გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3893-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე: ზ-------–--------
წარმომადგენელი - ნ----–-------–---–ი
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - მა-------------ე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0-----–------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-------–-------ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი ფორმით - შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების წესების სრული დაცვით, ასევე მოპასუხემ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულ ზ-------–-------ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ბრალდებული ზ-------–-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2013 წლის 10 თებერვალს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, კერძოდ 2012 წლის 02 სექტემბრიდან.
2015 წლის 03 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 2 თვისა და 29 დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 4 წელი, 2 თვე და 29 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან 2015 წლის 03 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის დახასიათება (ს.ფ. 56-63)
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 23 იანვრის N397 ბრძანება
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის10 მარტის N2409 ბრძანება
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება N0-----–------- (ს.ფ. 64- 70)
3.1.2. მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა მოსარჩელის მიმათ დანაშაულთან მიმართებით არსებული რისკ-ფაქტორები გამორიცხა და არ გამოკვეთა.
მოსარჩელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 23 იანვრის N397 ბრძანებით განესაზღვრა სასჯელის მოხდა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 10 მარტის N2409 ბრძანებით ქ.თბილისის N 9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა ქ.თბილისის N 8 პატიმრობის და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 08 აპრილის ბრძანებით ქ.თბილისის N 8 პატიმრობის და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის N 9 პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში.
2015 წლის 29 დეკემრიდან შესახლებული იქნა N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასჯელის დასაწყისი: 03.06.2015წ.
სასჯელის დასასრული: 01.09.2019წ.
სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლებით 2/3 მოიხადა: 01.04.2018წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება N0-----–------- (ს.ფ. 64- 70)
- N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის დახასიათება (ს.ფ. 56-63)
3.1.3. მოსარჩელე წარსულში ნასამართლობის არმქონეა.
დადგენილია ასევე, რომ მსჯავრდებული ზ-------–-------- სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ, წახალისებულია შვიდჯერ.
სადამსჯელო ღონისძიება:
2014 წლის 10 ოქტომბერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორს, განკ. N 5----- შეეზღუდა „ტელეფონით სარგებლობის უფლება“ 1 თვის ვადით.
წამახალისებელი ღონისძიება:
2013 წლის 17 ოქტომბერს წახალისებით მიეცა „პირადი ტელევიზორით“ სარგებლობის უფლება, ბრძ. N63
2014 წლის 28 ნოემბერს ვადაზე ადრე მოეხსნა განკ. 10.10.2014 წ განკ. N5----- დაკისრებული დისციპლინური სახდელი, ბრძ. N--
2017 წლის 12 ოქტომბრის ბრძ. N---- წახალისებით მიეცა ერთი „დამატებითი სატელეფონო საუბრის“ უფლება.
2017 წლის 17 ნოემბრის ბრძ. N---- წახალისებით მიეცა ერთი „დამატებითი სატელეფონო საუბრის“ უფლება.
2017 წლის 14 დეკემბრის ბრძ. N---- წახალისებით მიეცა ერთი „დამატებით სატელეფონო საუბრის“ უფლება.
2018 წლის 10 იანვრის ბრძ. N216 წახალისებით მიეცა ერთი „დამატებითი სატელეფონო საუბრის“ უფლება.
2018 წლის 07 თებერვლის ბრძ. N954 წახალისებით მიეცა ერთი „დამატებითი სატელეფონო საუბრის“ უფლება.
მსჯავრდებული ზ-------–-------- არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. მსჯავრდებულის განმარტებით, აქვს სურვილი მისთვის სასურველი სოციალური პროგრამის განხორციელების შემთხვევაში ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს მასში. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას და დაკავებულია ვარჯიშით.
დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებაშია, არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება N0-----–------- (ს.ფ. 64- 70)
- N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის დახასიათება (ს.ფ. 56-63)
3.1.4. დადგენილია, რომ მსჯავრდებულის კოგნიცია მოწესრიგებულია. მარტივად შემოდის კონტაქტში. იგი ურთიერთობაში ავლენს კეთილგანწყობას, პატიმრობაში ყოფნის პერიოდს ატარებს მშვიდად, კონფლიქტების გარეშე, კითხულობს ლიტერატურას. აქვს კარტი ინტელექტუალური უნარები, შეუძლია კონფლიქტების კონსტრუქციული გზით მოგვარება, არ ავლენს ანტისოციალურ ტენდენციებს, შორს დგას კრიმინალური აზროვნებისაგან.
მსჯავრდებული მზაობას ავლენს თვითგანვითარებისა და შეცვლისაკენ. განთავისუფლების შემდეგ იზრუნებს ოჯახის კეთილდღეობაზე, დროს დაუთმობს შვილების აღზრდას, დასაქმდება კერძო ბიზნესით.
მსჯავრდებულის განმარტებით, არის უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიით სამართალმცოდნე. დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი. აქვს მუშაობის გამოცდილება. 1999 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში. აქვს განვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სხვადასხვა სახის ტრენინგები. ფლობს სალაპარაკო დონეზე რუსულსა და ინგლისურ ენებს.
მსჯავრდებული არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი, პენსიონერი დედა. ოჯახის წევრებთან აქვს კარგი დამოკიდებულება. მსჯავრდებულის განმარტებით, მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის კარგი. გათავისუფლების შემდეგ იცხოვრებს იმავე მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება N0-----–------- (ს.ფ. 64- 70)
- N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის დახასიათება (ს.ფ. 56-63)
3.1.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 N0-----–------- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ-------–-------ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატირობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილა. საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და საბჭომ საკითხის განხილვისას შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ არის ნორმალურ დამოკიდებულებაში, წამახალისებელი თუ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების რაოდენობა და ხასიათი, მისი ოჯახური მდგომარეობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები. თუმცა საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე. ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე ხასიათის დანაშაული, კერძოდ განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული. ასევე, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიება. ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება N0-----–------- (ს.ფ. 64- 70)
- N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის დახასიათება (ს.ფ. 56-63)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პატიმრობის კოდექსი; სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება, რომელიც ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 08/07/2018 N 320 ბრძანებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0-----–------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ხსენებული კოდექსის მე-43 მუხლში რეგლამენტირებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
6.3. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. ამავე დებულების მესამე მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიულ განსჯადობას, რომლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების პირველი მუხლის მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო თვლის, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ ზ-------–-------- წარსულში არ არის ნასამართლევი, საქმეში წარმოდგენილია მის მიმართ არაერთი წამახალისებელი ღონისძიების მიღება პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ზურაბ ცირეკიძის მიმართ პენიტენციული დაწესებულების ადმინისტრაციის დახასიათება, რომლის თანახმად ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ იგი არა არის კონფლიქტური და აგრესიული. ბენეფიციარმა კარგად გაიაზრა სასჯელის შეფარდების პროცესში მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რის გამოც, სასჯელმა თავისი ფუნქცია შეასრულა. აქვს ინტელექტუალური უნარები იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტები გააცნობიეროს და მომავალში მისი პრევენცია უზრუნველყოს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მას ჩადენილი აქვს მძიმე ხასიათის დანაშაული მიზანშეწონილი არ არის მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სასჯელის მოხდის პერიოდში შვიდჯერ არის წახალისებული, დასჯილი ერთხელ, თუმცა 2014 წლის 28 ნოემბერს ვადაზე ადრე მოეხსნა დაკისრებული დისციპლინური სახდელი, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული მასალებით სახეზეა ყველა წინაპირობა მოსარჩელის რესოციალიზაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების მზაობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია საბჭოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასების საფუძველზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა.
6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0-----–------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს, როგორც - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-------–--------სთან მიმართებაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უნდა დაეკისროს ზ-------–-------ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-13, 271-ე, 32.4-ე 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ-------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0-----–------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ-------–--------სთან მიმართებაში.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს ზ-------–-------ის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი