გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/10760-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: ს----------–----------–--------–----------
კ---–-------------------------------------ო
წარმომადგენელი: მა-------------ე
მოპასუხე: შპს „თ----------ი“
წარმომადგენელი: გი-----------–---–ი
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „თ----------ისთვის“ ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 14774,40 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვლილების თანახმად, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების (კახეთის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონები) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მხარეთა შეთანხმებით, მიმწოდებლის მიერ პირობების ხარვეზით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შესაბამისი პირობების არსებობისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული მიმართულების ჯამური ღირებულების 1% ან 5 %-ის ოდენობით.
შპს „თ---------მა“ ხელშეკრულება 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ხარვეზით შეასრულა (რიგ შემთხვევაში მოსწავლეთა ტრანსპორტირება არ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების არყოფნის, მისი ტექნიკური გაუმართაობის ან სათანადო ტევადობის ტრანსპორტის არარსებობის გამო), რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - ჯამში 14770,40 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი და სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვროს თაობაზე, რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინება მოხდა შპს „თ----------ის“ საჩივართან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭოს მიერ სხვა საქმეზე.
ხოლო ახსნა-განმარტებების ეტაპზე მოპასუხემ გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შესრულებული სამუშაოების კონტროლის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ადგენს დასკვნას, სადაც აღინიშნება გამოვლენილი დეფექტები და ხარვეზები. დასკვნა, მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ტაბელთან ერთად მიღება-ჩაბარების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ხარვეზებიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებულ ყოველ შესრულებაზე მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და მოხდა შესაბამისი შესრულების ღირებულების ანაზღაურება, რა დროსაც შემსყიდველის მხრიდან არ მომხდარა ხარვეზიანი შესრულების თანხის გამოკლება. ხოლო მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება გულისხმობდა, რომ ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, რაც დადასტურდა მიღება-ჩაბარების აქტებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს ტაბელებიც არ ჰქონდა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, არ იყო სწორი პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპიც, თუკი ადგილი ექნებოდა ხარვეზიან შესრულებას, მისი დარიცხვა მხოლოდ არაჯეროვანი შესრულების ღირებულებაზე უნდა მომხდარიყო და არა მთლიან ღირებულებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს (ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - შემსყიდველი) და შპს „თ----------ს“ (მიმწოდებელი) შორის 2015 წლის 11 სექტემბერს 2016 წლის 30 იანვრამდე პერიოდზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების (კახეთის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურეობა. ხელშეკრულებაში 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებით ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1223637 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.09.2015 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0------- (მუხლი 2);
- 12.11.2015 წლის შეთანხმება N1
3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობდა წინასწარ დათქმული ადგილებიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების განხორციელებას ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული მიმართულებისა და გრაფიკის მიხედვით (მოსწავლეთა სკოლაში მყვანა უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 25 წუთისა. ხოლო სკოლიდან წამოყვანა - სასწავლო პროცესის დასრულებიდან - არაუგვიანეს 25 წუთისა).
მომსახურების გაწევის ვადაა 2015 წლის 14 სექტემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით (სასწავლო დღეების სავარაუდო რაოდენობა - ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში - 75 დღე, პანსიონის ტიპის სკოლებში - 34 დღე, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შაბათ დღეს - 90 დღე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.09.2015 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0------- (მუხლი 4);
3.1.3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, სადაც აღნიშნული იქნება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დეფექტები და ხარვეზები. დასკვნა (მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ტაბელთან ერთად) იქნება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.
მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მხარეებს შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და ფინანსური დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველია ტაბელი, რომელიც ივსება ყოველდღიურად, ასევე სამინისტროს ზოგადი განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.09.2015 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0------- (3.3 და 6.1 პუნქტები);
3.1.4. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება არ გამოავლენს ხარვეზებს, იქნება ხარისხიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. რაც გულისხმობს, პირგასამტეხლოს დაკისრებას, კერძოდ:
ა) თუ თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების რაოდენობა არ აღემატება 3 დღეს (ზედიზედ ან ჯამში), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ბ) იმ შემთხვევაში თუ ერთი თვის განმავლობაში ხარვეზით განხორციელებული და/ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 3 დღეს, დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 3 დღეზეც გამოიყენება „ბ“ პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა.
აღნიშნული პრინციპით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს ჯამში 14774,4 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.09.2015 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0------- (5.2 და 11.1 პუნქტები);
3.1.5. სახელშეკრულებო პერიოდში შპს „თ----------ის“ მიერ ფაქტიურად შესრულდა 1219182,97 ლარის ღირებულების სამუშაოები. შემსყიდველის მიერ ანაზღაურება მეტობით განხორციელდა და მოპასუხემ 2016 წლის 22 იანვარს მოახდინა მეტობით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.01.2016 წლის შედარების აქტი #0-------;
- საგადასახადო დავალებები;
- მიღება-ჩაბარების აქტები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „თ----------ის“ მხრიდან რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხარვეზიან, არაჯეროვან შესრულებას, რაც ძირითადად გამოიხატებოდა სათანადო ტევადობის სატრანსპორტო საშუალების არქონაში ან ტექნიკური გაუმართაობის საფუძვლით სატრანსპორტო საშუალების არყოფნის გამო კონკრეტული მარშრუტის ჩაგდებაში.
დადგენილია, რომ ყოველ კონკრეტულ შესრულებაზე მხარეთა შორის დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელსაც ერთვოდა ცხრილის სახით წარმოდგენილი დანართი N1. მათი გაფორმების საფუძველი იყო როგორც მიმწოდებლის შედგენილი ტაბელები, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დასკვნები.
შემსყიდველის ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის სამსახურებრივი ბარათებით (იგივე, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დასკვნებით), ასევე დანართი N1-ის სახით წარმოდგენილი ცხრილებით დგინდება შემდეგი:
ა) ვაკე-საბურთალოს რაიონის 2---ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება არ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების არყოფნის გამო;
ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლებში ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა, ვინაიდან კონტრაქტორმა ფირმამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მოძიება, ან ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყო;
გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რიგ სკოლაში არაჯეროვანი შესრულების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ტრანსპორტირება განხორციელდა 7 ადგილიანი ავტომობილით 2 რეისად და მიუხედავად ამისა სატრანსპორტო საშუალებაში მოსწავლეები სრულად ვერ განთავსდნენ, ხოლო რიგ შემთხვევაში ტრანსპორტირება ვერ მოხდა ტექნიკური გაუმართაობის გამო.
დ) თელავის მუნიციპალიტეტში მოპასუხემ ან საერთოდ არ უზრუნველყო რიგ სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტირება, ან სატრანსპორტო საშუალების სიმცირის გამო არ მოახდინა ყველა მოსწავლის ტრანსპორტირება.
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტირება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ განხორციელდა.
ვ) გლდანი-ნაძალადევის რაიონის N1---ე საჯარო სკოლის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო ვალდებულების შეუსრულებლობას;
ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ა–------- საჯარო სკოლის შემთხვევაში ასევე ტექნიკური გაუმართაობის გამო არ განხორციელდა მომსახურება;
თ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ს---–--ის საჯარო სკოლის მიმართულებაზე მომსახურების გაწევაზე მოქმედმა მძღოლმა განაცხადა უარი და მოსწავლეთა ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა;
ი) დმანისის მუნიციპალიტეტშიც ხარვეზიანი შესრულების საფუძველი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა იყო.
მოსარჩელე არ უარყოფს, რომ საერთო ჯამში შესრულება განხორციელდა. საერთო შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს 1219182,97 ლარის სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულებაც მოპასუხის სასარგებლოდ სამინისტროს ანაზღაურებული აქვს. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს არაჯეროვანი შესრულებისთვის, რასაც მომსახურების გაწევის ამა თუ იმ ეტაპზე ადგილი ჰქონდა. ხარვეზიანი შესრულების არსებობა კი დგინდება მიღება-ჩაბარების აქტებით, რომელსაც ერთვოდა ცხრილი დანართი N1-ის სახელწოდებით. აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და ცხრილში კონკრეტულად არის მითითებული ხარვეზები შესრულების განხორციელებისას.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებითი შედავება არ განუხორციელებია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეს მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში არ მიუთითებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
2015 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით შპს „თ----------მა“ იკისრა ვალდებულება მოეხდინა საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება, რაც უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში ჯეროვნად. რიგ შემთხვევებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამინისტროსთვის ჯეროვანი მომსახურება შეეთავაზებინა, მომსახურების გაწევის ამა თუ იმ ეტაპზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს (მაგ. კონკრეტულ დღეს მომსახურების განუხორციელებლობა ავტომანქანის ტექნიკური ხარვეზის გამო, ან არასაკმარისი სატრანსპორტო საშუალებით მომსახურება და სხვა). აღნიშნული გარემოება კი შემსყიდველს ანიჭებდა უფლებას მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. მოპასუხემ სადავოდ გახადა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი და შესაბამისად, მისი ოდენობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.
პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოსარჩელის მიერ მოხდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ კონკრეტული მიმართულების ჯამური ღირებულებიდან. სადავო არაა, რომ მთლიანობაში ხელშეკრულება შესრულდა, ხოლო კონკრეტული ხარვეზები მოპასუხის მიერ ერთობლიობაში შესრულებულ სამუშაოს მოცულობასთან მიმართებაში დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს ქმნის და სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განახევრებას. შესაბამისაც, შპს „თ----------ს“ უნდა დაეკისროს 7387,2 ლარი.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა.
ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად შპს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის 221,62 ლარის გადახდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სარჩელი შპს „თ----------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „თ----------ს“ მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 7387,2 ლარის გადახდა.
3. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს უარი ეთქვას მოპასუხისთვის დარჩენილი 7387,2 ლარის გადახდის დაკისრებაზე;
4. შპს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 221,62 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე