გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
330210018002647457
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27839-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ნი-------------–--ე

წარმომადგენელი - გრ-----–----–----ე

მოპასუხე - მი----–-------–-–---–ი

წარმომადგენელი - შო----–--–--–---–ი

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მი----–-------–-–---–ისთვის ( პ.ნ 3----------) არასრულწლოვანი შვილის -

- 2----–-–----------------–ს დაბადებული ელ----------–-–---–-------------------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ბავშვის სრულწლოვანებამდე, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში - ყოველი წლის 15 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ნი-------------–--ე არასეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მი----–-------–-–---–თან 2012 წლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი ქალიშვილი - 2----–-–----------------–ს დაბადებული ელ----------–-–---–ი. მოსარჩელე 2015 წლის მაისის თვიდან იძულებული გახდა წამოსულიყო მოპასუხის სახლიდან. მოპასუხე მი----–-------–-–---–ი ყურადღებას და მზრუნველობას არ იჩენს შვილის მიმართ. ის საერთოდ არ ნახულობს შვილს. მოსარჩელე განმარტავს, რომ იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საქართველო და გამგზავრებულიყო ა---------–-----------–-–-------–-, ქ. ბ------–--–ი, სადაც ამჟამად მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და აქვს საცხოვრებელი სახლი. მან სთხოვა მი----–-------–-–---–ს ნება დაერთო, რომ ე-–--- ზაფხულობით წაეყვანა მასთან, ა---------–-----------–-–-------–-, ქ. ბ------–--–ი, მაგრამ მისგან მიიღო უარი. მოსარჩელის განმარტებით, აშშ-ში ელ----------–-–---–ის ყოფნის პერიოდში, მი----–-------–-–---–ს არ შეექმნება დაბრკოლება თუ მოისურვებს შვილთან კომუნიკაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას დღემდე ნორმალური ურთიერთობა აქვს მოსარჩელესთან და შვილთან. მიუხედავად იმისა, რომ მი----–-------–-–---–ის ხელფასი შეადგენდა მხოლოდ 100 ლარს, მოსარჩელემ სასამართლოში მოითხოვა მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრება 600 ლარის ოდენობით, დავა დამთავრდა მორიგებით და მი----–-------–-–---–ი შვილის რჩენა- აღზრდისათვის ყოველთვიურად იხდის ალიმენტს - 200 ლარის ოდენობით. თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით მოპასუხეს წაერთმევა საშუალება ბავშვთან იქონიოს ურთიერთობა. თუ მი----–-------–-–---–ს თუნდაც დროებით შეეზღუდება მშობლის უფლება, რატომ უნდა უხადოს ალიმენტი მოსარჩელეს. ა---------–-----------–-–-------–- ყოფნის გამო ბავშვი იმყოფება მოსარჩელის დედასთან და მოპასუხეს მის მიმართ დანაშაულის პროვოცირების გამო არანაირი საშუალება არ გააჩნია იქონიოს ბავშვთან კონტაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნი-------------–--ეს და მი----–-------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2----–-–----------------–ს დაბადებული ელ----------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ. 15).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამათლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, მი----–-------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის - ელ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 180 ლარის და ელ----------–-–---–ის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის 525 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე #1-------) (იხ. ს.ფ.28);

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის ( #0----------, აქტის ჩანაწერი 0----------) მიხედვით მი----–-------–-–---–ს 2----–-–----------------–ს შეეძინა შვილი - სა--------------–-–---–-, რომლის დედას წარმოადგენს გვ--–--------–-–---–ი (პ.-------------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ.58);

 

3.1.4 საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის ( #0----------, აქტის ჩანაწერი 0----------) მიხედვით მი----–-------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2017 წლის 20 დეკემბრიდან ნ--–--------–---–--ან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე #1-------) (იხ. ს.ფ.28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ნი-------------–--ე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში G--------------------ის შინ სამედიცინო მოვლის სერვისში. ნი-------------–--ემ მუშაობა დაიწყო 10.29.2017წ. და ამჟამად მუშაობს კვირაში 39 საათს, მისი ანაზღაურება შეადგენს საათში 13 აშშ დოლარს.

 

ნი-------------–--ე 11.09.2017 წლიდან მუშაობს A-------------------------ის სამედიცინო მოვლის სერვისში და მისი ანაზღაურება შეადგენს 14.09 აშშ დოლარს საათში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- G--------------------ის ფინანსური დირექტორის 14.09.2018წ. წერილი (იხ.ს.ფ.90-91).

- A-------------------------ის 07.09.2018წ. წერილი (იხ.ს.ფ.93-94).

 

3.2.2. მოსარჩელის ა---------–-----------–-–-------–- ყოფნის გამო, არასრულწლოვანი - ელ----------–-–---–ი იმყოფება მოსარჩელის დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სოციალური მუშაკის 12.11.2018წ. დასკვნა #2---- (ს.ფ. 41);

 

3.2.3. მოსარჩელე ნი-------------–--ე აპირებს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული შვილის - ელ----------–-–---–ის ა---------–-----------–-–-------–- გაყვანას დროებით, ყოველი წლის15 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი ელ----------–-–---–ი ცხოვრობს ბებიასთან და ბიძის ოჯახთან ერთად. ოჯახის საკუთრებაშია სამოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, მოწესრიგებულია კომუნალური მდგომარეობა, საცხოვრებელი თბება ბუნებრივი აირით. ბებიის გადმოცემით იგი არის დასაქმებული, ექიმი. მისი გადმოცემით მას და ე-–---ს ფინანსურად ეხმარებათ ქალიშვილი - ნი-------------–--ე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ა---------–-----------–-–-------–-, ქ. ბ------–--–ი. ბებიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვის დედა - ე-–--- მეუღლის ოჯახიდან წამოვიდა, როდესაც ე-–--- იყო ერთი წლის და ზრდიდა მარტო. მამა და მისი მშობლები არ იღებენ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, მისი განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ნინო შვილისგან შორს არის, ცდილობს დააკმაყოფილოს შვილის საჭიროებები, ყოველთვიურად აგზავნის გარკვეული ოდენობის თანხას, რათა ე-–--- უზრუნველყოფილი იყოს მისი ნორმალური ზრადა-გნვითარებისთვის საჭირო პირობებით. ე-–--- დ----------ე საბავშვო ბაღში და დადის ასევე ტანვარჯიშის სექციაზე. მამა ე-–---ს ნახულობს იშვიათად, ბოლოს მამამ შვილი ნახა იანვარში - ახალ წელს. ბებიის გადმოცემით ე-–--- ხშირად ითხოვს მამის ნახვას. დედას სურვილი აქვს შვილი წაიყვანოს მასთან, რაზედაც წინააღმდეგია მამა.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტებით, იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, თანაბარი პირობებით. მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებული იქნას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები და საჭიროებები და განისაზღვროს ბავშვთან ურთიერთობა და მათი ცხოვრების ისეთი წესი, რომელიც ბავშვისთვის იქნება უსაფრთხო და მისაღები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა - სოციალური მუშაკის 12.11.2018წ. დასკვნა #2---- (ს.ფ. 41);

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა - განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არ არსებობს საშიშროება იმისა, რომ დედამ მცირეწლოვანი შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ და უკან აღარ დააბრუნოს, ამასთან საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ ელ----------–-–---–ის დედას ა---------–-----------–-–-------–- აქვს სამსახური და საცხოვრებელი, რაც გამორიცხავს შიშს, რომ მცირეწლოვანს ამყოფებს ცუდ პირობებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის სურვილის და ინტერესის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-9 და მე-18 მუხლები.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #14 (2013წ) კომენტარის 61-ე პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

 

საქმეში ,,საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი, სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

 

აღნიშნულმა უზოგადესმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ 1199-ე მუხლი აკეთებს დათქმას იმის თაობაზე, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ხოლო პასპორტის აღებისათვის საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად,1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ გაყვანისა და პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს მიზანი, მცირეწლოვნის კონკრეტული საჭიროება, დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყანაში ელ----------–-–---–ის საცხოვრებელი, სამედიცინო და საგანმანათლებლო საჭიროებები. მყარი არგუმენტებისა და დასაბუთების წარმოდგენის გარეშე, მარტოოდენ ახსნა-განმარტების წარმოდგენა, არ არის საკმარისი მოპასუხისათვის წამომადგენლობითი უფლების შეზღუდვისათვის.

 

გასათვალისწინებელია, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მცირეწლოვანი ელ----------–-–---–ი იზრდება საქართველოში ბებიასთან, რადგან დედა მუშაობს ა---------–-----------–-–-------–- და მას არ აქვს დედასთან ხშირი დამოკიდებულება. საქმის მიმდინარეობისას ასევე გამოიკვეთა ის გარემოებაც, რომ მცირეწლოვანი არ აქვს ხშირი ურთიერთობა მამასთან. მცირეწლოვანი ასაკის გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ დედასთან ოჯახურ გარემოში პერიოდულად გამგზავრება, ხელს შეუწყობს დედას და შვილს შორის ურთიერთობას, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, დედის მხრიდან შვილთან ახლო კონტაქტი, მისთვის სითბოს და სიყვარულის გაზიარება, მისი მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ნი-------------–--ეს აქვს სამსახური და საცხოვრებელი, შესაბამისად არ იკვეთება საშიშროება, რომ არასრულწლოვანს ამყოფებს ცუდ პირობებში, ხოლო მამის თანხმობის არ არსებობა ან დაყოვნება კი გამოიწვევს ბავშვის ინტერესების ხელყოფას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმრტებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს რადგან, იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, იმ შემთხვევაში, როდესაც დედას შეჩერებული ექნება სამსახურებრივი უფლებამოსილება მისი შვებულებაში ყოფნის გამო ( 45 დღე), ის დიდ დროს გაატარებს შვილთან, რაც ხელს შეუწყობს დედა-შვილს შორის თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მამა ნაკლებად არის ჩართული ბავშვის ცხოვრებაში.

 

მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებისათვის მიზანშეწონილია მისი გამგზავრება ზაფხულის არდადეგების დროს საზღვარგარეთ დროებით. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტრესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. ამავე ინტერესიდან გამომდინარე იმ (ორივე მხარის მიერ, მხოლოდ თავის სასარგებლოდ, აპელირებულ) გარემოებათა გათვალისწინებით, რომ, ზაფხულის პერიოდში ბავშვის საზღარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით დედას შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება, მიზანშეწონილია მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მი----–-------–-–---–ს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შეეზღუდოს არასრულწლოვანის საზღვარგარეთის პასპორტის აღების და ზაფხულის არდადეგებზე დროებით - 45 დღით გაყვანის ნაწილში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხეს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე მოვალეა ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია). შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას საზღვარგარეთ ბავშვების დროებით გამგზავრების შემთხვევაში მამასა და შვილს შორის ურთიერთობის დაკარგვის საფრთხის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და მცირეწლოვანის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ზაფხულის პერიოდში, დროებით, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა დედასთან. შესაბამისად, მი----–-------–-–---–ს უნდა შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მცირეწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული ელ----------–-–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე, პასპორტის აღების და ზაფხულის არდადეგებზე საზღვარგარეთ დროებით 45 დღით, (ყოველი წლის 15 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე) გაყვანის (საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით) ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახლმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე მი----–-------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-39-ე, 41-ე 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ნი-------------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე მი----–-------–-–---–ს (პ/ნ 3----------) შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის: ელ----------–-–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------–ს, პ/ნ 0----------) ინტერესებიდან გამომდინარე, პასპორტის აღების და ზაფხულის არდადეგებზე საზღვარგარეთ დროებით, 45 დღით (ყოველი წლის 15 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე), გაყვანის (საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით) ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად;

 

3. მოპასუხე მი----–--------–-–---–ს ( პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. მოსარჩელე ნი-------------–--ეს (პ/-------------) დაუბრუნდეს 26/09/2018 წელს გრ-----–----–----ის (პ/ნ------------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია სს ,,თ----------–-“, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება #0;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია