გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
160210019002810451
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29-19

160210019002810451

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - გი---–----- ალ---ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - აი-------------ი

მოპასუხე - ფა------– ალ---ი

წარმომადგენელი - ემზ----------–---–ი

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გი---–----- ალ---ასა და ფა------– ალ---ს შორის 2003 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით;

 

1.2. მოპასუხე ფა------– ალ---ისთვის არასრულწლოვანი შვილების 2002 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ელ–-- ალ---ისა და 2003 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული გიულ–-- ალ---ას რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით 200-200 ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 18 იანვრიდან) მათი სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

მხარეები 2001 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, 2003 წლის 2 ივლისს მათ მოახდინეს ქორწინების რეგისტრაცია. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2002 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ელ–-- ალ---ი და 2003 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული გიულ–-- ალ---ა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბოლო 2-3 წელია მასსა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, მოპასუხე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და მოსარჩელეს უმიზეზოდ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულის გამო მხარეებმა 2 თვეა შეწყვიტეს ერთად ცხოვრება. მოსარჩელე შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან ქ. მარნეულში, ხოლო მოპასუხე კვლავ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ფ------–ი. მოსარჩელეს შეუძლებლად მიაჩნია მოპასუხესთან შერიგება, რის გამოც სურს განქორწინება, რაზედაც მოპასუხე აცხადებს უარს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მას შემდეგ რაც მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს, მოპასუხეს თავისი შვილების მიმართ ინტერესი და ყურადღება არ გამოუჩენია, იგი არ მონაწილობს შვილების რჩენაში, მათზე ზრუნავს მხოლოდ გი---–----- ალ---ა თავისი მშობლების დახმარებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უმუშევარია, ხოლო მოპასუხე დასაქმებულია კერძო სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის დარგში, სეზონურად მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, წელიწადში 10 თვის განმავლობაში და მისი შემოსავლი ყოველთვიურად შედგენს 1200-1500 ლარს, თუმცა იმის გამო, რომ იგი ხელფასს იღებს ნაღდი ანგარიშსწორების გზით, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა მოპასუხის შემოსავლების შესახებ. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ მისი შვილი გიულ–-- ალ---ა სწავლობს შპს "მარნეულის კოლეჯში", 2 წლიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის საფასურიც შეადგენს 3100 ლარს. მითითებულ თანხას მოსარჩელე იხდის მშობლების დახმარებით. მოპასუხეს თავის კმაყოფაზე მყოფი პირები არ ჰყავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე განქორწინების მოთხოვნას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ ოჯახში უსიამოვნება მოხდა მოსარჩელის ბრალით, მას შემდეგ რაც მან ბანკიდან სესხის სახით აიღო თანხა 1000 ლარის ოდენობით, საკერავი მანქანის შესაძენად, თუმცა ამ ფულით მას აღნიშნული ნივთი არ შეუძენია და დახარჯა გაურკვეველი მიზნებით, აღნიშნულ დავალიანებას დღემდე იხდის მოპასუხის მამა ისტუმრებს პენსიიდან. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელე მუშაობდა სოფელ ყიზილაჯლოში სამკერვალო სააქმროში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 400-500 ლარს, თუმცა მას არასოდეს დაუხარჯავს აღნიშნული თანხა ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე. სწორედ აღნიშნული გარემოებები გახდა მხარეებს შორის უსიამოვნების მიზეზი. მოპასუხე განმარტავს, რომ მას სურს მოსარჩელესთან შერიგება, რაც უკეთესი იქნება როგორც მხარეებისათვის, ასევე მათი შვილებისთვის.

 

რაც შეეხება არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების საკითხს, მოპასუხე მისთვის ყოველთვიურად თითოეული შვილისათვის 200 ლარის დაკისრებას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჯერ უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის ურთიერთობის საკითხი, ხოლო ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ვინაიდან მას არ აქვს შემოსავალი, არ ჰყავს საქონელი და თავად განიცდის მატერიალურ გაჭირვებას, თანახმაა გადაიხადოს თითოეული შვილისათვის 50 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გი---–----- ალ---ა და ფა------– ალ---ი 2001 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ, ხოლო 2003 წლის 2 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ქორწინების მოწმობა

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: 2002 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ელ–-- ალ---ი და 2003 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული გიულ–-- ალ---ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელ–-- ალ---ის დაბადების მოწმობა

- გიულ–-- ალ---ას დაბადების მოწმობა

 

3.1.3. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. არასრულწლოვანი გიულ–-- ალ---ა 2018 წლის ოქტომბრის თვიდან სწავლობს შპს "მარნეულის კოლეჯში", საგანმანათლებლო პროგრამაზე ექთნის თანაშემწე, მას მინიჭებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი, პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი, ხოლო გადასახადი შეადგენს 3100 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს "მარნეულის კოლეჯის" დირექტორის მიერ 19.12.2018 წელს გაცემული ცნობა N153

- შპს "მარნეულის კოლეჯის" დირექტორის მიერ 19.12.2018 წელს გაცემული ინვოისი N154

 

3.1.5. გი---–----- ალ---ას 2018 წლის 19 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს "ქართული კრედიტის" მიმართ გააჩნია დავალიანება 1000 ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრულია 1 წლის ვადით და ყოველთვიური შენატანის ოდენობა შეადგენს 104.1 ლარს. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში, გი---–----- ალ---ას დავალიანების დაფარვის მიზნით, ფა------– ალ---ის მამამ ფა------ ალ---მა ყოველთვიურად, 2018 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით განახორციელა თანხების გადახდა ჯამში 525 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.06.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულება HEAD.100006644.001

- საბანკო ქვითრები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც მოსარჩელე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებას (ყოველთვიურად 1200-1500 ლარის ოდენობით) დაადასტურებდა.

 

3.2.2. გი---–----- ალ---ას და ფა------– ალ---ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველია.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

გი---–----- ალ---ა და ფა------– ალ---ი რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან 2003 წლის 2 ივლისიდან (3.1.1.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

გი---–----- ალ---ას სარჩელის თაობაზე მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ სურს მეუღლესთან შერიგება და თანაცხოვრება, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა ამ მოთხოვნას. შესაბამისად, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე 2018 წლის ნოემბრის თვის შემდეგ და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ფა------– ალ---თან ოჯახის შენარჩუნებისა. დადგენილია, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა, ვინაიდან მოსარჩელე გამორიცხავს ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე ფა------– ალ---თან ერთ ოჯახად ცხოვრებისა. მოსარჩელის ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან გი---–----- ალ---ასა და ფა------– ალ---ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები ელ–-- ალ---ი და გიულ–-- ალ---ა.

 

თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: 2002 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ელ–-- ალ---ი და 2003 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული გიულ–-- ალ---ა. (3.1.2.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ამდენად, არასრულწლოვანი ელ–-- ალ---ის და გიულ–-- ალ---ას მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

გი---–----- ალ---ა და ფა------– ალ---ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი არის დედის, გი---–----- ალ---ას საცხოვრებელი ადგილი (3.1.3.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლო შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილის, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე.

 

მოპასუხე თანახმაა, გადაიხადოს თითოეული არასრულწლოვანისათვის ყოველთვიური ალიმენტის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა რომელიც დაადასტურებდა თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. მას არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ელ–-- ალ---ის და გიულ–-- ალ---ას მშობლები გი---–----- ალ---ა და ფა------– ალ---ი არიან შრომისუნარიანნი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც როგორც ერთი ასევე მეორე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა. ორივე მშობლის შრომისუნარიანობა მიუთითებს მასზედ, რომ ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში. მხედველობაშია მისაღები იმ ფაქტი, რომ არასრულწლოვანი გიულ–-- ალ---ა 2018 წლის ოქტომბრის თვიდან სწავლობს შპს "მარნეულის კოლეჯში", საგანმანათლებლო პროგრამაზე ექთნის თანაშემწე, მას მინიჭებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი, პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი, ხოლო გადასახადი შეადგენს 3100 ლარს (3.1.4.). ამასთან, არასრულწლოვანის აღზრდისათვის, ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2019 წლის იანვრის თვისათვის 158.2 ლარს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo). სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ელ–-- ალ---ის და გიულ–-- ალ---ას სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის 120 (ას ოცი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე გი---–----- ალ---ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, გი---–----- ალ---ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ფა------– ალ---ს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გი---–----- ალ---ა განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ფა------– ალ---მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გი---–----- ალ---ას სარჩელი მოპასუხე ფა------– ალ---ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შეწყდეს გი---–----- ალ---ას (ქორწინებამდელი გვარი ,,გასანოვა”, პირადი №2------5571) და ფა------– ალ---ს (პირადი №1------5714) შორის 2003 წლის 2 ივლისს (ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი №0011867) რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ფა------– ალ---ს არასრულწლოვანი შვილისთვის ელ–-- ალ---ისთვის (დაბადებული 2002 წლის 5 აგვისტოს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 18 იანვრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ფა------– ალ---ს არასრულწლოვანი შვილისთვის გიულ–-- ალ---ასთვის (დაბადებული 2003 წლის 17 ოქტომბერს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 18 იანვრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ელ–-- ალ---ს მოსარჩელე გი---–----- ალ---ას სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ელ–-- ალ---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი