გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210018002432637
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/13220-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „ს------–-------“

წარმომადგენელი თე----------–-–---–-

მოპასუხეები გი------------–-----

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გი------------–-----ს სს „ს------–-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1862 ლარი და 10 თეთრი, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს 1 106.08 ლარს, პირგასამტეხლო - 756.02 ლარს.

 

2017 წლის 29 სექტემბერს სს „ს------–--------“ და გი------------–-----ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N1------------, რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 2.675 ლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 277 ლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 3324 ლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%-ს, ჯამში არაუმეტეს 2500 ლარს.

 

მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 1862 ლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი (ძირითადი თანხა) თანხაა 1106.08 ლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 756.02 ლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება პირველი ვადაგადაცილებული დღიდან - 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით (მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი).

 

მოპასუხე ინფორმირებული იყო დავალიანების შესახებ როგორც წერილობით, ასევე სატელეფონო საუბრით. 2018 წლის 12 მარტის მიღება-ჩაბარების საფუძველზე მხარეთა შორის შეწყდა ლიზინგის ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ-------------–---ემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 29 სექტემბერს სს „ს------–--------“ და გი------------–-----ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება 1------------, რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 2.675 ლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 277 ლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 3324 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.09.2017 N1------------ ლიზინგის ხელშეკრულება.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს „ს------–--------“ და გი------------–-----ს შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 12 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 12.03.2018 მიღბა-ჩაბარების აქტი.

 

3.1.3. გ-------------–---ძის ძირითადი დავალიანება სს „ს------–-------ს“ მიმართ შეადგენს 1 106.08 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- თანხის გადახდის გრაფიკი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 29 სექტემბერს სს „ს------–--------“ და გი------------–-----ს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები დააგვიანებს და/ან არ გადაიხდის ლიზინგის საზღაურს მთლიანად ან ნაწილობრივ, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება ვადაგადაცილებულ დავალიანებას წინამდებარე დანართში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 2500 ლარისა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.09.2017 N1------------ ლიზინგის ხელშეკრულება.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს „ს------–-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, მე-400-ე, 576-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:

 

ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;

ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, ლიზინგის მიმღებმა გი------------–-----მ იკისრა სალიზინგო გადასახდელის გადახდის ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა ჯეროვნად, კერძოდ, მას გადასახდელი დარჩა 1106.08 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გი------------–-----მ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, ძირითადი თანხის 1106.08 ლარის ნაწილში - სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს, სს „ს------–--------“ და გი------------–-----ს შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს. ფიქსირებული პირგასამტეხლო - 756.02 ლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ, შესაბამისად 75.60 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარსა, რადგან მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო მოსარჩელე სს „ს------–------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 29.7 ლარი.

 

ამდენად, ჯამში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 79.7ლარი.

 

მოპასუხე გი------------–-----ს მოსარჩელე სს „ს------–-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2.03 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 47.26 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ს------–-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე გი------------–-----ს მოსარჩელე სს „ს------–-------ს“ სასარგებლოდ სალიზინგო თანხის 1 106.08 ლარის და პირგასამტეხლოს 75.60 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე გი------------–-----ს მოსარჩელე სს „ს------–-------ს“ სასარგებლოდ 2.03 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 47.26 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

2.2. დაუბრუნდეს სს „ს------–------ს“ 2018 წლის 04 მაისს N15-------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან - 79.7 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.

 

მოსამართლე მაკა ჭედია