გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
330210017002209458
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34723-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - რა------------–---–ი

წარმომადგენელი - შა-–------------ე

მოპასუხე - ლი---–-------ე

წარმომადგენლები - სა-------------–--ე, მი----–---–---–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ლი---–-------ისათვის (პ--------------) მოსარჩელე რა------------–---–ის სასარგებლოდ 3 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2014 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაებრუნებინა სესხად გადაცემული თანხა 3 000,00 აშშ დოლარი. მოპასუხეს თანხა არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელწერილით არ დასტურდება სესხის გადაცემის ფაქტი. მოპასუხემ მიუთითა ასევე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელზე ხანდაზმულობის შესახებ და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2017 წლის 10 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 11 დეკემბერს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ლი---–-------ემ რა------------–---–ის წინაშე აღიარა 3 000,00 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი და იკისრა თანხის დაბრუნება 2014 წლის 10 დეკემბრამდე.

 

წარმოდგენილი ხელწერილის (ს.ფ. 13) თანახმად, ლი----–------–-------ემ იკისრა ვალდებულება დაეფარა 3 000,00 აშშ დოლარი, 2014 წლის 10 დეკემბრამდე.

 

მოპასუხე მხარემ შესაგებლით სადავოდ გახადა ლი---–-------ის მიერ რა------------–---–ის წინაშე ვალდებულების აღიარების ფაქტი.

 

მოვალის მიერ ხელმოწერილი წერილობითი აღიარება ვერ იქნებოდა მესამე პირის მფლობელობაში, ანუ იმ პირის მფლობელობაში, რომელიც აღიარებული ვალდებულების კრედიტორს არ წარმოადგენდა.

 

წარმოდგენილი ხელწერილით აღიარებულია ფაქტი იმის შესახებ, რომ ლი---–-------ეს გააჩნია 3 000,00 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება,სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნა------------ამ განმარტა, რომ არაერთხელ შესწრებია რა------------–---–ისა და ლი----–-------ის სატელეფონო საუბარს, რა დროსაც მოსარჩელე სთხოვდა მოპასუხეს თანხის 3 000,00 აშშ დოლარის დაბრუნებას, რაც ლი---–-------ეს მიღებული ჰქონდა სესხის სახით. მოწმემ განმარტა, რომ იგი რა------------–---–თან ერთად მივიდა პი----------------–-ში, სადაც ისინი შეხვდნენ ლი---–-------ეს, ამ უკანასკნელის მიერ 3 000,00 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით. ლი---–-------ემ თავად შეადგინა ხელწერილი.

 

განსახილველ შემთხვევაში ვალის არსებობის აღიარებიდან არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მოვალის მხრიდან ვალის აღიარება, ამასთან, ვიანიდან ხელწერილით არ ირკვევა ლი---–-------ის მიერ მიღებული თანხის დანიშნულება, სასამართლო მხოლოდ მოწმის ჩვენებით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს თანხის სესხად გადაცემის დანიშნულებას, სკ-ის 624-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, სსსკ-ის 105-ე მუხლით ერთობლივი შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ ლი---–-------ემ რა------------–---–ის წინაშე აღიარა 3 000,00 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი და იკისრა თანხის დაბრუნება 2014 წლის 10 დეკემბრამდე. მოპასუხე მხარეს, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა.

 

3.2.2. სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 3 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა 2014 წლის 10 დეკემბრამდე და თავად მოპასუხე მხარე ხანდაზმულობის ვადას ითვლის 2014 წლის 10 დეკემბრიდან. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ხანდაზმულობის ვადის დენის მოთხოვნის დაწყების მხარეთა მიერ განსაზღვრულ დროს და მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2014 წლის 10 დეკემბრიდან.

 

სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 11 დეკემბერს.

 

სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.

 

2017 წლის 10 დეკემბერი დაემთხვა არასამუშაო კვირა დღეს, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის დენის ბოლო ვადის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას მომდევნიო სამუშაო დღე, 2017 წლის 11 დეკემბერი (ორშაბათი).

 

შესაბამისად, კრედიტორმა სარჩელი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით წარადგინა მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 3 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 341-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ლი---–-------ის მიერ ხელმოწერილი ვალის აღიარების ხელწერილით მის მიერ აღიარებულია ვალის (3 000,00 აშშ დოლარის) არსებობა, ხოლო კრედიტორის რა------------–---–ის მიერ მიღებულია აღნიშნული აღიარება, რაც განსახილველი დავის ფარგლებში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. ვალის აღიარება გაფორმებულია სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წერილობითი ფორმის დაცვით. ლი---–-------ის მიერ აღიარებულია ფულადი თანხის არსებობის ვალდებულება რა------------–---–ის წინაშე, რაც მას უნდა შეესრულებინა 2014 წლის 10 დეკემბრამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების დროს სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება. ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის უფლება სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობა და არა წინმსწრები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს სამართალურთიერთობის ახალი საფუძველი ჩნდება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც თავიდან იწყება. უფრო მეტიც, კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენას თავიდან იწყებს მაშინაც, როდესაც არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.ამავე მუხლის138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-? და 140-? მუხლები.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში კრედიტორმა სარჩელი სასამართლოში სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარადგინა, მოვალე მოკლებულია შესაძლებლობას უარი თქვას შესრულებაზე სკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს რა------------–---–ს 3 000,00 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 241,15 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მეირ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1,85 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. რა------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ლი---–-------ეს მოსარჩელე რა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 000,00 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ლი---–-------ეს მოსარჩელე რა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 241,15 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე რა------------–---–ს 2017 წლის 11 დეკემბერს სს „თი---------ში“ სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 243,00 ლარიდან დაუბრუნდეს 1,85 ლარი, საგადახდო დავალება №-.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე