დი-----------ში მდებარე ივ------------–---–ისა და ან----------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლის ჩაცმულობით გაღიზიანებულმა ივ------------–---–მა ხელის თავის არეში დარტყმის, ხელის ამობრუნებისა და მარჯვენა ხელის იდაყვით მარცხენა ლოყასა და ყურზე ზეწოლის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - ან----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2018 წლის 12 აგვისტოს, დილით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დი-----------ში მდებარე ივ------------–---–ისა და ან----------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მეუღლის მიერ სოციალურქსელში ინფორმაციის მოწონების გამო განაწყენებულმა ივ------------–---–მა ხელის თავის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - ან----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. ივ------------–---–მა აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნია, რომ ქალი არის ნივთი, რომელსაც ისე მოექცევა, როგორც სურს და რომელიც უნდა იყოს მუდმივად კარგ განწყობაზე, ტანისამოსი უნდა შეარჩიოს ქმართან შეთანხმებით და ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მეუღლეს. აღნიშნული ძალადობების შედეგად დაზარალებულმა ან----------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. სასამართლომ დაადგინა:
არ დადგინდა ივ------------–---–ის მიერ მეუღლეზე ან----------–---–ზე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით 2018 წლის 12 აპრილს, ასევე 11 და 12 აგვისტოს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ივ------------–---–ის მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.
3.3. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე), ან----------–---–ი არის ივ------------–---–ის მეუღლე და, შესაბამისად, ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. აღნიშნული სადავო არც გამხდარა.
3.4. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ივ------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო მისმა მეუღლემ, მშობლებმა და ძმამ, შესაბამისად, ან----------–---–მა, ზუ-------------–---–მა, ოლ--------–----–---–მა და გი---------------–---–მა უარი განაცხადეს ივ------------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.5. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა დაზარალებულ ან----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც შეიცავს 2018 წლის 11-12 აგვისტოს ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმის) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს, რის გამოც გამომძიებლების - შო---------–---–ისა და გი--------------ის ჩვენებებიც (მათ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი) იგივე რანგში განიხილება. ამის საპირისპირო დასკვნის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ თუ ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმის სახით გამომძიებელს, რომელმაც ჩაატარა მაგ., დაზარალებულის გამოკითხვა და დეტალურად მოყვება ამ უკანასკნელის მიერ მიცემულ ინფორმაციას დეტალურად, ეს შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
3.6. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ დაზარალებულ ან----------–---–ს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა უტყუარად იმის თქმა, რომ აღნიშნული სწორედ ივ------------–---–მა მიაყენა შეუძლებელია. სასამართლო ცასახად აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე შეუძლებელია რაიმე კონკრეტული ფაქტის დადგენა, მინიმუმ თუნდა ისე, როგორც ეს ბრალის დადგენილებაშია მითითებული, მით უმეტეს სხვა ინტერპრეტაციით. საქმეზე არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, თუ რა ვითარებაში მიიღო ან----------–---–მა არსებული დაზიანებები, ამ ფაქტების შემსწრე არც ერთი პირი არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე, ხოლო ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტზე საერთოდ არაფერი მიუთითებს. სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და არა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეხება ემოციურად მძიმე გარემოებებს, თუმცა, მეორე მხრივ, მათზე რაიმე ფაქტის დადგენის კანონისმიერი შესაძლებლობა არ არსებობს.
3.7. სწორედ ამგვარი ირიბი ჩვენებები იქნა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, მა-------------–---–მა (დაზარალებულის მამა) აღნიშნა, რომ იანვარში ბავშვი შეეძინათ. აპრილში, გორიდან რომ ჩავიდნენ ბრალდებულის ოჯახში, ვ------------ წელზევით გახდილი იყო და ტანზე დაფხაჭნილი, როგორც დედამ განუმარტა გაშველებისას მისგან მიიღო, ა---- აღენიშნებოდა ყელის არეში სისხლჩაქცევები. შვილი წაიყვანა ბავშვთან ერთად. გავიდა დრო, მიდიოდნენ შესარიგებლად, ა--- დაუბრუნდა ოჯახს, რაღაც პერიოდის შემდეგ მამიდას წერდა მესიჯებს, გვიშველე პოლიცია მოიყვანეო, ჩავიდნენ ამ წერილების გამო, სახლში არ დახვდა შვილი, არც სიძე, ეუბნებოდა მის მშობლებს, რომ მოეყვანათ სახლში, ჯერ დაუმალეს, შემდეგ მოიყვანეს ა---, გასაცოდავებული იყო, შემდეგ ვ----– მოიყვანეს, დარეკა 112-ში. ა---- ყბაზე ეტყობოდა დაზიანებები, ტანზე გახდილი არ უნახავს. მეორე დღეს იყვნენ ექსპერტიზაზე. თავად უშუალოდ არ შესწრებია რაიმეს. მოწმე ნა----–----------–---–მა (დაზარალებულის მამიდა) განმარტა, რომ ბრალდებულის ოჯახში მანამდეც მომხდარა კონფლიქტი, ა---- გვითხრა მამაშვილს შორის მოხდაო და მამას გამოუძახია პატრული, 21 აპრილი იყო, ა--- და ბავშვი წაიყვანა, თურმე ა---- და ვ----- შორის მოხდარა და ა---- არ დაწერა პოლიციაში. მერე ჩამოვიდა ი---- და წაიყვანა ა---, იმავე საღამოს მოწერა „მამიდა მიშველე ვ----- მცემა, ბავშვი ჩაკეტა ოთახში ბავშვთან არ მიშვებს“. ბრალდებულის დედამ უთხრა „ხომ არ უნდა მოკლასო, მეც მცემაო, წაიყანეთ“. ჩავიდნენ, წელზევით შიშველი ჩამოკაწრული იყო ი----, ა---- იმ დროს დაზიანება არ ჰქონდა, სახლში რო ჩაიყვანა ხელი ჰქონდა ნატკენი, ცივი ხელი რომ დაადო ესიამოვნა ა----. ბრალდებული მეორე დღეს ემუქრებოდა შემირიგდი, თორემ თავს მოვიკლავო. მამამისიც ჩავიდა, ა----აც თქვა, რომ აპატიებდა და წაყვა მამამთლს და დედამთილს. აგვისტოში ეკლესიაში იყო მესიჯი მიიღო - „ჩამოდით ოღონდ პოლიციითო“. შემდეგ დაურეკა ა----, მან უთხრა, რომ ვ----- კიდევ სცემა, იქ აღარ გაჩერდებოდა. ჩავიდნენ თ------–-, ა--- და ი---- არ იყვნენ სახლში. შემდეგ გამოაჩინეს ა--- და ბავშვი, მ------- დარეკა პოლიციაში, ა---- სახე ჰქონდა შეშუპებული, ყურის უკანაც და მხარზე ჰქონდა დაზიანებები. ა---- გადმოცემით 11 აგვისტოს საღამოს სცემა და 12 აგვისტოს დილით. თავად არ შესწრებია. ა--- ეხლა ცხოვრობს მამათილ-დედამთილთან. მოწმე ან----------–---–მა (დაზარალებულის ბებია) განაცხადა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს ნა----–----------–---–თან ერთად იყო წირვაზე, ამ უკანასკნელს მესიჯი მოუვიდა, რომ წაიკითხა გაფითრდა და გავიდა გარეთ, 2 წუთში შეტრიალდა და წავიდნენ, უთხრა, რომ ა--- სწერდა მას, რომ ეშველათ, რადგან ქმარი სცემს. წავიდნენ ბრალდებულის ოჯახში, გზაში მესიჯი მიიღეს ა----გან, რომ აღარ ჩასულიყვნენ, რადგან ყველაფერი კარგად იყო, დედამთილი იყო ცუდად. ბრალდებულის ძმა დახვდათ სახლში, ასევე მამა, რომელთაც უთხრეს, რომ არაფერი მომხდარა, დაუმალეს, მერე მოვიდნენ ა--- და ბავშვი, ა--- ჩემოეკიდა ყელზე, „ბაბო მაპატიე, წამიყვანეთ აქედან მიშველეთ“, ცალი მხარე, უფრო მარჯვნა მხარე დაწითლებული და გასიებული ჰქონდა. მოწმემ აღნიშნა ასევე რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა აღნიშნულს შემხებლობა არ აქვს ივ------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან. მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა როდის რა დაზიანებები ჰქონდა დაზარალებულს, თავად არ შესწრებია.
3.8. ან----------–---–ს, რომ დაზიანებები ჰქონდა, დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: სუ-–-----------–--ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ ან----------–---–ს ვიზუალურადაც ეტყობოდა დაზიანებები. სიწითლეები აღენიშნებდოდა ყურის ქვეშ; ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ან----------–---–ს აღენიშნება მარცხენა ხელის მაჯაზე სილურჯე, 1,5 სმ/1,5 სმ. დიამეტრის. ოქმზე თანდართული შავ-თეთრი ფოტოებით რაიმეს დადგენა შეუძლებელია; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (13.08.18), ან----------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა ყურის ნიჟარის უკან და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 11-12 აგვისტოს პერიოდს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისინი ვერ დადასტურებს, რომ ან----------–---–ს დაზიანებები სწორედ ივ------------–---–მა მიაყენა.
3.9. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით, ივ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისულფების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3.10. საბოლოოდ, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებებულებების შესაბამისად, შეუძლებელია უტყუარად იმის დადგენა, რომ სწორედ ივ------------–---–მა იძლადა ან----------–---–ის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. ამასთან, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ივ------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ივ------------–---–მა განახორციელა ძალადობა მეუღლეზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15). სასამართლო ცალკე აღარ შეაფასებს სისტემატურობისა ან ფსიქიკური და ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების საკითხებს, რაც აღნიშნულია წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მათზე მსჯელობას არავითარი აზრი აქვს თავად ძალადობის ფაქტების დაუდასტურებლობის ვითარებაში.
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ივ------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 111 და 126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ივ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ივ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ივ------------–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი