გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/23743-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელეები წარმომადგენელი ზ---------------------------–-------------------
მოპასუხე წარმომადგენელი მ------------------------------------
დავის საგანი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 27.05.2015წლის N1-------- სანოტარო მოქმედებით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გაუქმდეს 27.07.2017 წლის N1-------- სანოტარო მოქმედებით გაცემული სააღსრულებო ფურცელი და შეწყდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული NA1------- სააღსრულებო საქმე. შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს განაკვეთი 10-ჯერ 0.01%-მდე. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ---------------მ სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე სამ ფიზიკურ პირს - ზ--------------ას, თ-----------------------ესა და დ-------–-----–-ვას ასესხა - 28000 აშშ დოლარი 10%-იანი სარგებლით. მოგვიანებით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით ისე, რომ ახალი სესხის გაცემა არ მომხდარა, ერთი მხრივ, მ---------------სა და მეორე მხრივ ზ--------------ასა და ე---------–-ას შორის გაფორმდა ბათილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თითქოს ზ--------------ამ მ---------------საგან ისესხა 11 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, ერთი მხრივ, მ---------------სა და მეორე მხრივ, ზ--------------ას, თ-----------------------ესა და დ-------–-----–-ვას შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელებმა პროცენტისა და გადახდილი თანხის გათვალისწინებით აღიარეს სესხის ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება - 35 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ თანხიდან ზ--------------ამ მ---------------ს დაუფარა - 11 000 აშშ დოლარი, რასაც უარყოფს მ---------------, ვინაიდან, არ არსებობს თანხის გადაცემის დამადასტურებელი პირდაპირი დოკუმენტური მტკიცებულება. მოსარჩელეთა განმარტებით, მ---------------მ სააღსრულებო ფურცლები მიიღო როგორც ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე (აღიარებული თანხა - 35 000 აშშ დოლარი), ისე ბათილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე (ძირითადი თანხა 11 000 აშშ დოლარი). ვალის აღიარების ხელშეკრულების სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მ---------------მ მოითხოვა მოვალეთათვის (ზ--------------ა, თ-----------------------ე და დ-------–-----–-ვა) 10 000 აშშ დოლარის გადახდევინება, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვა 11000 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა), 660 აშშ დოლარის (სარგებლის თანხა), 10 681 აშშ დოლარის (პირგასამტეხლოს თანხა) და 126.72 ლარის გადახდევინება. მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც არც სესხის ხელშეკრულება დადებულა. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, არ არსებობს არც აქცესორული ვალდებულება იპოთეკის სახით. მ--------------- რეაგირების ოქმში თვითონვე მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მხოლოდ გაფორმდა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მას ზ--------------ასთვის თანხა არ გადაუცია და ამ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა სხვა სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხაა, რომელსაც მ--------------- მოითხოვს სხვა სააღსრულებო ფურცლით. მიუხედავად ამისა, მ--------------- ცდილობს ბათილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეებს განმეორებით გადაახდევინოს როგორც ძირითადი თანხა (11 000 აშშ დოლარი), ისე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (10 681 აშშ დოლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები ითხოვენ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.
2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე მ--------------- სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება ემყარება შემდეგ გარემოებებს: ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრულ თანხებს. მოპასუხის განმარტებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი და დართული მტკიცებულებანი ვერ ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყველა გარემოება, თუ რა პერიოდის განმავლობაში სარგებლობდა მხარე კრედიტორის კუთვნილი თანხით. პირგასამტეხლომ არ უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია, კრედიტორი ვერ იღებს შემოსავალს, რასაც იგი მიიღებდა თანხის ჯეროვნად დაბრუნების და მისი ხელახლა გასესხების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 მაისს, ზ--------------ას (შემდგომში ''მსესხებელი''), მ---------------ს (შემდგომში ''გამსესხებელი'' ან ''იპოთეკარი'') და ე---------–-ას (შემდგომში ''მესაკუთრე'') დადებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მსესხებელმა გამსესხებლისაგან ისესხა 11000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა და ერთი თვის სარგებელი გადაცემული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი სესხის თანხის - 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს ენიჭებოდა მესაკუთრისაგან ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება. სესხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე---------–-ას საკუთრებად რიცხული 1/2 ნაწილი უძრავი ქონებისა, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------------------–--------------------------------------------------------------. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 27 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 49-52); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 41-42); - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი. 3.1.2. 2015 წლის 27 მაისის სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სააღსრულებო ფურცლის მისაღებად მიემართა ნოტარიუსისთვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 27 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 49-52); - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი. 3.1.3. 2017 წლის 27 ივლისს, ნოტარიუს რ----------------ის მიერ კრედიტორ მ---------------ს სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის თანხის დავალიანება - 11 000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი - 660 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 28 აგვისტოდან აღსრულებამდე და სანოტარო მომსახურების საზღაური - 126.72 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სააღსრულებო ფურცელი (ტომი 2, ს.ფ. 30-32). - აღმასრულებლის 11.06.2018 წლის წინადადება (ტომი 2, ს.ფ. 38-40). - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიერ საქმის შესწავლისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად, არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სახეზეა 2015 წლის 27 მაისს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის კანონით დადგენილი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი სესხის სახით თანხის რეალურად გაუცემლობის გამო, რამდენადაც: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ მიუთითეს, შესაბამისად, ვერც დაადასტურეს სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო მხარეთა შორის 2015 წლის 27 მაისს დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი სესხის სახით თანხის გაუცემლობის საფუძვლით. რაც შეეხება მოსარჩელეთა მითითებას მასზედ, რომ რეალურად მოპასუხე ზ--------------ასათვის სესხის სახით თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მხარის ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რაც არ არის საკმარისი და სარწმუნო წერილობითი სახის მტკიცებულების, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გასაბათილებლად, თანაც იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი მოსარჩელის განცხადება და მის მიერ დადასტურებული გამოკითხვის ოქმი, რომლითაც მოპასუხის მიერ დადასტურებულია სესხის სახით - 11000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი (იხ. ს.ფ. 45, 46-47). ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მოსარჩელე ზ--------------ა სადავოდ ხდის არა სესხის გაცემის ფაქტს და გაცემული სესხის ოდენობას, არამედ აღებულის სესხის დაფარვის ფაქტს (იხ.ს.ფ. 45, 46). ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 13 დეკემბრის მოპასუხე მხარის რეაგირების ოქმის შინაარსი არ ეწინააღმდეგება სესხის გაცემის ნაწილში მოსარჩელე ზ--------------ას პოზიციას, რაც მის მიერ დაფიქსირებულია განცხადებაში და გამოკითხვის ოქმში (იხ.ს.ფ. 45-47, 111-112). ამდენად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან ერთობლიობაში, ცალსახად და უცილოდ დგინდება მოპასუხე მხარისათვის სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი.
ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2015 წლის 27 მაისს, მხარეთა შორის დადებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია ''ვალის აღიარების თაობაზე'' წარმოდგენილი შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების შემდგომ - 2016 წლის 6 ივლისს, გასათვალისწინებელია, რომ მოვალე მხარეს წარმოადგენს არა მარტო მოპასუხე ზ--------------ა, არამედ თ-----------------------ე და დ-------–-----–-ვაც, ვალის აღიარების ხელშეკრულება კი ეხება - 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალს და არა მხოლოდ 11 000 აშშ დოლარის სესხად აღების ფაქტს (იხ.ს.ფ. 136-138).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- 17.11.17 წლის რეაგირების ოქმი (იხ.ს.ფ.46-47).
- 14.11.17 წლის ზ--------------ას განცხადება (იხ.ს.ფ. 45).
- 13.12.17 წლის რეაგირების ოქმი (იხ.ს.ფ.111-112).
- ''ვალის აღიარების თაობაზე'' წარმოდგენილი შეთანხმება (იხ.ს.ფ.136-137).
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.49-52).
3.2.2. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეთა მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორის წინაშე შესრულებულია, რის გამოც უნდა შეწყდეს სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო განმარტავს: ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
მსესხებელს წარმოეშობა ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან სესხის სახით მიღებული თანხა დააბრუნა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხის, ან საპროცენტო სარგებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის და საქმეზე არ მოიპოვება.
დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ. მხარეებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, რაც წარმოადგენს შეფასების საგანს და მის შესახებ სასამართლოს დასკვნა მოცემული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------ას და ე---------–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლით, ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისს, ზ--------------ას (შემდგომში 'მსესხებელი''), მ---------------ს (შემდგომში ''გამსესხებელი'' ან ''იპოთეკარი'') და ე---------–-ას (შემდგომში ''მესაკუთრე'') დადებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მსესხებელმა გამსესხებლისაგან ისესხა - 11000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიური 3 % სარგებლის დარიცხვით. სესხის თანხა და ერთი თვის სარგებელი გადაცემული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი სესხის თანხის 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს ენიჭებოდა მესაკუთრისაგან ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება. სესხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე---------–-ას საკუთრებად რიცხული 1/2 ნაწილი უძრავი ქონებისა, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------------------–--------------------------------------------------------------. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება,თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული მსესხებლის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია სესხის თანხის დავალიანება - 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ არც 2 თვის საპროცენტო სარგებლის თანხაა გადახდილი და ერიცხება დავალიანების სახით - 660 აშშ დოლარი (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.2.2. პუნქტები). მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2015 წლის 28 აგვისტოდან აღსრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და პირგასამტეხლოს სახით მოვალეთა მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 710 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 700 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ მოპასუხსი სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 500 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ--------------ას და ე---------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შევიდეს ცვლილება 2017 წლის 27 ივლისის ნოტარიუს რ------------------ს მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობა განისაზღვროს შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი - 660 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 28 აგვისტოდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.
2.1. 2017 წლის 27 ივლისის ნოტარიუს რ----------------ის მიერ გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
3. მოპასუხე მ---------------ს მოსარჩელეების - ზ--------------ას და ე---------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 710 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელეებს ზ--------------ას და ე---------–-ას მოპასუხე მ---------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი