გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/12594-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე გი------------–----–---–-
წარმომადგენელი ნი-------–-----–---–-
მოპასუხე შპს „მ-------“
წარმომადგენელი ლ----------------–---–-
დავის საგანი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს შპს „მ-------ს“ სასარგებლოდ ნოტარიუს დ---------–----–---–ის მიერ 02.03.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი.
2016 წლის 15 ივლისს მოპასუხე შპს „მ--------“ გასცა სესხი მოსარჩელე გ-------------–----–---–ზე 800 ლარის ოდენობით თვეში 6% სარგებლის დარიცხვით, 540 დღის (18 თვის) ვადით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის _ ძირითადი თანხისა და პროცენტის 1%. მოსარჩელეზე სესხი გაიცა 800 ლარის ოდენობით, მაგრამ იმის გამო რომ მოხდა სხვადასხვა მომსახურეობების დაკავებები ხელზე სესხის სახით მოსარჩელემ აიღო - 600 ლარი. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად.
გ-------------–----–---–ს მთლიანად გადახდილი აქვს - 1488.31 ლარი. ამ თანხის გარდა მას გადახდილი აქვს 2890 ლარი, რაზედაც ქვითრები არ გააჩნია. მოსარჩელე თანხას იხდიდა საბანკო აპარატით და ქვითრები არ ჰქონდა შენახული.
მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. სარგებლის წლიური 72%-ით განსაზღვრა საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად უნდა შეფასდეს.
მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს და 02.03.2018 გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ითხოვს 1952.91 ლარის გადახდას.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „მ-------ა“ და გ-------------–----–---–ს შორის დადებული N1---- ხელშეკრულება ასევე ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს. მხარეთა შორის დამატებით დაიდო ზემოაღნიშნული მარტივი წერილობითი ფორმის ხელშეკრულება 200 ლარზე, თვეში 42.75% სარგებლის დარიცხვით, 540 დღის ვადით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 1%. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული გადახდის გრაფიკზე, მოპასუხემ თავად შეადგინა გადახდის გრაფიკი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სესხის თანხა მიიღო 800 ლარის ოდენობით ყოველგვარი საკომისიოსა და რაიმე მომსახურების საფასურის დაკავების გარეშე. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არც სესხის დამტკიცების, არც გაცემის, არც მომსახურების საკომისიოს და არც პირგასამტეხლოს სესხის წინსრებით დაფარვისათვის.
მხარეთა შორის იმავე დღეს გაფორმდა ასევე მარტივი წერილობითი ფორმის სესხის ხელშეკრულება, რომელიც არ დამოწმებულა სანოტარო წესით და რომელიც არ არის დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნასთან.
მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ სესხზე თანხების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ამავე სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ თარიღებში და ოდენობით. სანოტარო წესით დამოწმებულ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადახდილი აქვს 933.71 ლარი, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადანაწილდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოში, პროცენტსა და სესხის ძირი თანხის ნაწილში. 554.6 ლარი მიემართა მხარეებს შორის მარტივი წერილობითი ფორმით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა 200 ლარიანი სესხი.
მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ორმხრივად მისაღები საპროცენტო სარგებლის განსაზღვრით.
მოსარჩელის მიერ ვალდებულების ხანგრძლივად დარღვევის გამო მოპასუხემ მოითხოვა და ნოტარიუსმა 02.03.2018 გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადასახდელად დაეკისრა 1952.91 ლარი. სააღსრულებო წარმოება დაწყებულია მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული სესხიდან გამომდინარე.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითრებიდან არ ირკვევა რომელი ვალდებულების დასაფარად რა თანხა აქვს მოსარჩელეს გადახდილი, მხარეთა შორის გაფორმებული თითოეული ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მითითებულია სესხის გადახდის დანიშნულების კოდი, რომელიც ამავდროულად არის ხელშეკრულების ნომერი და მაიდენტიფიცირებელი საშუალება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 15 ივლისს მოპასუხე შპს „მ--------“ გასცა სესხი მოსარჩელე გ-------------–----–---–ზე 800 ლარის ოდენობით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვით, 540 დღის (18 თვის) ვადით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის _ ძირითადი თანხისა და პროცენტის 1%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.07.2016 სესხის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სალაროს გასავლის ორდერი.
3.1.2. 02.03.2018 ნოტარიუს დ---------–----–---–ის მიერ შპს „მ-------ს“ მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი N1--------. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა -573.12 ლარი, პროცენტი - 244.43 ლარი, პირგასამტეხლო - 1015.36 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი. საერთო თანხა ჯამში -1952.91 ლარი. აღნიშნულის შედეგად, დაიწყო იძულებითი აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი;
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე გი------------–----–---–-ს მიერ თანხა - 1488.31 ლარის ოდენობით გადახდილია N1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად.
საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ შპს „მ-------ს“ ანგარიშზე გადარიცხულია თანხა 1488.31 ლარის ოდენობით, წარმოდგენილ ქვითრებში არ არის აღნიშნული გადახდის დანიშნულება. ამ თანხიდან 933.71 ლარი მოსარჩელემ მიმართა N1-------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო 554.6 ლარი, N1---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387.1 მუხლის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა,რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.
ნორმა ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის ალტერნატიულ მოწესრიგებასაც შეიცავს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მოვალე კანონით მინიჭებულ უფლებას, შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის დადგენის თაობაზე, არ გამოიყენებს და აღნიშნულთან დაკავშირებით არც მხარეები შეთანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ დასაფარ ვალდებულებათა კანონით გათვალისწინებული რიგითობა მოვალეთა „სავარაუდო“ ნებას შეესაბამება. შესაბამისად, იგულისხმება,რომ დასაფარ ვალდებულებათა კანონით გათვალისწინებული რიგითობა მოვალის ინტერესების მიხედვით არის დადგენილი. შესაბამისად, თუ აღმოჩნდა, რომ ვალდებულებათა დაფარვის კანონით გათვალისწინებული რიგითობა მოვალის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მისი კორექტირება მოვალის ინტერესების მიხედვით, დასაშვები უნდა იყოს.
კანონით დაწესებული რიგითობის შესაბამისად, მოვალის მიერ განხორციელებული გადახდით, პირველ რიგში, ის ვალდებულება უნდა დაიფაროს, რომლის გადახდის ვადაც პირველი დადგა. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად ის მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ 554.6 ლარის გადახდისას, რომელიც კრედიტორმა მიმართა N1----, (200 ლარიანი) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დასაფარავად, არ მიუთითა გადახდის დანიშნულება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ განსაზღვრული ვალდებულების დაფარვის რიგითობა ეწინააღმდეგება მოვალის გი------------–----–---–-ს ინტერესებს, რადგან მისთვის სანოტარო წესით დამოწმებული N1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება უფრო მძიმე შესასრულებელია, ამ ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, კანონით დადგენილი ვალდებულების დაფარვის რიგითობის გათვალისწინებით, მსესხებლის მიერ გადახდილი 554.6 ლარით უნდა დაიფაროს სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.
3.2.2. არ დასტურდება მოსარჩელე გი------------–----–---–-ს მიერ 2890 ლარის გადახდის ფაქტი.
მოსარჩელე გი------------–----–---–- თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას 1488.31 ლარის გარდა კიდევ აქვს გადახდილი 2890 ლარი, რაზედაც ქვითრები არ გაჩნია. მოსარჩელე თანხას იხდიდა საბანკო აპარატით და ქვითრები არ ჰქონდა შენახული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მტკიცების ტვირთი და მათი დაუმტკიცებლობის შემთხვევაში არახელსაყრელი შედეგი უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც მათი მტკიცება ევალება. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ფაქტები, რაზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. ამასთან, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმდაგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ფაქტი იმის შესახებ, რომ მას დამატებით კიდევ გადახდილი აქვს სასესხო ვალდებულების შესასრულებლად თანხა - 2890 ლარის ოდენობით. უფრო მეტიც, ახსნა-განმარტების ეტაპზე მან თავად აღნიშნა, რომ 2890 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არა აქვს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა გი------------–----–---–-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, მე-10, 427-ე მუხლებით.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, განსახილველი დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია.სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას მოსარჩელე დათანხმდა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს „მ-------“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოპასუხე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი, სესხის ყოველთვიური სარგებლის 6%-ით (72% წლიური) განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ გ-------------–----–---–მა თანხა - 1488.31 ლარის ოდენობით, გადაიხადა N1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად (იხ. 3.2.1 პუნქტი).
სასამართლო თვლის, რომ სადავო საკითხისადმი გონივრული და კეთილსინდისიერი დამოკიდებულების პირობებში გი------------–----–---–-ს მიერ გადახდილი თანხა შეესაბამება კეთილსინდისიერი კრედიტორის ლეგიტიმურ მოლოდინს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღების თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ გი------------–----–---–-ს ვალდებულება შპს „მ-------ს“ მიმართ N1-------- სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.
"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება, როგორც წესი, კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ კრედიტორია პასუხისმგებელი ინფორმაციის სანდოობასა და სარწმუნოებაზე, რაც ასევე გამომდინარეობს უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებიდანაც.
მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო თვლის რომ 2016 წლის 15 ივლისის N1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 02 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „მ-------“ უნდა დაეკისროს მოსარჩელე გი------------–----–---–-ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 50 ლარის გადახდა უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი------------–----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შპს „მ-------ს“ სასარგებლოდ ნოტარიუს დ---------–----–---–ის მიერ 2018 წლის 02 მარტს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი;
3. დაეკისროს მოპასუხე შპს „მ-------“ მოსარჩელე გი------------–----–---–-ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 50 ლარის გადახდა უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია