გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210116001397129
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15236-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: შპს,,უ--------------------ი“

წარმომადგენელი: მ-----------–-–---–ი

მოპასუხე: შპს ,,მ-------------- ”

წარმომადგენლები: პ-----------–--–--ა, ი---–------------–---–ი

დავის საგანი: სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ (შესაბამისი ტრანსკრიფციით რუსული და ლათინური ასოებით) განსაკუთრებული უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა, რაც გულისხმობს აღრევამდე მსგავსი დასახელების პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტს, განთავსებასა და რეკლამირებას, ასევე ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს/მოიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას (მოთხოვნის ასეთი სახით ფორმულირება მოხდა 2017 წლის 23 იანვრის დაზუსტებული სარჩელით);

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2015 წლის 18 მარტს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტში“ 05 კლასის სასაქონლო ნიშნად შპს ,,უ--------------------ის“ სახელზე რეგისტრირებულ იქნა სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი ,,ბარალგინი“; მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს მ--------------ს“ მიერ საქართველოში ინპორტირებულ იქნა ფარმაცევტული პროდუქტები ,,სკ ბარალგინ ინ“, ,,სკ ბარალგინ პლუსი“ და ,,მეკ ბარალგინ პლუსი“ (შესაბამისი ტრანსკრიფციით ლათინური ასოებით), რაც წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ უნებართვო გამოყენებას, რითაც ირღვევა მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

ვინაიდან მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი ,,ბარალგინი“ რეგისტრირებულია უკანონოდ და არაკეთილსინდისიერი განზრახვით, მისი რეგისტრაცია სადავოდ არის გამხდარი რაზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა, შესაბამისად მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин" მესაკუთრეა შპს ,,უ--------------------ი“ სასაქონლო ნიშანი: M-----;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქპატენტის მოწმობა (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. შპს ,,უ--------------------მა“ წერილობით მიმართა შპს ,,მ-------ს“ და მოითხოვა არ გამოეყენებინა უნებართვოდ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი, ვინაიდან მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მ-------მა“ 2015 წლის 09 დეკემბერს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში დაარეგისტრირა ფარმაცევტული პროდუქტი სახელწოდებით ,,SK ბარალგინ IN”, (SK BARALGIN IN). აღნიშნული დასახელება იმდენად მსგავსია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“, რომ გამოიწვევს დასახელების აღრევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- წერილი (ს.ფ. 33-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

3.1.3. შპს ,,მ--------------მ“ განახორციელა საქართველოში ,,სკ ბარალგინ ინ“ სახელწოდების ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს იმპორტ/ექსპორტის მონაცემები (ს.ფ. 19-32);

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

3.2.2. საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ინსტიტუტს. როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს სასაქონლო ნიშანზე ადასტურებს რეგისტრაციის მოწმობით, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. აღნიშნულზე მიუთითებს ისიც, რომ რეესტრში რეგისტრირებული უფლება დაცულია როგორც საერთაშორისო კონვენციებით (პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი), ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით („ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი). შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სადავო სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მას შეეძლოთ მოპასუხისათვის მიეცა ამ ნიშნის გამოყენების უფლება. შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გააჩნდა ამ ნიშნის გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მოპასუხემ.

 

მხარეები სადავოდ არ ხდის სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин" მოსარჩლის საკუთრებაში არსებობის ფაქტს. მოპასუხე სადავოდ ხდის ამ სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირების კეთილსინდისიერების ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ მიმდინარე სამართალწარმოების დასრულების მომენტისთვის სადავო სასაქონლო ნიშანი M----- არ არის გაუქმებული და ძალაშია 2025 წლის 18 მარტამდე, ასევე ამ კონკრეტულ საქმეში არ არის დაყენებული მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ, რის გამოც სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ წარმოდგენილი მტკიცებულებით, ,,საქპატენტის“ მიერ გაცემული ცნობით და არ იმსჯელებს სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин" რეგისტრაციისას მოსარჩელის კეთილსინდისიერ ან არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე და სასამართლო დაადგენს მხოლოდ ძალაში მყოფი სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს დაერღვა თუ არა განსაკუთრებული უფლება.

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლების უნებართვო გამოყენება რომ არსებობდეს უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა: საქონელი უნდა იყოს იმ საქონლის იდენტური ან მსგავსი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; საქონელზე მოთავსებული უნდა იყოს ამ საქონელთან დაკავშირებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი; იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი მოთავსებული უნდა იყოს უნებართვოდ.

 

წარმოდგენილ სამართალწარმოებაში უდავოა რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების მფლობელი კომპანია და მოპასუხე აწარმოებენ ერთი სახის პროდუქციას ფარმაცევტულ პროდუქციას, ასევე სადავო სასაქონლო ნიშანი დატანილია წამალზე, დაცული ნიშანიც დარეგისტრირებულია იმავე კლასის საქონელზე;

 

რაც შეეხება მსგავსებას, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი ,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин", მსგავსია მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშნისა ,,SK ბარალგინ IN”, (SK BARALGIN IN). ვიზუალურად და მაღალია ალბათობა მომხმარებლის მიერ მათი აღრევისა და შესაბამისად, მომხმარებელს ძალიან ადვილად შეიძლება აერიოს ნიშნები ერთმანეთში და ჩათვალოს, რომ ორივე ნიშნით ნიშანდებული ღვინის მწარმოებელი ერთი და იგივე კომპანიაა.

 

ასევე დადგენილია, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი იდენტურ საქონელზე მოთავსებულია უნებართვოდ.

 

შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა, რის გამოც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აღრევას და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან შპს ,,მ--------------“ უნებართვოდ იყენებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს, იდენტურ საქონელზე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment

`სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, 45-ე მუხლი,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია

საერთაშორისო შეთანხმება `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია), ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

მოსარჩელე მოითხოვს აეკრძალოთ მოპასუხეს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი ნიშნების უკანონო გამოყენება ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანი საქართველოს კონსტიტუციის დაცული საკუთრების უფლების ობიექტია. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად (გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია), ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

 

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) დაცულ ქონებას წარმოადგენს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში. (იხ. სუსგ № ას-1285-1223-2014, 01.12. 2015 წ.).

სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007).

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშნები, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან (შემდგომ - საქონელი). 2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. 3. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩლე არის სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин"მესაკუთრე;

 

საქართველოს კანონის ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორეს საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებელებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად:

 

1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

 

განსახილველ საქმეში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას არის თუ არა მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი დაცული ნიშნის აღრევამდე მსგავსი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელი, რომელიც აფთიაქში მიდის, მას არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების უმნიშვნელო ელემენტები. მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქტზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების პროდუქტი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი არ არის გარკვეული მწარმოებლის ვინაობაში, მისთვის მთავარია მოძებნოს მსგავსება ადრეულ შენაძენის სასაქონლო ნიშანსა და დახლზე არსებულ სასაქონლო ნიშანს შორის. ასეთ დროს არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

კანონმდებელმა აღნიშნული დანაწესით მოახდინა პირის განსაკუთრებული უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, კანონის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოხდეს დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდ არამატერიალური სიკეთის, კონსტიტუციით გარანტირებული ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვა.

 

ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა. (იხ. ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998). აღნიშნულ მონაცემთა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსება აშკარაა. სასაქონლო ნიშნები ფონეტიკურად და სემანტიკურად იმდენად მსგავსია, რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ გაარჩევს რომელი მწარმოებლის პროდუქციას ყიდულობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო სასაქონლო ნიშანი და სადავო პროდუქცია აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის სასაქონლო ნიშნისა და პროდუქციისა.

 

საერთაშორისო კონვენციით სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (პარიზის კონვენცია), კერძოდ მისი 1-ლი მუხლის მიხედვით სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.

 

სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.

 

ამ ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთის საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს.

 

ხსენებული შეთანხმების მე-17 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნის გამოყენების სფეროში გამონაკლისი, ამ ნორმის თანახმად წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, 1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.

 

ამდენად, მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავს ნიშნებს იყენებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა შპს ,,უ--------------------ის“ კანონით გარანტირებული უფლები.

 

ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა გადაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი (მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფაზე).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,უ--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აეკრძალოს შპს ,,მ--------------ს“ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин", განსაკუთრებული უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა, რაც გულისხმობს აღრევამდე მსგავსი დასახელების პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტს, განთავსებასა და რეკლამირებას;

 

3. განადგურდეს ყველა ის გამოსახულება, ეტიკეტი, ანაბეჭდი, შეფუთვა, შესაფუთი მასალა და სარეკლამო განცხადება, რომელიც შეიცავს/მოიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს (,,ბარალგინი“ ,,Baralgin”, "Баралгин"), წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას;

 

4. შპს ,,მ--------------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ 250 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი