გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
080210017002235412
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/4010-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - მ------ ხ-------–---–ი;

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა;

მოპასუხე - გ------- ბ----;

წარმომადგენელი - მ--–---- რ-–-----ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ------- ბ----ს მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე: თბილისი, დასახლება ს---------, კორპუსი 25, ბინა 40; საკადასტრო კოდი: 0----------------------) რეალიზაცია და ამონაგები თანხით მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2012 წლის 25 იანვარს გ------- ბ----სა და მ------ ხ-------–---–ს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ------ ხ-------–---–მა მოპასუხეს გადასცა თანხა 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლით და თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 იანვარი. მიუხედავად იმისა, რომ დადებული იყო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, მოწინააღმდეგე მხარემ არ მისცა უფლება მოსარჩელე მხარეს ბინით ესარგებლა და არც ნასესხები თანხა დააბრუნა, თუმცა იგი მოსარჩელე მხარეს სისტემატურად პირდებოდა თანხის დაბრუნებას. მოსარჩელის განმარტებით ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 12000 აშშ დოლარი 2014 წლის 25 იანვარს, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული იქნა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დასახლება ს---------, კორპუსი 25, ბინა 40. მოპასუხემ არ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------- ბ----მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მას სასამართლოსათვის უნდა მოემართა მას შემდეგ რაც ვერ განახორციელა ბინით სარგებლობა და არა მაშინ როდესაც უნდა მომხდარიყო თანხის დაბრუნება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 25 იანვარს მ------ ხ-------–---–ს და გ------- ბ----ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ------ ხ-------–---–მა გ------- ბ----ს ასესხა 12 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 2 წლის ვადით, სარგებლით. სარგებელი შეადგენდა მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას. სესხი უნდა დაბრუნდეს 2014 წლის 25 იანვარს. შესაძლებელია სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება ურთიერთშეთანხმებით.

 

სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით, აგრეთვე შესაძლო ზიანიც. სესხის და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, სრული მოცულობით, იპოთეკის საგნით, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ქუჩა დასახლება ს---------, კორპუსი 25, საკუთრება ფართი სართული 2, ბინა N40, ფართით 39.63. იპოთეკის საგანი ეკუთვნის გ------- ბ----ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23)

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მსესხებლის მიერ არ არის შესრულებული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ მოხდა მოპასუხის მოძიება, 2017 წლის 10 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება სარჩელის საჯაროდ გავრცელების თაობაზე, ხოლო 2017 წლის 06 ივნისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინება (ს.ფ. 36-39).

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-43).

 

3.1.4. 2017 წლის 18 აგვისტოს მ------ ხ-------–---–ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 15 სექტემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- რ.ხ----–--–--ას განცხადება (ს.ფ. 56).

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 68).

 

3.1.5. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადდა აუქციონი. 2017 წლის 12 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს NA17112460-014/001 განკარგულების საფუძველზე მოვალის - გ------- ბ----ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა დასახლება ს---------, კორპუსი 25, საკადასტრო კოდი 0---------------------- შეძენილი იქნა 06/12/2017 წელს დასრულებულ აუქციონზე მ------ ხ-------–---–ის მიერ. ქონება შეძენილი იქნა 10 500 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორის მეორე რიგის იპოთეკარ მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 12 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA17112460-014/001 განკარგულება (ს.ფ. 131).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ხ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს კონსტიტუცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გადასახდელი აქვს 12 000 აშშ დოლარი, რის გამოც უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს 12 000 აშშ დოლარი, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, მხოლოდ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 25 იანვარს მ------ ხ-------–---–ს და გ------- ბ----ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ------ ხ-------–---–მა გ------- ბ----ს ასესხა 12 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 2 წლის ვადით, სარგებლით. სარგებელი შეადგენდა მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას. სესხი უნდა დაბრუნდეს 2014 წლის 25 იანვარს. შესაძლებელია სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება ურთიერთშეთანხმებით.

 

სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით, აგრეთვე შესაძლო ზიანიც. სესხისა და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, სრული მოცულობით, იპოთეკის საგნით, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ქუჩა დასახლება ს---------, კორპუსი 25, საკუთრება ფართი სართული 2, ბინა N40, ფართით 39.63. იპოთეკის საგანი ეკუთვნის გ------- ბ----ს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულებითი ურთიერთობა მ------ ხ-------–---–სა და გ------- ბ----ს შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მსესხებელს წარმოეშვა ნასესხები თანხის 12 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება, ხელშეკრულებით დადენილ ვადაში 2014 წლის 25 იანვრამდე. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა ვალდებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 3065-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

 

6.8. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული მოპასუხე გ------- ბ----ს კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA17112460-014/001 განკარგულების საფუძველზე მოვალის გ------- ბ----ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა დასახლება ს---------, კორპუსი 25, საკადასტრო კოდი 0---------------------- შეძენილი იქნა 06/12/2017 წელს დასრულებულ აუქციონზე მ------ ხ-------–---–ის მიერ. ქონება შეძენილი იქნა 10 500 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორის მეორე რიგის იპოთეკარ მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკვე აღსრულებულია.

 

6.9. მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.

 

სასამართლო არ იზიარებს მის განმარტებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 25 იანვარს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, მოვალე გ------- ბ----მ მ------ ხ-------–---–ისგან მიიღო 12 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 იანვარი. ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2014 წლის 25 იანვრიდან და მოსარჩელის მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის 03 იანვარს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული სარჩელის წარმოდგენა, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 953 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

7.2. მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ი მოითხოვს მოპასუხე გ------- ბ----მ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ------- ბ----ს მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 1000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გამოუყენებია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ------ ხ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გ------- ბ----ს მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

1.2. ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე: თბილისი, დასახლება ს---------, კორპუსი 25, ბინა 40; საკადასტრო კოდი: 0----------------------) რეალიზაცია და ამონაგები თანხით მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა (გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკვე აღსრულებულია, კერძოდ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 12 დეკემბრის განკარგულებით გ------- ბ----ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 06 დეკემბერს დახურულ აუქციონზე გახდა მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ი).

1.3. გ------- ბ----ს მოსარჩელე მ------ ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 953 ლარის და საადვოკატო მომსახურების - 1000 ლარის გადახდა.

2. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა