განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
110100118002578250
დავის ტიპი
25 - 273 , 265 2 ე , 265 2 , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100118002578250

N1/175-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----- ო------------;

 

ბრალდებული - რ----- ა----ს ძე ლ----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: დ/ხარა-----–------–------ლის ქუჩა N16;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით); 2) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით); 3) საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი გასაკუთრებით დიდი ოდენობით); 4) საქართველოს სსკ 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2016 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის აპრილამდე პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დღის საათებში, რ----- ლ----ემ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, რამდენჯერმე, უკანონოდ შეაღწია დაბა ხ---------–-, წ-------–-- ქუჩა N---ში, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ კუთვნილ შენობაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 9.15 ლარად ღირებულ - 18.3 მ სიგრძის ალუმინის ელექტრო სადენს, 61.06 ლარად ღირებულ - 7 ცალ ლითონის მილს, 7.34 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციას და 2103.4 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ლითონის კონსტრუქციებს.

 

2. 2018 წლის 13 ივნისს, დღის საათებში, დაბა ხ---------–-, წ-------–-- ქუჩა N---ში, რ----- ლ----ემ, უკანონოდ შეაღწია შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ კუთვნილი შენობის ეზოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 37.54 ლარად ღირებულ - 15 ცალ, 98.8 კგ ლითონის მილს, რის შედეგადაც შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“ მიადგა 37.54 ლარის ზიანი.

 

3. 2018 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაბა ხ---------–-, წ-------–-- ქუჩა N---–ი მცხოვრებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა რ----- ლ----ემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, პირადი მოხმარებისათვის, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - ,,კანაფი“ (მცენარე), საერთო წონით 897.24 გრამი, რაც პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2018 წლის 20 ივნისს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა რ----- ლ----ემ, განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები - ამფეტამინი და მეტამფეტამინი, რაც ლაბორატორიული შემოწმებით დაუდგინდა 2018 წლის 20 ივნისს, ხარაგაულში.

 

5. რ----- ლ----ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

6. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

7. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ლ----ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - მ--- მ-----–----, ბ----- ბ----------, ა---- ნ----------, მ------- ჭ--–----, ნ------- მ-----------, გ------- დ-----------, ვ------- ლ--------, თ---------- ნ----------, ლ-–- ე-–-------, კ---- ა---------- და ბრალდებულ რ----- ლ----ის გამოკითხვის ოქმები; რ----- ლ----ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ფოტოცხრილი; ამოღების ოქმები; ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალის დათვალიერების ოქმი, თანდართული ჟურნალის ასლი 4 ფურცლად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები ფოტოცხრილით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; წერილობითი თანხმობა და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ჟურნალის დათვალიერების ოქმი, თანდართული ჟურნალის ასლი 22 ფურცლად; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N 1--/სქ.; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N------ რ----- ლ----ის მიმართ; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N---------; სასაქონლო ექსპერტიზის N--/ს დასკვნა; ექსპერტიზის N---/ინ დასკვნა; თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები რ.ლ----ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

11. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია რ----- ლ----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრებას და მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. იგი სხვისი მოძრავი ქონების სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას და სხვა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებს. ქურდობა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს (ქონებას), ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.

 

ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ქმედება - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა მითითებულია სსკ 177-ე მუხლის შენიშვნაში. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის (ქონების) ღირებულებით. დანაშაულის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით. სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შიძლება იყოს მუზეუმი, მაღაზია, სავაჭრო ობიექტი, თეატრი და სხვა.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა და მოყვანა. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, მარიხუანა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში და ასე შემდეგ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმით მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.

 

დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ამ პუნქტის სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა რომელიმე დანაშაული და მთავარია, რომ მას არ უნდა ჰქონდეს წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული, ან/და არ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ასევე, დანაშაულის კიდევ ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა იგივე ქმედების ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად, მცენარე კანაფი, მიიჩნევა 750 გრამიდან.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათი ანალოგი ან პრეკურსორი. ხოლო ამ ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას, ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ექიმის დანიშნულების გარეშე მათ (არ აქვს მნიშვნელობა ოდენობას) უკანონო მოხმარებაში, თუკი პირი ნასამართლევი იყო ამ დანაშაულისათვის (273-ე მუხლი) და ნასამართლობა არ ჰქონდა მოხსნილი ან გაქარწყლებული. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ნასამართლობა სსკ 273-ე მუხლით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება, ასევე, 273-ე მუხლში ჩამოთვლილ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე ნებისმიერი ოდენობით უკანონო მოხმარებაში (ამ მუხლისათვის ნასამართლევი პირის მიერ). ამ შემთხვევაში, პირი თავის ორგანიზმში შეიყვანს ნარკოტიკულ საშუალებას ან მის ანალოგს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - ექიმის დანიშნულების გარეშე. ნარკოტიკული საშუალების მიღების (მოხმარების) ფაქტი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო მოხმარებისას არაა სავალდებულო, ეს ნივთიერება მომხმარებელმა თვითონვე დაამზადოს, შეიძინოს ან ინახავდეს მას უკანონოდ. პირმა შეიძლება უკანონოდ მოიხმაროს კანონიერად შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. დანაშაულის ამსრულებელი არის არა ნებისმიერი შერაცხადი, 14 წელს მიღწეული პირი, არამედ ის, ვინც უკვე ნასამართლევია სსკ 273-ე მუხლით და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ხოლო მიზანი არის ნარკოტიკების უკანონო მოხმარება. ბრალის ფორმის მიხედვით, განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით: პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე, დადგენილი წესის დაუცველად მოიხმარს ამ ნივთიერებას.

 

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით რ----- ლ----ემ ჩაიდინა: 1) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით); 2) ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით); 3) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით); 4) ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 273-ე მუხლით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

16. რ----- ლ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ნასამართლევმა, დროის მცირე მონაკვეთში, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაულები და არ გამოცხადდა სასამართლოში.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

18. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ლ----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

19. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოდგენს ის, რომ რ----- ლ----ე მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 273-ე მუხლით. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის როგორც 1-ლი ნაწილით, ასევე მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესები. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლოს მიერ, გათვალისწინებული იქნა რა ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატერებას, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსჯულების განხორციელებას) და მიაჩნია, რომ რ----- ლ----ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

 

21. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ლ----ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქვის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია რ----- ლ----ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი, მის მიერ, ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. შესაბამისად, რ----- ლ----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და საქართველოს სსკ 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა უნდა შათანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ----- ლ----ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

22. საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 3 ივლისს მიიღო კანონი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ". ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არის ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი. ამავე, კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 10 და 5 წლით ჩამოართმევს სხვადასხვა უფლებებს. შესაბამისად, რ----- ლ----ეს უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

23. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ლ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ----- ლ----ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ რ----- ლ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და შესახლებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

რ----- ლ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, რ----- ლ----ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რ----- ლ----ისაგან ამოღებული 7 ცალი ლითონის მილი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

რ----- ლ----ისაგან ამოღებული ლითონის კარადის ნაწილი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

რ----- ლ----ისაგან ამოღებული ალუმინის ელსადენი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

რ----- ლ----ისაგან ამოღებული ნიჩაფი და წერაქვი, რომლებიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ა---- ნ----------გან ამოღებული 15 ცალი ლითონის მილი, რომელიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

რ----- ლ----ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, წონით - 897.24 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 896.78 გრამი) და ერთი ძირი ნედლი მცენარე, რომლისგანაც გამოცალკავებული მწვანე ფერის ნედლი ფოთლები, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ „მარიხუანას“ წონით 8.78 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 8.4 გრამი), რომლებიც ინახება ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულს შეუძლია ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

პროკურორს, განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე