გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/33183-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - შპს ,,რ-------------"
წარმომადგენელი - დ------------–---–ი
მოპასუხე - ნ--------------ე
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ-----------------ს მიერ 14.02.2018 წელს გაცემულ N 1-------- სააღსრულებო ფურცელში და შესასრულებელ ვალდებულებად სესხის ძირი თანხა განისაზღვროს 6362.35 აშშ დოლარით, ხოლო პროცენტის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდეს.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს: 2015 წლის 04 დეკემბერს ნ--------------ესა და შპს ,,რ--------------ს“ შორი გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად მოხდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულების დადება (ტანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------, გაცემული 23,09.2015 წელს). ხელშეკრულებით მსესხებელმა შპს ,,რ--------------მა“ სესხად აიღო 10 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში (სესხის აღების მომენტში 24000 ლარი). სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა ძირითადი თანხის ყოველთვიურ 3%-ს - 300 აშშ დოლარს. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს, რომ გადაუხდელობის ან/და გადახდის ვადის დაგვიანების შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის აღსრულებამდე.
2015 წლის 04 დეკემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება დაიდოს 9 თვის ვადით, მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 04 სექტემბერს. გირავნობის ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ, რომელმაც სანოტარო აქტის შედგენისას მექნიკური შეცდომის გამო ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ თანხდა უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 04 სექტემბერამდე, რაც შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულება დადებული იქნა 2016 წლის 04 სექტემბრამდე. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9 თვის ნაცვლად, 2015 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოვეთვიურად იხდიდა 300 აშშ დოლარს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადახდილმა თანხამ შეადგინა - 6637.35 აშშ დოლარი.
კრედიტორმა მიმართა ნოტარიუს და 2018 წლის 14 თებერვალს აიღო სააღსრულებო ფურცელი. შემდეგ მიმართა კერძო აღმასრულებელს და დაიწყო იძულებით აღსრულება, მოთხოვნილი თანხაა 13000 აშშ დოლარი და 120 ლარი. 13000 აშშ დოლარიდან - 10000 აშშ დოლარი არის ძირი, 2700 აშშ დოლარი 9 თვის სარგებელი და 300 აშშ დოლარი პირგასამტეხლო. ამასთან, სარგებლის გადახდა ხდებოდა ხელშეკრულების ვადასთან შედარებით ხანგრძლივი დროის განმალობაში ანუ მისი ვადის გასვლის შემდეგაც, ამაზე შეთანხმება ხელშეკრუელბაში არ ყოფილა, ხოლო კრედიტორმა არათუ ძირს გამოაკლო ვადის შემდეგ გადახდილი თანხა არამედ საერთოდ სარგებლის გადახდაც არ აჩვენა და იმდენი მოთხოვა, თითქოს არაფრის გადახდა მომხდარა.
მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი თანხიდან - 13000 აშშ დოლარიდან, არ ცნობს 6637.35 აშშ დოლარს, რადგან მოცემული თანხა მის მიერ გადახდილია (6637,35 აშშ დოლარიდან 2700 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სარგებლის წილში და დანარჩენი 3937,65 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ძირ თანხაში). შესაბამისად მოსარჩელე გადასახდელ ვალდებულებად თვლის მხოლოდ 6362,35 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილ წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ნ--------------ემ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 4 დეკემბერს ნ--------------ეს (მოგირავნე, კრედიტორი) და შპს „რ--------------ს“ (დამგირავებელი, მოვალე) შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ-----------------ს მიერ. ხელშეკრულების თანახმად შპს ,,რ--------------მა“ ისესხა 10 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 04 სექტემბრამდე. სარგებელი განისაზღვრა ძირითადი თანხის ყოველთვიური 3%-ით, რაც შეადგენდა 300 აშშ დოლარს. სარგებლის გადახდა იწარმოებდა ყოველი მომდევნო თვის 4 რიცხვში.
მოვალეს ჯამში უნდა გადაეხადა სარგებელი 2700 აშშ დოლარი. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შეთანხმებას სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი N1--------);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2015 წლის 4 დეკემბერის სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ გადაუხდელობის ან/და გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი N1--------);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 4 დეკემბერის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების 1.1 და 1.2 პუნქტების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა შპს ,,რ--------------ის“ კუთვნილი (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------, გაცემული 23.09.2015წელს) სატრანსპორტო საშუალება ( მარკა M------------------- 1--- უნ-----ა სა–-----ი მოდელი A----------, ქა---------------–------–--–ი 1999 წ. ფერი - ლ-------, 6-- სარეგისტრაციო ნომერი W------, სატრანსპორტო საშუალების საინდენტიფიკაციო ნომერი - N-----------------) (გირავნობის საგანი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი N1--------);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2016 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით შპს ,,რ--------------მა“ გადაიხადა 6637.65 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალებები (ს.ფ 13-33);
- 11/13/2018 წლის ამონაწერი საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან, ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების თაობაზე (ს.ფ 34-40).
3.1.5. მოვალემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და კრედიტორის მოთხოვნით 2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა მ-----------------მ 04.12.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 10000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული 9 თვის სარგებელი - 2700 აშშ დოლარი, აგრეთვე 2016 წლის 05 სექტემბრიდან პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე გაწეული ხარჯი 120 ლარი. ამავე პუნქტში მითითებულია, რომ შპს ,,რ-------------“-ის მიერ ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2016 წლის 05 სექტემბერს.
სააღსრულებო ფურცლის მე-5 პუნქტით ასევე დადგინდა, რომ თანხის ამოღება უნდა მოხდეს გირავნობის საგნის რეალიზაციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.02.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელი.
3.1.6. ნ--------------ემ 2018 წლის 25 დეკემბერს მიმართა კერძო აღმასრულებელს ზ----------------ს და იძულებით აღსრულების მიზნით წარადგინა 14.02.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 25 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა ზ----------------მ მიმართა მოვალეს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით. აღსასრულებელი ვალდებულება განსაზღვრულია 13000 აშშ დოლარითა და 120 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 ოქტომბრის განცხადება N1------ (ს.ფ 43)
- 2018 წლის წერილი NA---------------- (ს.ფ 44)
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 403-ე, 625-ე, 254-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გირავნობა წარმოადგენს, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეს, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ნ--------------ის მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა მ-----------------მ 04.12.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებელი ვალდებულების 13000 აშშ დოლარის მოცულობით. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების შესაბამისად გადახდილი აქვს 6637.35 აშშ დოლარი, საიდან 9 თვის სარგებელი შეადგენს - 2700 აშშ დოლარს.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მოსარჩელის მოთხოვნაა ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ-----------------ს მიერ 14.02.2018 წელს გაცემულ N 1-------- სააღსრულებო ფურცელში და შესასრულებელ ვალდებულებად სესხის ძირი თანხა განისაზღვროს 6362.35 აშშ დოლარით, ხოლო პროცენტის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდეს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და სრულად ცნო სარჩელი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო მოსარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 517 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბერის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,რ--------------ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყნების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ნოტარიუს მ-----------------ს მიერ 2018 წლის 14 თებერვალს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გირავნობის საგნის რელიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ნ--------------ის (კრედიტორი) მოთხოვნის: სესხის ძირითადი თანხის - 6362,35 აშშ დოლარის, აგრეთვე პირგასამტეხლოს 2016 წლის 05 სექტემბრიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე გაწეული ხარჯის - 120 ლარის, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 6637, 65 აშშ დოლარის ოდენობით, განათავსოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე და მას დაედოს ყადაღა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,რ--------------ის“ სარჩელი მოპასუხე ნ--------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ-----------------ს მიერ 14.02.2018 წელს გაცემულ N 1-------- სააღსრულებო ფურცელში და შესასრულებელ ვალდებულება სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვროს 6362.35 აშშ დოლარით, ხოლო პროცენტის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმდეს;
3. მოსარჩელე შპს ,,რ--------------ს“ დაუბრუნდეს ნ-------–-----–---–-ს (პ/ნ 5----------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 517 ლარი, რომელიც გადახდილია 14/11/2018 წელს სს „თი----------ს“ N-------------- დავალებით შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22; ანგარიშის/სახაზინო კოდი: 300 773 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ან მისი წარმომადგენელი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია